გაკვეთილი 12
ჟესტები და სახის გამომეტყველება
ზოგ ქვეყანაში ხალხი ხშირად ჟესტიკულირებს, ზოგან კი იშვიათად იყენებენ ჟესტებს. მიუხედავად ამისა, ლაპარაკის დროს თითქმის ყველა ადამიანი ბუნებრივად იცვლის სახის გამომეტყველებას და იყენებს ჟესტებს. ეს ეხება როგორც საუბარს, ისე აუდიტორიის წინაშე გამოსვლას.
ჟესტებს იესო და მისი მოწაფეებიც იყენებდნენ. ერთხელ იესოს უთხრეს, რომ დედასა და ძმებს სურდათ მასთან ლაპარაკი. იესომ უპასუხა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“. შემდეგ კი მან «ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი, დედაჩემი და ჩემი ძმები“» (მათ. 12:48, 49). საქმეების 12:17-სა და 13:16-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ლაპარაკის დროს პეტრე და პავლე მოციქულებიც იყენებდნენ ჟესტებს.
აზრებისა და გრძნობების გადმოცემა არა მხოლოდ მეტყველებით, არამედ ჟესტებითა და სახის გამომეტყველებითაც შეიძლება. ჟესტ-მიმიკის გარეშე ლაპარაკი გულგრილობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ურთიერთობის ამ საშუალების სათანადო გამოყენებით კი უფრო კარგად ჩანს ნათქვამის მნიშვნელობა. ტელეფონითაც რომ ლაპარაკობდე, ჟესტებსა და მიმიკებს თუ იყენებ, შენს ხმაში უკეთესად გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია ის, რასაც ამბობ და პირადად შენ რა დამოკიდებულება გაქვს ნათქვამისადმი. ამგვარად — მოხსენებით გამოდიხარ თუ კითხულობ, მსმენელი შენ გიყურებს თუ ბიბლიაში იხედება — ჟესტები და სახის გამომეტყველება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
როგორც სიცილი და აღშფოთების გამოხატვა არ გისწავლია, ისე ჟესტებისა და სახის გამომეტყველების გამოყენებას ვერ ისწავლი ვერც ერთი წიგნიდან. ჟესტებმა შენი გრძნობები უნდა გამოხატოს. ჟესტი მით უკეთესია, რაც უფრო ბუნებრივია.
ჟესტები ძირითადად ორი სახისაა: აღწერილობითი და ხაზგასმის. აღწერილობითი ჟესტები მოქმედებას გამოხატავს ან ზომასა და მდებარეობას აღწერს. თუ ამ დავალებაზე მუშაობ, ერთი-ორი ჟესტით არ შემოიფარგლო. შეეცადე ჟესტების ბუნებრივად გამოყენებას მთელ მოხსენებაში. თუ გიჭირს ჟესტიკულირება, შეგიძლია ჟესტები დაუკავშირო ისეთ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს მიმართულებას, მანძილს, ზომას, მდებარეობას ან საგნების ურთიერთმიმართებას. ხშირად კი უბრალოდ საჭიროა, მთელი ყურადღება მასალაზე გაამახვილო, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ჩვეულებრივად ილაპარაკო და იმოძრაო და ზედმეტად არ იფიქრო იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას დატოვებ მსმენელზე. როდესაც ადამიანი თავისუფლად ლაპარაკობს, ბუნებრივად ჟესტიკულირებს.
ხაზგასმის ჟესტები გრძნობების გამოსახატავად და აზრის დამაჯერებლად გადმოსაცემად გამოიყენება. მათი საშუალებით ხდება ხაზგასმა, აგრეთვე აზრის გაძლიერება და უფრო ცოცხლად გადმოცემა. ხაზგასმის ჟესტების გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე. ხაზგასმის ჟესტები შეიძლება მანერაში გადაიზარდოს. ერთი და იმავე ჟესტის ხშირად გამოყენებით მსმენელის ყურადღებას თვით ამ ჟესტზე გაამახვილებ და ვერაფერს შემატებ შენს მოხსენებას. თუ სკოლის ზედამხედველი გეტყვის, რომ ჩვევად გაქვს ერთი და იმავე ჟესტების ხშირად გამოყენება, შეეცადე, დროებით მხოლოდ აღწერილობითი ჟესტები გამოიყენო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ სცადე ხაზგასმის ჟესტების გამოყენება.
იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრო, რამდენად ხშირად გამოიყენო ხაზგასმის ჟესტები ან როგორი ჟესტები იქნება სათანადო, მხედველობაში უნდა მიიღო მსმენელი; მსმენელმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს, თუ მისკენ თითს გაიშვერ. ზოგ კულტურაში ესა თუ ის ჟესტი, მაგალითად, გაკვირვების ნიშნად ხელის პირთან მიტანა, მამაკაცისთვის მიუღებლად და ქალურ ჟესტად ითვლება. ზოგ ქვეყანაში კი ქალისთვის მიუღებელია თავისუფლად ჟესტიკულირება. ამიტომაც ასეთ ქვეყნებში დებმა ძირითადი ყურადღება უნდა გადაიტანონ სახის გამომეტყველებაზე. გარდა ამისა, მცირერიცხოვანი ჯგუფის წინაშე ლაპარაკის დროს მეტისმეტი ჟესტიკულირება და ხელების ფართოდ გაშლა თითქმის ყველა ქვეყანაში ღიმილს მოჰგვრის მსმენელს.
თანდათანობით, რაც მეტ გამოცდილებას შეიძენ და რაც უფრო თავისუფლად ილაპარაკებ, უფრო ბუნებრივად შეძლებ გრძნობების გამოხატვას ხაზგასმის ჟესტებით და აზრებსაც უფრო დამაჯერებლად და გულწრფელად გადმოსცემ. ხაზგასმის ჟესტების გამოყენება გაცილებით საინტერესოს გახდის შენს გამოსვლას.
სახის გამომეტყველება. ჩვეულებრივ, ადამიანს ყველაზე ზუსტად სახეზე აღებეჭდება, თუ რას გრძნობს სინამდვილეში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალები და ტუჩები, აგრეთვე ის, თავი დახრილი გაქვს თუ აწეული. მხოლოდ სახის გამომეტყველებით, სიტყვის თქმის გარეშე, შეგიძლია გამოხატო გულგრილობა, ზიზღი, შეცბუნება, გაოცება ან კმაყოფილება. როდესაც სახის გამომეტყველება წარმოთქმული სიტყვების შესატყვისია, მსმენელს მხედველობითი აღქმისა და განცდის შესაძლებლობაც ეძლევა. შემოქმედმა 30-ზე მეტი კუნთი განალაგა ჩვენს სახეზე. როდესაც ვიღიმებით, ამ კუნთების დაახლოებით ნახევარი მოძრაობს.
სცენიდან ლაპარაკისა თუ ქადაგების დროს შენი მიზანია, ხალხს სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდო. თბილი ღიმილი სწორედ ამის დამადასტურებელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არავითარი გრძნობა არ გექნება აღბეჭდილი, ადამიანს ეჭვი შეეპარება შენს გულწრფელობაში.
გარდა ამისა, შენი ღიმილი ადამიანს ეუბნება, რომ მისდამი კეთილგანწყობილი ხარ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ადამიანები ეჭვის თვალით უყურებენ უცნობებს. ღიმილით მსმენელს მოსასმენად განაწყობ და დაეხმარები, რომ თავისუფლად იგრძნოს თავი.