გაკვეთილი 13
მხედველობითი კონტაქტი
თვალებით შეგვიძლია განწყობილება და გრძნობები გამოვხატოთ. ზოგჯერ ადამიანის თვალებში გაოცება ან შიში ჩანს, ზოგჯერ კი მათში თანაგრძნობასა და სიყვარულს ვხედავთ. თვალებმა შეიძლება გაგვცენ, რომ რაღაცაში ეჭვი გვეპარება ან რაღაცის გამო დამწუხრებული ვართ. ერთმა ხნიერმა მამაკაცმა საკუთარი თავისა და გატანჯული თანამემამულეების შესახებ აღნიშნა: „ჩვენ თვალებით ვლაპარაკობთ“.
ზოგჯერ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა ექმნება პირადად ჩვენზე ან ჩვენს სიტყვებზე იმით, თუ ლაპარაკის დროს საით ვიხედებით. ბევრ ქვეყანაში ენდობიან ადამიანს, რომელიც მეგობრულად თვალებში შეჰყურებს მოსაუბრეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ლაპარაკის დროს ძირს იყურება და თვალს ვერ უსწორებს მსმენელს, ხშირად ეჭვი შეაქვთ მის გულწრფელობასა და ნათქვამის სიმართლეში. ზოგ ქვეყანაში უხეშობად, შეურაცხმყოფლად ან გამომწვევად ითვლება თვალის თვალში გაყრა, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ან თანამდებობის პირთან საუბრის დროს. ზოგან უპატივცემულობად ითვლება, თუ ახალგაზრდა ლაპარაკის დროს თვალებში უყურებს თავისზე უფროსს.
იქ, სადაც თვალის გასწორებას შეურაცხყოფად არ მიიჩნევენ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისას მხედველობითი კონტაქტის დამყარება დამაჯერებლობას მატებს ნათქვამს; მსმენელი ხედავს, რომ მოსაუბრე დარწმუნებულია თავის სიტყვებში. დაუკვირდი, როგორ მოიქცა იესო, როდესაც გაოცებულმა მოციქულებმა იკითხეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“. ბიბლია გვაუწყებს: «იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“» (მათ. 19:25, 26). ბიბლიიდან ჩანს, რომ პავლე მოციქულიც დიდ ყურადღებას აქცევდა მსმენელის რეაქციას. ერთხელ პავლეს დაბადებიდან კოჭლი კაცი უსმენდა. საქმეების 14:9, 10-ში ნათქვამია: «როცა პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ გამოჯანმრთელების რწმენა ჰქონდა, ხმამაღლა უთხრა: „ადექი ფეხზე და გაიმართე“».
მხედველობითი კონტაქტი სამქადაგებლო მსახურების დროს. სამქადაგებლო მსახურების დროს მეგობრულად და გულთბილად ელაპარაკე ხალხს. დასვი დამაფიქრებელი შეკითხვები იმისათვის, რომ საუბარი წამოიწყო თემაზე, რომელიც მოსაუბრისთვისაც საინტერესო იქნება. ამ დროს შეეცადე მხედველობითი კონტაქტის დამყარებას, ან პატივისცემითა და მოკრძალებით რამდენიმეჯერ მაინც შეხედე მოსაუბრეს. ჩვეულებრივ, ყველას სიამოვნებს მომღიმარი სახისა და ხალისიანი გამოხედვის დანახვა. ასეთი გამომეტყველება ადამიანს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის შენზე და თავს თავისუფლად აგრძნობინებს.
თუ შენს ქვეყანაში მიღებულია, შეგიძლია ადამიანს თვალების გამომეტყველებაზე დააკვირდე და განსაზღვრო, როგორ მოიქცე კონკრეტულ შემთხვევაში. მსმენელის თვალების გამომეტყველება დაგანახვებს, უკმაყოფილოა თუ არა შენი ნათქვამით, ან ნამდვილად აინტერესებს თუ არა ის, რასაც ეუბნები. თვალები გეტყვიან იმასაც, ესმის თუ არა ამ ადამიანს შენი; შენიშნავ, ერთი სული აქვს თუ არა, როდის დაამთავრებ საუბარს. არც გულწრფელი ინტერესის გამომხატველი თვალები დაგრჩება შეუმჩნეველი. მსმენელის თვალების გამომეტყველება გიკარნახებს, როდის აჯობებს ლაპარაკის ტემპის შეცვლა, საუბარში მისი ჩაბმა, საუბრის საერთოდ შეწყვეტა ან იმის ჩვენება, თუ როგორ ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს.
როგორც არაფორმალურად ქადაგების, ისე ბიბლიის შესწავლის დროს, შეეცადე, პატივისცემით უყურო მოსაუბრეს. მაგრამ ნუ მიაჩერდები, რომ უხერხული მდგომარეობა არ შეიქმნას (2 მეფ. 8:11). ნაცვლად ამისა, თბილი თვალებით ხშირად შეხედე მოსაუბრეს და ეს ბუნებრივად გააკეთე. ბევრისთვის ასეთი მზერა გულწრფელ ინტერესზე მეტყველებს. ცხადია, ბიბლიის ან რაიმე სხვა პუბლიკაციის კითხვის დროს ტექსტში ჩაიხედები, მაგრამ აზრის ხაზგასასმელად დროდადრო მაინც დაგჭირდება, მსმენელს შეხედო. ამით მსმენელის რეაქციის დანახვის შესაძლებლობა მოგეცემა.
ნუ იფიქრებ, რომ ვერასდროს შეძლებ მხედველობითი კონტაქტის დამყარებას, თუ ბუნებით მორცხვი ხარ და გეუხერხულება ვინმესთვის თვალებში შეხედვა. ამ გაკვეთილზე მუშაობა დაგეხმარება და თანდათანობით უფრო ბუნებრივად დაამყარებ მხედველობით კონტაქტს, რის შედეგადაც უფრო გაგიადვილდება ადამიანებთან ურთიერთობა.
მხედველობითი კონტაქტი მოხსენებით გამოსვლის დროს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მთაზე ქადაგების დაწყებამდე იესომ „თავის მოწაფეებს გადახედა“ (ლუკ. 6:20). მიჰბაძე იესოს. ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდე, შეხედე აუდიტორიას და მცირე პაუზა გააკეთე. შეგიძლია რამდენიმე ადამიანს თვალი გაუსწორო. ასეთი მცირე შეყოვნების შემდეგ ნაკლებად აღელვებული წარმოთქვამ პირველ სიტყვებს. პაუზა მსმენელებსაც დაეხმარება; შენი განწყობა და ემოციები მათაც გადაედება. გარდა ამისა, ეს მათ მისცემს მოსასმენად განწყობისა და ყურადღების მოკრების საშუალებას.
ლაპარაკის დროს უყურე მსმენელს. შეეცადე, მსმენელთა ჯგუფი კი არ დაინახო, არამედ ამ ჯგუფში მყოფი ცალკეული ადამიანები. თითქმის ყველა ქვეყანაში მიღებულია, რომ მომხსენებელმა გარკვეული მხედველობითი კონტაქტი დაამყაროს მსმენელთან.
აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტის დასამყარებლად საკმარისი არ არის, დროდადრო ხან ერთ მხარეს გაიხედო, ხან — მეორე მხარეს. თუ შენს ქვეყანაში მისაღებია, პატივისცემით შეხედე ერთ ადამიანს და მთელი წინადადება მას უთხარი. შემდეგ სხვას შეხედე და დაასრულე ერთი-ორი წინადადება. იმდენ ხანს არ შეაჩერო ვინმეზე მზერა, რომ თავი უხერხულად იგრძნოს. არც მხოლოდ რამდენიმე კაცი გამოყო მთელ აუდიტორიაში. შეეცადე, სხვადასხვა ადამიანს შეხედო. ფორმალურად კი ნუ შეხედავ მსმენელს, არამედ დააკვირდი მის რეაქციას და შემდეგ გადაიტანე მზერა მომდევნო მსმენელზე.
ჩანაწერები შეგიძლია კათედრაზე დადო, ხელში დაიჭირო ან ბიბლიაში ჩადო. მთავარია, მისთვის მხოლოდ თვალის შევლება დაგჭირდეს. თუ თავს დახრი, აუდიტორიასთან კონტაქტი გაგიწყდება. ყურადღება უნდა მიაქციო იმას, თუ როდის და რამდენად ხშირად ჩაიხედები ჩანაწერებში. თუ კულმინაციურ მომენტებში დაიწყებ ჩანაწერებში ყურებას, შენი სიტყვები სასურველ ეფექტს ვერ მოახდენს მსმენელზე და ვერც მსმენელის რეაქციას დაინახავ. აუდიტორიასთან კონტაქტი იმ შემთხვევაშიც გაგიწყდება, თუ ჩანაწერებში ხშირად ჩაიხედები.
როცა ვინმეს ბურთს ვუგდებთ, ვუყურებთ, იჭერს თუ არა მას. მოხსენების დროს გადაცემული თითოეული აზრი შეიძლება აუდიტორიისკენ გადაგდებულ ბურთს შევადაროთ. მსმენელის რეაქცია — თავის დაქნევა, ღიმილი ან ყურადღებით მზერა — დაგანახვებს, რომ მან აზრი „დაიჭირა“. მსმენელთან თუ კარგი მხედველობითი კონტაქტი გექნება, ადვილად შენიშნავ, „იჭერს“ თუ არა ის აზრებს.
უნდა შეხედო თუ არა მსმენელს დროდადრო, როდესაც კრების წინაშე გარკვეულ მასალას კითხულობ? თუ მსმენელი თვალს ადევნებს ტექსტს თავის ბიბლიაში, ალბათ, ვერც შენიშნავს, იხედები თუ არა მისკენ. მაგრამ აუდიტორიისკენ გახედვა პირადად შენ დაგეხმარება, რომ მსმენელის რეაქცია შენიშნო და უფრო მეტი ენთუზიაზმით წაიკითხო. მათ კი, ვინც ბიბლიაში არ იხედება, მხედველობითი კონტაქტი დაეხმარება, გონება არ გაეფანტოთ და ყურადღებით მოისმინონ. ცხადია, მსმენელებისკენ მხოლოდ ერთი-ორი წამით უნდა გაიხედო და თან შეეცადო, ამის გამო კითხვისას არ წაბორძიკდე. ამიტომ კარგი იქნება, ბიბლია ხელში დაიჭირო და კითხვის დროს თავი აწეული გქონდეს.
კონგრესებზე უხუცესები ზოგჯერ მზა ტექსტიდან კითხულობენ მოხსენებებს. მზა ტექსტის სათანადოდ წაკითხვას გამოცდილება, კარგი მომზადება და ვარჯიში სჭირდება. ცხადია, ამ შემთხვევაში მსმენელთან მხედველობითი კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა შეზღუდულია, მაგრამ მომხსენებელი თუ კარგად არის მომზადებული, უნდა შეძლოს, დროდადრო ისე გახედოს მსმენელს, რომ არ დაკარგოს წინადადება, რომელსაც კითხულობს. ამით მსმენელს დაეხმარება, ყურადღებით მოისმინოს და სრული სარგებლობა მიიღოს მნიშვნელოვანი სულიერი საკითხების განხილვიდან.