გაკვეთილი 29
ხმა
ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, თუ რას ეუბნები, არამედ ისიც, თუ როგორ ეუბნები. განა უფრო მეტი ინტერესით არ მოუსმენ სასიამოვნო, თბილი და მეგობრული ხმის მქონე ადამიანს, ვიდრე მას, ვისაც ცივი და მჭახე ხმა აქვს?
ხმის დამუშავების პროცესი მხოლოდ სახმო აპარატთან არ არის დაკავშირებული. მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნული თვისებებიც. როდესაც ადამიანი ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ცოდნას იძენს და მას ცხოვრებაში იყენებს, ცვლილებები ლაპარაკშიც შეენიშნება. ღვთისმოსაწონი თვისებები, მაგალითად სიყვარული, სიხარული და სიკეთე, ხმაზეც ახდენს გავლენას (გალ. 5:22, 23). სწორედ ხმაში ჩანს ადამიანებისადმი გულწრფელი ინტერესი. თუ ვინმე უკმაყოფილების სულისგან თავისუფლდება და მადლიერებას ავლენს, ამაზე როგორც მისი სიტყვები, ისე ხმის ტონი მეტყველებს (გოდ. 3:39—42; 1 ტიმ. 1:12; იუდ. 16). საჭირო არ არის გესმოდეს ენა, რომ განსაზღვრო, ქედმაღლურად, მოუთმენლად, კრიტიკულად და მკაცრად ლაპარაკობს ადამიანი, თუ თავმდაბლობას, მოთმინებას, სიკეთესა და სიყვარულს ავლენს.
ზოგ შემთხვევაში ხმის არასასურველი თავისებურებების მიზეზი რაიმე დაავადებით გამოწვეული ხორხის დაზიანება ან მემკვიდრეობითი დეფექტია. მდგომარეობა შეიძლება იმდენად სერიოზული იყოს, რომ ამ ქვეყნიერებაში ბოლომდე ვერც გამოსწორდეს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ადამიანი მიაღწევს გარკვეულ შედეგებს, თუ სამეტყველო აპარატის სწორად გამოყენებას ისწავლის.
მნიშვნელოვანია, გესმოდეს, რომ ყველას თავისებური ხმა აქვს. ამიტომ სხვის მიბაძვას არ შეეცადო. გამოიყენე საკუთარი ხმის შესაძლებლობები და თავისებურებები. რა დაგეხმარება ამაში? საჭიროა ორი მნიშვნელოვანი რჩევის გათვალისწინება.
სწორად ისუნთქე. საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია, ფილტვებში ჰაერის სათანადო მარაგი გქონდეს და სუნთქვა არეგულირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუსტი ხმა ამოგივა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ილაპარაკებ.
ფილტვების უგანიერესი ნაწილი გულმკერდის ღრუს ზედა ნაწილში არ მდებარეობს; ეს ადგილი მხრის სარტყლის ძვლების გამო ჩანს უფრო განიერი. ფილტვები ყველაზე განიერი დიაფრაგმის ზემოთაა. დიაფრაგმა ქვედა ნეკნებს ეხება და გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან გამოყოფს.
შესუნთქვის დროს თუ ჰაერით მხოლოდ ფილტვების ზედა წილები გევსება, მალე ჰაერი არ გეყოფა, სუსტი ხმით ილაპარაკებ და ადვილად დაიღლები. სწორად სუნთქვისთვის საჭიროა, გასწორდე და მხრები გაშალო. ლაპარაკის დროს ყურადღება მიაქციე იმას, რომ ჩასუნთქვის დროს მხოლოდ გულმკერდის ზედა ნაწილი არ გიფართოვდებოდეს. თავიდან ფილტვების ქვედა წილები გაივსე ჰაერით. ამ დროს გულმკერდის ღრუს ქვედა ნაწილი გაგანიერდება, ხოლო დიაფრაგმა ქვევით დაიწევს და ოდნავ დააწვება კუჭსა და ნაწლავებს, ისე რომ იგრძნობ, როგორ მოგიჭერს წელში ქამარი ან ტანსაცმელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილტვები მუცლის ღრუშია. ისინი გულმკერდის ღრუშია მოთავსებული. შეამოწმე საკუთარი თავი: ხელები ქვედა ნეკნებზე მიიდე და ღრმად ჩაისუნთქე. თუ მუცელი შესწიე, ხოლო მხრები ზემოთ ასწიე, არასწორად სუნთქავ. სწორად სუნთქავ, თუ შესუნთქვის დროს გრძნობ ნეკნების ოდნავ გარეთ გამოწევასა და ზემოთ აწევას.
ახლა ამოსუნთქვას მიაქციე ყურადღება. სწრაფად ამოსუნთქვას შეიძლება ჰაერის მარაგის უსარგებლო დაკარგვა ვუწოდოთ. ამიტომ ნელა ამოისუნთქე, მაგრამ ამისათვის კისრის კუნთებს ნუ დაჭიმავ, თორემ ხმაში დაძაბულობა შეგენიშნება ან არაბუნებრივად ხმამაღლა ილაპარაკებ. ამოსუნთქვა ხორციელდება მუცლისა და ნეკნთაშორისი კუნთების მოდუნების შედეგად, ხოლო ამოსუნთქვის სისწრაფეზე დიაფრაგმა ახდენს გავლენას.
მორბენალის მსგავსად, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობამდე ვარჯიშობს, მომხსენებელმაც უნდა ივარჯიშოს, რათა სწორად სუნთქვას მიეჩვიოს. გასწორდი, მხრები გაშალე, შესუნთქვის დროს შეეცადე, ფილტვების ქვედა წილები გაივსო ჰაერით. შემდეგ თანდათან ამოისუნთქე და ნელ-ნელა დაითვალე. ახლა შეეცადე კითხვის დროსაც ასევე ისუნთქო.
მოადუნე დაჭიმული კუნთები. ხმის გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი რამ — კუნთების მოდუნება — გჭირდება. გასაოცარ შედეგებს მიაღწევ, თუ ლაპარაკის დროს არ დაიძაბები. შინაგანი დაძაბულობა კუნთების შეკუმშვას იწვევს. ამიტომაც, ისიც მნიშვნელოვანია, რომ გონება არ დაგეძაბოს.
შინაგანად ნაკლებად დაიძაბები, თუ მსმენელზე სწორი თვალსაზრისი გექნება. ქადაგების დროს გახსოვდეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიბლიის შესწავლა მხოლოდ რამდენიმე თვის დაწყებული გაქვს, ადამიანებისთვის იეჰოვას განზრახვის შესახებ ფასდაუდებელი ცოდნის მიცემა შეგიძლია. მათ დახმარება სჭირდებათ; შენც ამ მიზნით მიდიხარ მათთან იმისდა მიუხედავად, ესმით თუ არა, რომ ასეთ დახმარებას საჭიროებენ. სამეფო დარბაზში მოსულ მსმენელთა უმრავლესობას კი იეჰოვას მსახურები შეადგენენ. ისინი შენი მეგობრები არიან და უნდათ, რომ კარგად გამოხვიდე. არავის არა ჰყავს ისეთი მეგობრულად განწყობილი და მოსიყვარულე მსმენელი, როგორიც ჩვენ.
მოადუნე კისრის კუნთები — შეეცადე დაძაბულობის მოხსნას. გახსოვდეს, რომ მბგერი იოგები რხევას მაშინ იწყებს, როდესაც მათ შორის ჰაერის ნაკადი გადის. ისევე როგორც მუსიკალური ბგერის სიმაღლეა დამოკიდებული გიტარის ან ვიოლინოს სიმების დაჭიმულობაზე, ხმის სიმაღლეც დამოკიდებულია იმაზე, დაჭიმული გაქვს კისრის კუნთები თუ მოდუნებული. როდესაც მბგერი იოგები მოდუნებულია, ხმა დაბალია. კისრის კუნთებს თუ მოადუნებ, ზედა სასუნთქ გზებში ჰაერი თავისუფლად იმოძრავებს, რაც საგრძნობლად გაგიუმჯობესებს ბგერის ჟღერადობას.
მოადუნე მთელი სხეული — მუხლები, ხელები, მხრები და კისერი. მოდუნებული კუნთები აუმჯობესებს რეზონანსს, რაც ხმას სიძლიერეს მატებს. მთელი სხეული რეზონატორის როლს ასრულებს, დაძაბულობა კი მას ხელს უშლის. ხორხში წარმოქმნილი ბგერა მხოლოდ ცხვირის ღრუში როდი ძლიერდება; რეზონატორის ფუნქცია გულმკერდის ღრუს, სასას, კბილებსა და სინუსებსაც ეკისრება. გიტარის დეკას თუ სიმძიმე დააწვება, ბგერა დაიხშობა; დეკა თავისუფალი უნდა იყოს, რომ ბგერა გააძლიეროს. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენი სხეულის ძვლებზე, რომლებიც კუნთოვანი მასით არის ფიქსირებული. კარგი რეზონანსი საშუალებას მოგცემს, სათანადოდ არეგულირო ხმა და მისი მეშვეობით ზუსტად გადმოსცე სხვადასხვა გრძნობა. შედეგად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მიაწვდენ ხმას მრავალრიცხოვან აუდიტორიას.