გაკვეთილი 40
სანდო და ზუსტი ინფორმაცია
შეიძლება ქრისტიანის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებოდეს? დიახ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სხვის ნათქვამს შეუმოწმებლად გაიმეორებს ან რაიმეს უყურადღებოდ წაკითხვის გამო მსმენელს გაზვიადებულ ინფორმაციას მიაწვდის. თუ ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებსაც კი დიდი სიფრთხილით ვეკიდებით და მხოლოდ ზუსტ ინფორმაციას ვავრცელებთ, მსმენელს ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაბამისად, ეჭვის თვალით აღარ შეხედავს მნიშვნელოვან საკითხებს, რის შესახებაც ვესაუბრებით.
სამქადაგებლო მსახურებაში. ბევრს ეშინია ქადაგების დაწყება, რადგან ესმით, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი. თუმცა მალევე ამჩნევენ, რომ ეფექტურად ქადაგება ჭეშმარიტების ძირითადი სწავლებების ცოდნითაც კი შეიძლება. როგორ? მომზადების წყალობით.
მსახურებაში წასვლამდე კარგად მოამზადე საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებ. იფიქრე, რა კითხვები შეიძლება დაგისვას მობინადრემ. მოძებნე ბიბლიაზე დაფუძნებული დამაკმაყოფილებელი პასუხები. ასეთი მომზადების შედეგად ზუსტ პასუხს გასცემ მობინადრეს და თან მშვიდად იქნები. როდესაც ბიბლიის შესწავლა გაქვს დაგეგმილი, საფუძვლიანად გაიმეორე შესასწავლი მასალა. შეამოწმე, შეგიძლია თუ არა აბზაცთან დასმულ კითხვებზე საფუძვლიანი ბიბლიური პასუხების გაცემა.
როგორ უნდა მოიქცე, თუ მობინადრე ან თანამშრომელი ისეთ კითხვას გისვამს, რომელზე პასუხიც მომზადებული არა გაქვს? ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია თუ არ გაგაჩნია, ვარაუდებისგან თავი შეიკავე. „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგავ. 15:28). ამ მხრივ კარგ დახმარებას გაგიწევს „თემები ბიბლიური საუბრებისთვის“ ან წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, თუ ხელმისაწვდომია შენთვის გასაგებ რომელიმე ენაზე. როდესაც ისინი თან არა გაქვს, უთხარი, რომ კარგად გამოიკვლევ მის შეკითხვას და პასუხს შემდგომში გასცემ. თუ მას გულწრფელად აინტერესებს ზუსტი პასუხი, მომავალში საუბრის გაგრძელებაზე აუცილებლად დაგთანხმდება. ამასთან ერთად, მასზე შეიძლება შენმა თავმდაბლობამაც დადებითად იმოქმედოს.
გამოცდილ მაუწყებლებთან თანამშრომლობა ღვთის სიტყვის სწორად გადაცემაში დაგახელოვნებს. დაუკვირდი, რომელ მუხლებს იყენებენ ისინი და როგორ მსჯელობენ მათ საფუძველზე. თავმდაბლურად მიიღე მათ მიერ მოცემული ნებისმიერი რჩევა. გულმოდგინე მოწაფე აპოლოსს დიდად წაადგა სხვების მიერ გაწეული დახმარება. ლუკა მას ახასიათებს „მჭევრმეტყველ“, ‘წმინდა წერილების კარგად მცოდნე’ და ‘ღვთის სულით ანთებულ’ კაცად, რომელიც „სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ“. მიუხედავად ამისა, იყო საკითხები, რომლებშიც ის კარგად ვერ ერკვეოდა. როდესაც პრისკილამ და აკვილამ ეს შენიშნეს, „თავიანთთან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა“ (საქ. 18:24—28).
‘ჩაეჭიდე სარწმუნო სიტყვას’. ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენს მოხსენებებში უნდა ჩანდეს, რომ კრებას „ჭეშმარიტების სვეტად და საყრდენად“ მივიჩნევთ (1 ტიმ. 3:15). ჭეშმარიტების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ის ბიბლიური მუხლები, რომელთა გამოყენებასაც მოხსენებაში ვაპირებთ. გაითვალისწინე კონტექსტი და მათი დაწერის მიზანი.
ის, რასაც კრებაზე იტყვი, შეიძლება სხვებმა გაიმეორონ. ცხადია, „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). მაგრამ თუ მხოლოდ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას გაიხდი ჩვევად, კარგ შედეგებს მიაღწევ. ბევრი ძმა, რომელიც თეოკრატიული მსახურების სკოლაშია ჩაწერილი, დროთა განმავლობაში უხუცესი გახდება. მათ, ვისაც ასეთი პასუხისმგებლობა აქვს მინდობილი, „მეტი მოეკითხება“ (ლუკ. 12:48). უხუცესი ღვთის მოწონებას ვერ დაიმსახურებს, თუ დაუდევრობის გამო ვინმეს არასწორ რჩევას მისცემს და ეს კრების წევრებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის (მათ. 12:36, 37). ამიტომ ძმას, რომელიც უხუცესად მსახურებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება, „სარწმუნო სიტყვის“ მასწავლებლად უნდა იცნობდნენ (ტიტ. 1:9).
ყურადღება მიაქციე, რომ შენ მიერ გამოტანილი დასკვნები ეთანხმებოდეს „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“, ანუ ბიბლიურ ჭეშმარიტებას (2 ტიმ. 1:13). ამან არ უნდა შეგაშინოს. შეიძლება ბიბლია ბოლომდე ჯერ არ წაგიკითხავს. განაგრძე კითხვა. ამასთანავე, ყურადღება მიაქციე ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება სწავლებისთვის გამოსაყენებელი მასალის სწორად შერჩევაში.
პირველ რიგში, საკუთარ თავს ჰკითხე: „შეესაბამება ეს მასალა იმას, რაც უკვე ვიცი ბიბლიიდან? ის მსმენელს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარება თუ ქვეყნიერების სიბრძნეს განადიდებს და აუდიტორიას მისით ხელმძღვანელობისკენ უბიძგებს?“ იესომ თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17; კან. 13:1—5; 1 კორ. 1:19—21). მეორე: გამოიყენე „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული სასწავლო საშუალებები. ეს ბიბლიური მუხლების სწორად გაგების გარდა მათ გონივრულად და გაწონასწორებულად გამოყენებაშიც დაგეხმარება. ამრიგად, შენ მიერ გადაცემული ინფორმაცია ზუსტი იქნება, თუ მოხსენებებს „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშზე“ დააფუძნებ და ბიბლიური მუხლების ახსნისას თუ მსმენელისთვის მათი პრაქტიკული ღირებულების დანახვებისას იეჰოვას მიერ მოწოდებული საშუალებებით ისარგებლებ.
შეამოწმე, რამდენად სანდოა ინფორმაცია. ხშირად მაგალითისთვის მიმდინარე მოვლენებს, ციტატებსა და შემთხვევებს ვიშველიებთ. მაგრამ როგორ უნდა დარწმუნდე, რომ მასალა სანდოა? ერთ-ერთი საშუალება მასალის სანდო წყაროდან მოპოვებაა. არ დაგავიწყდეს იმის შემოწმება, ინფორმაცია ნამდვილად ახალია თუ მოძველებული. სტატისტიკური მონაცემები მალევე ძველდება; მეცნიერებაში ერთ აღმოჩენას მეორე მოსდევს; ადამიანი სულ უფრო მეტად ერკვევა ისტორიასა და ძველ ენებში — შედეგად, უწინ გაკეთებული დასკვნები გადასინჯვას საჭიროებს. დიდი სიფრთხილე გმართებს, როდესაც რადიოთი თუ ტელევიზიით გადმოცემული ან გაზეთებიდან, ელექტრონული ფოსტით თუ ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებას აპირებ. იგავების 14:15 ამბობს: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“. დაფიქრდი: „ენდობა ხალხი წყაროს, საიდანაც ინფორმაცია მოვიპოვე? შეიძლება მისი რამენაირად შემოწმება?“ თუ ეჭვი გეპარება ინფორმაციის სიზუსტეში, თავი შეიკავე მისი გავრცელებისგან.
მას შემდეგ, რაც კარგად შეამოწმებ ინფორმაციის საიმედოობას, კარგად მოიფიქრე, როგორ გამოიყენებ მას. დარწმუნდი, რომ შენ მიერ გამოყენებული ციტატები და სტატისტიკური მონაცემები შეესაბამება კონტექსტს, საიდანაც არის აღებული. ფრთხილად იყავი, რომ რომელიმე აზრის ხაზგასასმელად „რამდენიმე“ „უმრავლესობად“ არ აქციო, „ბევრი“ „ყველა“ არ გახადო და „ზოგჯერ“ — „ყოველთვის“. თუ რიცხობრივ მონაცემებსა და მასშტაბებს გაბერავ ან ფაქტებს გააზვიადებ და უფრო მუქ ფერებში წარმოადგენ, ვიდრე სინამდვილეშია, მაშინ მსმენელს ეჭვი შეეპარება შენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეში.
თუ მუდამ სანდო და ზუსტ ინფორმაციას მიაწვდი მსმენელს, შენზე იტყვიან, რომ სიმართლის მოყვარული ხარ. ეს კარგ წარმოდგენას შეუქმნის ხალხს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდებას მოუტანს „იეჰოვას, ჭეშმარიტების ღმერთს“ (ფსალმ. 31:5).