საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 21 გვ. 112-116
  • უნდა ვიტრაბახოთ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უნდა ვიტრაბახოთ?
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • გადასახადების ამკრეფი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო მათეს უხმობს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 21 გვ. 112-116

თავი 21

უნდა ვიტრაბახოთ?

იცი, რას ნიშნავს ტრაბახი? ~ მაგალითად, გიცდია ოდესმე ისეთი რამის გაკეთება, რაც კარგად არ იცოდი? შეიძლება ფეხბურთი გითამაშია ან სახტუნაოთი გიხტუნავია. დაუცინია ამ დროს ვინმეს და უთქვამს: „მე შენზე უკეთ გავაკეთებ“? ~ ის, ვინც ამას ამბობს, ტრაბახობს.

რას გრძნობ, როდესაც სხვები ტრაბახობენ? მოგწონს? ~ როგორ ფიქრობ, მოეწონებათ სხვებს, შენ რომ იტრაბახო? ~ მაგალითად, კარგია, რომ თქვა: „მე შენზე უკეთესი ვარ“? ~ მოსწონს იეჰოვას ის, ვინც ასე იქცევა? ~

დიდებული მასწავლებელი იცნობდა ისეთებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სხვებზე უკეთესები იყვნენ. ისინი საკუთარი თავით იკვეხნიდნენ და სხვებს ზემოდან უყურებდნენ. ამიტომ, ერთხელ იესომ მათ ამბავი მოუყვა, რათა დაენახვებინა, რომ ტრაბახი არ იყო კარგი.

ეს ამბავი ფარისეველსა და გადასახადების ამკრეფზეა. ფარისევლები ამაყები იყვნენ. ისინი ხალხს ღვთის კანონს ასწავლიდნენ. ხშირად თავი ყველაზე მართალ და უცოდველ ადამიანებად მოჰქონდათ. ერთხელ ფარისეველი სალოცავად წავიდა იერუსალიმში, ღვთის ტაძარში.

ფარისეველი და გადასახადების ამკრეფი ლოცულობენ

რატომ მოიწონა ღმერთმა გადასახადების ამკრეფი და არა ფარისეველი?

იესომ თქვა, რომ ტაძარში სალოცავად გადასახადების ამკრეფიც მივიდა. ბევრს არ უყვარდა გადასახადების ამკრეფები, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი ფულს სძალავდნენ ხალხს. მართლაც, გადასახადის ამკრეფთაგან ბევრი ყოველთვის პატიოსნად არ იქცეოდა.

ფარისეველმა ტაძარში ლოცვა ასე დაიწყო: ‘ღმერთო, გმადლობ, რომ სხვებივით ცოდვილი არა ვარ. ხალხს არ ვატყუებ და ცუდად არ ვექცევი სხვებს. არც ამ გადასახადების ამკრეფს ვგავარ. მართალი კაცი ვარ. კვირაში ორჯერ ვმარხულობ, რათა ბევრი დრო მქონდეს შენზე საფიქრებლად. ყოველი შენაძენიდან მეათედს ტაძარს ვწირავ’. ფარისეველს ნამდვილად ეგონა, რომ სხვებზე უკეთესი იყო, არა? ~ ის ამის შესახებ ღმერთსაც ეუბნებოდა.

გადასახადების ამკრეფი კი არ ჰგავდა ამ ფარისეველს. მას ლოცვის დროს ზეცისკენაც არ აუხედავს. ის მოშორებით იდგა და თავი ძირს დაეხარა. გადასახადების ამკრეფს ცოდვების გამო სინდისი აწუხებდა და დარდისგან მკერდში იცემდა. მას არ უცდია, ეთქვა ღვთისთვის, რა კარგი კაცი იყო. პირიქით, ის ლოცულობდა: „ღმერთო შემიწყალე, მე ცოდვილი“.

შენი აზრით, ამ ორი კაციდან რომელი იყო ღვთის მოსაწონი? ფარისეველი, რომელიც ფიქრობდა, რომ ძალიან კარგი იყო თუ გადასახადების ამკრეფი, რომელიც წუხდა თავისი ცოდვების გამო? ~

იესომ თქვა, რომ ღმერთმა გადასახადების ამკრეფი მოიწონა. რატომ? იესომ ახსნა: ‘ვისაც საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია, დამდაბლდება. მაგრამ ის, ვინც თავმდაბალია, ამაღლდება’ (ლუკა 18:9—14).

რა გვასწავლა იესომ ამ ამბით? ~ ის, რომ არასწორია, სხვებზე უკეთესად მივიჩნიოთ საკუთარი თავი. შეიძლება სიტყვიერად არ ვთქვათ, რომ სხვებზე უკეთესები ვართ, მაგრამ ჩვენი საქციელით ასე გამოვიდეს. როდისმე მოქცეულხარ ასე? ~ განვიხილოთ, რა შეემთხვა მოციქულ პეტრეს.

როცა იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ მისი დაჭერის შემდეგ მას ყველანი მიატოვებდნენ, პეტრემ დაიკვეხნა: ‘ყველამ რომ მიგატოვოს, მე მაინც არ მიგატოვებ!’ პეტრე ცდებოდა. ის საკუთარ თავში ძალიან იყო დარწმუნებული. მან მიატოვა იესო. მაგრამ როგორც 30-ე თავიდან გავიგებთ, ის კვლავ დაბრუნდა იესოსთან (მათე 26:31—33).

ახლა ასეთი მაგალითი განვიხილოთ. ვთქვათ, მასწავლებელი შენ და შენს თანაკლასელს რაღაცას გეკითხებათ. რას იზამ, თუ პასუხს მასზე სწრაფად მოიფიქრებ? ცხადია, გიხარია, როდესაც პასუხი იცი. მაგრამ განა კარგი იქნება დაამცირო ის მოწაფე, რომელსაც საფიქრებლად უფრო მეტი დრო სჭირდება? ~ განა სწორი იქნება სხვების დამცირებით თავი აიმაღლო? ~

ფარისეველი ხომ სწორედ ასე მოიქცა. ის იკვეხნიდა, რომ გადასახადების ამკრეფზე უკეთესი იყო. დიდებულმა მასწავლებელმა კი თქვა, რომ ფარისეველი ცდებოდა. მართალია, ერთმა შეიძლება სხვაზე უკეთ გააკეთოს რაღაცა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მასზე უკეთესია.

მოსწავლე გაკვეთილზე ხელს იწევს

თუ სხვაზე მეტი იცი, ნიშნავს ეს, რომ მასზე უკეთესი ხარ?

ამიტომ, თუ სხვაზე მეტი ვიცით, განა უნდა ვიტრაბახოთ? ~ დაფიქრდი, განა ტვინი თვითონ შევიქმენით? ~ არა, ის ღმერთმა მოგვცა ყველას. ბევრ რამეს სხვებისგან ვსწავლობთ, წიგნში ვკითხულობთ ან ვინმე გვიყვება. მაშინაც კი, როდესაც რაღაცას ჩვენით მოვიფიქრებთ, რისი მეშვეობით ვაკეთებთ ამას? ~ დიახ, ტვინის მეშვეობით, რომელიც ღმერთმა მოგვცა.

როცა ხედავ, რომ ადამიანი დიდი მონდომებით ცდილობს რაღაცის გაკეთებას, შეაქე და უთხარი, რომ მოგწონს, რასაც ის აკეთებს. შეგიძლია დაეხმარო კიდეც და ასწავლო, როგორ გააკეთოს უკეთ. შენც ხომ გინდა, რომ ასე გექცეოდნენ? ~

ერთი ბიჭი თავისი კუნთებით ტრაბახობს

რატომ არ უნდა ვიტრაბახოთ, თუ სხვაზე ძლიერები ვართ?

ზოგიერთი ფიზიკურად უფრო ძლიერია. როგორ მოიქცევი, თუ შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე შენი ძმა ან და? ნუთუ ამის გამო იამაყებ? ~ არა. ძლიერები იმიტომ ვართ, რომ კარგად ვიკვებებით. განა ღმერთი არ გვაძლევს მზეს, წვიმას და ყველაფერს, რაც საკვების მოსაყვანად არის საჭირო? ~ ამიტომ, თუ ძლიერები ვართ, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ (საქმეები 14:16, 17).

ხომ არ მოგვწონს, როდესაც ვინმე ტრაბახობს? ~ გავიხსენოთ იესოს სიტყვები: ‘როგორც გინდა, რომ გექცეოდნენ, შენც ისე მოექეცი სხვებს’. თუ ასე მოვიქცევით, არასოდეს დავემსგავსებით ტრაბახა ფარისეველს, რომელზეც დიდებულმა მასწავლებელმა გვიამბო (ლუკა 6:31).

ერთხელ იესოს ერთმა კაცმა კარგი უწოდა. თქვა დიდებულმა მასწავლებელმა, დიახ, კარგი ვარო? ~ არა. მან თქვა: „არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მარკოზი 10:18). მიუხედავად იმისა, რომ დიდებული მასწავლებელი სრულყოფილი იყო, არასდროს ტრაბახობდა. პირიქით, ის ყოველთვის თავის მამას, იეჰოვას, განადიდებდა.

მაშ, არსებობს ვინმე, ვისითაც ვიამაყებდით? ~ დიახ. ჩვენი შემოქმედით, იეჰოვა ღმერთით შეგვიძლია ვიამაყოთ. როცა ლამაზად ჩამავალ მზეს ან შემოქმედების სხვა სასწაულს ვიხილავთ, შეგვიძლია ვინმეს ვუთხრათ, რომ ეს ჩვენმა შესანიშნავმა ღმერთმა, იეჰოვამ, შექმნა! ყოველთვის დიდი მონდომებით ვილაპარაკოთ იეჰოვას დიდებულ საქმეებზე და იმაზე, რასაც ის მომავალში გააკეთებს.

ორი ბიჭი მზის ჩასვლას უცქერს

ვისით ამაყობს ეს ბიჭი?

წავიკითხოთ, რას ამბობს ბიბლია ტრაბახზე და დაფიქრდი, რა დაგვეხმარება, რომ არ ვიტრაბახოთ: იგავების 16:5, 18; იერემიას 9:23, 24; 1 კორინთელების 4:7 და 13:4.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება