საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 34 გვ. 177-181
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • რა ხდება სიკვდილის დროს?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • იესომ გააცოცხლა ლაზარე
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • რატომ არ ჩქარობდა იესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ლაზარე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 34 გვ. 177-181

თავი 34

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

როგორც იცი, ადამიანები ბერდებიან, ავად ხდებიან და კვდებიან. ზოგჯერ ბავშვებიც იღუპებიან. გეშინია სიკვდილის ან მკვდრების? ~ იცი, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ~

დღეს გაცოცხლებული მკვდარი არავის უნახავს, რომ ეთქვა, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. როცა იესო, დიდებული მასწავლებელი დედამიწაზე ცხოვრობდა, იყო ერთი ასეთი კაცი. მოდი წავიკითხოთ მასზე და გავიგოთ, რა ემართებათ მკვდრებს. ის კაცი იესოს მეგობარი იყო და იერუსალიმიდან არც ისე შორს, პატარა ქალაქ ბეთანიაში ცხოვრობდა. მას ლაზარე ერქვა და ჰყავდა ორი და, მართა და მარიამი. მოდი ვნახოთ, რა მოხდა ერთხელ.

ერთხელ ლაზარე ძალიან ავად გახდა. იმ დროს იესო მისგან შორს იყო. ამიტომ, მართამ და მარიამმა იესოსთან მაცნე გაგზავნეს, რომ ლაზარეს ავადმყოფობის ამბავი შეეტყობინებინათ. მათ იცოდნენ, რომ იესო მოვიდოდა და ლაზარეს განკურნავდა. იესო ექიმი არ იყო, მაგრამ მას ღვთისგან ნებისმიერი დაავადების განკურნების ძალა ჰქონდა (მათე 15:30, 31).

ლაზარე იესოს მისვლამდე მოკვდა. მაგრამ იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ ლაზარეს ეძინა და მის გასაღვიძებლად მიდიოდა. მოწაფეები ვერ მიხვდნენ იესოს ნათქვამს. ამიტომ, იესომ მათ პირდაპირ უთხრა: „ლაზარე მოკვდა“. რას ვიგებთ იესოს სიტყვებიდან სიკვდილის შესახებ? ~ იმას, რომ სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს, იმდენად ღრმა ძილს, რომ მკვდარი სიზმრებსაც კი არ ნახულობს.

იესო მართასთან და მარიამთან მივიდა. მათი ოჯახის ბევრი მეგობარი უკვე მათთან იყო. ისინი დების სანუგეშებლად მივიდნენ. მართამ გაიგო, რომ იესო მოვიდა და მის შესახვედრად გაემართა. მალე იესოს სანახავად წავიდა მარიამიც, რომელიც ძალიან დამწუხრებული იყო. ის ატირდა და იესოს ფეხებთან დაეცა. ატირდნენ მარიამის მეგობრებიც, რომლებიც მას გამოჰყვნენ.

დიდებულმა მასწავლებელმა იკითხა, სად დაასვენეს ლაზარე. ხალხმა იესო იმ გამოქვაბულთან მიიყვანა, სადაც ლაზარე ესვენა. იესომ დაინახა, რომ ყველა ტიროდა და თავადაც ატირდა. მან იცის, რა მტკივნეულია საყვარელი ადამიანის სიკვდილი.

გამოქვაბულზე ლოდი იყო მიფარებული, ამიტომ, იესომ თქვა: „მოაშორეთ ლოდი“. ღირდა კი ამის გაკეთება? ~ მართა ფიქრობდა, რომ არ ღირდა, ამიტომაც უთხრა: „უფალო, უკვე აყროლდებოდა, რადგან მეოთხე დღეა“.

იესომ უთხრა: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“ იესო იმას გულისხმობდა, რომ მართა სასწაულს იხილავდა, რითაც ღმერთი განდიდდებოდა. რის გაკეთებას აპირებდა იესო? გადასწიეს თუ არა ლოდი, იესომ ხმამაღლა მიმართა იეჰოვას ლოცვით. შემდეგ დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ გამოვიდოდა კი ლაზარე? განა ეს შესაძლებელი იყო? ~

შეგიძლია გააღვიძო მძინარე კაცი? ~ დიახ, თუ ხმამაღლა დაუძახებ, გააღვიძებ. მაგრამ შეგიძლია მკვდრის გაღვიძება? ~ არა. მნიშვნელობა არა აქვს, რაც უნდა ხმამაღლა დაუძახო, ვერაფერს გააგონებ. დედამიწაზე მცხოვრებთაგან არავის შეგვიძლია მკვდრების გაღვიძება.

იესომ დაუძახა ლაზარეს. ის გაცოცხლდა და გამოქვაბულიდან გამოვიდა

რა გაუკეთა იესომ ლაზარეს?

იესო კი ჩვენგან განსხვავდებოდა. მას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა ღვთისგან მიცემული. ამიტომ, როცა იესომ ლაზარეს დაუძახა, საოცრება მოხდა. კაცი, რომელიც ოთხი დღის წინათ მოკვდა, გამოქვაბულიდან გამოვიდა! ის გაცოცხლდა! ის ისევ სუნთქავდა, დადიოდა და ლაპარაკობდა! დიახ, იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა (იოანე 11:1—44).

ახლა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დაემართა ლაზარეს სიკვდილის შემდეგ. გამოეყო მის სხეულს რამე, მაგალითად, სული და სხვაგან განაგრძო სიცოცხლე? წავიდა ლაზარეს სული ზეცაში? ცხოვრობდა იმ ოთხი დღის განმავლობაში ის ზეცაში ღმერთთან და წმინდა ანგელოზებთან ერთად? ~ არა.

გაიხსენე, რომ იესომ თქვა, ლაზარემ დაიძინაო. როცა გძინავს, რა ხდება? როცა ძალიან ღრმად გძინავს, არ იცი, რა ხდება შენ გარშემო, ხომ ასეა? ~ გაგეღვიძება და არ იცი, რამდენ ხანს გეძინა, სანამ საათს არ დახედავ.

ასე არიან მკვდრებიც. მათ არაფერი იციან, არაფერს გრძნობენ, არაფრის კეთება არ შეუძლიათ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ლაზარე, როდესაც მოკვდა. სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს, როდესაც ადამიანს არაფერი ახსოვს. ბიბლია ამბობს: „მკვდრებმა არაფერი არ იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10).

მკვდარი ლაზარე გამოქვაბულში წევს

რა მდგომარეობაში იყო მკვდარი ლაზარე?

დაფიქრდი: იმ ოთხი დღის განმავლობაში ლაზარე ზეცაში რომ წასულიყო, განა არაფერს იტყოდა ამის შესახებ? ~ ან ზეცაში თუ იქნებოდა, განა აიძულებდა იესო მას იმ შესანიშნავი სამყოფელის დატოვებას? ~ ცხადია, არა!

და მაინც, ბევრი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს. ისინი ამბობენ, რომ ლაზარეს სული ცოცხალი იყო და სადღაც არსებობდა. ბიბლიაში კი ნათქვამია, რომ ღმერთმა როცა პირველი კაცი — ადამი — შექმნა, ‘ის ცოცხალ სულად იქცა’. ადამი თვითონ იყო სული. ბიბლიიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ადამმა შესცოდა და ამიტომ მოკვდა. ესე იგი ცოდვის გამო სულმა, თვითონ ადამმა, შეწყვიტა არსებობა და დაუბრუნდა მიწას, საიდანაც იყო აღებული. ბიბლიაში ასევე ნათქვამია, რომ ადამის მთელმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მიიღო (დაბადება 2:7, ძველი აღთქმის ორტომეული, 1884; 3:17—19; რომაელების 5:12).

ნათელია, რომ ჩვენ არა გვაქვს სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ სხეულიდან გამოდის და არსებობას აგრძელებს. თითოეული ჩვენგანი თავად ვართ სული. ადამისგან მემკვიდრეობით ადამიანებმა ცოდვა მივიღეთ და ამიტომაა, რომ, როგორც ბიბლია ამბობს, ‘ცოდვილი სული კვდება’ (ეზეკიელი 18:4).

ბავშვები სასაფლაოზე

რატომ არ უნდა გვეშინოდეს მკვდრების?

ზოგს მკვდრების ეშინია. მათ სასაფლაოსთან ახლოს გავლაც კი აშინებთ, რადგან ფიქრობენ, რომ მკვდრების სხეულებიდან სულები გამოდიან და ცოცხლებს ზიანს აყენებენ. შესაძლებელია, მკვდარმა ცოცხალს რამე დაუშავოს? ~ ცხადია, არა.

ზოგს ისიც სჯერა, თითქოს მკვდრებს ცოცხლებთან სულების სახით სტუმრობაც შეუძლიათ. ამიტომ, ისინი საჭმელს დებენ მკვდრებისთვის. სამწუხაროდ, ვინც ამას აკეთებს, არ სჯერა ის, რასაც ღმერთი მკვდრების შესახებ ამბობს. ჩვენ თუ გვჯერა ღმერთის, მკვდრების აღარ შეგვეშინდება. თუ ნამდვილად მადლობლები ვართ, რომ ღმერთმა სიცოცხლე გვაჩუქა, იმას გავაკეთებთ, რაც ღმერთს მოსწონს.

შეიძლება გაინტერესებს: დაუბრუნებს ღმერთი სიცოცხლეს მკვდარ ბავშვებს? უნდა ღმერთს ამის გაკეთება? ამის შესახებ შემდეგ თავში ვისაუბროთ.

მოდი კიდევ წავიკითხოთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრების მდგომარეობისა და სულის შესახებ: ფსალმუნების 113:25; 145:3, 4 და იაკობის 5:20.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება