თავი 35
მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია!
თუ მოვკვდებით, მოისურვებს ღმერთი ჩვენს აღდგენას ანუ კვლავ გაცოცხლებას? ~ ერთ კარგ კაცს, რომელსაც იობი ერქვა, სწამდა, რომ ღმერთს სურდა ეს. ამიტომ, როცა იობს ეგონა, რომ კვდებოდა, ღმერთს უთხრა: ’დამიძახებ და მეც პასუხს გაგცემ’. იობმა თქვა, რომ იეჰოვა ღმერთს მოენატრებოდა ის ანუ ძალიან მოუნდებოდა მისი გაცოცხლება (იობი 14:14, 15).
იესოც თავის მამას — იეჰოვა ღმერთს ჰგავს და უნდა, რომ დაგვეხმაროს. როდესაც ერთმა კეთროვანმა უთხრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“, იესომ უპასუხა: „მსურს“ და განკურნა კეთრისგან (მარკოზი 1:40—42).
როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ უყვარს ბავშვები?
იესომ მამისგან ბავშვების სიყვარულიც ისწავლა. დიდი ხნის წინათ ორი შემთხვევა მოხდა — იეჰოვამ თავისი მსახურების მეშვეობით პატარა ბავშვები გააცოცხლა. ელია ეხვეწებოდა იეჰოვას მკვდრეთით აღედგინა იმ ქალის შვილი, რომელმაც ელიას მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. იეჰოვამ ელიას მსახურის, ელისეს, მეშვეობითაც აღადგინა პატარა ბიჭი (3 მეფეთა 17:17—24; 4 მეფეთა 4:32—37).
განა არ გვახარებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ასე ძალიან ვუყვარვართ? ~ მას მხოლოდ მაშინ კი არ ვახსოვართ, როცა ცოცხლები ვართ, არამედ სიკვდილის შემდეგაც. იესომ თქვა, რომ ღმერთი ცოცხლებად მიიჩნევს იმ მკვდარ ადამიანებს, რომლებიც უყვარს! (ლუკა 20:38). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ‘ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც აწმყო და ვერც მომავალი ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისგან’ (რომაელები 8:38, 39).
დედამიწაზე ყოფნისას იესომ აჩვენა, რომ იეჰოვა ზრუნავს ბავშვებზე. ალბათ გახსოვს, იესომ დრო გამოყო, რომ ბავშვებთან ღვთის შესახებ ელაპარაკა. იცოდი, რომ ღმერთმა იესოს ბავშვების გაცოცხლების ძალა მისცა? ~ მოდი განვიხილოთ ერთი შემთხვევა, როდესაც იესომ 12 წლის გოგო მკვდრეთით აღადგინა. ამ გოგონას მამას იაიროსი ერქვა.
იაიროსი თავის მეუღლესთან ერთად გალილეის ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა. მათ ერთადერთი შვილი ჰყავდათ. ერთხელ გოგონა ძალიან ავად გახდა. იაიროსი მიხვდა, რომ შვილი უკვდებოდა. ამ დროს მას იესო გაახსენდა, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ეს საოცარი კაცი ადამიანებს ავადმყოფობისგან კურნავდა. ამიტომ, იაიროსი მის მოსაძებნად გაეშურა. იესო მან გალილეის ზღვის ნაპირზე იპოვა, სადაც ის ბევრ ხალხს ასწავლიდა.
იაიროსი ხალხში შეიჭრა, იესოს ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ‘შვილი ძალიან ცუდად მყავს. გთხოვ წამოდი და განკურნე. ძალიან გთხოვ!’ იესო მაშინვე წაჰყვა იაიროსს. მათ უკან გაჰყვნენ ისინიც, რომლებიც დიდებული მასწავლებლის სანახავად იყვნენ მისულები. ცოტა რომ გაიარეს, იაიროსს თავისი სახლიდან მომავალი კაცები შემოხვდნენ და უთხრეს: „შენი ქალიშვილი მოკვდა! რატომღა აწუხებ მოძღვარს?“
იესომ მათ ნათქვამს ყური მოჰკრა. მან იცოდა, როგორ დამწუხრდებოდა იაიროსი ერთადერთი შვილის დაკარგვით. ამიტომ უთხრა: ‘ნუ გეშინია. ირწმუნე ღმერთი და შენი ქალიშვილი კარგად იქნება’. მათ განაგრძეს გზა და ბოლოს იაიროსის სახლიც გამოჩნდა. ნათესავები და გოგონას მეგობრები ტიროდნენ. ისინი დამწუხრებულები იყვნენ თავიანთი პატარა მეგობრის სიკვდილით. იესომ უთხრა მათ: ‘ნუ ტირით, გოგონა არ მომკვდარა, მას სძინავს’.
იესოს ნათქვამზე ხალხი იცინოდა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონა მოკვდა. შენი აზრით, რატომ თქვა იესომ, რომ გოგონას ეძინა? ~ რა უნდა, რომ ამით ხალხს ასწავლოს? ~ მას უნდა, ხალხმა იცოდეს, რომ სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს და ღვთის ძალით მას მიცვალებულების აღდგენა შეუძლია ზუსტად ისე, როგორც ჩვენ შეგვიძლია მძინარე ადამიანის გაღვიძება.
რას გვასწავლის იესოს მიერ იაიროსის შვილის აღდგენის შემთხვევა?
იესომ სთხოვა ყველას, მოციქული პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას მშობლების გარდა, რომ გარეთ გასულიყვნენ. შემდეგ ბავშვთან მივიდა, ხელზე შეეხო და უთხრა: „გოგონა, ადექი!“ ბავშვი იმწამსვე წამოდგა და სიარული დაიწყო! მისი მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა (მარკოზი 5:21—24, 35—43; ლუკა 8:40—42, 49—56).
აბა დაფიქრდი, იესომ თუ ამ გოგონას დაუბრუნა სიცოცხლე, განა სხვებსაც იგივეს არ გაუკეთებს? ~ გჯერა, რომ ნამდვილად გააკეთებს ამას? ~ დიახ, ნამდვილად გააკეთებს. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
როგორ ფიქრობ, აქვს იესოს სურვილი, რომ მკვდრები აღადგინოს? ~ ამის გაგებაში დაგვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი კიდევ ერთი ამბავი. ქალაქ ნაინთან მომხდარი შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რას გრძნობს იესო მგლოვიარე ხალხის მიმართ.
ქალაქ ნაინიდან უამრავი ხალხი გამოდიოდა. ქვრივ ქალს ერთადერთი ვაჟი მოუკვდა და მას მოასვენებდნენ. დედა ძალიან დამწუხრებული იყო. ის ტიროდა; არავის შეეძლო მისი ნუგეშისცემა.
ამ დროს იესო და მისი მოწაფეები ქალაქ ნაინისკენ მიდიოდნენ. ქალაქის ჭიშკართან შეხვდნენ უამრავ ხალხს, რომლებიც მკვდარს მოასვენებდნენ. იესოს ძალიან შეეცოდა მომტირალი ქალი. მისმა დიდმა მწუხარებამ მას გული დაუწვა და ძალიან მოუნდა ქალს დახმარებოდა.
ამიტომ, თანაგრძნობით, მაგრამ მტკიცედ უთხრა: „ნუ ტირი“. მისი სიტყვების გამო ყველა ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა მის მოქმედებას. ალბათ აინტერესებდათ, რას გააკეთებდა იესო, როცა ცხედარს მიუახლოვდებოდა. იესომ ბრძანა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ ბიჭი მაშინვე წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო (ლუკა 7:11—17).
წარმოიდგინე, რა გრძნობა დაეუფლებოდა დედამისს! შენ რას იგრძნობდი, საყვარელი ადამიანი გაცოცხლებული რომ გენახა? ~ განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იესოს ნამდვილად უყვარს ადამიანები და სურს მათი დახმარება? ~ აბა დაფიქრდი, რა დიდებული იქნება, როცა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).
რას ვიგებთ ამ ქალის ერთადერთი შვილის აღდგენის შემთხვევიდან?
იმ დროს აღდგენილებს შორის ჩვენი ნაცნობებიც იქნებიან, მათ შორის ბავშვებიც. ჩვენ მათ ისევე ვიცნობთ, როგორც იაიროსმა იცნო თავისი ქალიშვილი მკვდრეთით აღდგენის შემდეგ. სხვები ასობით და ათასობით წლის წინათ დაიხოცნენ. მაგრამ ღმერთი არ დაივიწყებს მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნის წინათ ცხოვრობდნენ.
განა დიდებული არ არის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთსა და იესოს ასე ძალიან ვუყვარვართ? ~ მათ უნდათ, რომ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წელი კი არ ვიცოცხლოთ, არამედ მარადიულად.
მკვდრეთით აღდგომის საუცხოო იმედზე წავიკითხოთ კიდევ რამდენიმე ბიბლიური მუხლი: ესაიას 25:8; საქმეების 24:15 და 1 კორინთელების 15:20—22.