მათ ყურად იღეს გაფრთხილება და გადარჩნენ
იესო ქრისტემ წინასწარ გააფრთხილა ხალხი, რომ იუდეველთა სისტემა, რომლის ცენტრიც იერუსალიმში იყო, განადგურდებოდა. მას არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, მაგრამ აღწერა, რა მოვლენები მიანიშნებდა განადგურების მოახლოებაზე. მან გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ ეფხიზლათ და საშიში ზონიდან გასულიყვნენ.
იესომ იწინასწარმეტყველა: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება“. მან აგრეთვე აღნიშნა: „როცა დაინახავთ, რომ . . . გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე დგას . . . მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ“. იესომ გააფრთხილა მოწაფეები, რომ უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ ქონების გადასარჩენად. მათ თუ გადარჩენა უნდოდათ, დაუყოვნებლივ უნდა გაქცეულიყვნენ (ლუკა 21:20, 21; მათე 24:15, 16).
ახ. წ. 66 წელს რომის არმია ცესტიუს გალუსის ხელმძღვანელობით იერუსალიმს მოადგა. მათ წერტილი უნდა დაესვათ იუდეველთა უკვე დიდხანს გაგრძელებული აჯანყებისთვის. გალუსმა ქალაქში შესვლაც კი შეძლო და ტაძარი ალყაში მოაქცია. იერუსალიმს საშინელი დღე დაუდგა. ისინი, რომლებიც ფხიზლობდნენ, ხედავდნენ რომ უბედურება გარდაუვალი იყო. მაგრამ განა შეძლებდა ვინმე ამ ვითარებაში ქალაქიდან გაქცევას? მოულოდნელად ცესტიუს გალუსმა მოხსნა ალყა და ჯარი ქალაქიდან გაიყვანა. აჯანყებულები მტერს გაედევნენ. აი, სწორედ ახლა დადგა იერუსალიმიდან და საერთოდ იუდეიდან გაქცევის დრო!
მომდევნო წელს რომაელები დაბრუნდნენ, ამჯერად ვესპასიანესა და მისი ძის, ტიტუსის, სარდლობით. მთელი ქვეყანა ომმა მოიცვა. ახ. წ. 70 წლის დასაწყისში რომაელებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს და მას გარშემო წვეტიანი ბოძების სიმაგრე შემოავლეს. ქალაქიდან გაქცევა შეუძლებელი იყო (ლუკა 19:43, 44). ქალაქში სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ბრძოლებს გადარჩენილები რომაელებმა ან სიცოცხლეს გამოასალმეს, ან ტყვედ წაიყვანეს. ქალაქი და მისი ტაძარი მთლიანად დაინგრა. პირველი საუკუნის იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვატყობინებს, რომ მილიონზე მეტი იუდეველი იმსხვერპლა ამ მოვლენებმა. ამის შემდეგ ტაძარი აღარასოდეს აღდგენილა.
ქრისტიანები თუ ახ. წ. 70 წელს ჯერ კიდევ იერუსალიმში იქნებოდნენ, ისინი სხვების მსგავსად ან დაიხოცებოდნენ, ან ტყვეობაში აღმოჩნდებოდნენ. მემატიანეები იტყობინებიან, რომ ქრისტიანებმა ყურად იღეს ღვთიური გაფრთხილება და გაერიდნენ იერუსალიმსა და იუდეას. ისინი იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე მთიან რეგიონში გადავიდნენ. ზოგი პერეის პროვინციაში, ქალაქ პელაში დასახლდა. მათ დატოვეს იუდეა და უკან აღარ დაბრუნებულან. მათ ყურად იღეს იესოს გაფრთხილება და გადარჩნენ.
სერიოზულად ეკიდებით გაფრთხილებებს სანდო წყაროებიდან?
ზოგჯერ ის, რაზეც ხალხს აფრთხილებდნენ, სინამდვილეში არ მოხდა. ამის გამო ბევრი არასერიოზულად ეკიდება ნებისმიერ გაფრთხილებას. მაგრამ გაფრთხილების გათვალისწინებამ შეიძლება სიცოცხლე შეგვინარჩუნოს.
მაგალითად, 1975 წელს ჩინეთში მოსახლეობას აფრთხილებდნენ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ. ხელისუფლებამ სათანადო ზომები მიიღო. ხალხი მიჰყვა მათ მითითებებს. ამის წყალობით ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.
1991 წლის აპრილში ფილიპინებში, მთა პინატუბოს ფერდობზე მდებარე სოფლის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ მთიდან ბოლი ამოდიოდა და ფერფლი იფრქვეოდა. სიტუაციის შესწავლა დაიწყო ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა. ორი თვის შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ვულკანი უახლოეს ხანებში ამოიფრქვეოდა. ათასობით ადამიანი დაუყოვნებლივ გაიყვანეს საშიში ზონიდან. 15 ივნისს მძლავრი ვულკანური ამოფრქვევა მოხდა. მთიდან 8 კუბური კილომეტრის მოცულობის ფერფლი ამოიფრქვა, რამაც გარშემო მდებარე ტერიტორია დაფარა. გაფრთხილების გათვალისწინებამ ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა.
ბიბლია თანამედროვე სისტემის განადგურების შესახებ გვაფრთხილებს. ჩვენ ახლა ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. აღსასრული ახლოვდება. ფხიზლობთ? დგამთ სათანადო ნაბიჯებს, რომ, ასე ვთქვათ, გახვიდეთ საშიში ზონიდან? გესმით, რომ დრო არ ითმენს და აფრთხილებთ სხვებსაც ამის შესახებ?
[სურათი 20 გვერდზე]
გაფრთხილების გათვალისწინებამ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა მთა პინატუბოდან ვულკანის ამოფრქვევის დროს.
[სურათი 21 გვერდზე]
ქრისტიანები, რომლებმაც ყურად იღეს იესოს გაფრთხილება, გადარჩნენ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების დროს.