თავი მეორე
წინასწარმეტყველები, რომელთა ცნობაც გავლენას ახდენს ჩვენზე
1. რით არის საინტერესო თქვენთვის თორმეტი წინასწარმეტყველი, რომლებმაც ებრაული წერილების ბოლო წიგნები დაწერეს?
გსურთ გაეცნოთ ღვთის თორმეტ მაცნეს? ისინი იესოს დედამიწაზე მოსვლამდე ცხოვრობდნენ და ცხადია, მათი პირადად გაცნობა შეუძლებელია; თუმცა მაინც შეგიძლიათ გაეცნოთ და დაინახოთ, რომ „იეჰოვას დიდი დღის“ მოლოდინით ცხოვრობდნენ. რასაც გაიგებთ, მნიშვნელოვანია ყველა ქრისტიანისთვის, რომლებიც გონიერებას ავლენენ და ცდილობენ, იეჰოვას დიდი დღის მოლოდინით იცხოვრონ (სოფონია 1:14; 2 პეტრე 3:12).
2, 3. რით ჰგავს ჩვენი ცხოვრება ამ თორმეტი წინასწარმეტყველის ცხოვრებას?
2 წმინდა წერილებში ბევრს ეწოდება წინასწარმეტყველი. ბიბლიის მრავალი წიგნი ატარებს წინასწარმეტყველის სახელს. როგორც სხვა წინასწარმეტყველები, ისე ეს თორმეტნიც სამაგალითონი არიან თავიანთი ერთგულებითა და გაბედულებით. ერთნი ხარობდნენ, რომ მათი ცნობა გულსა და გონებას უცვლიდა ადამიანებს და აღძრავდა დაბრუნებოდნენ ღმერთს; მეორენი კი გულგატეხილნი იყვნენ იმით, რომ ჯიუტი ხალხი არღვევდა იეჰოვას ნორმებს და ეწინააღმდეგებოდა მის ნებას. ზოგიერთმა თორმეტთაგანმა დაინახა იეჰოვას ვაი-თაყვანისმცემელთა თვითკმაყოფილებისა და ეგოიზმის სავალალო შედეგები.
3 ჩვენ მსგავსად ეს თორმეტი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა პოლიტიკური არეულობის, სოციალური არამდგრადობისა და რელიგიის დაკნინების დროს. მათთვის არ იყო უცხო შიში და განსაცდელი, რადგან „ჩვენნაირი გრძნობები“ ეუფლებოდათ (იაკობი 5:17). მიუხედავად ამისა, ისინი სამაგალითონი არიან. წინასწარმეტყველურ წერილებში ჩაწერილი მათი ცნობა გასათვალისწინებელი და სასარგებლოა ჩვენთვის, „რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (რომაელები 15:4; 16:26; 1 კორინთელები 10:11).
სხვადასხვა დროს მცხოვრები თორმეტი წინასწარმეტყველი
4. ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის თუ არა წარმოდგენილი თორმეტი წინასწარმეტყველის თორმეტი წიგნი და პირველად ვინ დანიშნა იეჰოვამ თავისი ხალხის გასაფრთხილებლად და გასამხნევებლად?
4 შესაძლოა ფიქრობთ, რომ ბიბლიაში ეს თორმეტი წიგნი, ოსიადან მალაქიამდე, ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, იონა, იოელი, ამოსი, ოსია და მიქა წინასწარმეტყველები ძვ. წ. IX—VIII საუკუნეებში ცხოვრობდნენa. იმ დროს, როგორც იუდას სამხრეთ სამეფოში, ისე ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში მრავალი ორგული მეფე მეფობდა. მათი ქვეშევრდომებიც მათ ბაძავდნენ და ღვთის რისხვას იმსახურებდნენ. ასურეთის და შემდეგ ბაბილონის სამეფო მსოფლიო ბატონობას ესწრაფოდა. ისრაელებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მოგვიანებით სწორედ ამ ორი მსოფლიო მპყრობელის ხელით დასჯიდა მათ იეჰოვა. თუმცაღა ღმერთი გამუდმებით აფრთხილებდა ისრაელსა და იუდას თავის ერთგულ წინასწარმეტყველთა პირით.
5. იუდასა და იერუსალიმის განადგურებამდე წინასწარმეტყველთა რომელი ჯგუფი აცხადებდა იეჰოვას განაჩენს?
5 მაშინ, როცა იუდასა და იერუსალიმზე ღვთის განაჩენის აღსრულების დრო მოახლოვდა, იეჰოვამ გულმოდგინე მაცნეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოაჩინა. ვინ იყვნენ ამ ჯგუფში? სოფონია, ნაუმ, აბაკუმ და აბდია წინასწარმეტყველები. ისინი ძვ. წ. VII საუკუნეში მსახურობდნენ, როცა ყველაზე ტრაგიკული მოვლენები მოხდა. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონმა იერუსალიმი დაიპყრო და იუდეველები გადაასახლა. ამჯერადაც ისე მოხდა, როგორც იეჰოვა ეუბნებოდა მათ მისი სახელით მოლაპარაკე ამ ოთხი წინასწარმეტყველის პირით. ისინი ხალხის შეგონებას ცდილობდნენ, რათა მიეტოვებინათ არასწორი საქმეები — ლოთობა და ძალადობა, მაგრამ ხალხი არ იცვლებოდა (აბაკუმი 1:2, 5—7; 2:15—17; სოფონია 1:12, 13).
6. როგორ დაეხმარა იეჰოვა გადასახლებიდან დაბრუნებულებს?
6 გადასახლებიდან დაბრუნებულ ღვთის ხალხს სათანადო ხელმძღვანელობა, ნუგეში და გამხნევება სჭირდებოდა, რომ არ გადაეხვია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან. ამ მიზანს ემსახურებოდა წინასწარმეტყველთა სხვა ჯგუფი — ანგია, ზაქარია და მალაქია. ისინი ძვ. წ. VI—V საუკუნეებში მსახურობდნენ. იეჰოვას უზენაესობის ამ თორმეტი ერთგული დამცველის და მათი საქმიანობის უკეთ გაცნობით, ბევრ ისეთ რამეს შეიტყობთ, რაც ამ მძიმე დროს მსახურებისას გამოგადგებათ. მოდი, ქრონოლოგიური თანამიმდევრობით განვიხილოთ თითოეული წინასწარმეტყველის ცხოვრება.
ურჩი ერების ხსნის მცდელობა
7, 8. როგორ გვამხნევებს იონას შემთხვევა, როცა საკუთარ ძალებში ეჭვი გვეპარება?
7 ოდესმე, საკუთარ ძალებში თუ შეგპარვიათ ეჭვი და გიფიქრიათ, მგონი ადრინდელი რწმენა აღარ მაქვსო? მაშინ, იონას შემთხვევა განსაკუთრებით დაგაინტერესებთ. იონა ძვ. წ. IX საუკუნეში ცხოვრობდა. ალბათ გახსოვთ, რომ ღმერთმა იონას ნინევეში, ასურეთის აღმავალი იმპერიის დედაქალაქში, წასვლა დაავალა. მას უნდა ემხილებინა ნინეველთა ბოროტება. ნაცვლად იმისა, რომ წასულიყო თავისი დანიშნულების ადგილას, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-აღმოსავლეთით 900 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ავიდა ხომალდზე და, სავარაუდოდ, ესპანეთისკენ აიღო გეზი. ის საპირისპირო მიმართულებით, 3 500 კილომეტრით მოშორებულ მხარეს გაემართა. თქვენი აზრით, რატომ გაიქცა იონა? შიშის ან რწმენის ნაკლებობის გამო? იმის ხომ არ ეშინოდა, რომ ნინეველები მოინანიებდნენ, მაგრამ მოგვიანებით თავიანთ რისხვას ისრაელს დაატეხდნენ თავს? ბიბლია კონკრეტულად არ გვცემს პასუხს ამ კითხვებზე, თუმცა გვაჩვენებს სწორი აზროვნების შენარჩუნების აუცილებლობას.
8 გახსოვთ, როგორ მოიქცა იონა, როცა ღმერთმა თავისი უკმაყოფილება აჩვენა? „დიდი თევზის“ მუცელში მყოფმა იონამ აღიარა, რომ „ხსნა იეჰოვასგანაა“ (იონა 1:17; 2:1, 2, 9). სასწაულებრივად გადარჩენილმა იონამ შეასრულა მიღებული დავალება, მაგრამ მალევე გაუტყდა გული. ნინეველები დადებითად გამოეხმაურნენ მის გაფრთხილებას, მოინანიეს, და ღმერთმაც აღარ გაანადგურა ისინი. იეჰოვა კვლავ სიყვარულით შეეცადა წინასწარმეტყველის ეგოისტური აზროვნების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი იონას შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, ღმერთმა ის მორჩილ და ერთგულ მსახურად მიიჩნია (ლუკა 11:29).
9. რით არის სასარგებლო იოელის წინასწარმეტყველება?
9 გული ხომ არ გაგტყდომიათ, როცა ხალხს ბიბლიაზე დაფუძნებული თქვენი ცნობა გაუკრიტიკებია და ავის მომასწავებლად მიუჩნევია? წინასწარმეტყველ იოელის (ნიშნავს: იეჰოვაა ღმერთი) სიტყვებსაც ასევე ეკიდებოდნენ მისი თანამემამულეები. მან თავისი წინასწარმეტყველება დაახლოებით ძვ. წ. 820 წელს დაწერა იუდაში, უზიას მეფობის დროს. როგორც ჩანს, იოელი და იონა თანამედროვენი იყვნენ. იოელმა მოიხსენია გამანადგურებელი კალიები, რომლებიც არაერთი შემოსევით გააპარტახებდნენ ქვეყანას. ღვთის შიშის მომგვრელი დღე კარს იყო მომდგარი. მაგრამ იოელი მხოლოდ უბედურებას არ აცხადებდა, ის იმასაც აღნიშნავდა, რომ ერთგულები გადარჩებოდნენ (იოელი 2:32). მომნანიებლები იეჰოვას კურთხევითა და გულმოწყალებით გაიხარებდნენ. რა სასიხარულოა, რომ ჩვენც იმავეს ვქადაგებთ! იოელმა იწინასწარმეტყველა, რომ ღვთის მოქმედი ძალა, წმინდა სული, „ყველანაირ ხორციელზე“ გადმოიღვრებოდა. ეს წინასწარმეტყველება თქვენც გეხებათ. იოელმა ყურადღება გადარჩენის ერთადერთ საშუალებაზეც გაამახვილა: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:28, 32).
10. რა დაავალა იეჰოვამ ერთ უბრალო კაცს?
10 თქვენ შეგიძლიათ გაუგოთ ამოსს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან ცნობას უქადაგებთ ხალხს, რომელიც, ძირითადად, უგულებელყოფს მას. ამოსი არც წინასწარმეტყველის შვილი ყოფილა და არც წინასწარმეტყველთა ჯგუფის წევრი; ის მწყემსი იყო და თან სეზონურ სამუშაოს ასრულებდა. ის წინასწარმეტყველებდა იუდას მეფე უზიას დროს, ძვ. წ. IX საუკუნის მიწურულს. მართალია ამოსი (ნიშნავს ტვირთს ან დატვირთულს) წარმოშობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ცნობა, რომლითაც იუდას, ისრაელსა და მეზობელ ერებს მიმართავდა, მეტად მნიშვნელოვანი იყო. გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა უბრალო ადამიანსაც კი ასრულებინებს ასეთ მნიშვნელოვან დავალებას.
11. იეჰოვას ნების შესასრულებლად, რისთვის იყო მზად ოსია?
11 თუ გიფიქრიათ, რა მსხვერპლს გაიღებდით იეჰოვას ნების შესასრულებლად? გაიხსენეთ ესაიასა და მიქას თანამედროვე ოსია, რომელიც სამოც წელიწადს მსახურობდა წინასწარმეტყველად. იეჰოვას სიტყვისამებრ, ოსიას ცოლად უნდა შეერთო გომერი, რომელიც გაირყვნებოდა (ოსია 1:2). როგორც ჩანს, გომერს სამი შვილიდან მხოლოდ ერთი შეეძინა ოსიასგან. რატომ მოითხოვა იეჰოვამ, რომ მას ცოლის ღალატი, ასეთი დამცირება აეტანა? მისი მაგალითით იეჰოვას უნდოდა ხალხისთვის ერთგულება და გულმოწყალება ეჩვენებინა. ჩრდილოეთი სამეფო მოღალატე ცოლივით განუდგა ღმერთს. შეუძლებელია გულგრილი დატოვოს კაცი იმ ფაქტმა, რომ ამის მიუხედავად, იეჰოვა სიყვარულს ავლენდა თავისი ხალხის მიმართ და მონანიებისკენ აღძრავდა მათ.
12. რას ვსწავლობთ მიქას მაგალითიდან და მსახურების შედეგებიდან?
12 ხომ არ გეძნელებათ ამ მძიმე დროს გაბედულებისა და იეჰოვასადმი სრული ნდობის გამოვლენა? თუ ავლენთ ამ თვისებებს, მიქას მსგავსად იქცევით. ოსიასა და ესაიას თანამედროვე მიქა განაჩენს უცხადებდა იუდასა და ისრაელს, იუდას მეფეების — იოთამის, ახაზისა და ხიზკიას მეფობის დროს, ძვ. წ. VIII საუკუნეში. ზნეობრივი ფასეულობების დაკნინებამ და კერპთაყვანისმცემლობამ გახრწნა ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო. მას ბოლო მოუღეს ასურელებმა ძვ. წ. 740 წელს, როცა სამარია გაანადგურეს. იუდა კი ხან ემორჩილებოდა იეჰოვას, ხან არა. მართალია განადგურება გარდაუვალი იყო, მაგრამ მიქას ანუგეშებდა იმის დანახვა, რომ ღვთიური ცნობა დროებით მაინც იცავდა იუდას სულიერი თუ ფიზიკური განადგურებისგან. ჩვენთვისაც მანუგეშებელია, რომ ზოგიერთი დადებითად ეხმაურება ხსნის ცნობას!
ქარიშხლის მოლოდინი
13, 14. ა) როგორ დაგეხმარებათ სოფონიას მაგალითი თაყვანისმცემლობაში? ბ) რა სასიკეთო ცვლილებები მოჰყვა სოფონიას მსახურებას ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში?
13 ეგვიპტისა და ასურეთის იმპერიები თანდათან სუსტდებოდა, ბაბილონი კი ამ დროს ძალას იკრებდა. მისი აღზევება მალე მნიშვნელოვნად იმოქმედებდა იუდას ხალხზე. ღვთის წინასწარმეტყველები მზად იყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლების გასაფრთხილებლად და შესაგონებლად. დაუკვირდით ზოგიერთი წინასწარმეტყველის მაგალითს და გახსოვდეთ, რომ დღესაც მსგავს ცნობას ქადაგებენ ქრისტიანები.
14 თუ თქვენ არჩევნის გაკეთება მოგიწიათ ოჯახის ტრადიციებსა და იეჰოვას ნების შესრულებას შორის, მაშინ ადვილად თანაუგრძნობთ სოფონიას. ის, შესაძლოა, მეფე ხიზკიას შვილთაშვილის შვილი და მეფე იოშიას ნათესავი ყოფილიყო. ამგვარად, სოფონია იუდას სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო. მიუხედავად ამისა, ის ემორჩილებოდა ღმერთს და იუდას ზნედაცემულ მმართველებს განაჩენს უცხადებდა. სოფონიას სახელი ნიშნავს: იეჰოვა ინახავს. მისი სიტყვების თანახმად, მხოლოდ ღვთის გულმოწყალებით არის შესაძლებელი, რომ „თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3). საბედნიეროდ, სოფონიას გაბედულმა ქადაგებამ კარგი შედეგი გამოიღო. ახალგაზრდა მეფე იოშიამ სასიკეთოდ შეცვალა ქვეყნის რელიგიური ცხოვრება — მოსპო კერპები, შეაკეთა ტაძარი და აღადგინა წმინდა თაყვანისმცემლობა (2 მეფეები 22, 23 თავები). ძირითადად სოფონია, ნაუმ და იერემია წინასწარმეტყველები ედგნენ მეფეს მხარში, ისინი მისი მრჩევლები იყვნენ. სამწუხაროდ, იუდეველთა უმეტესობის მონანიება მოჩვენებითი იყო. ბრძოლაში იოშიას დაღუპვის შემდეგ, ისინი კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდნენ. დიდი ხანი არ გასულა და ისინი ბაბილონში ტყვედ წაასხეს.
15. ა) რატომ იმსახურებდა ნინევე იმ უბედურებას, რაც ნაუმმა უწინასწარმეტყველა? ბ) რას გვასწავლის ის, რაც ნინევეს დაემართა?
15 ხომ არ ფიქრობთ, რომ უმნიშვნელო ადამიანი ხართ და სხვებისგან არაფრით გამოირჩევით? ქრისტიანებს წილად ხვდათ პატივი, ღვთის თანამშრომელნი ყოფილიყვნენ, თუმცა მათი უმრავლესობა განსაკუთრებული მდგომარეობით არ გამოირჩევა (1 კორინთელები 3:9). წინასწარმეტყველი ნაუმის შესახებ არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ ცხოვრობდა პატარა ქალაქ ელკოშში, რომელიც სავარაუდოდ იუდაში მდებარეობდა, მაგრამ მისი ცნობა სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო. რა გაგებით? ნაუმი ასურეთის იმპერიის დედაქალაქის, ნინევეს საუბედუროდ წინასწარმეტყველებდა. თავის დროზე ამ ქალაქის მოსახლეობამ ყურად იღო იონას გაფრთხილება, მაგრამ დროთა განმავლობაში ძველ საქმეებს დაუბრუნდა. ძველი ნინევეს ნანგრევებში აღმოჩენილი ქვის რელიეფები ადასტურებს ნაუმის სიტყვებს, რომ ეს „სისხლისმღვრელი ქალაქი“ იყო (ნაუმი 3:1). ამ რელიეფებიდან კარგად ჩანს, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ ტყვეებს. ნაუმი ცოცხალი და შთამბეჭდავი ენით წინასწარმეტყველებდა ნინევეს გაცამტვერებას. მისი სიტყვები შესრულდა; ასევე შესრულდება ის, რასაც ჩვენ ვქადაგებთ.
16, 17. რისი სწავლა შეგვიძლია აბაკუმის მაგალითიდან, თუ აღსასრულის მოლოდინი ჯერ არ გაგვმართლებია?
16 ბიბლიის მრავალი მკითხველი საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას დღის მოლოდინით ცხოვრობდა. ზოგს შესაძლოა გული უტყდებოდა, რადგან მათი აზრით, ღვთის სასამართლო იგვიანებდა. თქვენ რას ფიქრობთ? საფუძვლიანი იყო აბაკუმის წუხილი, როცა ამბობდა: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? . . რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?“ (აბაკუმი 1:2, 3)
17 აბაკუმი წინასწარმეტყველებდა ღვთის მორჩილი მეფე იოშიას მმართველობის შემდეგ, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე. იუდას ისტორიაში ეს მშფოთვარე დრო იყო, უსამართლობას და ძალადობას მთელი ქვეყანა მოეცვა. აბაკუმი აფრთხილებდა იუდას, რომ ეგვიპტის მოკავშირეობა ვერ იხსნიდა მას სისხლისმსმელი ბაბილონელების ხელიდან. ის ცოცხალი და მხატვრული ენით აღწერდა ყველაფერს. ის ანუგეშებდა ხალხს: „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (აბაკუმი 2:4). ეს სიტყვები ჩვენთვისაც საყურადღებოა, რადგან პავლე მოციქული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სამ წიგნში ციტირებდა მათ (რომაელები 1:17; გალატელები 3:11; ებრაელები 10:38). იეჰოვა აბაკუმის პირით გვარწმუნებს: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა . . . არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3).
18. რატომ დაავალა იეჰოვამ აბდიას, ეწინასწარმეტყველა ედომის საუბედუროდ?
18 აბდიას წიგნი ებრაულ წერილებში ყველაზე პატარაა — მასში მხოლოდ 21 მუხლია. აბდიაზე მარტო ის ვიცით, რომ ედომის საუბედუროდ წინასწარმეტყველებდა. ედომელები, იაკობის ძმის შთამომავლები, ისრაელებს ძმებად ეკუთვნოდნენ (მეორე კანონი 23:7). მაგრამ ღვთის ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებას ძმურს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. ძვ. წ. 607 წელს, დაახლოებით იმ დროს, როცა აბდია წერდა თავის წიგნს, ედომელებმა გზები გადაუკეტეს გაქცეულ იუდეველებს და ბაბილონელ მტრებს გადასცეს ისინი. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ედომი მიწასთან გასწორდებოდა, და ასეც მოხდა. მართალია, ნაუმის მსგავსად არც აბდიაზე ვიცით ბევრი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვმხნევდებით, რომ ღმერთი უბრალო და, ერთი შეხედვით, სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ადამიანებს იყენებს თავის მაცნეებად! (1 კორინთელები 1:26—29)
გამამხნევებელი, მანუგეშებელი და გამაფრთხილებელი სიტყვები
19. როგორ გააძლიერა ანგიას სიტყვებმა ღვთის ხალხი?
19 ანგია პირველი იყო იმ სამი წინასწარმეტყველიდან, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ერთგულ იუდეველთა შორის მსახურობდნენ. ის, შესაძლოა, დაბრუნებულთა პირველ ჯგუფში იყო. გამგებელ ზერუბაბელთან, მღვდელმთავარ იეჰოშუასთან და წინასწარმეტყველ ზაქარიასთან ერთად ანგია ცდილობდა, გაემხნევებინა იუდეველები, დაეძლიათ გარეშეების წინააღმდეგობა და გამკლავებოდნენ გულგრილობას, რომელიც მატერიალისტური მიზნებისკენ სწრაფვამ განუვითარათ. მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რისთვისაც დაბრუნდნენ, ანუ აღედგინათ იეჰოვას ტაძარი. ძვ. წ. 520 წელს ანგიას დაწერილი ოთხი არაორაზროვანი ცნობა იეჰოვას სახელსა და უზენაესობაზე ამახვილებდა ყურადღებას. წიგნში თოთხმეტჯერ არის ნახსენები „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“. ანგიას შთამბეჭდავმა სიტყვებმა ხალხი აღძრა, კვლავ შესდგომოდნენ ტაძრის შენებას. თქვენც შეგმატებთ ძალას იმის ცოდნა, რომ იეჰოვას, უზენაეს მმართველს, უსაზღვრო ძალა აქვს და აურაცხელი სულიერი ქმნილებების ლაშქარს ხელმძღვანელობს (ესაია 1:24; იერემია 32:17, 18).
20. როგორ აზროვნებას ეწინააღმდეგებოდა ზაქარია?
20 დროდადრო შესაძლოა გულს გტკენთ ის, რომ ზოგი ჩვეული მონდომებით აღარ ემსახურება ღმერთს. იმავეს განიცდიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც. თავისი თანამედროვე ანგიას მსგავსად, მასაც რთული დავალება ჰქონდა შესასრულებელი. მას უნდა აღეძრა თანამორწმუნეები, ბოლომდე მიეყვანათ ტაძრის მშენებლობის საქმე. ზაქარია დაუღალავად შრომობდა, რომ განემტკიცებინა ხალხი ამ უდიდესი დავალების შესასრულებლად. მის გარშემო მცხოვრებთა ეგოისტური აზროვნების მიუხედავად, ის ცდილობდა, რწმენა გაეძლიერებინა ხალხისთვის და სწორი მოქმედებისკენ აღეძრა. მის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. გარდა ამისა, ზაქარიამ არაერთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ქრისტეს შესახებ. ჩვენც განმტკიცებულნი ვართ, რადგან ვიცით, „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ არასდროს დაივიწყებს მისი წყალობის მძებნელებს (ზაქარია 1:3).
მესიის მოლოდინში
21. ა) რატომ იყო დროული მალაქიას წინასწარმეტყველება? ბ) რა გამამხნევებელი დაპირებით ამთავრებს მალაქია ებრაულ წერილებს?
21 მალაქია (ნიშნავს: ჩემი მაცნე), თორმეტ წინასწარმეტყველთაგან ბოლო, თავისი სახელის მნიშვნელობის შესაბამისად ცხოვრობდა. ჩვენ მწირი ცნობები მოგვეპოვება ამ წინასწარმეტყველზე, რომელიც ძვ. წ. V საუკუნის შუა პერიოდში მსახურობდა. თუმცა, მისი წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ გაბედულად ამხელდა ღვთის ხალხს ცოდვებისა და თვალთმაქცობის გამო. მალაქია და ნეემია ერთსა და იმავე მდგომარეობაზე საუბრობდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ. რატომ იყო დროული მალაქიას წინასწარმეტყველება? ხალხს აღარ შერჩა ის შემართება, რაც ათიოდე წლის წინ ზაქარია და ანგია წინასწარმეტყველებმა აღძრეს მათში. მათი სულიერი მდგომარეობა სავალალო იყო. მალაქია გაბედულად ლაპარაკობდა ამაყი და თვალთმაქცი მღვდლების წინააღმდეგ და კიცხავდა ხალხს ზერელე თაყვანისცემისა და უგულოდ მიტანილი შესაწირავებისთვის. ვინაიდან ღვთის სიტყვა საუკეთესო მომავალს გვპირდება, არც მალაქიაა გამონაკლისი. მან მესიის წინამორბედზე, იოანე ნათლისმცემელზე, და თავად იესო ქრისტეზე იწინასწარმეტყველა. ებრაული წერილები მთავრდება მალაქიას გამამხნევებელი სიტყვებით, დაპირებით, რომ ღვთის სახელის მოშიშებს „სიმართლის მზე“ ამოუბრწყინდებათ (მალაქია 4:2, 5, 6).
22. რას ფიქრობთ ამ თორმეტ წინასწარმეტყველზე და მათ წინასწარმეტყველურ ცნობებზე?
22 როგორც ხედავთ, ებრაული წერილების ბოლო თორმეტი წიგნის დამწერები რწმენითა და ერთგულებით გამოირჩეოდნენ (ებრაელები 11:32; 12:1). მათი მაგალითი და ცნობა ბევრ რამეს გვასწავლის ჩვენ, ვინც მთელი გულით ველით „იეჰოვას დღეს“ (2 პეტრე 3:10). ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვებმა თქვენს მომავალზე.
a შეადარეთ მე-20 და 21-ე გვერდებზე მოცემულ დროის დიაგრამას. თქვენ ნახავთ, რომ მიქა და ოსია იერუსალიმში ღვთის წინასწარმეტყველად მომსახურე ესაიას თანამედროვენი იყვნენ.