თავი 7
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი გარეგნობა არ მომწონს?
ხშირად გიფუჭდება ხასიათი საკუთარი გარეგნობის გამო?
□ დიახ □ არა
გიფიქრია პლასტიკურ ოპერაციაზე ან წონის დასაკლებად ძალიან მკაცრი დიეტის დაცვაზე?
□ დიახ □ არა
რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში? (შემოხაზე).
სიმაღლე
წონა
აღნაგობა
თმა
კანის ფერი
სხვა
თუ პირველ ორ კითხვაზე დადებითად უპასუხე და მესამეში სამი ან მეტი რამ შემოხაზე, შენს სიტუაციას სხვა კუთხით შეხედე: საეჭვოა, რომ სხვებსაც ისეთი წარმოდგენა ჰქონდეთ შენს გარეგნობაზე, როგორიც შენ გაქვს. ადამიანებს გვჩვევია უკიდურესობაში გადავარდნა და საკუთარ გარეგნობაზე მეტისმეტი ფიქრი. ერთი გამოკითხვის თანახმად, ზოგ გოგოს წონაში მომატება უფრო აშინებს, ვიდრე ბირთვული ომი, ავთვისებიანი სიმსივნე ან მშობლების დაკარგვა.
ფაქტია, რომ გარეგნობა თავისებურ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უყურებ საკუთარ თავს და როგორ გიყურებენ სხვები. 19 წლის მარიცა ამბობს: «ჩემი უფროსი დები ძალიან ლამაზები იყვნენ, მე კი სისქეში მივდიოდი. სკოლაში ყველა დამცინოდა. დეიდაჩემმა თავისი პატარა და გასიებული ძაღლის სახელი, „ჩაბსი“, შემარქვა». 16 წლის ჯული გვიყვება: „სკოლაში გოგოები კიჭას მეძახდნენ. მართალია ამით ქვეყანა არ იქცეოდა, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებდა. დღემდე თავს უხერხულად ვგრძნობ ჩემი კბილების გამო“.
ზომიერება თუ უკიდურესობა?
საკუთარ გარეგნობაზე ფიქრი ნორმალურია. ბიბლიაში აღნიშნულია, რომ მაგალითად სარას, რახელს, იოსებს, დავითსა და აბიგაილს კარგი გარეგნობა ჰქონდათ. ერთ გოგოზე, აბიშაგზე კი ნათქვამია, რომ „ძალიან ლამაზი იყო“ (1 მეფეები 1:4).
მაგრამ ზოგი ახალგაზრდა ზედმეტად წუხს თავის გარეგნობაზე. ბევრი გოგო ფიქრობს, რომ ლამაზი მხოლოდ ის არის, ვინც გამხდარია. ასეთი აზრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ჟურნალებში დაბეჭდილი სუპერგამხდარი მოდელების სურათები. იმაზე კი არავინ ფიქრობს, რომ ეს ფოტოები კომპიუტერული პროგრამებით არის დამუშავებული და ტანწერწეტა მოდელები ფიგურის შესანარჩუნებლად ლამის შიმშილობენ. თუ თავს მათ ადარებ, შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდე. რა უნდა გააკეთო, თუ ძალიან განიცდი შენი გარეგნობის გამო? პირველ რიგში, საკუთარ თავს რეალურად უნდა შეხედო.
დამახინჯებული შეხედულება
ყოფილხარ „სიცილის ოთახში“ და ჩაგიხედია მრუდე სარკეში? მასში შეიძლება უფრო დიდი ან პატარა გამოჩნდე. როგორც უნდა იყოს, სინამდვილეში ისეთი არ ხარ, როგორიც მრუდე სარკეში ჩანხარ.
ბევრ ახალგაზრდას დამახინჯებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მაგალითად, ერთი გამოკვლევის დროს გოგოების 58-მა პროცენტმა თქვა, რომ ძალიან მსუქანი იყო. სინამდვილეში, მათგან მხოლოდ 17 პროცენტს ჰქონდა გადაჭარბებული წონა. სხვა გამოკვლევისას იმ ქალთა 45 პროცენტი, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები წონა ჰქონდათ, ჭარბ წონას უჩიოდა.
ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, საკუთარი წონით უკმაყოფილო გოგონების უმეტესობას ჩივილის მიზეზი სინამდვილეში არა აქვს. თუმცა ამან შეიძლება დიდად ვერ განუგეშოს, თუ შენი აღნაგობა მართლა გაძლევს უკმაყოფილების მიზეზს. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?
დიდ როლს თამაშობს გენები. ზოგი მემკვიდრეობითი ფაქტორების გამოა გამხდარი და თხელი. თუ გენებმა განსაზღვრა, რომ შედარებით სრული სხეული უნდა გქონოდა, ამ „პროგრამას“ ვეღარ შეცვლი. სამედიცინო თვალსაზრისით იდეალური წონაც რომ გქონდეს, შეიძლება შენი გარეგნობით მაინც უკმაყოფილო იყო. ვარჯიშითა და დიეტით შეიძლება წონაში დაიკლო, მაგრამ სხეულის ფორმას მთლიანობაში ვერ შეცვლი.
კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები იყოს. ამ პერიოდისთვის გოგონების ორგანიზმში ცხიმის რაოდენობა 8-დან 22 პროცენტამდე იზრდება. თუმცა ხშირად მდგომარეობა იცვლება და 11-12 წლის ასაკში ჩაპუტკუნებული გოგონას სხეული რამდენიმე წელში მოხდენილ ფორმას იღებს. როგორ უნდა მოიქცე, თუ შენს აღნაგობაში ამა თუ იმ დარღვევის მიზეზი არასწორი კვება ან არასაკმარისი ვარჯიშია? რა უნდა გააკეთო, თუ შენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად საჭიროა წონაში მოკლება?
იყავი გაწონასწორებული!
ბიბლია ზომიერებისკენ მოგვიწოდებს (1 ტიმოთე 3:11). ამიტომ წონაში დასაკლებად არ ღირს საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე საერთოდ უარის თქმა და დიეტის დროს უკიდურესობაში გადავარდნა. საუკეთესო ვარიანტი, ალბათ, სწორი კვება და ზომიერი ვარჯიში იქნება.
მოდური დიეტებით გატაცებამ შეიძლება სასურველი შედეგები არ მოგიტანოს. სპეციალურმა აბებმა შეიძლება დროებით დაგიქვეითოს მადა, მაგრამ ორგანიზმი მალე მიეჩვევა მათ და მადა დაგიბრუნდება. გარდა ამისა, ეს ორგანიზმში ანელებს ნივთიერებათა ცვლას და მაინც ვერ გაექცევი წონაში მომატებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებზე, როგორიცაა თავბრუსხვევა, წნევის მომატება, აფორიაქება და აბებზე დამოკიდებულება. იმავეს თქმა შეიძლება შარდმდენ ან ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელ ტაბლეტებზე.
სწორი კვება, ამავდროულად ზომიერი და რეგულარული ვარჯიში დაგეხმარება იმაში, რომ უკეთესად გამოიყურებოდე და თავიც კარგად იგრძნო. კვირაში რამდენჯერმე აერობიკა ჯანმრთელობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებს. შენს შემთხვევაში შეიძლება საკმარისი იყოს თუნდაც სწრაფი სიარული ან კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.
უფრთხილდი ანორექსიას
გახდომის მსურველი ზოგი ახალგაზრდა ნერვული ანორექსიის მსხვერპლი გახდა. ეს სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა. ამ დროს ადამიანი თითქმის შიმშილობს. მასამი, რომელიც ოთხი თვე მკურნალობდა, აღნიშნავს: „როცა ვინმე მეუბნება, კარგად გამოიყურებიო, ასე მგონია, რომ მოვიმატე. ამ დროს იმას ვფიქრობ, ნეტა ის წონა დამაბრუნებინა, ოთხი თვის წინ რომ მქონდა-მეთქი“.
ანორექსია შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს. ყველაფერი იმით იწყება, რომ გოგონა რამდენიმე კილოგრამის მოსაკლებად ერთი შეხედვით უბრალო დიეტას იწყებს. მაგრამ მაინც უკმაყოფილო რჩება, როცა მიზანს აღწევს. სარკეში იხედება და ფიქრობს, რომ ისევ ძალიან მსუქანია. ამიტომ კვლავაც აგრძელებს დიეტას. ერთ-ორ კილოგრამს კიდევ ერთი-ორი მოჰყვება და ამას ბოლო არ უჩანს. ასე ვითარდება ანორექსია.
თუ ატყობ, რომ ნერვული ანორექსიის ან მსგავსი მოშლილობის სიმპტომები გაქვს, აუცილებლად უნდა მიხედო თავს. ესაუბრე მშობელს ან სხვა მოწიფულ ადამიანს, ვისაც ენდობი. ბიბლიაში წერია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
ნამდვილი სილამაზე
მთლიანობაში, ბიბლია დიდ ყურადღებას არ ამახვილებს გარეგნობაზე. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ღვთისთვის მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროა (იგავები 11:20, 22).
მაგალითად, მეფე დავითის შვილზე, აბესალომზე, ბიბლიაში ნათქვამია: „მთელ ისრაელში არავინ იყო აბესალომივით ლამაზი და ქებული. ფეხის ტერფიდან თხემამდე უნაკლო იყო“ (2 სამუელი 14:25). მაგრამ ის არ იყო სანდო კაცი. სიამაყემ და პატივმოყვარეობამ აბესალომი იქამდეც კი მიიყვანა, რომ იეჰოვას მიერ დანიშნული მეფისთვის ტახტის წართმევა მოინდომა. ამიტომ ბიბლია აბესალომს დადებითად არ ახასიათებს და წარმოგვიდგენს ორგულ და უსინდისო ადამიანად, რომელიც არაფერზე იხევდა უკან.
ასე რომ, იეჰოვა ღმერთი გოგოებს თუ ბიჭებს გულით აფასებს და არა წელის ან ბიცეფსის გარშემოწერილობით (იგავები 21:2). თუ გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ გარეგნობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შენი თვისებებია. დადებითი თვისებებით უფრო კარგ შთაბეჭდილებას დაუტოვებ სხვებს, ვიდრე მაგარი კუნთებით ან მოხდენილი ფიგურით.
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის მე-10 თავში.
ბევრ ახალგაზრდას ქრონიკული დაავადება აქვს. როგორ უნდა მოიქცე, თუ შენც მათ შორის ხარ?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7).
რჩევა
თუ წონაში დაკლებას ცდილობ . . .
● მაინც ისაუზმე. თუ დილით არაფერს შეჭამ, შეიძლება ისე მოგშივდეს, რომ დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტი ჭამო.
● ყოველი ჭამის წინ ერთი დიდი ჭიქა წყალი დალიე. ეს იმოქმედებს შენს მადაზე და დაგეხმარება, რომ ნაკლები ჭამო.
იცოდი, რომ . . . ?
ზოგი სპეციალისტის აზრით, თუ გახდომის მიზნით შიმშილობ, შეიძლება ნივთიერებათა ცვლა შეგინელდეს. შედეგად, ორგანიზმი მალევე აღიდგენს წონას და ისევ მოიმატებ.
რა უნდა გავაკეთო
ჯანმრთელობაზე უკეთესად რომ ვიზრუნო . . .
ზომიერად რომ ვივარჯიშო . . .
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?
როგორ ფიქრობ?
● კმაყოფილი ხარ საკუთარი გარეგნობით?
● რის გაკეთება შეგიძლია ზომიერების ფარგლებში იმისათვის, რომ უკეთ გამოიყურებოდე?
● რას ეტყვი მეგობარს, თუ მას კვების მოშლილობა ექნება?
● რას ურჩევდი უმცროს დას ან ძმას, სწორი შეხედულება რომ ჰქონდეს საკუთარ გარეგნობაზე?
[ჩანართი 69 გვერდზე]
„ხშირად დამცინოდნენ იმის გამო, რომ დიდი თვალები მქონდა. მაგრამ ვისწავლე საკუთარ თავზე გაცინება და ჩემში დადებითი თვისებების დანახვა. მივხვდი, რომ კმაყოფილი უნდა ვიყო საკუთარი გარეგნობით და უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ“ (ამბერი).
[სურათი 68 გვერდზე]
ნუ დაიწყებ ყურებას „მრუდე სარკეში“. სწორად შეაფასე საკუთარი გარეგნობა.