თავი 34
მჭირდება ცხოვრებაში ბიბლიის კანონები?
დავუშვათ, ორ კლასელ გოგოსთან ერთად კაფეში ხარ. ამ დროს შემოდის ერთი ბიჭი, რომელიც სკოლაში ახალი გადმოსულია. — მგონი, ნიკას მოსწონხარ, — გეუბნება ერთ-ერთი კლასელი. — ნახე, როგორ გიყურებს, თვალს არ გაშორებს. — სხვათა შორის, შეყვარებული არა ჰყავს, — გეუბნება მეორე. რამდენიმე დღის წინ ნიკამ სხვებთან ერთად თავისთან დაგპატიჟა. ამიტომ რაღაცას შენც ეჭვობდი. უარი კი უთხარი, მაგრამ ფიქრები მაინც არ გასვენებს. ისევ პირველი კლასელი იწყებს: „შეყვარებული რომ არ მყავდეს, ნიკას ხელიდან არ გავუშვებდი“. მერე გაკვირდება, თან რაღაცას ფიქრობს და უკვე ხვდები, რას შეგეკითხება. — ჰო მართლა, რატომ არა გყავს შეყვარებული? ოღონდ ეს კითხვა არ დაესვა. შენც კი გინდა გყავდეს შეყვარებული, მაგრამ სულ იმას გეუბნებიან, რომ უნდა დაიცადო, სანამ ქორწინებისთვის მზად არ იქნები. ეს რომ არა . . . — ალბათ, შენი რელიგიის გამო, არა? — გეუბნება მეორე. თითქოს შენს გულში ჩაიხედა. — ბიბლიის გარდა არაფერი გახსოვს. სულ ასე უნდა იყო?
დაგცინიან იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმებით ცხოვრობ? თუ ასეა, ხანდახან შეიძლება ფიქრობ, რამეს ხომ არ კარგავ. ზოგჯერ დებორასაც მოსდიოდა ასეთი აზრი. ის იხსენებს: „მეგონა, რომ ბიბლია გასაქანს არ მაძლევდა. ჩემს კლასელებს შევნატროდი; რასაც მოინდომებდნენ, იმას აკეთებდნენ“.
ისწავლე სხვების შეცდომებზე
არ არის საჭირო, ყველაფერი მწარე გამოცდილების ფასად ვისწავლოთ. ბევრ რამეს სხვების შეცდომებზე უნდა ვსწავლობდეთ. ბიბლიაც ამისკენ მოგვიწოდებს. ფსალმუნმომღერალ ასაფს ცხოვრებაში ჰქონდა პერიოდი, როცა ფიქრობდა, რომ ღვთის ნორმები ბევრ რამეში ზღუდავდა. მაგრამ მან თვალსაზრისი შეიცვალა, როცა გადახედა მათ ცხოვრებას, ვინც ღვთის გზა მიატოვა. ასაფი მიხვდა, რომ ისინი „მოლიპულ მიწაზე“ იდგნენ (ფსალმუნი 73:18).
ქვემოთ მოცემულია იმ ახალგაზრდების სიტყვები, რომლებსაც ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. საბედნიეროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი კვლავ დაუბრუნდნენ ღმერთს.
● რამ იმოქმედა შენს აზროვნებასა და საქციელზე?
დებორა: „სკოლაში ყველას ჰყავდა შეყვარებული. მეჩვენებოდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. ვხედავდი, შეყვარებულები როგორ ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს და მეც მინდოდა, ვინმე მყოლოდა. ხშირად საათობით ვფიქრობდი ერთ ბიჭზე, რომელიც მომწონდა. მასთან ყოფნის სურვილი დღითი დღე მიძლიერდებოდა“.
მაიკი: „სექსზე ბევრ რამეს ვკითხულობდი და ვუყურებდი. ამ თემაზე ბიჭებიც ვლაპარაკობდით ხოლმე და ეს კიდევ უფრო მიძლიერებდა ცნობისმოყვარეობას. როცა გოგოსთან მარტო ვრჩებოდი, ვფიქრობდი, უბრალოდ მოვეფერები-მეთქი“.
ენდრიუ: „ინტერნეტით პორნოგრაფიას ვუყურებდი ხოლმე და სმასაც მივეჩვიე. ისეთ ახალგაზრდებთან ვატარებდი დროს, რომლებიც ბიბლიურ ნორმებს არაფრად აგდებდნენ“.
ტრეისი: „გონებით ვიცოდი, რომ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა არასწორი იყო, მაგრამ გული სხვა რამეს მეუბნებოდა. ბოლოს გრძნობებმა მაინც მძლია. თავიდან სინდისიც აღარ მაწუხებდა“.
● მოგიტანა ასეთმა ცხოვრებამ ბედნიერება?
დებორა: „თავიდან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გავთავისუფლდი. მიხაროდა, რომ თანატოლებს აღარაფერში ჩამოვრჩებოდი. მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე სიცარიელის გრძნობა გამიჩნდა და ვფიქრობდი, რომ საშინლად ცოდვილი ვიყავი. ძალიან ვნანობდი, ქალიშვილობა ასე უაზროდ რომ დავკარგე“.
ენდრიუ: „რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტის უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს. მაგრამ სინდისი სულ მაწუხებდა და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა“.
ტრეისი: „ასეთმა ცხოვრებამ ახალგაზრდობა ჩამიმწარა. ტყუილად ვფიქრობდი, რომ ჩემს შეყვარებულთან ასეთი ურთიერთობა რამეს მომიტანდა. ყველაფერი ტკივილითა და იმედგაცრუებით დამთავრდა. ყოველღამე ვტიროდი და ვნანობდი, რომ იეჰოვას კანონი დავარღვიე“.
მაიკი: „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემში რაღაც ჩაკვდა. ვცდილობდი, თვალი დამეხუჭა იმაზე, რომ ჩემი საქციელით სხვებს ტკივილს ვაყენებდი, მაგრამ არ გამომდიოდა. ძალიან ძნელი იყო იმისთვის თვალის გასწორება, რომ მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობდი“.
● რას ურჩევდი ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიბლიური ნორმები მეტისმეტად მკაცრია?
ტრეისი: „თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, იეჰოვას ნორმებით უნდა იცხოვრო და მათთან იმეგობრო, ვინც აფასებს ამ ნორმებს“.
დებორა: «ცხოვრება მარტო „მე“ და „მინდა“ არ არის. შენი საქციელი სხვებზეც იმოქმედებს. ღვთის რჩევების არაფრად ჩაგდებით შენს თავსაც ავნებ».
ენდრიუ: „სანამ გამოცდილებას შეიძენ, თანატოლებს უყურებ და მათ ცხოვრებას შენატრი. მათი შეხედულებები, გინდა თუ არ გინდა, მოქმედებს შენზე. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე, თუ ვისთან იმეგობრებ. იეჰოვაზე მინდობა ბევრი ტკივილისგან დაგიცავს“.
მაიკი: „ღირსება და სიწმინდე იეჰოვას საჩუქარია. თუ ამას არ დააფასებ, გამოვა, რომ საკუთარ თავს პატივს არ სცემ. ესაუბრე მშობლებს ან სხვა მოწიფულ ადამიანებს შენს პრობლემებზე. თუ შეცდომას დაუშვებ, ნუ დამალავ და ეცადე მდგომარეობის გამოსწორებას. იეჰოვას ნორმებით ცხოვრებას შინაგანი სიმშვიდე მოაქვს“.
გზღუდავს თუ გიცავს?
იეჰოვა ‘ბედნიერი ღმერთია’. მას სურს, რომ შენც ბედნიერი იყო (1 ტიმოთე 1:11; ეკლესიასტე 11:9). ბიბლიის კანონებით ცხოვრება ისევ შენ მოგიტანს სიკეთეს. შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ ეს კანონები თავისუფლებას გართმევს და გასაქანს არ გაძლევს. მაგრამ სინამდვილეში ბიბლია არ გზღუდავს, ის მხოლოდ გიცავს ზედმეტი პრობლემებისგან.
შენ ნამდვილად გაქვს იმის საფუძველი, რომ ენდო ბიბლიას. თუ არ უგულებელყოფ ბიბლიის კანონებს, იეჰოვასაც გაუხარებ გულს და შენც ბედნიერი იქნები (ესაია 48:17).
რა არის საჭირო ღმერთთან მეგობრობისთვის? შემდეგი თავი ამ კითხვას გასცემს პასუხს.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ესაია 48:17).
რჩევა
იფიქრე, რა არგუმენტებს მოუყვანდი უმცროს დას ან ძმას იმის საჩვენებლად, თუ რატომ ღირს ბიბლიური კანონების დაცვა. ამაზე საუბარი შენ თვითონაც დაგეხმარება.
იცოდი, რომ . . . ?
იეჰოვასთან ურთიერთობის გასაფუჭებლად რამდენიმე წამიც საკმარისია, ამის აღდგენას კი შეიძლება წლები დასჭირდეს.
რა უნდა გავაკეთო
ბოლომდე რომ მესმოდეს, თუ რატომ არის საჭირო ბიბლიური ნორმების დაცვა ․․․․․
თუ გული ქვეყნიური „თავისუფლებისკენ“ გამიწევს ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ იქნება უკეთესი, თუ სხვების შეცდომებზე ისწავლი და თვითონ არ გამოცდი, რა შედეგები მოჰყვება ღვთის კანონების დარღვევას?
● რაზე დაგაფიქრა დებორას, მაიკის, ენდრიუსა და ტრეისის სიტყვებმა?
● რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ბიბლიის კანონები ადამიანს ზღუდავს და რატომ არაა ასეთი თვალსაზრისი გონივრული?
[ჩანართი 285 გვერდზე]
„ჯობია არასწორი საქციელი აღიარო და დაისაჯო, ვიდრე არაფერი თქვა და დაიტანჯო“ (დონა).
[სურათი 288 გვერდზე]
ბიბლიის ნორმები ხელ-ფეხს არ გიკრავს, მხოლოდ და მხოლოდ გიცავს.