თავი 35
როგორ დავუმეგობრდე ღმერთს?
ჯერემიმ ღმერთთან ურთიერთობის ფასი მაშინ დაინახა, როცა მამა ოჯახიდან წავიდა. ის იმ პერიოდს იხსენებს: „12 წლის ვიყავი. ერთ ღამეს იეჰოვას ძალიან ვთხოვდი, რომ მამა სახლში დაებრუნებინა“.
შემდეგ ჯერემიმ ბიბლია გადაშალა და კითხვისას ფსალმუნის 10:14-ზე შეჩერდა, სადაც იეჰოვაზე ნათქვამია: „საწყალი, უმამო ბავშვი შენ გაბარებს თავს. შენა ხარ მისი შემწე“. ამ სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა. ჯერემი ამბობს: „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თვითონ იეჰოვა მელაპარაკებოდა, დახმარებას მპირდებოდა და მეუბნებოდა, რომ მამობას გამიწევდა. მასზე უკეთესად ვინ შეძლებდა ამას?!“
შეიძლება არც იყო ჯერემის მდგომარეობაში, მაგრამ ფაქტი ერთია: იეჰოვას სურს, რომ შენთან ახლოს იყოს. ბიბლიაში ნათქვამია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). დაფიქრდი ამ სიტყვებზე. იეჰოვა ღმერთი ახლო ურთიერთობას, მეგობრობას გთავაზობს მიუხედავად იმისა, რომ მას ვერ ხედავ და ვერაფრით გაუტოლდები.
მაგრამ ღმერთთან მეგობრობისთვის შენც უნდა გააკეთო რამე. მაგალითად, გაქვთ სახლში ყვავილები? თუ რეგულარულად წყალს არ დაუსხამ და შესაბამის პირობებს არ შეუქმნი, ისინი არ გაიზრდება და გახმება. ასეა ღმერთთან ურთიერთობაც. რის გაკეთება შეგიძლია შენი მხრიდან?
ბიბლიის შესწავლა
მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობაა. ასეთი ურთიერთობისთვის საჭიროა საუბარიც და მოსმენაც. იმავეს თქმა შეიძლება ღმერთთან მეგობრობაზე. როგორ მოვუსმინოთ ღმერთს? ამის შესაძლებლობა ბიბლიის კითხვისა და შესწავლის დროს გვეძლევა (ფსალმუნი 1:2, 3).
ბიბლიის შესწავლა შეიძლება არ გეხალისებოდეს. ბევრ ახალგაზრდას ურჩევნია, ტელევიზორს უყუროს, ითამაშოს ან მეგობრებთან გაერთოს. მაგრამ, თუ გინდა ღმერთთან მეგობრობა, მზად უნდა იყო მის მოსასმენად. ასე რომ, ბიბლიის შესწავლის გარეშე არაფერი გამოვა.
თუმცა იმასაც არავინ გთხოვს, რომ ბიბლიის შესწავლა ტვირთად გექცეს. სწავლა რომც არ გიყვარდეს, შეგიძლია რამე იღონო იმისათვის, რომ ეს პროცესი შენთვის სასიამოვნო იყოს. პირველ რიგში, დრო უნდა გამოუყო ბიბლიის შესწავლას. ლაიში ამბობს: „ყოველ დილით დაგეგმილი მაქვს ბიბლიიდან ერთი თავის წაკითხვა“. 15 წლის მარია კი გვეუბნება: „დაძინებამდე ყოველთვის ვკითხულობ ბიბლიას“.
ვიდრე შესწავლის გეგმას შეადგენ, გადახედე რჩევებს 292-ე გვერდზე. შემდეგ ქვემოთ დაწერე, რომელ საათზე შეძლებ ბიბლიის შესწავლისთვის დაახლოებით 30 წუთის გამოყოფას.
․․․․․
დაგეგმვა მხოლოდ დასაწყისია. ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი არცთუ ისე ადვილი წასაკითხია და შეიძლება ამანაც შეგიქმნას ერთგვარი სირთულე. 11 წლის ჯიზრელი გულწრფელად ამბობს: „ბიბლიის ზოგი ნაწილი ძალიან რთული გასაგებია და არ არის სახალისო“. თუ შენც ასე ფიქრობ, ხელს ნუ ჩაიქნევ ბიბლიის კითხვაზე. შესწავლისას ყოველთვის წარმოიდგინე, რომ უსმენ იეჰოვა ღმერთს, შენს მეგობარს. ბიბლიის კითხვა საინტერესო რომ იყოს, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია.
ლოცვა
ლოცვა რომ არა, ღმერთთან საუბარს ვერ შევძლებდით. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ იეჰოვას, დღისით თუ ღამით. ის ყოველთვის მზადაა მოსასმენად. უფრო მეტიც, მას სურს შენი სიტყვების მოსმენა. ამიტომაც მოგვიწოდებს ბიბლია: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).
როგორც ამ მუხლიდანაც ჩანს, იეჰოვასთან ბევრ საკითხზე შეიძლება საუბარი. მაგალითად, შეგიძლია მოიხსენიო, რა პრობლემა გაქვს ან რა გაწუხებს. კარგი იქნება, თუ მადლობის თქმაც არ დაგავიწყდება. ხომ ეუბნები ხოლმე მეგობარს მადლობას, როცა ის შენთვის რამეს აკეთებს?! იეჰოვასთან ურთიერთობაშიც ასე უნდა იყოს. იეჰოვას იმდენი სიკეთე აქვს შენთვის გაკეთებული, რომ ამას ვერც ერთი მეგობარი ვერ შეძლებდა (ფსალმუნი 106:1).
ჩამოწერე, მაგალითად რისთვის გსურს, მადლობა გადაუხადო იეჰოვას.
․․․․․
შიში თუ სხვადასხვა განცდა არც შენთვის იქნება უცხო. ასეთ მომენტებში გაითვალისწინე ფსალმუნის 55:22-ში ჩაწერილი რჩევა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“.
ქვემოთ ჩამოწერე, რომელ პრობლემებზე აპირებ ღმერთთან საუბარს.
․․․․․
პირადი გამოცდილება
როცა ღმერთთან მეგობრობაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს კიდევ ერთი რამ. დავითი წერდა: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“ (ფსალმუნი 34:8). ამ ფსალმუნის შექმნის დროს დავითს სერიოზული განსაცდელი ჰქონდა. მეფე საული მას მოსაკლავად ეძებდა. თითქოს ეს არ კმაროდა, ფილისტიმელებთან თავის შეფარების მიზნით მისული დავითი ახალი საფრთხის წინაშე დადგა. სიკვდილი გარდაუვალი იყო, ამიტომ მან თავი მოიგიჟიანა და გაქცევა მოახერხა (1 სამუელი 21:10—15).
დავითს არ უფიქრია, რომ თავისი მოხერხებულობის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ამას იგი იეჰოვას უმადლოდა. ის ამბობდა: „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“ (ფსალმუნი 34:4). ასე რომ, დავითი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ურჩევდა სხვებს: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა“a.
შეგიძლია გაიხსენო ისეთი სიტუაცია, როცა იგრძენი იეჰოვას დახმარება? თუ გქონია მსგავსი შემთხვევა, დაწერე ქვევით. შესაძლოა ეს სულაც არ იყოს განსაკუთრებული მოვლენა. დაფიქრდი თუნდაც ყოველდღიურ კურთხევებზე, რომლებსაც შეიძლება უკვე ჩვეულებრივად მიიჩნევ.
․․․․․
შესაძლოა მშობლები პატარაობიდან გასწავლიან ბიბლიას. ეს უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ ღმერთთან პირადი ურთიერთობა უნდა გქონდეს. თუ ჯერ კიდევ არა გაქვს ღმერთთან მეგობრული ურთიერთობა, ამ თავში მოცემული რჩევები დაგეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში. იეჰოვა აკურთხებს შენს მონდომებას. ბიბლიაში წერია: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით“ (მათე 7:7).
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის 38-ე და 39-ე თავებში.
გიჭირს სხვებთან ღმერთზე საუბარი? როგორ უნდა დაიცვა შენი რწმენა?
[სქოლიო]
a ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი ფრაზას „იგემეთ და ნახავთ“ თარგმნის შემდეგნაირად: „განიცადეთ და ნახეთ“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა [33:9]).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
რჩევა
თუ დღეში ოთხ გვერდზე ცოტა მეტს წაიკითხავ, ერთ წელიწადში დაასრულებ ბიბლიის კითხვას.
იცოდი, რომ . . . ?
ის, რომ ამ წიგნს კითხულობ და ითვალისწინებ მასში ჩაწერილ რჩევებს, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვა დაინტერესებულია შენით (იოანე 6:44).
რა უნდა გავაკეთო
ბიბლიის შესწავლა ჩემთვის უფრო ნაყოფიერი რომ იყოს ․․․․․
რეგულარულად რომ ვილოცო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა დაგეხმარება იმაში, რომ ბიბლიის შესწავლა შენთვის უფრო საინტერესო გახდეს?
● რატომ სურს იეჰოვას არასრულყოფილ ადამიანთა ლოცვების მოსმენა?
● რას გააკეთებ, შენი ლოცვები უფრო შინაარსიანი რომ იყოს?
[ჩანართი 291 გვერდზე]
„ადრე ლოცვებში სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი. ახლა კონკრეტულად ვლოცულობ ხოლმე იმაზე, რაც ყოველდღე ხდება, კარგი იქნება თუ ცუდი. ერთი დღე მეორეს არ ჰგავს, ამიტომ აღარ მიწევს ერთი და იმავეს გამეორება“ (ევა).
[ჩარჩო⁄სურათი 292 გვერდზე]
კარგად შეისწავლე ბიბლია
1. შეარჩიე ბიბლიიდან მონაკვეთი, რომელსაც წაიკითხავ. სთხოვე ღმერთს, დაგეხმაროს წაკითხულის გაგებაში.
2. ყურადღებით წაიკითხე. ნუ იჩქარებ. ეცადე წარმოიდგინო, რასაც კითხულობ — ვითომ ხედავ მოქმედ პირებს, გესმის მათი ხმები, გემოს უსინჯავ საჭმელს და ასე შემდეგ. გონებაში გააცოცხლე ბიბლიური სიუჟეტები.
3. გააანალიზე წაკითხული. მაგალითად, დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:
● რატომ ჩათვალა იეჰოვამ საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია ბიბლიაში ჩაწერილიყო?
● ვის მივბაძო და ვის არა?
● რას ვსწავლობ? რაში გამოვიყენებ?
● იეჰოვას რომელი თვისებები დავინახე? რატომ მოიქცა იეჰოვა ასე ამ შემთხვევაში?
4. მოკლედ ილოცე. უთხარი იეჰოვას, რა ისწავლე და როგორ აპირებ ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებას. ყოველთვის გადაუხადე მას მადლობა იმისათვის, რომ გაქვს ეს ძვირფასი საჩუქარი — ბიბლია.
[სურათი]
„შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105).
[ჩარჩო⁄სურათი 294 გვერდზე]
ჯერ მთავარი და მერე დანარჩენი
ვერ პოულობ დროს ლოცვისთვის? არ გრჩება დრო ბიბლიის შესწავლისთვის? ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ანიჭებ უპირატესობას.
ჩაატარე ცდა: აიღე ვედრო და ჩაალაგე მასში დიდი ქვები. შემდეგ ჩაყარე სილა ვედროს გავსებამდე. ვედროში ქვებიც ჩაეტია და სილაც.
ახლა დაცალე ვედრო და ჯერ სილა ჩაყარე, ხოლო შემდეგ ქვები. ამჯერად ყველა ქვა აღარ ჩაეტევა. მიზეზი ის არის, რომ თავიდან სილა ჩაყარე.
რის თქმა გვინდა ამ მაგალითით? ბიბლიაში წერია, რომ უნდა ‘დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილიპელები 1:10). თუ პირველ ადგილზე გართობას და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს აყენებ, აღარ გეყოფა დრო იმისთვის, რაც „უფრო მნიშვნელოვანია“. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რაც ღმერთთან შენს ურთიერთობას უკავშირდება. თუ ყველაფერს პირიქით გააკეთებ, დრო ერთისთვისაც გეყოფა და მეორისთვისაც. ასე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ პირველ რიგში რას „ჩაყრი ვედროში“.
[სურათი 290 გვერდზე]
ყვავილის ზრდასა და განვითარებას სათანადო პირობები და ზრუნვა სჭირდება. ასეა ღმერთთან მეგობრობაც.