საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp1 თ. 2 გვ. 14-20
  • რატომ ვკამათობთ ყოველთვის?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ ვკამათობთ ყოველთვის?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • მსგავსი მასალა
  • რატომ ვკამათობთ ყოველთვის?
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • რატომ არ ესმით მშობლებს ჩემი?
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • რატომ დაშორდნენ დედა და მამა?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • რა გავაკეთო, როცა მშობლები ჩხუბობენ?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
yp1 თ. 2 გვ. 14-20

თავი 2

რატომ ვკამათობთ ყოველთვის?

ამ თავის დასაწყისში აღწერილ სიტუაციაში რეიჩელი სამ ისეთ რამეს აკეთებს, რაც კამათს უწყობს ხელს. შეგიძლია ამ სამი ფაქტორის დანახვა? შენი პასუხები ქვემოთ დაწერე და შემდეგ შეადარე მე-20 გვერდზე ჩარჩოში „პასუხები“ მოცემულ მიზეზებს.

․․․․․

ოთხშაბათს, საღამოს, 17 წლის რეიჩელი სახლის საქმეებს მორჩა და, როგორც იქნა, დასვენებაც ეღირსა, ტელევიზორი ჩართო და თავის საყვარელ სავარძელში მოკალათდა.

ამ დროს, თითქოს სპეციალურად, ოთახში დედა შემოვიდა უკმაყოფილო სახით. „რეიჩელ, რა დროს ტელევიზორის ყურებაა, ახლა შენს დას არ უნდა ეხმარებოდე გაკვეთილების მომზადებაში?! შენ არასოდეს აკეთებ იმას, რასაც გეუბნები!“

— აუ, ისევ დაიწყო, — ჩუმად ჩაილაპარაკა რეიჩელმა, მაგრამ დედამაც გაიგო.

— რა თქვი, ქალბატონო? — შეუტია დედამ.

— არაფერი, დე, — ამოიოხრა რეიჩელმა და უკმაყოფილების ნიშნად თვალები გადაატრიალა.

— ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები! — გაბრაზდა დედა.

— შენ თვითონ რა ტონით მელაპარაკები? — სიტყვა შეუბრუნა რეიჩელმა.

დასვენების ნაცვლად, ყველაფერი კამათით დამთავრდა.

გეცნობა ეს სიტუაცია? ხშირად კამათობთ შენ და შენი მშობლები? თუ ასეა, დაფიქრდი, რა არის ამის მიზეზი. ქვემოთ ამ ნიშნით ✔ აღნიშნე, თქვენს შემთხვევაში უფრო მეტად რა ხდება კამათის მიზეზი. ბოლოში შეგიძლია შენი ვარიანტიც მიაწერო.

□ ხასიათი

□ საოჯახო საქმეები

□ ჩაცმულობა

□ სახლში დაბრუნების დრო

□ გართობა

□ მეგობრები

□ საპირისპირო სქესი

□ სხვა

მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კამათი არც შენთვის და არც შენი მშობლებისთვის არის სასიამოვნო. რა თქმა უნდა, შეიძლება არ შეეპასუხო მშობლებს და თავი ისე მოაჩვენო, თითქოს ყველაფერში ეთანხმები, მაგრამ მოითხოვს ამას ღმერთი შენგან? ცხადია, არა. ბიბლია მხოლოდ იმას არ მოითხოვს, რომ პატივი სცე დედას და მამას (ეფესოელები 6:2, 3). მასში ისიც წერია, რომ შეიძინო გონიერება და გააზრებულად მოიქცე (იგავები 1:1—4; რომაელები 12:1). ბუნებრივია, თუ საკუთარი შეხედულებები ჩამოგიყალიბდება და შენი და შენი მშობლების აზრები ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ იმ ოჯახებში, სადაც ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ, მშობლები და შვილები მშვიდად საუბრობენ მაშინაც კი, თუ ერთმანეთს არ ეთანხმებიან (კოლოსელები 3:13).

როგორ უნდა გამოთქვა აზრი ისე, რომ თქვენი საუბარი ცხარე კამათში არ გადაიზარდოს? ადვილია, თქვა: „ყველაფერი მშობლების ბრალია, ისინი ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებენ“. მაგრამ აბა, დაფიქრდი: რამდენად შეძლებ შენი მშობლების შეცვლას? ერთადერთი, ვინც შეგიძლია შეცვალო, ისევ შენ ხარ. ასე რომ, თუ შეეცდები დაძაბულობის შემცირებას, უფრო დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ მშობლებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ და ყურადღებით მოგისმინონ.

მოდი, ვიმსჯელოთ, რა შეგიძლია გააკეთო, რომ საქმე კამათამდე არ მივიდეს. გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები და შედეგით შეიძლება შენც გაოცდე და შენი მშობლებიც.

● დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი. როცა გრძნობ, რომ მშობლები „გიტევენ“, მაშინვე ნუ მიახლი მათ ყველაფერს, რაც ენაზე მოგადგება. დავუშვათ, დედა გეუბნება: „რატომ არ გარეცხე ჭურჭელი? შენ არასდროს აკეთებ იმას, რასაც გეუბნები!“ შენი პირველივე რეაქცია შეიძლება ასეთი იყოს: „რა გამიწყალე გული!“ მაგრამ ეცადე, გონიერება გამოავლინო და დაინახო, სინამდვილეში რისი თქმა უნდოდა დედას. პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ სიტყვებს „ყოველთვის“ და „არასდროს“, რადგან მშობელი ამ სიტყვებს სხვა რამის გამო ამბობს. რა შეიძლება იყოს ეს?

შეიძლება დედა საოჯახო საქმეებით არის გადატვირთული და უნდა, რომ მხარში ამოუდგე. ამ შემთხვევაში შენი მკვახე პასუხით „რა გამიწყალე გული!“ ვერაფერს მოიგებ, პირიქით სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავ. ამას სჯობია, დედა დაამშვიდო და უთხრა: „დე, არ გამიბრაზდე, ახლავე გავრეცხავ ჭურჭელს“. ოღონდ დაუკვირდი, რა ტონით ეტყვი ამას. თუ თანაგრძნობას გამოავლენ მშობლის მიმართ, თქვენ შორის ურთიერთობა აღარ დაიძაბება და მან შეიძლება გითხრას კიდეც, სინამდვილეში რამ გააღიზიანაa.

ქვემოთ დაწერე მშობლის რომელმა სიტყვებმა შეიძლება გაგაღიზიანოს.

․․․․․

ქვემოთ დაწერე, ამ შემთხვევაში რა შეგიძლია უთხრა მშობელს ისე, რომ მისი გრძნობებიც გაითვალისწინო.

● ილაპარაკე პატივისცემით. მიშელმა საკუთარი გამოცდილებიდან ისწავლა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ესაუბრება დედას. „მნიშვნელობა არა აქვს რაზე ვსაუბრობთ, დედა მაშინ ბრაზდება, როცა ჩემი საუბრის ტონი არ მოსწონს“, — ამბობს მიშელი. თუ შენს შემთხვევაშიც ასე ხდება, ეცადე, უფრო მშვიდად და ნელა ილაპარაკო. მოერიდე უკმაყოფილების გამომხატველ ჟესტებსა თუ მიმიკებს (იგავები 30:17). თუ გრძნობ, რომ მოთმინებას კარგავ, ღმერთს ლოცვით მიმართე გულში (ნეემია 2:4). ლოცვისას ღმერთს ის კი არ უნდა სთხოვო, რომ მშობლებმა თავი დაგანებონ, არამედ — მოთმინება, რათა ცეცხლზე ნავთი არ დაასხა (იაკობი 1:26).

ქვემოთ ჩამოწერე, რისი თქმა ან გაკეთება არ ღირს ამ დროს.

სიტყვები:

․․․․․

ჟესტები და მიმიკები:

․․․․․

● მოუსმინე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია“ (იგავები 10:19). დააცადე მშობლებს ლაპარაკი და ყურადღებით მოუსმინე. თავის გასამართლებლად სიტყვას ნუ გააწყვეტინებ, უბრალოდ მოუსმინე. ბოლომდე ათქმევინე მათ სათქმელი და მერე უთხარი, რისი თქმაც გინდოდა. თუ გაჯიუტდები და სათქმელს მაშინვე მიახლი, სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს. უფრო მეტის თქმაც რომ გინდოდეს, შეიძლება ამ დროს გაჩუმება ჯობდეს (ეკლესიასტე 3:7).

● მზად იყავი მობოდიშებისთვის. ყოველთვის, როდესაც კამათის მიზეზი შენი საქციელი ხდება, მოიბოდიშე (რომაელები 14:19). შეგიძლია იმ შემთხვევაშიც მოიხადო ბოდიში, თუ სიტუაცია ცოტათი დაიძაბება. თუ სიტყვიერად გიჭირს ამის გაკეთება, შეგიძლია წერილობით მოუბოდიშო მშობელს. მაგრამ მხოლოდ ამას ნუ დასჯერდები და ეცადე აღარ გააკეთო ის, რამაც უთანხმოება გამოიწვია (მათე 5:41). თუ კამათის მიზეზი შენი სიზარმაცე გახდა, მშობლებს სიურპრიზი გაუკეთე და მათი თხოვნა შეასრულე. ამ საქმის გაკეთება რომც არ გეხალისებოდეს, აჯობებს, გააკეთო და თავი აარიდო უსიამოვნებას (მათე 21:28—31). იფიქრე იმაზე, რა მხრივ იქნება შენთვის კარგი, თუ შენი მხრივ ყველაფერს გააკეთებ მშობლებთან დაძაბულობის შესამცირებლად.

კონფლიქტები კარგ ოჯახებშიც ხდება, მაგრამ მათ იციან, როგორ მოაგვარონ ყველაფერი მშვიდობიანად. გამოიყენე ამ თავში მოცემული რჩევები და თავად დარწმუნდები, რომ მშობლებთან უფრო მწვავე საკითხებზეც კი შეძლებ საუბარს კამათის გარეშე.

მომდევნო თავში:

ხომ არ ფიქრობ, რომ მშობლები მეტ თავისუფლებას უნდა გაძლევდნენ? თუ ასეა, შენ რისი გაკეთება შეგიძლია საამისოდ?

[სქოლიო]

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის 21-ე თავი.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგავები 15:28).

რჩევა

როდესაც მშობლები გელაპარაკებიან, გამორთე მუსიკა, წიგნი იქნება თუ ჟურნალი, გვერდზე გადადე და ლაპარაკისას თვალებში უყურე.

იცოდი, რომ . . . ?

თუ შეეცდები კონფლიქტის მოგვარებას ან თავიდან არიდებას, ამით ცხოვრებას უფრო გაიადვილებ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „კეთილი კაცი აჯილდოებს თავის სულს“ (იგავები 11:17).

რა უნდა გავაკეთო

ამ თავში მოცემული რჩევებიდან ერთ-ერთი, რომლის გათვალისწინებაც ყველაზე მეტად მჭირდება, არის ․․․․․

ამ რჩევის გათვალისწინება დავიწყე (მიუთითე თარიღი) ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ ფიქრობს ზოგი შენი თანატოლი, რომ მთავარი კამათში გამარჯვებაა?

● რატომ უწოდებს იეჰოვა მოკამათე ადამიანს უგუნურს? (იგავები 20:3).

● რა მხრივ იქნება შენთვის კარგი, თუ ეცდები მშობლებთან დაძაბულობის შემცირებას?

[ჩანართი 18 გვერდზე]

„რა კარგია, როცა დედაჩემი ბოდიშს მომიხდის და გადამეხვევა ხოლმე. ამის შემდეგ ვივიწყებთ ყველაფერს, რაც მოხდა. მეც იმავეს ვცდილობ. სიამაყის დაძლევას და გულწრფელ მობოდიშებას მართლაც დიდი ძალა აქვს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამის გაკეთება ადვილი არ არის“ (ლორენი).

[ჩარჩო 20 გვერდზე]

პასუხები

1. ირონიულმა სიტყვებმა („აუ, ისევ დაიწყო“) ცეცხლზე ნავთი დაასხა და დედა უფრო გააღიზიანა.

2. რეიჩელის მიმიკამ (თვალების გადატრიალებამ) უფრო დაძაბა სიტუაცია.

3. ენის შებრუნება („შენ თვითონ რა ტონით მელაპარაკები“) თითქმის ყოველთვის უარყოფით რეაქციას იწვევს.

[სურათი 19 გვერდზე]

მშობელთან კამათი სარბენ ბილიკზე სირბილს ჰგავს — ბევრ ენერგიას ხარჯავ, მაგრამ ისევ ერთ ადგილს ტკეპნი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება