თავი 13
როგორ მოვერიო სევდას?
„როცა ჩემს მეგობრებს უჭირთ, მაშინვე მათ დასახმარებლად მივდივარ და ვცდილობ, მდგომარეობა შევუმსუბუქო. მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები, ჩემს ოთახში ვიკეტები და ტირილს ვიწყებ; ამის შესახებ თითქმის არავინ იცის“ (კელი).
„როცა სევდა მიპყრობს, ხალხს ვერიდები. თუ სადმე მეპატიჟებიან, მიზეზს ვეძებ, რომ არ წავიდე. ოჯახის წევრებს თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს ყველაფერი რიგზეა“ (რიკი).
ყოფილხარ ოდესმე კელისა და რიკის მსგავს მდგომარეობაში? თუ ასეა, ნუ იფიქრებ, რომ შენს თავს რაღაც უბედურება ხდება. სევდა დროდადრო ყველას იპყრობს. ძველად ღვთის ერთგულ მსახურებსაც კი ეუფლებოდათ უარყოფითი გრძნობები (1 სამუელი 1:6—8; ფსალმუნი 35:14).
ზოგჯერ შეიძლება იცოდე სევდის მიზეზი, ზოგჯერ კი — არა. 19 წლის ანა ამბობს: „სევდა ადამიანს მხოლოდ მაშინ არ ეუფლება, როცა თავს ტრაგედია ატყდება. დარდი შეიძლება ნებისმიერ დროს მოგეძალოს, მაშინაც კი, როცა პრობლემა არა გაქვს. უცნაურია, მაგრამ ასეა“.
როგორ შეიძლება მოერიო სევდას, რომც არ იცოდე მისი მიზეზი? გამოიყენე ქვემოთ მოცემული რჩევები.
1. დაელაპარაკე ვინმეს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფმა იობმა თქვა: „სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1).
კელი: „დიდ შვებას ვგრძნობ, როცა ვინმეს ველაპარაკები. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას მაინც ეცოდინება, რას განვიცდი, დახმარების ხელს გამომიწვდის და სევდის მორევიდან ამომიყვანს“.
მითითება: ქვემოთ დაწერე მეგობრის სახელი, რომელსაც ასეთ დროს გულს გადაუშლი.
․․․․․
2. ქაღალდზე გადაიტანე გრძნობები. თუ სევდის გამო ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავ, შეგიძლია ფიქრები ფურცელზე გადაიტანო. ღრმა მწუხარებას დავითი ზოგჯერ ფსალმუნებში გამოხატავდა (ფსალმუნი 6:6). განცდების წერილობით გადმოცემა დაგეხმარება, ‘შეინარჩუნო სიბრძნე და ჭკუა’ (იგავები 3:21).
დებორა: „წერა მეხმარება სევდით გამოწვეული არეულ-დარეული აზრები გონებაში დავალაგო. როცა გრძნობები ფურცელზე გადმოგაქვს, საკუთარ თავში ადვილად ერკვევი და სევდა ნაკლებად გთრგუნავს“.
მითითება: გამოიყენე 93-ე გვერდზე მოცემული ცხრილი, რომელიც რთულ სიტუაციაში ყოფნისას დაგეხმარება გამოსავლის მოძებნასა და კარგი განწყობის დაბრუნებაში.
3. ილოცე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თუ შენს საწუხარზე ლოცულობ, ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს შენს გულსა და გონებას’ (ფილიპელები 4:6, 7).
ესთერი: „ვცდილობდი, გამერკვია, რატომ ვიყავი ასე უგუნებოდ, მაგრამ ვერ ვიგებდი. იეჰოვას ვთხოვდი, რომ კარგი განწყობა დამბრუნებოდა. დავიღალე იმით, რომ უმიზეზოდ ვიყავი მოწყენილი. ბოლოს, როგორც იქნა, სევდას მოვერიე. არასოდეს იფიქრო, რომ ლოცვა ვერ გიშველის“.
მითითება: ლოცვის ნიმუშად გამოგადგება ფსალმუნის 139:23, 24. გული გადაუშალე იეჰოვას და სთხოვე, დაგეხმაროს სევდის მიზეზის დადგენაში.
ზემოთ მოცემული მითითებების გარდა, ბიბლიაში უამრავ პრაქტიკულ აზრს იპოვი. თუ გონებას ბიბლიაში ჩაწერილი გამამხნევებელი აზრებით აივსებ, ეს დადებითად იმოქმედებს შენს გუნება-განწყობილებაზე (ფსალმუნი 1:1—3). გამამხნევებელი ბიბლიური მონაკვეთების მოძებნაში დაგეხმარება ამ წიგნის ორივე ტომში დაბეჭდილი რუბრიკა „სამაგალითო ადამიანები“. მე-2 ტომის 227-ე გვერდზე იმასაც კი ნახავ, თუ როგორ გაუმკლავდა პავლე მოციქული უარყოფით გრძნობებს, რომლებიც მას დროდადრო არასრულყოფილების გამო ეუფლებოდა.
როცა სევდას ვერ ერევი
რაიანი ამბობს: „ზოგჯერ დილით რომ გამეღვიძება, ვფიქრობ, მორიგი უაზრო დღის გატარებას ჯობია, ლოგინიდან საერთოდ არ ავდგე-მეთქი“. რაიანი ღრმა დეპრესიით იტანჯება, თუმცა მხოლოდ ის როდია ამ მდგომარეობაში. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ოთხიდან ერთ ახალგაზრდას, სანამ ზრდასრულობის ასაკს მიაღწევს, ამა თუ იმ სახის დეპრესია აწუხებს.
როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა დეპრესია? დეპრესიის სიმპტომებს შორის შეიძლება მოვიხსენიოთ გუნება-განწყობილებისა და ქცევების მკვეთრი ცვლილება, განმარტოების სურვილი, თითქმის ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა, უღირსობისა და უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობა.
რასაკვირველია, ამ ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ხანდახან ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს სიმპტომები რამდენიმე კვირა გრძელდება, აჯობებს მშობლებს დაელაპარაკო, რომ სამედიცინო შემოწმება გაიარო. ექიმი განსაზღვრავს, გესაჭიროება თუ არა მკურნალობაa.
თუ ღრმა დეპრესია გაწუხებს, იცოდე, რომ სასირცხვილო ამაში არაფერია. მკურნალობის შემდეგ ბევრმა თავი გაცილებით კარგად იგრძნო, იმდენად კარგად, დიდი ხანი რომ არ უგრძნია თავი ასე. შენი სევდის მიზეზი დეპრესიაა თუ სხვა რამ, გახსოვდეს ფსალმუნის 34:18-ში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“.
რა უნდა ქნა, თუ სევდა ისე მოგაწვა, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყე ფიქრი?
[სქოლიო]
a როცა უგუნებობა დიდხანს გრძელდება, ზოგი ახალგაზრდა თვითმკვლელობაზე იწყებს ფიქრს. თუ გონებაში ასეთი აზრი გიტრიალებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უთხარი უფროსი ასაკის სანდო ადამიანს. მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხე ამავე წიგნის მე-14 თავი.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).
რჩევა
აღწერე შენი განცდები და ის, თუ რას შეიძლება გამოეწვია სევდა. დაწერილი ერთი თვის შემდეგ წაიკითხე. უკეთესობისკენ ხომ არ შეგეცვალა განწყობა? თუ კი, დაწერე, რა დაგეხმარა.
იცოდი, რომ . . . ?
ბიჭიც რომ იყო, ტირილი ნორმალურია. ერთხელ დავითმა ასეთი სიტყვები თქვა: „მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს“ (ფსალმუნი 6:6).
რა უნდა გავაკეთო
გუნება განწყობილების ასამაღლებლად, მე ․․․․․
რომელ მეგობრებთან ერთად ყოფნა დამეხმარება, რომ სევდას მოვერიო? ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რით არის კარგი ტირილი?
● როგორ დაგეხმარება სხვებთან ერთად ყოფნა სევდასთან გამკლავებაში?
[ჩანართი 96 გვერდზე]
„როცა მოწყენილი ვარ, ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩე მარტო. მართალია, ჩემს გრძნობებში რომ გავერკვე და ტირილით გული ვიჯერო, განმარტოება მჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ ხალხში უნდა გავიდე, რომ სევდიანი ფიქრები არ მომეძალოს“ (კრისტინა).
[ცხრილი⁄სურათები 93 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
როგორ დავიბრუნო კარგი განწყობა?
შეავსე ცხრილი
შემთხვევა
მასწავლებელმა თავი უღირსად მაგრძნობინა
ცუდი გამოსავალი
ამ მასწავლებლის გაკვეთილზე ხმას აღარ ამოვიღებ
კარგი გამოსავალი
რჩევა: წაიკითხე ამავე წიგნის მე-20 თავი
შემთხვევა
მეგობარი ზედ აღარ მიყურებს
ცუდი გამოსავალი
ცუდ ხმებს დავუყრი
კარგი გამოსავალი
რჩევა: წაიკითხე მე-2 ტომის მე-10 თავი
შემთხვევა
ჩემი მშობლები ერთმანეთს შორდებიან
ცუდი გამოსავალი
ვერ ვაპატიებ ვერც ერთს
კარგი გამოსავალი
რჩევა: წაიკითხე ამავე წიგნის მე-4 თავი
შემთხვევა
․․․․․
ცუდი გამოსავალი
․․․․․
კარგი გამოსავალი
․․․․․
შემთხვევა
․․․․․
ცუდი გამოსავალი
․․․․․
კარგი გამოსავალი
․․․․․
[სურათი 95 გვერდზე]
სხვების დახმარებითა და შენი ძალისხმევით მწუხარების ღრმა „ორმოდან“ ამოსვლას შეძლებ.