საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp2 თ. 26 გვ. 218-224
  • როგორ ვმართო ემოციები?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ვმართო ემოციები?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როცა გაბრაზებული ხარ
  • თუ ხშირად ხარ უხასიათოდ
  • როგორ მოვერიო სევდას?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • როგორ შემიძლია საკუთარი ემოციების მართვა?
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • რატომ მაშინებს ჩემს რწმენაზე საუბარი?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • როგორ ვაკონტროლო ემოციები?
    ახალგაზრდების შეკითხვები
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
yp2 თ. 26 გვ. 218-224

თავი 26

როგორ ვმართო ემოციები?

როგორ ფიქრობ, ცეცხლი კარგია თუ ცუდი? ალბათ იტყვი: „გააჩნია, რა შემთხვევაში“. ზამთრის ცივ ღამეში ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლთან ჯდომას რა ჯობია. მაგრამ იგივე ცეცხლი სახლს თუ მოედება, უსახლკაროდ დარჩები და ეს ნამდვილად ცუდი იქნება.

იმავეს თქმა შეგვიძლია ემოციებზე. როცა ვაკონტროლებთ, ემოციები სასიამოვნო ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს. დაუოკებელი ემოციებით კი შეიძლება საკუთარ თავსაც ვავნოთ და სხვებსაც.

მაგალითად, დროდადრო შეიძლება ბრაზი ან სევდა მოგერიოს. როგორ უნდა აკონტროლო საკუთარი თავი? მოდი ცალ-ცალკე ვიმსჯელოთ ამ გრძნობებზე.

როცა გაბრაზებული ხარ

ძნელი მოსათმენია, როცა სხვა ცუდად გექცევა. ზოგი ასეთ დროს კონტროლს კარგავს. ბიბლიაც მოიხსენიებს ფიცხ ადამიანებს — მათ, „ვინც ადვილად რისხდება“ (იგავები 22:24; 29:22). ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. თუ ემოციებს აჰყვები, შეიძლება ისეთი რამ გააკეთო, რასაც მოგვიანებით ინანებ. როგორ უნდა მოიქცე, როცა ვინმე ცუდად გექცევა?

უპირველესად, ობიექტურად შეაფასე სიტუაცია. მდგომარეობა რომ არ გაართულო, შეიძლება ჯობდეს ყველაფრის დავიწყებაa (ფსალმუნი 4:4). სამაგიეროს გადახდით ცეცხლზე ნავთს დაასხამ (1 თესალონიკელები 5:15). ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვისა და ლოცვის შემდეგ შეიძლება გაგიაროს სიბრაზემ. ეს დაგეხმარება იმაში, რომ თავი ხელში აიყვანო და ემოციებმა არ გმართოს (ფსალმუნი 37:8).

მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ წყენას ვერ ივიწყებ? ბიბლიაში წერია, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). მიდი და ესაუბრე მას, ვინც გაწყენინა. თუ ფიქრობ, რომ მისვლა არ ღირს, შენს გრძნობებზე დაელაპარაკე მშობლებს ან მოწიფულ მეგობარს. თუ ვინმე შეგნებულად ცდილობს შენს გაღიზიანებას, ნუ აჰყვები და ყველანაირად ეცადე, რომ კარგად მოექცე. 221-ე გვერდზე მოცემული გეგმა დაგეხმარება იმის მოფიქრებაში, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია სიტუაციებში, რომლებშიც ჯერჯერობით გიჭირს თავშეკავების გამოვლენა.

ილოცე და სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს, რომ ბოღმა არ ჩაიდო გულში. რაც მოხდა, იმას ვეღარ შეცვლი, მაგრამ მომხდარის მიმართ შენი დამოკიდებულების შეცვლა ნამდვილად შეგიძლია. თუ დაიბოღმები, ანკესზე წამოგებულ თევზს დაემსგავსები. შენი ემოციები სხვის ხელში იქნება. განა არ ჯობია, რომ შენ თვითონ მართო საკუთარი ემოციები? (რომაელები 12:19).

თუ ხშირად ხარ უხასიათოდ

16 წლის ლორა ამბობს: „ბოლო დროს სულ ცუდ ხასიათზე ვარ და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. არაფერი მახარებს. ყოველღამე ვტირი“. ლორას მსგავსად ბევრი ახალგაზრდა ვეღარ ერევა ყოველდღიურ დაძაბულობას. შესაძლოა შენც გაქვს ეს პრობლემა. მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები — ყველა ბევრს ითხოვს შენგან; შენს ასაკთან დაკავშირებული ფიზიკური და ემოციური ცვლილებები ყოველდღე გახსენებს თავს; ან რაღაც შეცდომას უშვებ და ფიქრობ, რომ არაფერი გამოგდის. ასეთი მიზეზების გამო შეიძლება ხშირად გიფუჭდება ხასიათი.

შვება რომ იგრძნოს და ემოციურად განიმუხტოს, ზოგი ახალგაზრდა საკუთარ თავს ფიზიკურ ტკივილს აყენებსb. თუ შენც გაქვს ასეთი ჩვევა, ეცადე გამოარკვიო, რა არის ამის მიზეზი. შეიძლება ამას სტრესთან გამკლავების მიზნით აკეთებდე. მაგალითად, ხომ არ განიცდი რამეს ოჯახში შექმნილი სიტუაციის ან მეგობართან ურთიერთობის გამო?

კარგი იქნება, თუ შენს უარყოფით გრძნობებზე გაესაუბრები მშობელს ან რომელიმე მოწიფულ ქრისტიანს კრებიდან. ისინი გაგრძნობინებენ, რომ „გასაჭირისთვის დაბადებული“ მეგობრები არიან (იგავები 17:17). 16 წლის ლილიანა თავისზე უფროს სულიერ დებს ესაუბრება ხოლმე კრებაში. ის ამბობს: „ისინი ჩემზე უფროსები არიან და კარგ რჩევებს მაძლევენ. ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს“c. დეინას, რომელიც 15 წლისაა, ქრისტიანულ მსახურებაში უფრო აქტიური მონაწილეობა დაეხმარა. ის იხსენებს: „ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ“.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვა. დავითს, რომლისთვისაც უცხო არ იყო ემოციური ტკივილი, თავის ფსალმუნში ნათქვამი აქვს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). იეჰოვას ესმის, რას განიცდი. „ის ზრუნავს“ შენზე (1 პეტრე 5:7). თუ საკუთარი გული გდებს მსჯავრს, გახსოვდეს, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:20). ღმერთს შენზე უკეთესადაც კი ესმის, რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში. მას შეუძლია შეგიმსუბუქოს ემოციური ტვირთი.

თუ უარყოფით განცდებს ვერაფრით იცილებ, შეიძლება ეს უფრო სერიოზული პრობლემის, მაგალითად დეპრესიის ნიშანი იყოსd. ასეთ შემთხვევაში აჯობებს ექიმთან მისვლა. თუ არაფერს გააკეთებ, დაემსგავსები მძღოლს, რომელსაც ძრავიდან რაკარუკის ხმა ესმის და მის ჩასახშობად რადიოს უწევს ხმას. ცხადია, წაყრუებას პრობლემის მოგვარება ჯობია. სასირცხვილო არაფერი გაქვს. ბევრი, ვისაც დეპრესია ან მსგავსი პრობლემები აქვს, მკურნალობის შედეგად უბრუნდება ჩვეულ ფორმას.

ემოციები ცეცხლივითაა. როცა აკონტროლებ, კარგია, როცა — არა, ზიანის მომტანი. ყველაფერი იღონე იმისათვის, რომ მართო საკუთარი ემოციები. ფაქტია, რომ დროდადრო იტყვი ან გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც მოგვიანებით ინანებ. მაგრამ საჭიროა მოთმინება. დროთა განმავლობაში უკეთესად ისწავლი შენი ემოციების მართვას.

მომდევნო თავში

რა დაგეხმარება, თუ ძალიან ბევრს ითხოვ საკუთარი თავისგან და სხვებისგან?

[სქოლიოები]

a თუ ვინმე სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს, მე-14 თავში მოცემული რჩევები გამოგადგება. თუ მეგობარმა გაწყენინა, შენთვის საინტერესო იქნება მე-10 თავი.

b ისინი ფიზიკურ ტკივილს სხვადასხვა სახით აყენებენ თავს, მაგალითად ჭრილობებით, დამწვრობით ან კანის დაკაწვრით.

c თუ გერიდება პირისპირ საუბარი, შეგიძლია წერილი დაუწერო ან ტელეფონით დაელაპარაკო მას, ვისაც ენდობი. ხშირად ეს ემოციური სიჯანსაღისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

d დეპრესიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე პირველი ტომის მე-13 თავი.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21).

რჩევა

ყოველდღე უთხარი მშობლებს ერთი სასიამოვნო რამ, თუნდაც უმნიშვნელო, რაც იმ დღეს მოხდა. როცა სხვა დროს სერიოზული პრობლემა გექნება, უფრო გაგიადვილდება მათთან საუბარი და თვითონაც მეტი მზადყოფნით მოგისმენენ.

იცოდი, რომ . . . ?

თუ სათანადოდ არ იკვებები და საკმარისად არ ისვენებ, უფრო გაგიჭირდება საკუთარი გრძნობების მართვა.

რა უნდა გავაკეთო

უარყოფითი გრძნობებიდან ყველაზე მეტად უნდა ვებრძოლო ․․․․․

ამაში დამეხმარება ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ არ მოსწონს ღმერთს, როცა გაბრაზებული ადამიანი არ აკონტროლებს ემოციებს?

● რატომ იქნება შენთვის ცუდი, თუ თავს ხელში არ აიყვან, როცა ვინმე გაგაბრაზებს?

● როგორ უნდა მოიქცე, თუ ხშირად გიფუჭდება ხასიათი?

[ჩანართი 223 გვერდზე]

„ჩემთვის ბევრს ნიშნავდა იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ზრუნავდა ჩემზე; რომ არსებობდა ადამიანი, ვისთანაც შემეძლო საუბარი ჩემს გრძნობებზე“ (ჯენიფერი).

[ცხრილი⁄სურათები 221 გვერდზე]

სამუშაო გვერდი

აიყვანე თავი ხელში

შეავსე

სიტუაცია

კლასელი დამცინის.

ცუდი იქნება, თუ . . .

უარესად დავცინებ.

აჯობებს, თუ . . .

ყურადღებას არ მივაქცევ და დავანახვებ, რომ ჩემი გაბრაზება ადვილი არ არის.

სიტუაცია

ჩემმა დამ ჩემ დაუკითხავად ჩაიცვა ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი.

ცუდი იქნება, თუ . . .

მეც ავიღებ დაუკითხავად მის ტანსაცმელს ან სხვა რამეს.

აჯობებს, თუ . . .

․․․․․

სიტუაცია

მშობლებმა დამსაჯეს და ამიკრძალეს იმის იმის გაკეთება, რაც მინდოდა.

ცუდი იქნება, თუ . . .

․․․․․

აჯობებს, თუ . . .

․․․․․

[სურათი 220 გვერდზე]

ნუ ჩაიტოვებ წყენას გულში, ანკესზე წამოგებულ თევზს რომ არ დაემსგავსო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება