თავი 23
როგორ ავუხსნა სხვას ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე?
დაჯილდოების ცერემონიამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ორმა მსახიობმა ქალმა ერთმანეთს ვნებიანად აკოცა. თავიდან აუდიტორიას გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა, შემდეგ კი მაყურებლები მათ აპლოდისმენტებით შეეგებნენ. ჰომოსექსუალისტების აზრით, ეს ტრიუმფი იყო, კრიტიკოსების აზრით კი — სარეკლამო ტრიუკი. ეს სიუჟეტი არაერთხელ აჩვენეს სატელევიზიო არხებმა და ინტერნეტშიც მისი ნახვის შესაძლებლობა მილიონობით ადამიანს მიეცა.
როგორც ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, ისე არაფერი იზიდავს მედიას, როგორც ის, როცა პოპულარული ადამიანი მინიშნებას აკეთებს ან ღიად აცხადებს, რომ ჰომოსექსუალისტი, ლესბოსელი ან ბისექსუალია. ზოგი აქებს მათ გამბედაობისთვის, ზოგი კი აღვირახსნილობაში ადანაშაულებს. ბევრი კი ამ საკითხში ნეიტრალურია და მათთვის ჰომოსექსუალიზმი უბრალოდ ცხოვრების ალტერნატიული წესია. 21 წლის დანიელი ამბობს: „სკოლაში ჩვეულებრივი ორიენტაციის მოსწავლეებიც კი იმას ფიქრობდნენ, რომ თუ ჰომოსექსუალიზმი შენთვის მიუღებელი იყო, ესე იგი, ზემოდან დაჰყურებდი და განსჯიდი ჰომოსექსუალისტებს“.
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს ჰომოსექსუალიზმის მიმართ. აზრთა სხვადასხვაობა თაობებს შორისაც შეიმჩნევა. მაგრამ ქრისტიანებს არ „აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14). ისინი ბიბლიის თვალსაზრისს იზიარებენ.
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე? თუ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობ, როგორ შეგიძლია უპასუხო მათ, ვინც ჰომოსექსუალისტების განსჯაში თუ მათდამი სიძულვილში გადანაშაულებს? განვიხილოთ ზოგიერთი კითხვა და სავარაუდო პასუხები.
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?
ბიბლიაში გასაგებად წერია, რომ ღმერთმა სქესობრივი კავშირი მხოლოდ დაქორწინებულ მამაკაცსა და ქალს შორის დაუშვა (დაბადება 1:27, 28; ლევიანები 18:22; იგავები 5:18, 19). ბიბლია სიძვას უწოდებს როგორც საპირისპირო სქესის ადამიანთან უკანონო სქესობრივ ურთიერთობას, ისე ჰომოსექსუალიზმსa (გალატელები 5:19—21).
რა აზრის ხარ ჰომოსექსუალიზმზე?
მე არ მძულს ჰომოსექსუალისტები, მაგრამ მათი საქციელი ჩემთვის მიუღებელია.
გახსოვდეს: თუ ბიბლიური ნორმებით ცხოვრობ, ეს შენი არჩევანია, რისი უფლებაც გაქვს (იესო ნავეს ძე 24:15). ამიტომ ნუ იგრძნობ თავს უხერხულად შენი შეხედულებების გამო (ფსალმუნი 119:46).
განა ქრისტიანებმა პატივი არ უნდა სცენ ყველა ადამიანს მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად?
რა თქმა უნდა. ბიბლიაში წერია: „პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17). ქრისტიანებს არ სძულთ ჰომოსექსუალისტები. ისინი სიკეთეს ავლენენ ყველას, მათ შორის ჰომოსექსუალისტების მიმართაც (მათე 7:12).
ჰომოსექსუალიზმზე შენი შეხედულება განა არ აღვივებს ამ ადამიანებისადმი სიძულვილს?
სულაც არა. ჩემთვის ჰომოსექსუალისტის საქციელია მიუღებელი და არა თვითონ ეს ადამიანი.
შეგეძლო აგრეთვე გეთქვა: „მაგალითად, მე სიგარეტსაც არ ვეწევი იმიტომ, რომ მოწევა ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მაგრამ დავუშვათ შენ მწეველი ხარ და ეს შენთვის ნორმალურია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის მიმართ უარყოფითად არ განვეწყობით. სწორედ ასეა ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებითაც“.
იესო ხომ შემწყნარებლობას ქადაგებდა? განა ქრისტიანებიც შემწყნარებლები არ უნდა იყვნენ ჰომოსექსუალისტების მიმართ?
იესოს არასოდეს უთქვამს თავისი მიმდევრებისთვის, რომ მათთვის ცხოვრების ყველანაირი სტილი მისაღები უნდა ყოფილიყო. ის ასწავლიდა, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, „ვისაც ის სწამს“ (იოანე 3:16). იესოსადმი რწმენა გულისხმობს ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმებით ცხოვრებას, რაც გამორიცხავს ზოგიერთ საქციელს, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს (რომაელები 1:26, 27).
ჰომოსექსუალისტები ვერ შეიცვლიან ორიენტაციას; ისინი ასეთებად დაიბადნენ.
ბიბლია არაფერს ამბობს ჰომოსექსუალისტების ბუნებაზე, მაგრამ არ უარყოფს, რომ ადამიანებს ზოგიერთი ჩვევა შეიძლება ღრმად ჰქონდეთ გამჯდარი (2 კორინთელები 10:4, 5). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, მოერიდონ ჰომოსექსუალიზმს თუნდაც მხოლოდ თავიანთივე სქესის წარმომადგენლების მიმართ ჰქონდეთ ლტოლვა.
რჩევა: იმის მაგივრად, რომ იკამათო, რა იწვევს ჰომოსექსუალურ სურვილებს, ხაზგასმით აღნიშნე, რომ ბიბლია კრძალავს ჰომოსექსუალიზმს. შეგიძლია მოიყვანო ასეთი მაგალითი: „ბევრი ამბობს, რომ ადამიანს შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს ძალადობისკენ მიდრეკილება (იგავები 29:22). ასეც რომ იყოს, ბიბლია განსჯის რისხვას (ფსალმუნი 37:8; ეფესოელები 4:31). შეიძლება ღვთის შეხედულება ძალადობაზე უსამართლოდ ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ძალადობისკენ არის მიდრეკილი?“
რატომ მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთივე სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვთ ლტოლვა, რომ მოერიდონ ჰომოსექსუალიზმს? ეს ხომ სისასტიკეა?
ასეთი მსჯელობა დაფუძნებულია იმ მცდარ მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც ადამიანები უნდა აჰყვნენ თავიანთ სექსუალურ იმპულსებს. ბიბლიის თანახმად, ადამიანი გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას და მას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, არ აჰყვეს არასწორ სექსუალურ სურვილებს, თუ ეს მას გულწრფელად სურს (კოლოსელები 3:5).
მერე რა, რომ ჰომოსექსუალისტი არა ხარ, ჰომოსექსუალიზმზე მაინც უნდა შეიცვალო შეხედულება.
დავუშვათ მე არ მომწონს აზარტული თამაშები, მაგრამ შენ მოგწონს. სწორი იქნება, თუ მაიძულებ თვალსაზრისის შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი ერთობა აზარტული თამაშებით?
გახსოვდეს: ადამიანთა უმრავლესობას, მათ შორის ჰომოსექსუალისტებს, აქვთ ეთიკური ნორმები, რის გამოც მათთვის მიუღებელია თაღლითობა, უსამართლობა, ომი. ამ ყველაფერს ბიბლიაც გმობს, მაგრამ, ამავე დროს, ის გარკვეული სახის სექსუალურ ურთიერთობებსაც კრძალავს, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს (1 კორინთელები 6:9, 10).
ბიბლია არაგონივრულს არაფერს მოითხოვს და არც ვინმეს მიმართ სიძულვილს აღვივებს. ის ყველასგან, როგორც ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე, ისე ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანებისგან მოითხოვს იმას, რომ ‘გაექცნენ სიძვას’ (1 კორინთელები 6:18).
ფაქტია, ბიბლიური ნორმებით მცხოვრები მილიონობით ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანი, რა ცდუნების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს, თავშეკავებას ავლენს. მათ შორის არიან დაუქორწინებლები და ის დაქორწინებულები, რომელთა მეუღლეებსაც წართმეული აქვთ სქესობრივი ურთიერთობის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ იკმაყოფილებენ სქესობრივ მოთხოვნილებებს, სიხარული არ აკლიათ. ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებსაც შეუძლიათ მსგავსად მოიქცნენ, თუ ნამდვილად სურთ, ღმერთს ასიამოვნონ (კანონი 30:19).
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის 28-ე თავში.
ზოგი გოგო ფიქრობს, რომ შეყვარებულთან სექსი უფრო დააახლოებს მასთან, მაგრამ ეს ასე არ არის. წაიკითხე, თუ რატომ.
[სქოლიო]
a ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სიძვა“ არ გულისხმობს მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობას. ის აგრეთვე მოიცავს პარტნიორის მასტურბაციას, ორალურ და ანალურ სექსს.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5).
რჩევა
შეიძლება სხვების საქციელი შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ შენი საუბრის ტონით მათი განსჯა არ გამოგივიდეს. შენსავით მათაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ თავიანთი შეხედულებები.
იცოდი, რომ . . . ?
პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი ადრე ჰომოსექსუალისტი იყო, მაგრამ მიატოვა ეს უწმინდური გზა და ‘განიწმინდა’ ღვთის თვალში (1 კორინთელები 6:9—11).
რა უნდა გავაკეთო
თუ ვინმე ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმზე ბიბლიის თვალსაზრისი მოძველებულია, ვეტყვი, რომ ․․․․․
იმის ხაზგასასმელად, რომ ჩემთვის ჰომოსექსუალიზმია მიუღებელი და ჰომოსექსუალისტები არ მძულს, ვიტყვი, რომ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ აქვს ღმერთს ადამიანებისთვის მორალური ნორმების დადგენის უფლება?
● რით არის შენთვის კარგი ბიბლიური ნორმებით ცხოვრება?
[ჩანართი 170 გვერდზე]
„სკოლაში ერთ ბიჭს საშინელი ვიღაცა ვეგონე იმის გამო, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო მისი ცხოვრების წესი. მაგრამ, როდესაც ავუხსენი, რომ მე თავად ეს პიროვნება არ მძულდა, და როდესაც დაინახა, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო არა მარტო ჰომოსექსუალიზმი, არამედ ყოველგვარი უზნეობა, ჩემდამი პატივისცემა გაუჩნდა და მას მერე, თუ ამაზე ვინმე შემეკამათებოდა, ჩემს მხარესაც იკავებდა ხოლმე“ (ობრი).
[ჩარჩო 168 გვერდზე]
რა შეიძლება ითქვას ბისექსუალიზმზე?
მართალია, ბისექსუალი შეიძლება ორივე სქესის წარმომადგენელი იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბისექსუალიზმი გოგონებში უფროა გავრცელებული. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი ცნობისმოყვარეობაა. 26 წლის ლიზა ამბობს: „როცა თინეიჯერები უსმენენ ისეთ მუსიკას, უყურებენ ისეთ ფილმებსა თუ გადაცემებს, სადაც გოგოები ერთმანეთს კოცნიან, ამან შეიძლება მათაც გაუჩინოს იმავეს გაკეთების სურვილი, მით უმეტეს, თუ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ“.
ზოგს კი თითქოს ამგვარი ურთიერთობის მოთხოვნილება აქვს. 13 წლის ვიკი ყვება: „ერთ წვეულებაზე ორ ბისექსუალ გოგოს შევხვდი. ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ თურმე მათ მოვწონებივარ. ერთ-ერთთან მიმოწერა დავიწყე და მის მიმართ გრძნობებიც კი გამიჩნდა“.
ვიკის მსგავსად, შენც ხომ არ გაგჩენია გრძნობები შენივე სქესის ადამიანებისადმი? ბევრმა შეიძლება იმისკენ გიბიძგოს, რომ უნდა შეეგუო შენს ორიენტაციას და არ დამალო, რომ ბისექსუალი ხარ. მაგრამ გახსოვდეს, რომ ასეთი გრძნობები ხშირ შემთხვევაში წარმავალია. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ვიკი. იგივე დასკვნა გააკეთა 16 წლის ლიზეტმაც. ის ამბობს: „დავმშვიდდი, როცა ჩემს გრძნობებზე მშობლებს დაველაპარაკე. თანაც, ბიოლოგიის გაკვეთილებზე გავიგე, რომ გარდატეხის ასაკში ჰორმონების დონე ძალიან მერყეობს. ვფიქრობ, რომ თუ ახალგაზრდებს მეტი ეცოდინებათ თავიანთი სხეულის შესახებ, იმასაც მიხვდებიან, რომ თავიანთივე სქესის ადამიანისადმი ლტოლვა დროებითია და ამის გამო მაინცდამაინც ჰომოსექსუალისტებად არ უნდა ჩათვალონ თავი“.
თუ გრძნობ, რომ საქმე უფრო სერიოზულად არის და შენი მიდრეკილება მარტო მოზარდობის გადმონაშთი არ არის, გაიხსენე, რისკენ მოგიწოდებს ბიბლია: შენ შეგიძლია დასძლიო ნებისმიერი არასწორი სურვილი.
[სურათი 169 გვერდზე]
როცა საქმე პოპულარულ შეხედულებებს ეხება, ქრისტიანს გაბედულება სჭირდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გაბატონებულ აზრს.