აბია
[მამაჩემი იეჰოვაა]
ამ სახელის შემოკლებული ფორმა „აბი“ გვხვდება 2 მეფეების 18:2-ში. მასორულ ტექსტში 1 მეფეების 14:31-სა და 15:1, 7, 8-ში გამოყენებულია კიდევ ერთი ფორმა „აბიამი“. თუმცა 12-მდე ებრაულ ხელნაწერში და იაკობ ბენ ხაიმის ებრაულ ბიბლიაში (1524—1525 წ., ბომბერგის რედაქციით) 1 მეფეების 14:31-ში წერია „აბია“.
1. ბენიამინის შვილიშვილი; ბექერის ცხრა ვაჟის ჩამონათვალში მეშვიდე (1მტ. 7:8).
2. მასორული ტექსტის თანახმად, ხეცრონის ცოლი; ხეცრონის მამა იუდასა და მისი რძლის, თამარის შვილი იყო. სავარაუდოდ, აბია იყო თეკოას მამის, აშხურის დედა (1მტ. 2:4, 5, 24; იხ. ხეცრონი №2).
3. წინასწარმეტყველი სამუელის მეორე ვაჟი; ხანში შესულმა სამუელმა ის და მისი უფროსი ძმა იოელი ისრაელის მსაჯულებად დანიშნა ბეერ-შებაში. ვინაიდან ისინი ამრუდებდნენ სამართალს, იღებდნენ ქრთამს და ხალხს ყველაფერს სძალავდნენ, ისრაელის უხუცესებმა სამუელს მეფის დაყენება მოსთხოვეს (1სმ. 8:1—5; 1მტ. 6:28).
4. აარონის შთამომავალი მღვდელი; მეფე დავითის დროს ის ისრაელის ერთ-ერთი საგვარეულოს თავკაცი იყო. დავითმა მღვდლები 24 ჯგუფად დაყო, რომელთაგან თითოეული ექვს თვეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში მსახურობდა საწმინდარში. აბიას საგვარეულოს წილისყრით ერგო მე-8 ჯგუფის ხელმძღვანელობა. ის ცნობილი გახდა, როგორც „აბიას ცვლა“ (1მტ. 24:3—10; ლკ. 1:5). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემლის მამა, მღვდელი ზაქარია, „აბიას ცვლაში“ იყო.
5. რობოამის 28 ვაჟიდან ერთ-ერთი; მას აგრეთვე აბიამს უწოდებდნენ. ის იყო იუდას ორტომიანი სამეფოს მეორე მეფე და მმართველობდა ძვ. წ. 980—978 წლებში (1მფ. 14:31—15:8). მისი მშობლები დავითის სამეფო საგვარეულოდან იყვნენ. იესო ქრისტეს გენეალოგიაში ის აბრაამიდან მე-16 თაობა იყო (1მტ. 3:10; მთ. 1:7). რობოამს 18 ცოლი და 60 ხარჭა ჰყავდა. მათგან ყველაზე მეტად უყვარდა აბესალომის შვილიშვილი მააქა (2 მატიანის 13:2-ში ეწოდება მიქაია). რობოამმა გამოარჩია მააქა სხვა ცოლებისგან და მისი ვაჟი აბია აირჩია ტახტის მემკვიდრედ მიუხედავად იმისა, რომ პირმშო არ იყო (2მტ. 11:20—22).
როცა ისრაელის მეფე იერობოამ I-ის მმართველობის მე-18 წელს აბია გამეფდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებს შორის კვლავ ჩამოვარდა მტრობა და ომი დაიწყო. იუდას 400 000 ძლიერი და რჩეული მეომრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა იერობოამის 800 000-კაციანი ჯარი. აბიას არ შეშინებია უთანასწორო ბრძოლის. ის მგზნებარე სიტყვით გამოვიდა იერობოამის ხალხის წინაშე, გაკიცხა ისინი ხბოს კერპის თაყვანისმცემლობისთვის და შეახსენა, რომ იეჰოვამ დავითთან დადო შეთანხმება მარადიულ სამეფოზე. „ჩვენ სათავეში გვიდგას ჭეშმარიტი ღმერთი, — განაცხადა აბიამ და დასძინა: ნუ ებრძვით იეჰოვას.., რადგან ხელი არ მოგემართებათ!“ (2მტ. 12:16—13:12).
ამას მოჰყვა სასტიკი ბრძოლა, რომლის დროსაც იუდეველებმა ღვთის შეწევნით დაამარცხეს იერობოამის ჩასაფრებული ხალხი და მისი ჯარიდან 500 000 კაცი მოკლეს. ამგვარად დასუსტდა იერობოამის სამხედრო ძალა. იუდეველებმა ქალაქი ბეთელიც დაიპყრეს, სადაც საზიზღარი ოქროს ხბოებიდან ერთ-ერთი იდგა და სადაც იერობოამს განდგომილი სამღვდელოება ჰყავდა დაყენებული. მათ ეს გამარჯვება იმიტომ მოიპოვეს, რომ აბია იეჰოვაზე იყო მინდობილი (2მტ. 13:13—20). მიუხედავად ამისა, აბია მამამისი რობოამივით სცოდავდა — მას არ გაუნადგურებია მაღლობები და წმინდა სვეტები და არც ტაძრის მეძავი კაცები განუდევნია. „მთელი გულით არ ყოფილა ის იეჰოვასთან, თავის ღმერთთან“ (1მფ. 14:22—24; 15:3). აბიას 14 ცოლი და 38 შვილი ჰყავდა. მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ასა გამეფდა (2მტ. 13:21; 14:1).
6. ისრაელის მეფე იერობოამ I-ის ვაჟი, რომელიც იეჰოვას განაჩენის შედეგად ჯერ კიდევ პატარაობაში მოკვდა. განდგომილების გამო იერობოამის სახლს არაერთი უბედურება დაატყდა თავს, მათ შორის მძიმედ დაავადდა აბია. ამიტომ იერობოამმა თავისი ცოლი დაარიგა, გადაეცვა, რათა ვერ ეცნოთ, და შილოში მოხუცებულ წინასწარმეტყველ ახიასთან გაგზავნა, რომელიც უკვე ვეღარ ხედავდა. მაგრამ იეჰოვას მოტყუება შეუძლებელი იყო. წინასწარმეტყველი ახიას მეშვეობით იეჰოვამ განაცხადა, რომ ამოუწყვეტდა იერობოამს ყველა მემკვიდრეს და პირწმინდად გახვეტდა იერობოამის სახლს ნეხვივით (1მფ. 14:10; 15:25—30). იერობოამის შთამომავლებიდან მხოლოდ აბია დაკრძალეს ღირსეულად, რადგან იეჰოვამ „მასში დაინახა რაღაც კარგი“ (1მფ. 14:1—18).
7. იუდას მეფე ახაზის ცოლი და მეფე ხიზკიას დედა. ის იყო ზაქარიას ასული. 2 მეფეების 18:2-ში გამოყენებულია მისი სახელის შემოკლებული ფორმა „აბი“ (2მტ. 29:1).
8. მღვდლების ერთ-ერთი საგვარეულოს თავკაცი, რომელიც ბაბილონის გადასახლების შემდეგ ზერუბაბელისა და იეშუას დღეებში ცხოვრობდა. აბია მოხსენიებულია მღვდლებისა და მათი ძმების 20-ზე მეტ თავკაცს შორის, რომლებიც ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ იერუსალიმში (ნემ. 12:1—7). სავარაუდოდ, მან საკუთარი თვალით იხილა მეორე წელს ტაძრის საძირკვლის ჩაყრა. იმავე წელს მოხდა მღვდლების მსახურების რეორგანიზებაც (ეზრ. 3:8—10). მომდევნო თაობაში, იოიაკიმისა და ნეემიას დროს, აბიას სამღვდელო საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ზიქრი (ნემ. 12:12, 17, 26).
9. მღვდელი ან მისი წინაპარი, ვინც ნეემიას დროს სხვებთან ერთად ბეჭდის დასმით დაადასტურა „მტკიცე შეთანხმება“ ანუ იეჰოვასთვის მიცემული მტკიცე დაპირება (ნემ. 9:38—10:8). თუ ის არის იგივე აბია №8, როგორც ზოგი მიიჩნევს, მაშინ ის ამ დროს 100 წელს გადაცილებული იქნებოდა.