ᲐᲓᲐᲛᲘ
[ადამიანი; კაცი; კაცობრიობა; ხალხი; ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს წითელს]
ამ საკუთარი სახელის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ბიბლიაში 560-ზე მეტჯერ გვხვდება. ხშირ შემთხვევაში ის გამოიყენება ზოგადი მნიშვნელობით, მაგალითად როგორც „კაცი“, „კაცობრიობა“ და „ადამიანი“.
1. ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად“ (დბ. 1:26). ეს სიტყვები მართლაც ისტორიული მნიშვნელობისა იყო! ადამს, როგორც „ღვთის ძეს“, პირველ ადამიანს, კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა (ლკ. 3:38). ადამი დედამიწაზე იეჰოვას შემოქმედებითი საქმიანობის გვირგვინი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა ის შემოქმედებითი საქმიანობის მეექვსე დღის ბოლოს შექმნა, არამედ იმიტომაც, რომ მან თავის „ანარეკლად შექმნა იგი“ (დბ. 1:27). სწორედ ამიტომ აღემატებოდა სრულყოფილი ადამის, აგრეთვე მისი არასრულყოფილი შთამომავლების გონებრივი თუ სხვა შესაძლებლობები სხვა მიწიერი ქმნილებების შესაძლებლობებს.
რა გაგებით იყო ადამი ღვთის მსგავსი?
ადამი დიდებული შემოქმედის მსგავსად იყო შექმნილი და ჰქონდა ღვთის თვისებები: სიყვარული, სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა; მას გააჩნდა ზნეობა და სინდისი, რაც დედამიწაზე სხვა ცოცხალ არსებებს არ ჰქონდათ. ღვთის ანარეკლად შექმნილი ადამი დედამიწის გამგებელი უნდა ყოფილიყო და დაპატრონებოდა ზღვისა და ხმელეთის ბინადართ და ცის ფრინველთ.
ღვთის თვისებები რომ აერეკლა, აუცილებელი არ იყო, ადამი სულიერი ქმნილება ყოფილიყო, სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ. იეჰოვამ მიწის მტვრისგან შექმნა კაცი, მისცა სიცოცხლის ძალა და ის ცოცხალ სულად იქცა; ღმერთმა მისცა მას უნარი, თავისი ანარეკლი და მსგავსი ყოფილიყო. „პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი“. „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“ (დბ. 2:7; 1კრ. 15:45, 47). ღმერთმა ადამი ძვ. წ. 4026 წელს შექმნა. როგორც ჩანს, იდგა შემოდგომა, რადგან უძველესი კალენდრების უმეტესობის მიხედვით წელი იწყება შემოდგომით დაახლოებით 1-ელ ოქტომბერს ან მთვარისმიერი სამოქალაქო წელიწადის მიხედვით პირველ ახალმთვარობას (იხ. ᲬᲔᲚᲘ).
ადამი ცხოვრობდა სამოთხეში, ნეტარების ბაღში, რომელსაც ედემი ეწოდებოდა (იხ. ᲔᲓᲔᲛᲘ №1). ამ ბაღში ყველაფერი იყო სიცოცხლის შესანარჩუნებლად, იდგა „ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი“, რათა ადამს მარადიულად ეარსება (დბ. 2:9). ადამის გარშემო იყო ყველანაირი სახეობის მშვიდობიანი ცხოველი. მაგრამ ადამი მარტოდ გრძნობდა თავს. გარშემო თავისნაირი არავინ ჰყავდა, რომ დალაპარაკებოდა. თქვა იეჰოვამ: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა“. ამიტომ მან უნიკალური „ოპერაცია“ ჩაატარა — ადამს ნეკნი ამოუღო და შექმნა ქალი, რათა ადამის ცოლი და მისი შვილების დედა გამხდარიყო. ადამი გახარებული იყო, რომ იეჰოვამ ასეთი მშვენიერი დამხმარე და ცხოვრების თანამგზავრი შეუქმნა. მან პოეტური სიტყვებით თქვა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“. მოგვიანებით ადამმა თავის ცოლს ევა დაარქვა (დბ. 2:18—23; 3:20). იესომ და მოციქულებმა დაადასტურეს ამ ჩანაწერის სისწორე (მთ. 19:4—6; მრ. 10:6—9; ეფ. 5:31; 1ტმ. 2:13).
იეჰოვამ აკურთხა ახალდაქორწინებულები და უამრავი სასიამოვნო სამუშაო მისცა (შდრ. ეკ. 3:13; 5:18). მათი ცხოვრება არასდროს იქნებოდა მოსაწყენი. ღმერთმა დაავალა მათ, ეშრომათ, ეზრუნათ თავიანთ მშვენიერ ბაღზე და სამოთხის საზღვრები მთელ დედამიწაზე გაეფართოებინათ, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა თავისნაირი ადამიანებით (დბ. 1:28).
„დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დბ. 1:31). უეჭველია, ადამი თავიდანვე ყოველმხრივ სრულყოფილი იყო. მას ჰქონდა მეტყველების უნარი და მდიდარი სასაუბრო ლექსიკა. მას შეეძლო, გარშემო მყოფი ცოცხალი არსებებისთვის შესაფერისი სახელები დაერქმია, აგრეთვე დალაპარაკებოდა ღმერთს და თავის ცოლს და მათთვისაც მოესმინა.
ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ადამი ვალდებული იყო, ჰყვარებოდა თავისი დიდებული შემოქმედი, თაყვანი ეცა მისთვის და დამორჩილებოდა მას. გარდა ამისა, უზენაესმა კანონმდებელმა მას მორჩილების უბრალო კანონი დაუდგინა და გარკვევით აუხსნა, რა სამართლიანი და გონივრული სასჯელი ელოდა დაუმორჩილებლობისთვის: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დბ. 2:16, 17; 3:2, 3). მიუხედავად ამ ნათელი კანონისა, რომლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც მკაცრად დაისჯებოდა, ადამი მაინც არ დაემორჩილა ღმერთს.
ცოდვის შედეგები. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „ადამი კი არ შეცდა“, არამედ ევა, რომელიც სატანა ეშმაკმა შეაცდინა (1ტმ. 2:14). ადამი შეგნებულად, განზრახ ეურჩა ღმერთს, შემდეგ კი ბოროტმოქმედივით ცდილობდა დამალვას. როცა იეჰოვამ პასუხი მოსთხოვა, ნაცვლად იმისა, რომ ენანა და პატიება ეთხოვა, ადამმა თავის მართლება დაიწყო და თავის საქციელზე პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალა. მან თავისი ნებით ჩადენილ ცოდვაში იეჰოვაც კი დაადანაშაულა: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“ (დბ. 3:7—12). ადამი ღმერთმა ედემიდან დაუმუშავებელ მიწაზე გამოაგდო, რომელზეც წყევლის გამო ნარ-ეკალი იზრდებოდა. მას ოფლით უნდა მოეპოვებინა საზრდო. ადამმა იწვნია თავისი ცოდვის მწარე შედეგები. ბაღის გარეთ მას სიკვდილი ელოდა. ადამს შეეძინა ვაჟები და ასულები, რომელთაგან მხოლოდ სამი ვაჟის სახელი ვიცით. ესენი იყვნენ: კაენი, აბელი და შეთი. ცოდვილმა ადამმა თავის შთამომავლებს მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი გადასცა (დბ. 3:23; 4:1, 2, 25).
ადამმა კაცობრიობას ტრაგიკული დასაწყისი მისცა. სამოთხე, ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე დაიკარგა და დაუმორჩილებლობის შედეგად შემოვიდა ცოდვა, ტანჯვა და სიკვდილი. „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. „სიკვდილი მეფობდა ადამიდან“ (რმ. 5:12, 14). მაგრამ იეჰოვამ თავისი სიბრძნიდან და სიყვარულიდან გამომდინარე გამოგზავნა „მეორე კაცი“, „უკანასკნელი ადამი“, რომელიც არის უფალი იესო ქრისტე. ღვთის ამ მორჩილი ძის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, „პირველი კაცის“ შთამომავლებს დაბრუნებოდათ სამოთხე და მარადიული სიცოცხლე, ქრისტეს ეკლესიას ანუ კრებას კი — ზეციური სიცოცხლე. „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (ინ. 3:16, 18; რმ. 6:23; 1კრ. 15:22, 45, 47).
შეცოდებისა და ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ ადამი მოესწრო შვილის მკვლელობას, მკვლელი ვაჟის გაძევებას, ქორწინების შეურაცხყოფასა და იეჰოვას წმინდა სახელის შებღალვას. მის სიცოცხლეში ააშენეს ქალაქი, შექმნეს მუსიკალური ინსტრუმენტები და დაიწყეს რკინისა და სპილენძისგან იარაღების დამზადება. მან საკუთარი თვალით ნახა ენოქი, „ადამიდან მეშვიდე“, იმ დროს ერთადერთი ადამიანი, რომელიც „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ დადიოდა; თავისი მაგალითით ენოქმა მსჯავრი დასდო ადამს. ის მეცხრე თაობასაც კი მოესწრო, ნოეს მამას, ლამექს. ბოლოს, ის თანდათანობით მიუახლოვდა სიკვდილს და 930 წლის შემდეგ, ძვ. წ. 3096 წელს, იეჰოვას სიტყვისამებრ დაუბრუნდა მიწას, საიდანაც იყო აღებული (დბ. 4:8—26; 5:5—24; იუდ. 14; იხ. ᲚᲐᲛᲔᲥᲘ №2).
2. იესო ნავეს ძის 3:16-ში მოხსენიებული ქალაქი, რომელიც ცარეთანის გადასწვრივ იყო. მიიჩნევენ, რომ ის იგივე თელ-ედ-დამიეა (თელ-დამიია), რომელიც მდებარეობს იორდანეს აღმოსავლეთით დაახლოებით 1 კმ-ში, იორდანესა და იაბოკის ხევის შეერთების სამხრეთით. ის ქალაქ იერიხონიდან ჩრდ. ჩრდ.-აღმ-ით დაახლოებით 28 კმ-შია. ქალაქის სახელი, შესაძლოა, მომდინარეობს ალუვიური თიხის ფერიდან, რომელიც იმ ტერიტორიაზე ჭარბად მოიპოვება (1მფ. 7:46).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სწორედ ადამთან მოხდა იორდანეს გადაკეტვა, როცა ისრაელს მდინარე უნდა გადაეკვეთა. იორდანეს ველი საგრძნობლად ვიწროვდება თელ-ედ-დამიედან (თელ-დამიია) ჩრდილოეთით. ისტორიული წყაროების თანახმად, 1267 წელს სწორედ ამ ადგილას ჩამოწვა მეწყერი და მდინარე დაახლოებით 16 საათის მანძილზე გადაკეტა. 1927 წლის ზაფხულში მიწისძვრამ ისევ გამოიწვია მეწყერი და მდინარე იორდანე 21,5 საათის მანძილზე გადაკეტილი იყო (The Foundations of Bible History: Joshua, Judges, ჯ. გარსტანგი, ლონდონი, 1931, გვ. 136, 137). თუ ღმერთმა ეს მეთოდი გამოიყენა იესო ნავის ძის დღეებში, მაშინ მან ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს გადაკვეთას სასწაულებრივად დაამთხვია მდინარის გადაკეტვა, რითაც შესრულდა იეჰოვას მიერ იესო ნავეს ძისთვის წინა დღეს ნათქვამი სიტყვები (იეს. 3:5—13).