საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „წელი“
  • წელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გამოკვლევა 2 — დრო და ბიბლია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • კალენდარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ეთანი (II) [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნისანი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „წელი“

წელი

ებრაულ ენაში წლის აღმნიშვნელი ძირითადი სიტყვა შანაჰ მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს გამეორებას, რაღაცის კვლავ გაკეთებას. ეს ებრაული სიტყვა და მისი ბერძნული შესატყვისი ენიავტოს გამოხატავს აზრს დროის ციკლზე. დედამიწაზე წელიწადის დროების გამეორება წელიწადის დასრულების ხილული ნიშანია. ამ დროების მონაცვლეობას მზის ირგვლივ დედამიწის შემოვლა განაპირობებს. ასე რომ, შემოქმედმა შესაძლებელი გახადა დროის წელიწადებად დაყოფა, როცა დედამიწა თავის ორბიტაზე დასვა და დაადგინა მზის გარშემო ბრუნვისას დედამიწის ღერძის დახრილობა მისი ორბიტის სიბრტყისადმი. წელიწადის უფრო მოკლე მონაკვეთებად დაყოფა კი მთვარის რეგულარული ფაზების წყალობითაა შესაძლებელი. ეს ფაქტები ბიბლიის პირველივე თავებშია აღნიშნული (დბ. 1:14—16; 8:22).

თავისი არსებობის დასაწყისშივე ადამიანმა დაიწყო ღვთის მიერ დაყენებული დროის მაჩვენებლებით სარგებლობა და დროის წელიწადებად და თვეებად დაყოფა (დბ. 5:1—32). უძველესი ხალხების უმეტესობას წელიწადი 12 მთვარისმიერ თვედ ჰქონდა დაყოფილი. მთვარისმიერი წელიწადი 354 დღე-ღამისგან შედგება. თითო თვეში 29-30 დღე-ღამეა, რაც დამოკიდებულია ახალმთვარობაზე. ამგვარად მთვარისმიერი წელიწადი 111⁄4 დღე-ღამით მოკლეა მზისიერ წელიწადზე, რომელიც 3651⁄4 დღე-ღამისგან შედგება (365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი).

ნოეს დროს. პირველი ცნობები წელიწადის ხანგრძლივობის შესახებ ნოეს დროს გაჩნდა. როგორც ჩანს, მან წელიწადი 12 თვედ დაყო, რომელთაგან თითოეული 30-დღიანი იყო. დაბადების 7:11, 24-სა და 8:3—5-ში ნოეს მიერ წარმოებული ჩანაწერების თანახმად, 150 დღე ხუთ თვეს უდრიდა. ამ ჩანაწერში მოხსენიებულია იმ წლის მეორე, მეშვიდე და მეათე თვეები, როცა წარღვნა მოხდა. მეათე თვის პირველი დღის შემდეგ მოხსენიებულია 40-დღიანი პერიოდი და ორი 7-დღიანი პერიოდი, ანუ ჯამში 54 დღე (დბ. 8:5—12). აგრეთვე გარკვეული დრო გავიდა ყორნის გაშვებიდან მტრედის პირველად გაშვებამდე (დბ. 8:6—8). უცნობია ისიც, თუ რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნოემ მესამედ და უკანასკნელად გაუშვა მტრედი, რაზეც საუბარია დაბადების 8:12-ში. შემდეგ მუხლში მოხსენიებულია მომდევნო წლის პირველი თვის პირველი დღე (დბ. 8:13). უცნობია, რა მეთოდს იყენებდა ნოე ან მასზე ადრე მცხოვრები ხალხი 30-დღიანი თვეებისგან შემდგარი წელიწადის მზისიერ წელიწადთან შესათანხმებლად.

ეგვიპტე და ბაბილონი. ძველ ეგვიპტეში წელიწადი თორმეტი 30-დღიანი თვისგან შედგებოდა. ყოველწლიურად ეგვიპტელები 5 დღეს ამატებდნენ, რომ წელიწადი მზისიერ წელიწადს დამთხვეოდა. ბაბილონელები მთვარისმიერი კალენდრით ხელმძღვანელობდნენ და შიგადაშიგ მე-13 თვეს, ვეადარს ამატებდნენ, რათა თვეები წელიწადის დროებს დამთხვეოდა. ასეთ წელიწადს მთვარე-მზისიერი წელიწადი ეწოდება. ზოგჯერ ის მზისიერ წელიწადზე მოკლეა, ზოგჯერ კი — გრძელი, რაც იმაზეა დამოკიდებული, 12 თვისგან შედგება თუ 13 თვისგან.

მეტონის ციკლი. დროთა განმავლობაში შეიმუშავეს სისტემა, რომლის მიხედვით მე-13 თვე 7-ჯერ ემატებოდა 19-წლიანი ციკლის განმავლობაში. ამის წყალობით ეს პერიოდი თითქმის ისეთივე ხანგრძლივობისა იყო, როგორც 19 მზისიერი წელიწადი. ამ ციკლს მეტონის ციკლი უწოდეს ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში მცხოვრები ბერძენი მათემატიკოსის, მეტონის საპატივცემულოდ.

ებრაელები. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, იყენებდნენ თუ არა ებრაელები ამ სისტემას მთვარისმიერი წელიწადის მზისიერ წელიწადთან შესათანხმებლად. მათ მიერ გამოყენებული მთვარისმიერი თვეების სახელები წელიწადის დროებს უკავშირდებოდა, რაც იმაზე მოწმობს, რომ ისინი გარკვეულ მეთოდს მიმართავდნენ თავიანთი კალენდრის მზისიერ წელიწადთან შესათანხმებლად. წელიწადში ორჯერ მზის ცენტრი კვეთს მზის ეკვატორს. ამ დროს მთელ დედამიწაზე დღე და ღამე თანაბარია (ანუ დღეც დაახლ. 12 საათი გრძელდება და ღამეც). ამ ორ მოვლენას გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა ეწოდება. თანამედროვე კალენდრის მიხედვით ბუნიობა უმეტეს შემთხვევაში 21 მარტს და 23 სექტემბერს ემთხვევა. ბუნიობის მიხედვით შეიძლებოდა იმის განსაზღვრა, ხომ არ უსწრებდა მთვარისმიერი თვეები მათ შესაბამის წლის დროებს და აუცილებლობის შემთხვევაში შესწორების მიზნით ემატებოდა ერთი თვე.

ძველად წელიწადის ათვლა შემოდგომიდან ხდებოდა. პირველი თვე იწყებოდა თანამედროვე კალენდრით სექტემბრის შუა რიცხვებში. ეს ეთანხმება იუდეველთა გადმოცემას, რომ ღმერთმა ადამიანი შემოდგომით შექმნა. ვინაიდან ბიბლიაში ადამის ასაკი წლებით არის მოხსენიებული (დბ. 5:3—5), ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წლების ათვლა მისი შექმნიდან დაიწყო და თუ ეს შემოდგომით მოხდა, ნაწილობრივ გასაგები ხდება ახალი წელიწადის შემოდგომიდან დაწყების უძველესი ტრადიცია. ამასთან, წლის ასეთი ათვლა კარგად ერგებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, განსაკუთრებით დედამიწის იმ ნაწილში, სადაც ადამიანთა უმეტესობა წარღვნამდე და მის შემდეგ გარკვეულ ხანს ცხოვრობდა. წელიწადი მთავრდებოდა ბოლო მოსავლის აღებით და თანამედროვე კალენდრით ოქტომბრის დასაწყისში ხვნა-თესვით იწყებოდა.

წმინდა წელი და საერო წელი. ეგვიპტიდან ისრაელთა გამოსვლის დროს იეჰოვამ დაადგინა, რომ წელიწადი უნდა დაწყებულიყო გაზაფხულზე აბიბის ანუ ნისანის თვეში (გმ. 12:1—14; 23:15). თუმცა შემოდგომით კვლავ იწყებოდა საერო ანუ სამიწათმოქმედო წელიწადი. ამგვარად, გამოსვლის 23:16-ისა და 34:22-ის თანახმად, მოსავლის აღების დღესასწაულს, რომელიც შემოდგომით წმინდა კალენდრის მიხედვით მეშვიდე ანუ ეთანის თვეზე მოდიოდა, „წლის ბოლოს“ ზეიმობდნენ. ამასთან, იუბილეს წელიწადთან დაკავშირებული მითითებიდან ჩანს, რომ ის შემოდგომით ეთანის თვეში იწყებოდა (ლვ. 25:8—18).

ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (ახ. წ. I) წერდა, რომ რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან წმინდა წელიწადს იყენებდნენ (იწყებოდა გაზაფხულზე), ყიდვა-გაყიდვისა თუ სხვა ყოფითი საქმიანობის დროს კი საერო წელიწადით (იწყებოდა შემოდგომაზე) ხელმძღვანელობდნენ („იუდეველთა სიძველენი“, წ. I, თ. 3, აბზ. 3). ამ ორი სისტემის, წმინდა და საერო კალენდრის, გამოყენება განსაკუთრებით ბაბილონიდან იუდეველთა გათავისუფლების შემდგომ პერიოდში დაიწყეს. ნისანის (აბიბი) პირველ დღეს იწყებოდა წმინდა წელიწადი, თიშრის (ეთანი) პირველ დღეს კი — საერო წელიწადი. ერთი კალენდრის მიხედვით პირველი თვე იყო მეორე კალენდრის მიხედვით მეშვიდე თვე და პირიქით (იხ. კალენდარი).

კალენდარი და დღესასწაულები. ყოველი წლის ყველაზე ღირშესანიშნავ მოვლენებად ითვლებოდა იეჰოვას მიერ დაწესებული სამი დიდი დღესასწაული: 14 ნისანს პასექის დღესასწაული (რომელსაც უფუარობის დღესასწაული მოსდევდა), 6 სივანს კვირების ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაული და 15—21 ეთანს მოსავლის აღების დღესასწაული (რომლის აღნიშვნა გამოსყიდვის დღემდე ხდებოდა). უფუარობის დღესასწაული ემთხვეოდა ქერის მკას, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული — ხორბლის მკას, მოსავლის აღების დღესასწაული კი, რომელსაც სამიწათმოქმედო წელიწადის მიწურულს აღნიშნავდნენ — ყველანაირი მოსავლის აღებას.

შაბათის წელი და იუბილეს წელიწადი. კანონის შეთანხმების თანახმად, ყოველი მეშვიდე წელი მიწისთვის სრული დასვენების ანუ შაბათის წელი იყო. შვიდი წლისგან შემდგარ კვირას „შაბათის წლებს“ უწოდებდნენ (ლვ. 25:2—8). ყოველი 50-ე წელი იუბილეს წელიწადი იყო, როცა ყველა ებრაელი მონა თავისუფლდებოდა და სამკვიდროები თავდაპირველ პატრონებს უბრუნდებოდა (ლვ. 25:10—41; იხ. შაბათის წელი).

მეფეების მმართველობის გამოთვლის მეთოდი. ისტორიული წყაროების თანახმად, ბაბილონელებში მეფეთა მმართველობის სრული წლების ათვლა ჩვეულებრივ პირველი ნისანიდან იწყებოდა. თუ ვინმე პირველ ნისანამდე გამეფდებოდა, მისი მმართველობის ეს პერიოდი ტახტზე ასვლის წლად ითვლებოდა, თუმცა ეს დრო წინამორბედი მეფის მმართველობის წლებს ემატებოდა. თუ ამ სისტემას იუდაშიც იცავდნენ, რაზეც იუდაური ტრადიცია მიანიშნებს, მაშინ ბიბლიაში ნათქვამი სიტყვები, რომ დავითმა და სოლომონმა „ორმოც წელიწადს“ იმეფეს, მმართველობის სრულ 40-წლიან პერიოდს გულისხმობს (1მფ. 1:39; 2:1, 10, 11; 11:42).

წინასწარმეტყველებაში. ხშირად წინასწარმეტყველებაში სიტყვა „წელს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და 360 დღეს უდრის (ანუ 12 თვე, რომელთაგან თითოეული 30-დღიანია) (გმც. 11:2, 3). მას აგრეთვე „დროს“ უწოდებენ და ზოგჯერ სიმბოლური გაგებით „დღედაც“ მოიხსენიებენ (გმც. 12:6, 14; ეზკ. 4:5, 6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება