ღვთის წინაშე წარდგომა, ღმერთთან მიახლოება
ძველ აღმოსავლეთში სამეფო კარზე მეფის წინაშე ვერავინ წარდგებოდა, თუ დადგენილ წესებს არ დაიცავდა და მეფისგან ნებართვას არ აიღებდა. მეფესთან შეხვედრის მსურველი უმეტეს შემთხვევაში შუამავალს მიმართავდა, რომელიც მის ვინაობას არკვევდა და მეფესთან წარადგენდა. შიდა ეზოში მყოფი სპარსეთის მეფე ახაშვეროშის წინაშე უნებართვოდ წარდგომა სიკვდილს ნიშნავდა. თუმცა, როცა დედოფალმა ესთერმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და მეფეს მოხმობის გარეშე ეახლა, მეფემ მას მოწყალე თვალით შეხედა (ესთ. 4:11, 16; 5:1—3). ერთხელ იუდამ იოსებს უთხრა, რომ ფარაონის ტოლი კაცი იყო. აქედან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სამეფო კარზე მისული პირი დიდი მოწიწებით იქცეოდა, რათა მეფის წყრომა არ გამოეწვია. ამაზე იოსების დანარჩენი ძმების საქციელიც მოწმობს (დბ. 42:6; 43:15—26; 44:14, 18). მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებივით არასრულყოფილები იყვნენ, მიწიერ მმართველთა წინაშე წარდგომა უაღრესად რთული იყო და იშვიათ პრივილეგიას წარმოადგენდა.
ღვთის სამყოფლის სიწმინდე. ათენში ყოფნისას პავლემ თქვა, რომ ღმერთი „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (სქ. 17:27). ღმერთთან მიახლოების შესაძლებლობას მთელ ბიბლიაში ესმება ხაზი. მაგრამ ამის მსურველი კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ღვთის კეთილგანწყობით უნდა სარგებლობდეს. დანიელმა ხილვაში „ძველი დღეთას“ დიდებული ზეციერი სასამართლო ნახა, ვისთანაც „კაცის ძეს“ „მისვლის ნება მიეცა და ის მის [იეჰოვას] წინაშე მიიყვანეს“. ეს ხილვა წარმოდგენას გვიქმნის უზენაესი მმართველის სამყოფელში გამეფებულ სიდიადეზე, პატივსა და წესრიგზე (დნ. 7:9, 10, 13, 14; შდრ. იერ. 30:21). იობის 1:6-დან და 2:1-დან ვიგებთ, რომ დანიშნულ დროს ღვთის წინაშე წარდგომის შესაძლებლობა ღვთის ზეციერ ძეებსაც აქვთ. რაც შეეხება ღვთის წინაშე ზეციერ ანგელოზებთან ერთად სატანის გამოჩენას, ეს უდავოდ უზენაესის ნებართვით მოხდა.
ღვთის ანარეკლად და მსგავსებად შექმნილი ადამიანი, რომელიც ღვთიური თვისებებით იყო დაჯილდოებული და დედამიწასა და ცხოველებზე ზრუნვა ევალებოდა, თავის ღმერთთან და მამასთან ურთიერთობას საჭიროებდა (დბ. 1:26, 27). ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაზე დაბადების 1:28—30-სა და 2:16, 17-ში ვკითხულობთ.
სრულყოფილი ადამი და ევა, რომელთათვისაც დანაშაული და ცოდვა უცხო იყო, თავიდან ღმერთს პირდაპირ, შუამავლის გარეშე ესაუბრებოდნენ. მათი ურთიერთობა მამაშვილურ ურთიერთობას ჰგავდა (დბ. 1:31; 2:25). მაგრამ, როცა შესცოდეს და ღმერთს ეურჩნენ, დაკარგეს ღმერთთან ასეთი ურთიერთობის შესაძლებლობა და სასჯელად სიკვდილი დაიტეხეს თავს (დბ. 3:16—24). ბიბლია არაფერს ამბობს, სცადეს თუ არა შეცოდების შემდეგ ადამმა და ევამ ღმერთთან მიახლოება.
რწმენის, კარგი საქმეებისა და მსხვერპლის მეშვეობით. ამბავი, რომელიც მსხვერპლის მეშვეობით კაენისა და აბელის ღმერთთან დაახლოების მცდელობაზე მოგვითხრობს, იმას მოწმობს, რომ ღმერთთან დაახლოების წინაპირობა რწმენა და კარგი საქმეებია. აქედან გამომდინარე, ღმერთი კაენს მხოლოდ მაშინ მიიღებდა, თუ ის კარგს გააკეთებდა (დბ. 4:5—9; 1ინ. 3:12; ებ. 11:4). მოგვიანებით, ენოშის დროს „იეჰოვას სახელის ხსენება“ დაიწყეს, რაც, როგორც ჩანს, ღვთის სახელის გულწრფელი მოხმობა არ ყოფილა (დბ. 4:26), რადგან აბელის შემდეგ მორწმუნედ ენოში კი არა, ენოქია დასახელებული. იგი ღმერთთან ერთად დადიოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა მოიწონა და მიიღო იგი (დბ. 5:24; ებ. 11:5). იუდას მე-14 და მე-15 მუხლებში ჩაწერილი ენოქის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ენოქის დროს მცხოვრები ხალხი ღვთის მიმართ დიდ უპატივცემულობას იჩენდა (იხ. ენოში).
ნოე იმის გამო, რომ თავის თანამედროვეთა შორის მართალი და უბიწო კაცი იყო, ღმერთს დაუახლოვდა და გადარჩა (დბ. 6:9—19). წარღვნის შემდეგ ის აბელის მსგავსად ღმერთს შესაწირავის მეშვეობით უახლოვდებოდა. ღმერთმა ის აკურთხა და დამატებითი მითითებები მისცა, რათა ნოეს მისი კეთილგანწყობილება არ დაეკარგა. ამასთანავე, მან შეთანხმება დაუდო იმის გარანტიად, რომ მსოფლიოს წარღვნით აღარასოდეს გაანადგურებდა (დბ. 8:20, 21; 9:1—11). ფრაზა „იეჰოვა, სემის ღმერთი“, სავარაუდოდ, იმის მიმანიშნებელია, რომ ღმერთმა სემი მის ორ ძმაზე მეტად მოიწონა (დბ. 9:26, 27).
მღვდელი მელქისედეკი. მართალია, ნოემ თავისი ოჯახის სახელით სამსხვერპლოზე შესაწირავი მიიტანა და მღვდლის მოვალეობა შეასრულა, მაგრამ მღვდელი, როგორც ასეთი, რომელიც ხალხს ღმერთთან უშუამდგომლებდა, მელქისედეკამდე არ არსებობდა. აბრაამი აღიარებდა მელქისედეკის მღვდლობას, რადგან „ყველაფრის მეათედი მისცა მას“ (დბ. 14:18—20). ებრაელების 7:1—3, 15—17, 25-ის თანახმად, მელქისედეკი ქრისტე იესოს წინასწარმეტყველური პირველსახე იყო.
სხვა პატრიარქები. აბრაამს ღმერთთან ახლო ურთიერთობის გამო ღვთის მეგობარი ეწოდა (ეს. 41:8; 2მტ. 20:7; იაკ. 2:23). ამ მეგობრობას რწმენა, მორჩილება და ის მოწიწება ედო საფუძვლად, რითაც აბრაამი ღმერთს უახლოვდებოდა, როცა ღმერთს სამსხვერპლოებს უგებდა და მსხვერპლს სწირავდა (დბ. 18:18, 19; 26:3—6; ებ. 11:8—10, 17—19). იეჰოვამ შეთანხმება დაუდო აბრაამს (დბ. 12:1—3, 7; 15:1, 5—21; 17:1—8), რომელმაც ამის ნიშნად წინადაიცვითა. ეს მოთხოვნა გარკვეული დრო ძალაში რჩებოდა და აუცილებელი იყო ღმერთთან მისაახლოებლად (დბ. 17:9—14; რმ. 4:11). აბრაამს ღვთის თვალში ისეთი მდგომარეობა ეკავა, რომ შეეძლო სხვებისთვისაც ელოცა (დბ. 20:7), თუმცა იეჰოვასა თუ მისი წარმომადგენლების მიმართ ყოველთვის მოწიწებას იჩენდა (დბ. 20:7; 17:3; 18:23—33). აბრაამის შორეული ნათესავი, იობიც, მღვდლის მოვალეობას ასრულებდა თავის ოჯახში — დასაწვავ მსხვერპლს სწირავდა თავისი ოჯახის სახელით (იობ. 1:5); გარდა ამისა, იობმა ილოცა თავისი სამი „მეგობრისთვის“ და „იეჰოვამ მოუსმინა იობს“ (იობ. 42:7—9).
ისაკი და იაკობი, ღვთის აღთქმის თანახმად აბრაამისთვის მიცემული მემკვიდრეები, რწმენით უხმობდნენ „იეჰოვას სახელს“, სამსხვერპლოებს უგებდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ და ასე უახლოვდებოდნენ ღმერთს (ებ. 11:9, 20, 21; დბ. 26:25; 31:54; 33:20).
ღვთის ანგელოზმა მოსეს უთხრა, არ მიახლოებოდა ცეცხლმოკიდებულ ბუჩქს და სანდლები გაეხადა, რადგან „წმინდა მიწაზე“ იდგა (გმ. 3:5). როგორც ღვთის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს ისრაელ ერში, მოსეს მთელი ცხოვრება იეჰოვასთან მიახლოების განსაკუთრებული პატივი ჰქონდა, რადგან იეჰოვა მას პირისპირ ესაუბრებოდა (რც. 12:6—13; გმ. 24:1, 2, 12—18; 34:30—35). მელქისედეკის მსგავსად, მოსეც ქრისტე იესოს წინასწარმეტყველური პირველსახე იყო (კნ. 18:15; სქ. 3:20—23).
ღმერთთან მიახლოება მისთვის მისაღები სახით. კანონის შეთანხმების მიცემამდე იეჰოვამ მთელ ისრაელს უბრძანა, სამი დღის განმავლობაში განწმენდილიყვნენ და ტანსაცმელი გაერეცხათ. მოსეს საზღვრები უნდა დაედგინა, რათა არც ცხოველი და არც ადამიანი არ მიჰკარებოდა სინას მთას და არ მომკვდარიყო (გმ. 19:10—15). მესამე დღეს „გამოიყვანა მოსემ ხალხი ბანაკიდან ჭეშმარიტ ღმერთთან შესახვედრად“ და ისინი მთის ძირას დააყენა, თვითონ კი შეთანხმების მისაღებად მთაზე ავიდა; იყო ქუხილი და ელვა, ცეცხლი ეკიდა მთას და კვამლი ასდიოდა, ისმოდა საყვირის ხმა (გმ. 19:16—20). იეჰოვამ მოსეს უბრძანა: „არც მღვდლები და არც ხალხი არ ამოიჭრან და არ ამოვიდნენ იეჰოვასთან, რომ არ დაატყდეთ მისი რისხვა“ (გმ. 19:21—25). ამ შემთხვევაში „მღვდლებში“, ალბათ, ოჯახების თავკაცები იგულისხმებიან, რომლებიც, იობის მსგავსად, იეჰოვას თავიანთი ოჯახების სახელით უახლოვდებოდნენ.
ღმერთთან მიახლოება კანონის შეთანხმების საფუძველზე. კანონის შეთანხმების საფუძველზე ცალკეულ ისრაელს თუ მთელ ერს ღმერთთან მიახლოება ღვთის მიერ დანიშნული სამღვდელოებისა და კანონით გათვალისწინებული შესაწირავის მეშვეობით შეეძლო, რომელიც ჯერ წმინდა კარავში, ხოლო მოგვიანებით ტაძარში იწირებოდა. მღვდლებად ლევიანი აარონის ძეები მსახურობდნენ. თუ სხვები, თუნდაც ის ლევიანები, რომლებიც აარონის შტოს არ მიეკუთვნებოდნენ, მღვდელმსახურების მიზნით სამსხვერპლოს ან წმინდა ნივთებს მიუახლოვდებოდნენ, სიკვდილით დაისჯებოდნენ (ლვ. 2:8; რც. 3:10; 16:40; 17:12, 13; 18:2—4, 7). მღვდლებს ფიზიკური და რიტუალური სიწმინდის დაცვა მკაცრად მოეთხოვებოდათ; მათ შესაფერისი სამოსელი უნდა სცმოდათ, როცა „სამსხვერპლოსთან წმინდა ადგილას“ მივიდოდნენ (გმ. 28:40—43; 30:18—21; 40:32; ლვ. 22:2, 3). ის, ვინც უზენაესი ღვთის წინაშე წარდგომისას მის მითითებებს დაარღვევდა, სიკვდილით დაისჯებოდა, როგორც აარონის ორი ვაჟი დაისაჯა (ლვ. 10:1—3, 8—11; 16:1). მთელი ერიდან მხოლოდ აარონსა და მისი საქმის გამგრძელებელ მღვდელმთავრებს შეეძლოთ წმინდათაწმინდაში შესვლა და წარდგომა შეთანხმების კიდობნის წინაშე, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნას განასახიერებდა, და ისიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გამოსყიდვის დღეს (ლვ. 16:2, 17). მღვდელმთავარი აარონი იესო ქრისტეს, ღვთის მიერ დანიშნულ მღვდელმთავარს, განასახიერებდა (ებ. 8:1—6; 9:6, 7, 24).
იერუსალიმის ტაძრის მიძღვნის დროს მეფე სოლომონი ერის სახელით წარდგა იეჰოვას წინაშე. მან ლოცვაში სთხოვა იეჰოვას, რომ დღედაღამ თვალი სჭეროდა იმ სახლზე, სადაც თავისი სახელი დაავანა, და ესმინა მეფის, ერისა და იმ უცხოელთა ვედრება, რომლებიც ისრაელს თაყვანისმცემლობაში შეუერთდნენ, როცა ისინი „ამ სახლისკენ მობრუნებული“ ილოცებდნენ. ამგვარად, იეჰოვასთან მიახლოება შეეძლო ყველას — გინდ მეფეს, გინდ რიგით ადამიანს (2მტ. 6:19—42).
ისრაელში ეროვნული საკითხების გადასაწყვეტად ღმერთს მეფე, მღვდელი და წინასწარმეტყველი მიმართავდნენ. ღვთისგან პასუხის მისაღებად ზოგჯერ მღვდელმთავარი ურიმსა და თუმიმს იყენებდა (1სმ. 8:21, 22; 14:36—41; 1მფ. 18:36—45; იერ. 42:1—3). იეჰოვასთან მიახლოების წესის დამრღვევი ისჯებოდა, როგორც მაგალითად, უზია დაისაჯა (2მტ. 26:16—20). ამ წესის დამრღვევთან იეჰოვა ზოგჯერ ყოველგვარ კავშირს წყვეტდა, როგორც საულთან გაწყვიტა (1სმ. 28:6; 1მტ. 10:13). იეჰოვა არავის აძლევდა იმის უფლებას, რომ უპატივცემულოდ მოპყრობოდნენ მას ან იმ ნივთებს, რომლებიც მის ყოფნას განასახიერებდა. ეს კარგად გამოჩნდა აბინადაბის ვაჟის, უზას მაგალითიდან. მან ხელი შეაშველა შეთანხმების კიდობანს, რის გამოც „აენთო უზაზე იეჰოვას რისხვა და იქვე დასცა ის ჭეშმარიტმა ღმერთმა უპატივცემულო საქციელისთვის“ (2სმ. 6:3—7).
მხოლოდ რიტუალი და მსხვერპლი არ კმარა. ზოგი ამტკიცებს, რომ იეჰოვას კულტი, რომელიც ზნეობრივი მოთხოვნების დაცვას ითვალისწინებს, რიტუალებისა და მსხვერპლშეწირვის საფუძველზე განვითარდა, თუმცაღა ფაქტები საპირისპიროს მოწმობს. რიტუალები და მსხვერპლშეწირვა არასდროს ყოფილა საკმარისი, ისინი მხოლოდ ღმერთთან დაახლოების ფორმალური საფუძველი იყო (ებ. 9:9, 10). საბოლოო ჯამში, თავად იეჰოვა წყვეტდა, ვის დაიახლოვებდა. ფსალმუნის 65:4-ში ნათქვამია: „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ, რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს“. რწმენა, სიმართლე, სამართლიანობა, სისხლის ღვრაში ბრალდაუდებლობა და ღვთის მორჩილება ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ღმერთთან მიახლოებაში. აქედან გამომდინარე, იეჰოვას მთაზე ავიდოდა ის, „ვისაც უდანაშაულო ხელი და სუფთა გული“ ჰქონდა, და არა ის, ვისაც მხოლოდ ძღვენი მიჰქონდა სამყაროს უზენაესი ღმერთისთვის (ფს. 15:1—4; 24:3—6; 50:7—23; 119:169—171; იგ. 3:32; 21:3; ოს. 6:6; მქ. 6:6—8). ამ თვისებების გარეშე მსხვერპლი, მარხვა და თვით ლოცვაც სისაძაგლე და არარაობა იქნებოდა ღვთისთვის (ეს. 1:11—17; 58:1—9; 29:13; იგ. 15:8). დანაშაულის ჩამდენს ღმერთთან მიახლოება მხოლოდ დამწუხრებული სულითა და განადგურებული გულით შეეძლო (ფს. 51:16, 17). მღვდლობა არ იძლეოდა მასთან მიახლოების გარანტიას. ღვთისთვის მიუღებელი იყო მღვდელი, რომელსაც სძულდა ღვთის სახელი და უვარგისი შესაწირავი მიჰქონდა (მლ. 1:6—9).
ღვთის წინაშე წარდგომა ზოგან სასამართლოში მოსამართლის წინაშე წარდგომას არის შედარებული (გმ. 22:8; რც. 5:16; იობ. 31:35—37; ეს. 50:8). ესაიას 41:1, 21, 22-ში იეჰოვა ერებს მიმართავს, რომ განსასჯელად წარუდგინონ თავიანთი სარჩელი და მტკიცებები.
ღმერთთან მიახლოება ახალი შეთანხმების საფუძველზე. კანონის შეთანხმება და მისით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავები, როგორც ღმერთთან მიახლოების კანონიერი საფუძველი, უფრო აღმატებულ საფუძველს განასახიერებდა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ღმერთთან მიახლოება (ებ. 9:8—10; 10:1). ეს საფუძველი ახალი შეთანხმების წყალობით შეიქმნა. მისი მეშვეობით დიდიან-პატარიანად ყველა შეიცნობდა იეჰოვას (იერ. 31:31—34; ებ. 7:19; 8:10—13). ქრისტე იესო, როგორც ახალი შეთანხმების ერთადერთი შუამავალი, გახდა „გზა“. „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“, — თქვა მან (ინ. 14:6, 13, 14). ქრისტეს სიკვდილით გაუქმდა ბარიერი, რომელიც იუდეველებსა და წინადაუცვეთელ უცხოტომელებს შორის არსებობდა, რათა ქრისტეს მეშვეობით ორივე ხალხს ჰქონოდა „მისასვლელი მამასთან ერთი სულით“ (ეფ. 2:11—19; სქ. 10:35). იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან მისაახლოებლად საჭიროა გვწამდეს, რომ ღმერთი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“, და რომ გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს (ებ. 11:6; 1პტ. 3:18). მათ, ვინც ღმერთს უახლოვდება ქრისტე იესოს — მღვდელმთავრისა და შუამავლის — მეშვეობით, იციან, რომ „ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებ. 7:25), და რომ შეუძლიათ „სიტყვაში სითამამით“ მიუახლოვდნენ წყალობის ტახტს (ებ. 4:14—16; ეფ. 3:12). ისინი სასჯელის შიშით არ უახლოვდებიან ღმერთს (რმ. 8:33, 34), თუმცა ღვთის მიმართ შიში და მოწიწება აქვთ, რაც ღმერთთან, „ყველას მოსამართლესთან“, მისაახლოებლად არის საჭირო (ებ. 12:18—24, 28, 29).
ღმერთთან მისაახლოებლად ქრისტიანებმა სულიერი შესაწირავი უნდა გაიღონ (1პტ. 2:4, 5; ებ. 13:15; რმ. 12:1). ტაძრები, ოქრო-ვერცხლი და ქვის გამოსახულებები ვერ დაგვაახლოებს ჭეშმარიტ ღმერთთან (სქ. 7:47—50; 17:24—29; შდრ. ეფ. 2:20—22). ქვეყნიერების მეგობრები ღვთის მტრები არიან. ღმერთი ამაყებს ეწინააღმდეგება, „სუფთა ხელებისა“ და განწმენდილი გულის მქონე თავმდაბალ ადამიანებს კი თავისთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს და არწმუნებს, რომ თუ მას დაუახლოვდებიან, ისიც დაუახლოვდება მათ (იაკ. 4:4—8).
ზეციერი იმედის მქონე ცხებულ ქრისტიანებს გზა ხსნილი აქვთ „იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად“; და რადგან იცნობენ „დიდ მღვდელს ღვთის სახლზე“ დაყენებულს, შეუძლიათ „წრფელი გულით და სრული რწმენით“ მიუახლოვდნენ ღმერთს (ებ. 10:19—22).
ღმერთზე მინდობისა და მასთან მიახლოების მნიშვნელობა ფსალმუნმომღერალმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „აი, დაიღუპება ყველა, ვინც შორს დგას შენგან. შენ დაადუმებ მას, ვინც გტოვებს და ამით უზნეობას სჩადის. ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი, რათა ვაუწყო ყველა მისი საქმე“ (ფს. 73:27, 28; იხ. ლოცვა).