ᲑᲔᲗ-ᲮᲝᲠᲝᲜᲘ
ორი ქალაქი, ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი, სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა, რადგან მათზე გადიოდა იოპიდან აიალონის სანაპირო ველის გავლით ბეთელისკენ ან გაბაონისა და იერუსალიმისკენ მიმავალი გზა. დღეისთვის ზემო ბეთ-ხორონის ადგილი უკავია სოფელ ბაით-ურ-ელ-ფაუკას (ბეთ-ხორონ-ელიონი), ხოლო ქვემო ბეთ-ხორონის ადგილი — ბაით-ურ-ეთ-ტაჰტას (ბეთ-ხორონ-ტაჰტონი). გამოდის, რომ ზემო ბეთ-ხორონი იერუსალიმის ჩრდ.-დას.-ით დაახლ. 16 კმ-ში მდებარეობდა, ხოლო ქვემო ბეთ-ხორონი — ზემო ბეთ-ხორონის დას. ჩრდ.-დას.-ით 2,5 კმ-ში. ორივე ქალაქი ბორცვებზე იყო გაშენებული.
ამ ქალაქების აშენება (დაარსება) ეფრემის ქალიშვილს ან შვილიშვილს, შეერას, მიეწერება (1მტ. 7:22—24). ისინი ეფრემის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობდა (იეს. 16:3, 5), ხოლო ბენიამინის ტომის სამკვიდრო მიწის საზღვარი „ეშვებოდა მთაზე, ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით“ (იეს. 18:13, 14). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორივე ქალაქი ეფრემის სამკვიდრო მიწაზე მდებარეობდა. მოგვიანებით ზემო ან ქვემო ბეთ-ხორონი კეჰათელ ლევიანებს გადასცეს (იეს. 21:20, 22; 1მტ. 6:68).
ეს ქალაქები სანაპირო ველიდან მთიანი მხარისკენ მიმავალ მთავარ გზაზე მდებარეობდა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ჯარები. ქანაანის მიწის დაპყრობის დროს იესო ნავეს ძე გაბაონის წინააღმდეგ გამოსულ ამორეველთა 5 მეფეს „ბეთ-ხორონის აღმართზე“ დაედევნა და დაამარცხა. იეჰოვამ ამორეველებს მსხვილ-მსხვილი სეტყვის მარცვლები დაუშინა, რასაც „ბეთ-ხორონის ფერდობზე“ ბევრი მათგანი ემსხვერპლა (იეს. 10:6—12). ზოგი მიიჩნევს, რომ „ბეთ-ხორონის ფერდობი“ ზემო და ქვემო ბეთ-ხორონს შორის იყო, რადგან ზემო ბეთ-ხორონი ქვემო ბეთ-ხორონზე დაახლ. 240 მ-ით მაღლა მდებარეობდა.
საულის მეფობის დროს ბეთ-ხორონის გზა ერთ-ერთი იყო იმ სამ გზას შორის, რომელთა გავლითაც მიქმაშში დაბანაკებული ფილისტიმელთა რაზმები სათარეშოდ მიდიოდნენ (1სმ. 13:16—18). მეფე სოლომონმა აღადგინა ან გაამაგრა ორივე ქალაქი გალავნებით, კარიბჭეებითა და ურდულებით, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ეგვიპტელ და ფილისტიმელ ჯარებს ვერ შემოეღწიათ (2მტ. 8:5). ეგვიპტის მეფე შიშაკი, რომელიც რობოამის მეფობის დროს იუდაში შეიჭრა, დაპყრობილ ქალაქებს შორის ბეთ-ხორონსაც მოიხსენიებს (1მფ. 14:25; 2მტ. 12:2—9). როდესაც იუდას მეფე ამაციამ ჩრდილოეთი სამეფოდან დაქირავებული ეფრემელი მებრძოლები ედომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად აღარ წაიყვანა, ისინი განრისხდნენ და იუდას ქალაქებს, მათ შორის ბეთ-ხორონს, დაესხნენ თავს (2მტ. 25:5—13).