გვირგვინი
უბრალო ან მდიდრული თავსამკაული, რომელსაც მეფეები, დედოფლები, მმართველები, სასულიერო, პატივდებული და დაჯილდოებული პირები ატარებენ. გვირგვინი წარღვნის შემდეგ მმართველობის, ძალაუფლების, დიდებულების, პატივისა და დაჯილდოების სიმბოლოდ იქცა.
თავიდან გვირგვინი (ებრ. ნეზერ) ჩვეულებრივი თავსაკრავი იყო, რომელსაც, სავარაუდოდ, გრძელი თმის უკან გადასაწევად ატარებდნენ. დროთა განმავლობაში ის სამეფო თავსამკაული გახდა, რომელსაც ნებისმიერი სიგრძის თმაზე იკეთებდნენ. ასეთი თავსაკრავები გამოსახულია ეგვიპტურ, ნინევურ და პერსეპოლურ ქანდაკებებზე. მოგვიანებით სხვადასხვა ფერის თუ ტიპის თავსაბურავით შესაძლებელი იყო მისი მფლობელის საზოგადოებრივი მდგომარეობის დადგენა. ზოგი თავსაკრავი სიგანეში 5 სმ იყო. მას ამზადებდნენ სელის, აბრეშუმის, ვერცხლისა და ოქროსგან. ასეთ გვირგვინებს ქუდზე იმაგრებდნენ. გავრცელებული იყო, აგრეთვე, შარავანდის ტიპის (გარშემო სხივისებრი შვერილებით) ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინი.
ებრაული ნეზერ გვირგვინის გარდა (2მტ. 23:11) ნიშნავს ისეთ რამეს, რაც გამოცალკევებული, გამოყოფილი ან მიძღვნილია. მაგალითად, მღვდელმთავარს „მიძღვნის ნიშნად ... თავისი ღვთის ზეთი“ ჰქონდა ნაცხები (ლვ. 21:10—12; შდრ. კნ. 33:16). ნეზერის პირველადი მნიშვნელობიდან გამომდინარე „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ სიტყვას თარგმნის, როგორც „მიძღვნის ნიშანს“, რაშიც იგულისხმება მღვდელმთავრის თავსაბურავზე მიმაგრებული ოქროს ფირფიტა. ოქროს ფირფიტაზე ამოტვიფრული იყო წარწერა: „სიწმინდე იეჰოვასია“ (გმ. 29:6; 39:30; ლვ. 8:9).
თავსაკრავს, როგორც სამეფო ხელისუფლების სიმბოლოს, ებრაელი მეფეებიც ატარებდნენ. საული ერთ-ერთი მათგანი იყო (2სმ. 1:10). თუმცა, ძირითადი ებრაული სიტყვა, რომელიც პირდაპირი გაგებით გვირგვინს ნიშნავს და გვირგვინადვე ითარგმნება, არის ʽატარაჰ. იგი წარმოდგება სიტყვიდან ʽატარ, რაც ალყაში მოქცევას, გარშემორტყმას ნიშნავს (შდრ. 1სმ. 23:26). გვირგვინი (ʽატარაჰ), რომელიც დავითმა რაბასთან ამონელებზე გამარჯვების ნიშნად წამოიღო, მალქამის კერპს ედგა თავზე. ერთადერთი, რაც ამ გვირგვინის შესახებ ვიცით, ის არის, რომ იგი ერთ ტალანტ ოქროს (დაახლ. 34 კგ) იწონიდა და ძვირფასი ქვებით იყო მოჭედილი. დავითს ეს გვირგვინი, სავარაუდოდ, დროებით დაადგეს თავზე, ცრუ ღვთაებაზე გამარჯვების ნიშნად (1მტ. 20:2; იხ. მოლექი).
ზოგი გვირგვინი ხალასი ოქროსგან იყო გაკეთებული (ფს. 21:3), ზოგიც ძვირფასი თვლებით იყო გაწყობილი (2სმ. 12:30). ზაქარიას 6:14-ში ნახსენებია „დიდებული გვირგვინი“, თუმცა ებრაულში გვხვდება მხოლოდ „გვირგვინები“, რომელსაც ზმნა მხოლობით რიცხვში მოსდევს. ამ შემთხვევაში მრავლობითი რიცხვი აღმატებულობას გამოხატავს.
იუდას უკანასკნელ მეფეს, ორგულ ციდკიას იეჰოვამ გამოუცხადა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი!“. აქ, სავარაუდოდ, სამეფო თავსაბურავი იგულისხმება, რომელზეც მეფე ოქროს გვირგვინს იდგამდა (შდრ. ფს. 21:3; ეს. 62:3). თავსაბურავისა და გვირგვინის, როგორც მოქმედი სამეფო ხელისუფლების სიმბოლოების მოშორება, იმას ნიშნავდა, რომ „იეჰოვას ტახტზე“ (1მტ. 29:23) ღვთის მესიანური მეფის გამოჩენამდე არავინ იჯდებოდა (ეზკ. 21:25—27; დბ. 49:10).
ესთერის 1:11; 2:17; 6:6—10-ში ნახსენებია „სამეფო თავსაბურავი“, რომელსაც სპარსეთის იმპერიაში ატარებდნენ. ამ მუხლებში გამოყენებული თავსაბურავის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ქეთერ მომდინარეობს სიტყვიდან ქათარ (ალყაში მოქცევა) (შდრ. მსჯ. 20:43). ბიბლიაში არ არის აღწერილი, როგორ გამოიყურებოდა სპარსული სამეფო თავსაბურავი, თუმცა ზოგადად ცნობილია, რომ სპარსეთის მონარქებს ეხურათ ხეშეში, ტილოსგან ან ქეჩისგან დამზადებული ქუდი, რომელსაც გარშემო ლურჯ-თეთრი ზონარი ჰქონდა შემოკრული. ფაქტობრივად, თვითონ ეს ზონარი თავსამკაული იყო.
ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ეგვიპტური სამეფო გვირგვინი გაორმაგდა. ქვემო ეგვიპტის გვირგვინი (წითელი ქუდი თხემზე გრძელი წაწვეტებული ბოლოთი და წინ ირიბი, ბოლოში დახვეული შვერილით) ზემო ეგვიპტის გვირგვინზე (თეთრი, მრგვალი, წოწოლა ქუდი ამობურცული ბოლოთი) იყო ჩამოცმული. გვირგვინს წინიდან, როგორც წესი, ეგვიპტელთა წმინდა სიმბოლო — ურეი (ასპიტი) ჰქონდა მიმაგრებული. ასურეთის მეფეების სამეფო თავსაბურავი მიტრას წააგავდა. იგი დამშვენებული იყო ყვავილების ფიგურებით, გარშემო შემოვლებული ჰქონდა აბრეშუმისა და სელის ზონრები. მას კონუსის ფორმა ჰქონდა და რაღაცით თანამედროვე ფესს (ფუნჯიანი ქუდი წაკვეთილი კონუსის მოყვანილობისა) ჰგავდა, თუმცა უფრო მაღალი იყო. ბერძნებსა და რომაელებს შედარებით სადა გვირგვინები ჰქონდათ. ზოგიერთი უბრალოდ შარავანდი იყო ან ყვავილწნულს ჰგავდა.
იეჰოვა მოიხსენიებს კაცებს, რომლებიც ოჰოლასა და ოჰოლიბას ხელებზე სამაჯურებს უკეთებდნენ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ადგამდნენ (ეზკ. 23:36, 42). გასულ საუკუნეებში ცნობილი და მდიდარი არაბი ქალები ატარებდნენ მოოჭვილ ოქროს გვირგვინებს, რომლებიც გუმბათის ფორმის თავსაბურავზე ჰქონდათ ჩამოცმული. შესაძლოა ასეთივე ტიპის თავსამკაულით იმშვენებდნენ თავს ძველად ქალები.
გვირგვინად ითარგმნა, აგრეთვე, ბერძნული სტეფანოს. რომაელმა ჯარისკაცებმა, ქრისტეს მეფობის მასხრად აგდებისა და მისთვის მეტი ტანჯვის მიყენების მიზნით, იესოს თავზე ეკლებისგან დაწნული გვირგვინი დაადგეს (მთ. 27:29; მრ. 15:17; ინ. 19:2). არსებობს სხვადასხვა აზრი იმის შესახებ, თუ რა მცენარისგან იყო დაწნული გვირგვინი. თუმცა სახარების დამწერებს მცენარე არ დაუსახელებიათ.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, კერძოდ, საქმეების 14:13-ში ვხვდებით მრავლობით რიცხვში მდგარ სტემმას (გვირგვინი). როცა ლისტრელებმა პავლე და ბარნაბა ღმერთებად შერაცხეს, ზევსის ქურუმმა ქალაქის კარიბჭესთან მსხვერპლის შესაწირავად ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა. მათ შესაძლოა პავლესთვის და ბარნაბასთვის (გვირგვინი ზოგჯერ კერპებისთვის იყო განკუთვნილი), ან საკუთარი თავისთვის თუ შესაწირი ცხოველებისთვის სურდათ გვირგვინების დადგმა. ასეთი გვირგვინები ძირითადად ღმერთებისთვის მიძღვნილი მცენარის ფოთლებისგან იყო დამზადებული (სქ. 14:8—18).
ყვავილების გვირგვინები თუ გირლანდები ათლეტური შეჯიბრებების დროს გამოიყენებოდა (2ტმ. 2:5). ბერძნულ თამაშობებში გამარჯვებულებს ხის ფოთლებისგან და ყვავილებისგან დაწნული გვირგვინებით აჯილდოებდნენ. მაგალითად, პითიურ თამაშობებში გამარჯვებულებს თავზე დაფნის გვირგვინს ადგამდნენ; ოლიმპიური თამაშობების გამარჯვებულთა გვირგვინი ველური ზეთისხილის ფოთლებისგან იწვნებოდა. ისთმოსის თამაშობებში (იმართებოდა კორინთის მახლობლად) გამარჯვებულებს ფიჭვის გვირგვინებით ამკობდნენ.
გადატანითი მნიშვნელობით. ებრაული ცეფირაჰ (გვირგვინი) იეჰოვამ სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენა სამარიისთვის (ეფრემის დედაქალაქი და ისრაელის ათტომიანი სამეფო) გამოტანილ განაჩენში. სამარია მაშინ პოლიტიკური ლოთებით იყო სავსე. ის „გააბრუა“ იუდას სამეფოსგან დამოუკიდებლობამ და იუდას (იეჰოვას წარმომადგენლობითი სამეფოს) მტრებთან, მათ შორის სირიასთან კავშირმა (იხ. ეს. 7:3—9). როგორც ლოთებს ღრეობის დროს თავზე ედგათ ყვავილისგან დაწნული გვირგვინები, ისე სამარიას „ედგა თავზე“ პოლიტიკური ძალაუფლების გვირგვინი. მაგრამ ეს მისი „დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი“ იყო. მაშინ იეჰოვა მისი ხალხიდან დარჩენილთათვის „მშვენიერი დიადემა და ლამაზი გვირგვინი“ გახდებოდა (ეს. 28:1—5).
ებრაულ ცეფირაჰს ვხვდებით, აგრეთვე, ეზეკიელის 7:7, 10-ში. მთარგმნელებმა ზუსტად არ იციან, რა მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა ამ მუხლებში. მსგავსი არამეული სიტყვა დილას ნიშნავს და სირიული ფეშიტას ლამსის თარგმანში გარიჟრაჟად არის ნათარგმნი. ზოგიერთმა მთარგმნელმა (AS; AT) ეს სიტყვა დააკავშირა მონათესავე არაბულ არსებით სახელთან და აღსასრულად თარგმნა. სხვა მთარგმნელებმა ეს სიტყვა ჯერად და რიგად თარგმნეს იმ მოსაზრებით, რომ ამ სიტყვის ფუძე წრის დარტყმას ნიშნავს (JB; JP; „წრე“, Ro).
მარჯვე ცოლი „ქმრის გვირგვინია [ებრ. ʽატარაჰ]“, რადგან თავისი კარგი საქციელით დიდება მოაქვს ქმრისთვის და სხვებს პატივისცემით განაწყობს მის მიმართ (იგ. 12:4). სიონი, სიმბოლური ქალი, იეჰოვას ხელში „სილამაზის გვირგვინი“ უნდა გამხდარიყო. ის იეჰოვას ნახელავი იქნებოდა, რომელსაც ღმერთი, ფიგურალურად თუ ვიტყვით, ხელში დაიჭერდა, რომ სხვებიც დამტკბარიყვნენ მისი სილამაზით (ეს. 62:1—3).
პავლესა და მისი თანამსახურების მოღვაწეობის შედეგად თესალონიკეში ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრება პავლეს „ლხენის გვირგვინი“, მისი უსაზღვრო სიხარულის მიზეზი გახდა (1თს. 2:19, 20; შდრ. ფლ. 4:1).
ჭაღარა „სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“. ღვთისმოშიშებით განვლილი ცხოვრება ღვთის თვალში მშვენიერია და სხვებისთვის სამაგალითო (იგ. 16:31; იხ. ლვ. 19:32). სიბრძნე, როგორც გვირგვინი, ამაღლებს და პატივისცემას უხვეჭს მის მფლობელს (იგ. 4:7—9). იესო ქრისტემ, რომელიც „ანგელოზებზე ოდნავ დაბლა“ დადგა, „სიკვდილის განცდის გამო დიდებისა და პატივის გვირგვინი მიიღო [როგორც სულიერი ქმნილება, ანგელოზებზე მეტად განდიდდა]“ (ებ. 2:5—9; ფლ. 2:5—11). იესოს ცხებული მიმდევრები ერთგულებისთვის ზეცაში მიიღებენ დიდების უჭკნობ, უხრწნელ გვირგვინს (1პტ. 5:4; 1კრ. 9:24—27; 2ტმ. 4:7, 8; გმც. 2:10). მაგრამ, თუ ისინი თავიანთ საქმეს პასუხისმგებლობით არ მოეკიდებიან, ზეციერ გვირგვინს დაკარგავენ. ამიტომ განდიდებული იესო ქრისტე მათ აფრთხილებს: „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას გვირგვინი“ (გმც. 3:11).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ბერძნული სიტყვა დიადემა გვირგვინად არის ნათარგმნი. ის სამეფო ძალაუფლების (კანონიერი თუ მითვისებული) სიმბოლოა. „დიდ ალისფერ დრაკონს“ (სატანა ეშმაკს) შვიდივე თავზე თითო გვირგვინი ედგა (გმც. 12:3, 9). ზღვიდან ამოსული სიმბოლური შვიდთავიანი მხეცის ათივე რქას გვირგვინები ამშვენებდა (გმც. 13:1). იესო ქრისტეს, ერთგულად და ჭეშმარიტად წოდებულს, თავზე „მრავალი გვირგვინი“ ადგას, რადგან მას იეჰოვასგან აქვს ძალაუფლება და უფლებამოსილება მიღებული (გმც. 19:11—13; 12:5, 10). გამოცხადების 6:2-სა და 14:14-ში იესო ქრისტე წარმოდგენილია, როგორც გვირგვინის (სტეფანოს) მატარებელი.