ელიაბი
1. ხელონის ვაჟი ზებულონის ტომიდან; ერთ-ერთი იმ 12 თავკაციდან, რომლებიც იეჰოვამ მოსესა და აარონის დამხმარეებად დანიშნა ლაშქარში გამსვლელი ისრაელის ძეების აღსარიცხად (რც. 1:1—4, 9, 16). ელიაბი სათავეში ედგა თავისი ტომის ლაშქარს, რომელიც იუდას ბანაკის სამტომიან დანაყოფს მიეკუთვნებოდა (რც. 2:3, 7; 10:14—16). კარვის დადგმის შემდეგ სხვა თავკაცებთან ერთად მიტანილი შესაწირავის გარდა, სამსხვერპლოს მიძღვნის მესამე დღეს თავკაცმა ელიაბმა საკუთარი შესაწირავიც მიიტანა (რც. 7:1—3, 10, 11, 24—29).
2. ფალუს ვაჟი რეუბენის ტომიდან; ნემუელის მამა; ელიაბის სხვა ვაჟებმა — დათანმა და აბირამმა, მხარი დაუჭირეს მოსეს წინააღმდეგ აჯანყებულ კორახს, რის გამოც თავიანთ სახლეულობასთან ერთად ჩაინთქნენ სასწაულებრივად გახსნილ მიწაში (რც. 16:1, 12; 26:8—10; კნ. 11:6).
3. ლევიანი კეჰათელთა საგვარეულოდან; წინასწარმეტყველი სამუელის წინაპარი (1მტ. 6:22, 27, 28, 33, 34); 1 მატიანის 6:34-ში მას ეწოდება ელიელი, 1 სამუელის 1:1-ში კი — ელიჰუ.
4. მეფე დავითის მამის, იესეს პირმშო (1სმ. 17:13; 1მტ. 2:13); ელიაბის გარეგნობამ და სიმაღლემ ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა სამუელს, რომ ის იყო ღვთის არჩეული მეფე. მაგრამ იეჰოვამ უარყო ელიაბი და აირჩია დავითი (1სმ. 16:6—12).
იესეს სამი უფროსი ვაჟი — ელიაბი, ამინადაბი და შამა, საულის ჯარში მსახურობდა, როცა ფილისტიმელთა მეომარი გოლიათი ისრაელ კაცებს ორთაბრძოლაში იწვევდა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე გოლიათი კიდევ ერთხელ გამოვიდოდა ფილისტიმელთა რიგებიდან ისრაელის დასაცინად, მამის მიერ გაგზავნილი დავითი ისრაელთა ბანაკში მივიდა და თავის ძმებს საკვები მიუტანა. ელიაბი გააბრაზა იმის გაგებამ, რომ დავითი ისრაელ მეომრებს ეკითხებოდა, რა ჯილდოს მიიღებდა გოლიათის დამმარცხებელი, ამიტომ საყვედურებით აავსო ის, დააბრალა, რომ უპატრონოდ მიატოვა ცხვარი, კადნიერი იყო და ბოროტი გული ჰქონდა (დავითის დავალებისა და ელიაბის გაბრაზების შესახებ მონაკვეთი გამოტოვებულია ვატიკანურ ხელნაწერ №1209-ში) (1სმ. 17:13, 17, 26—28).
მოგვიანებით დავითის ვაჟი იერიმოთი, როგორც ჩანს, ელიაბის ასულ აბიჰაილზე დაქორწინდა (2მტ. 11:18).
5. ერთ-ერთი გადელი, რომელიც მიემხრო დავითს, როცა ის ჯერ კიდევ შევიწროებული იყო მეფე საულისგან. გადელები მოხსენიებულნი არიან ძლიერ ვაჟკაცებად, რომელთაგან უმცირესი ას კაცს უტოლდებოდა, უდიდესი კი — ათასს (1მტ. 12:1, 8, 9, 14).
6. ლევიანი მუსიკოსთა მეორე ჯგუფიდან, რომლებიც საკრავებზე უკრავდნენ, როცა მეფე დავითს იეჰოვას კიდობანი ობედ-ედომის სახლიდან იერუსალიმში გადაჰქონდა (1მტ. 15:18, 20, 25; 16:5).