ეფრემი
[ორმაგად ნაყოფიერი].
1. იოსების ვაჟი, რომელიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას ასულმა, ასენათმა გაუჩინა. ეფრემი, მენაშეს უმცროსი ძმა, ეგვიპტეში შვიდწლიანი შიმშილობის დაწყებამდე დაიბადა. სახელი მამამისმა, იოსებმა დაარქვა, „რადგან ამბობდა, ღმერთმა გამხადა ნაყოფიერი ჩემი საცოდაობის მიწაზეო“ (დბ. 41:50—52).
სიკვდილის წინ იაკობმა, ფაქტობრივად, იშვილა თავისი შვილიშვილები, ეფრემი და მენაშე, და თავის შვილებს გაუთანასწორა (დბ. 48:5). ეფრემისა და მენაშეს მამას, იოსებს, რომელმაც იაკობის ვაჟებს შორის პირმშოობის უფლება მიიღო, მამამისის მემკვიდრეობის ორმაგი წილი მიეცა ეფრემისა და მენაშეს ტომებისთვის მიცემული მემკვიდრეობის სახით (1მტ. 5:1; შდრ. დბ. 48:21, 22; კნ. 21:17; იეს. 14:4). ეფრემისა და მენაშეს კურთხევის დროს იაკობმა უპირატესობა ეფრემს მიანიჭა და უწინასწარმეტყველა, რომ ის მეტად გამრავლდებოდა (დბ. 48:13—20).
1 მატიანის 7:20—27-ში მოყვანილია ეფრემის ვაჟების, შემდეგ კი შთამომავლების გენეალოგიური ნუსხა. ეს ნუსხა მთავრდება იესო ნავეს ძით, რომელმაც ისრაელი აღთქმულ მიწაზე შეიყვანა. ეცერი და ელეადი, როგორც ჩანს, ეფრემის შვილები, გათელებმა დახოცეს. ვაჟების სიკვდილის შემდეგ ეფრემს შეეძინა ბერია.
2. ეს სახელი ეფრემისგან წამოსულ ტომზეც მიუთითებს. ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ეფრემის ტომში ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი 40 500 კაცი აღირიცხა, რაც 8 300-ით აღემატებოდა მენაშეს ტომის მამაკაცების რაოდენობას (რც. 1:1—3, 32—35). მაგრამ უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის ბოლოს ეფრემელი მამაკაცების რიცხვი მენაშეს ტომში აღრიცხული მამაკაცების რიცხვზე 20 200-ით ნაკლები იყო და 32 500-ს შეადგენდა (რც. 26:34, 37). მიუხედავად ამისა, ეფრემზე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის მეტად გამრავლდებოდა. ისრაელების კურთხევისას მოსემ იწინასწარმეტყველა, რომ „ეფრემს ათი ათასები“ ეყოლებოდა, ხოლო „მენაშეს ათასები“ (კნ. 33:17).
უდაბნოში ეფრემელები, რომელთა თავკაციც ელიშამა იყო, კარვის დასავლეთით იყვნენ დაბანაკებულები მენაშესა და ბენიამინის ტომებთან ერთად. ეს სამტომიანი დანაყოფი მესამე უნდა დაძრულიყო (რც. 2:18—24).
ტომის ტერიტორია. ეფრემის ტერიტორია იორდანეს დასავლეთით ქანაანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. ეფრემს მენაშეს ტერიტორიაზეც ჰქონდა ქალაქები. ჩრდილოეთით მას მენაშე ესაზღვრებოდა, ხოლო სამხრეთით — ბენიამინი და დანი (იეს. 16:1—9). ეს ადგილები მართალია, მთაგორიანია, მაგრამ ნაყოფიერი მიწით არის კურთხეული, ძველად კი ხშირი ტყით იყო დაფარული (იეს. 17:15, 17, 18). აღთქმული მიწის დასანაწილებლად ეფრემის ტომიდან ღვთისგან დანიშნული იყო თავკაცი კემუელი (რც. 34:18, 24).
კარავი ეფრემის ტერიტორიაზე შილოში დადგეს (იეს. 18:1). ეფრემში თავშესაფარი ქალაქის, შექემის გარდა, ლევიანთა სხვა ქალაქებიც იყო (იეს. 21:20—22; 1მტ. 6:66—69). ლევიანთა ერთ-ერთი ქალაქიდან, გეზერიდან, ეფრემელებს ქანაანელები არ განუდევნიათ, თუმცა დაიმორჩილეს ისინი და მონურად ამუშავებდნენ (იეს. 16:10; მსჯ. 1:29).
ეფრემის ტომი იესო ნავეს ძის დროიდან დავითის დრომდე. ეფრემში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. შექემში მოსეს მემკვიდრემ, ეფრემელმა იესო ნავეს ძემ ისრაელთა ტომები შეკრიბა და მოუწოდა, რომ იეჰოვასთვის ერთგულად ემსახურათ (იეს. 24:1, 14, 15). აგრეთვე შექემში საბოლოოდ დამარხეს იოსების ძვლები. იესო ნავეს ძეც და აარონის ვაჟი ელეაზარიც ეფრემის მთიან მხარეში დამარხეს (იეს. 24:29—33). მოგვიანებით ბენიამინელმა მსაჯულმა ეჰუდმა ეფრემის მთიან მხარეში შეკრიბა ისრაელები მოაბელების წინააღმდეგ საბრძოლველად (მსჯ. 3:26—30). ეჰუდის სიკვდილის შემდეგ წინასწარმეტყველმა დებორამ თავისი საცხოვრებლიდან, ეფრემის მთიანი მხარიდან კაცები გაგზავნა ბარაკთან, იეჰოვას რჩეულთან, რომელსაც მეფე იაბინის ჩაგვრისგან უნდა ეხსნა ისრაელი. ბარაკისა და დებორას გამარჯვების სიმღერაში პირველად ეფრემი მოიხსენიება (მსჯ. 4:1—7; 5:14). მოგვიანებით ისრაელში 23 წელს მსაჯულობდა თოლა, რომელიც ისაქარის ტომიდან იყო და შამირში, ეფრემის მთიან მხარეში ცხოვრობდა (მსჯ. 10:1, 2). წინასწარმეტყველი სამუელი ლევის ტომიდან ეფრემის მთიან მხარეში, რამაში დაიბადა და ზრდასრულობის ასაკში ისევ იქ დაბრუნდა საცხოვრებლად (1სმ. 1:1, 2, 19, 20; 7:15—17).
სიამაყემ და განდიდების ძლიერმა სურვილმა ეფრემელები სხვა ტომებს დაუპირისპირა. პირველად ეს მსაჯულების დროს მოხდა. ეფრემელებმა ჩხუბი დაუწყეს გედეონს იმის გამო, რომ მან თავიდანვე არ მოუხმო მათ მიდიანის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა გედეონმა ტაქტიანობა გამოავლინა და თავიდან აიცილა შეტაკება (მსჯ. 8:1—3). მოგვიანებით ეფრემელებმა დამცირებულად იგრძნეს თავი, როცა იფთახმა არ დაუძახა მათ ამონელების წინააღმდეგ საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უარი უთხრეს იფთახს დახმარებაზე. ისინი შეებრძოლნენ იფთახს და დამარცხდნენ. იორდანეს ფონებთან ათასობით ეფრემელი დახოცეს. გალაადელები ხვდებოდნენ, რომ ისინი ეფრემელები იყვნენ, რადგან „შიბოლეთის“ ნაცვლად „სიბოლეთს“ ამბობდნენ (მსჯ. 12:1—6; იხ. აგრეთვე 2მტ. 25:10).
მეფე საულის სიკვდილის შემდეგ მათ შორის, ვინც ხებრონში დავითისთვის სამეფოს გადასაცემად მივიდა, 20 800 ეფრემელი იყო (1მტ. 12:23, 30).
ჩრდილოეთი სამეფოს მთავარი ტომი. რობოამის მმართველობის დროს ისრაელის სამეფოს გაყოფის შემდეგ ეფრემმა, როგორც ჩრდილოეთი სამეფოს ყველაზე გავლენიანმა და მთავარმა ტომმა, ცუდი სახელი დაიმკვიდრა (ოს. 13:1). პირველმა მეფემ, ეფრემელმა იერობოამმა, დანსა და ბეთელში ხბოს თაყვანისმცემლობა დააარსა (1მფ. 11:26; 12:25—30). იქიდან მოყოლებული მათ თავი ვეღარ დააღწიეს კერპთაყვანისმცემლობას.
ეფრემში, როგორც ჩრდილოეთი სამეფოს მთავარ ტომში, ათტომიანი სამეფო იგულისხმებოდა (2მტ. 25:7; იერ. 7:15). ამიტომ ამხილეს ეფრემი წინასწარმეტყველებმა, ოსიამ და ესაიამ. ოსიამ მსჯავრი დასდო ეფრემს, რადგან ის შეერია სხვა ერებს, ისწავლა მათი საქმეები და ემსახურებოდა მათ კერპებს. მან ეფრემი გადმოუბრუნებელ კვერს შეადარა, რომელსაც ძირი გამოუცხვა ან დაეწვა, ზემოდან კი ისევ ცომი იყო (ოს. 7:8; შდრ. ფს. 106:35, 36; ოს. 4:17; 12:14). მიუხედავად იმისა, რომ უცხოებმა ძალა გამოაცალეს, იეჰოვასთან დაბრუნების ნაცვლად, ეფრემმა დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართა და ასურეთთან დადო შეთანხმება. ამგვარად, ეფრემი დაემსგავსა სულელ და უგუნურ მტრედს, რომელიც ბადეში ებმება (ოს. 7:9—12; 8:9; შდრ. 2მფ. 17:4; ოს. 12:1).
წინასწარმეტყველმა ესაიამ მიმართა ეფრემის ამაყ ლოთებს. იუდას სამეფოსგან დამოუკიდებლობა და სირიასა და სხვა ქვეყნებთან კავშირი ეფრემზე მათრობელა სასმელივით მოქმედებდა. უბედურება გარდაუვალი იყო (ეს. 7:1, 2, 5—9, 17; 9:9—12; 17:3; 28:1—3).
მაგრამ იეჰოვას წინასწარმეტყველმა ისიც თქვა, რომ ეფრემსა (ათტომიანი სამეფო) და იუდას (ორტომიანი სამეფო) შორის შური და მტრული დამოკიდებულება აღარ იქნებოდა (ეს. 11:13; იერ. 31:6). ისინი გაერთიანდებოდნენ და ეფრემი ღვთის კეთილგანწყობას დაიბრუნებდა (იერ. 31:18—20; 50:19; ეზკ. 37:16—19; ზქ. 10:7).
მიუხედავად იმისა, რომ ეფრემს ცუდი სახელი ჰქონდა, ამ ტომში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სწორ გზას ადგნენ. მაგალითად, იუდაში ასას მეფობის დროს ბევრი ეფრემელი გადავიდა ასას მხარეს, როცა დაინახეს, რომ იეჰოვა მასთან იყო (2მტ. 15:9). მოგვიანებით ხიზკიას მეფობის პირველ წელს ეფრემელები ესწრებოდნენ პასექის დღესასწაულს იერუსალიმში, რის შემდეგაც მათ მონაწილეობა მიიღეს კერპების განადგურებაში (2მტ. 30:18; 31:1). მაგრამ, როცა ხიზკიამ ჩრდილოეთში მცხოვრები ისრაელები პასექის დღესასწაულზე მიიწვია, მის მალემსრბოლებს ბევრი დასცინოდა ეფრემში, მენაშესა და ზებულონში და მასხარად იგდებდა. სიამაყემ ხელი შეუშალა მათ, რომ თავი დაემდაბლებინათ და იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ჩასულიყვნენ (2მტ. 30:10, 11).
3. ქალაქი, რომელსაც ქალაქ ეფრაინად მიიჩნევენ. ის იუდას მეფე აბიამ წაართვა ისრაელის მეფე იერობოამს (2მტ. 13:19). ახ. წ. I საუკუნეში, როცა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს მოკვლა განიზრახეს, ის მოწაფეებთან ერთად უდაბნოს ახლომდებარე მხარეში, ქალაქ ეფრემში წავიდა (ინ. 11:53, 54). როგორც ფიქრობენ, ეს ქალაქი მდებარეობდა სოფელ ეთ-ტაიიბას ადგილას, ბეთელიდან აღმ. ჩრდ.-აღმ.-ით დაახლოებით 6 კმ-ში და ბაალ-ხაცორის სავარაუდო ადგილიდან აღმ. სამხრ.-აღმ.-ით 3 კმ-ში (2სმ. 13:23). ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თანახმად, რომაელმა მხედართმთავარმა ვესპასიანემ იერუსალიმზე ლაშქრობის დროს დაიპყრო ეფრემი („იუდეველთა ომი“, IV, 551 (ix, 9), ინგლ.).
4. „ეფრემის ტყე“ იორდანეს აღმოსავლეთით მდებარეობდა, სადაც მეფე დავითის ჯარი მისი შვილის, მოჯანყე აბესალომის წინააღმდეგ იბრძოდა (2სმ. 18:6—8). გალაადის მიწაზე ეფრემის ტყის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის მახანაიმის ახლოს იყო (2სმ. 17:22, 24, 26).