ᲔᲕᲤᲠᲐᲢᲘ
ყველაზე გრძელი და მნიშვნელოვანი მდინარე სამხრ.-დას. აზიაში. თურქეთში მას ფირატ-ნეჰრის უწოდებენ. ეს სახელწოდება ჰგავს ებრაულ ფერათს და ძველ სპარსულ უფრატუს. ევფრატი პირველად დაბადების 2:14-შია მოხსენიებული იმ ოთხ მდინარეს შორის, რომლებიც ედემიდან მოედინებოდნენ.
ისრაელის აღთქმული მიწის საზღვარი. როცა ღმერთმა აბრაამს შეთანხმება დაუდო, დაჰპირდა, რომ მის შთამომავალს მისცემდა მიწას „ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე“ (დბ. 15:18). ეს დაპირება ღმერთმა ისრაელ ერს არაერთხელ გაუმეორა (გმ. 23:31; კნ. 1:7, 8; 11:24; იეს. 1:4). როგორც 1 მატიანის 5:9-დან ვიგებთ, რეუბენის შთამომავლები ჯერ კიდევ დავითის ეპოქამდე „დასახლდნენ უდაბნომდე, მდინარე ევფრატთან რომ არის“. ვინაიდან ევფრატი გალაადის აღმოსავლეთით (1მტ. 5:10) 800 კმ-ში მდებარეობდა, შეიძლება ამაში ის იგულისხმებოდეს, რომ რეუბენელებმა გალაადიდან აღმ.-ით ტერიტორია სირიის უდაბნოს საზღვრამდე გააფართოვეს, რომელიც თავის მხრივ ევფრატამდე იყო გადაჭიმული. როგორც ჩანს, ღვთის დანაპირები სრულად დავითისა და სოლომონის მეფობის პერიოდში შესრულდა, როცა ისრაელის საზღვარმა არამელთა სამეფომდე, ცობამდე მიაღწია. ეს სამეფო მდინარე ევფრატის იმ მონაკვეთში მდებარეობდა, რომელიც ჩრდილოეთ სირიას ეკუთვნოდა (2სმ. 8:3; 1მფ. 4:21; 1მტ. 18:3—8; 2მტ. 9:26). მდინარე ევფრატი იმდენად ცნობილი იყო, რომ მას სახელის გარეშე, უბრალოდ მდინარედ მოიხსენიებდნენ (იეს. 24:2, 15; ფს. 72:8).
სათავე და მიმართულება. ევფრატი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 2 700 კმ-ია, ორი ძირითადი წყაროდან საზრდოობს. ერთი, რომელიც ყარასუს სახელით არის ცნობილი, სათავეს ჩრდ.-აღმ. თურქეთში იღებს შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ში. მეორე მდინარე მურად-ნეჰრი კი სათავეს იღებს ვანის ტბასა და არარატის მთას შორის სადღაც შუა ადგილიდან. ამ ორი მდინარის თითქმის შუაგზაზე მდებარეობს მდინარე არაქსის ხეობა. ზოგის აზრით, ეს მდინარე დაბადების 2:13-ში მოხსენიებული გიხონის მდინარეა. ყარასუ და მურად-ნეჰრი თითქმის ერთმანეთის პარალელურად მიედინებიან დასავლეთის მიმართულებით და ზღვის დონიდან დაახლოებით 610 მ სიმაღლეზე ქალაქ ქებანთან ახლოს ერთმანეთს უერთდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ მდინარე ევფრატი სწორედ აქედან იწყება. იმ ადგილიდან, საიდანაც სათავეს იღებს მურად-ნეჰრი, მდინარე მთაგორიან ტერიტორიაზე დაახლოებით 640 კმ-ზე მიედინება, შემდეგ უხვევს სამხრეთით და გადის კიდევ 480 კმ-ს; ამ გზაზე ის ქმნის ჩანჩქერებსა და ჭორომებს, ბოლოს კი გადის სირიის დაბლობზე იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მდებარეობდა ძველი ქარხემიში.
ფონი ქარხემიშთან ქარხემიში იცავდა მთავარ ფონს, სადაც ჩრდ. შუამდინარეთიდან ჩრდ. სირიაში მიმავალი ჯარები და ქარავნები კვეთდნენ მდინარეს. ქარხემიში დიდი გამაგრებული ქალაქი იყო, რომელიც მოგვიანებით ასურელების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა (ეს. 10:5—9). დაახლოებით ძვ. წ. 629 წელს ფარაონმა ნექომ აიღო ეს ქალაქი, მას შემდეგ, რაც მოკლა იუდეველთა მეფე იოშია, რომელიც საბრძოლველად გამოვიდა მეგიდოში თავის გზაზე მიმავალ ნექოსთან (2მფ. 23:29; 2მტ. 35:20—24). დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ ძვ. წ. 625 წელს ნაბუქოდონოსორის ჯარმა გადაკვეთა მდინარე ევფრატი და ქარხემიშთან ეგვიპტელები დაამარცხა, რითაც წერტილი დაესვა სირია-პალესტინაზე ეგვიპტელთა ბატონობას (იერ. 46:2, 6, 10; 2მფ. 24:7).
ქარხემიშიდან სპარსეთის ყურემდე. ევფრატიდან, ქარხემიშის ტერიტორიიდან, ხმელთაშუა ზღვამდე მთლიანობაში დაახლოებით 160 კმ-ია. თუმცა აქ მდინარე უხვევს სამხრ.-აღმ.-ით სპარსეთის ყურის მხარეს და გადის 1100 კმ-ზე მეტს. მდინარის შუაწელში — ქარხემიშიდან ქალაქ ჰითისკენ, რომელიც მდებარეობს ბუნებრივი ფისის წყაროების ტერიტორიაზე — ევფრატი ივსება მდინარეების, ბალიხისა და ხაბურის, წყლებით. აქედან მდინარე მიედინება შუამდინარეთის ნაყოფიერ ველზე და ჰითის ქვემოთ დაახლოებით 80 კმ-ში ბაღდადთან ახლოს უახლოვდება მდინარე ტიგროსს და მისგან 40 კმ მოშორებით მიედინება. ევფრატის ამ ქვედა ნაწილში მდინარე იკარგება ვრცელ ჭაობებსა და დანგრეულ არხებში და მდორედღა მიედინება.
ბოლოს ევფრატი და ტიგროსი ერთმანეთს უერთდება ბასრასთან ახლოს და ქმნის მდინარეს, რომელიც ცნობილია შატ-ელ-არაბის სახელით და ჩადის სპარსეთის ყურემდე. პლინიუსისა და ძველ დროში მცხოვრები სხვა ისტორიკოსების სიტყვების თანახმად, თავიდან ევფრატი ტიგროსთან შეერთების გარეშე ჩაედინებოდა სპარსეთის ყურეში (Natural History, VI, XXVI, გვ. 128—131). მიიჩნევენ, რომ ორივე მდინარის მიერ მოტანილმა დანალექმა შექმნა დელტა სპარსეთის ყურის სათავესთან ახლოს, და რომ თავდაპირველი სანაპირო ზოლი ჩრდ.-ით იყო გადაჭიმული და შესაძლოა აღწევდა ქალდეველთა ძველ ქალაქ ურამდე, სადაც ერთ დროს აბრაამი ცხოვრობდა.
სექტემბერში მდინარე ევფრატის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, შემდეგ ნელ-ნელა მატულობს და, როგორც წესი, მაისში უმაღლეს ნიშნულს აღწევს. თოვლის დნობის შედეგად გაზაფხულზე მდინარე გადმოდის ნაპირებიდან. ესაიამ უდავოდ იმის გამო უწოდა ბაბილონს „ზღვის უდაბნო“, რომ ყოველწლიურად ევფრატიც და ტიგროსიც ნაპირებიდან გადმოდის (ეს. 21:1, 2). დატბორვისგან დასაცავად ძველ დროში დამბებსა და კაშხლებს აგებდნენ, საიდანაც წყლები სარწყავ სისტემებში და სანიაღვრეებში ჩაედინებოდა. ეს არხები ევფრატსა და ტიგროსს შორის სარწყავ სისტემას ქმნიდა, რის წყალობითაც ქვედა ბაბილონეთის დიდი ნაწილი უხვმოსავლიანი იყო. საუკუნეების განმავლობაში ეს არხები ამოივსო, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობა განადგურებამდე მივიდა; სარწყავი წყლების გამოყენებამ განაპირობა ნიადაგის დამლაშება, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ერთ დროს ნაყოფიერი ველი საბოლოოდ უნაყოფო გახდა.
მნიშვნელოვანი ქალაქები. ევფრატის ნაპირებზე ძველად გაშენებული იყო ბევრი ქალაქი, მათ შორის ური, ერექი, კიში და ბაბილონი. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და დას.-ით იწყო დენა, ამგვარად, იმ ქალაქების უმეტესობა მისგან აღმ.-ით რამდენიმე კილომეტრში აღმოჩნდა.
ძველი ბაბილონი თავიდან მდინარე ევფრატის ორივე მხარეს იყო გაშენებული. მდინარის წყლებით ივსებოდა ღრმა თხრილი ქალაქის გარშემო და აგრეთვე ქალაქის კედლების შიგნით არსებული წყლის არხები. ძვ. წ. 539 წელს კიროსმა ქალაქის დაპყრობის მიზნით ევფრატის წყლებს მიმართულება შეუცვალა, რათა მეომრებს თავისუფლად გაევლოთ მდინარის ფსკერზე და მოულოდნელად შეეტიათ ქალაქისთვის. აი ასე დაშრა ევფრატის წყლები, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო (ეს. 44:27, 28; 45:1). გამოცხადების 16:12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მსგავსი რამ ხდება, როდესაც მეექვსე ანგელოზი თავის თასს „დიდ მდინარე ევფრატზე“ ღვრის. შემდეგი თავი აღწერს სიმბოლური „დიდი ბაბილონის“ განადგურებას, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით ზის „მრავალ წყალზე“, რაშიც იგულისხმება „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“ (გმც. 17:1, 5, 15—18).
საზღვარი; იერემიას მოგზაურობა. ევფრატი წარმოადგენდა სირია-პალესტინის ჩრდილოეთ საზღვარს, რომლისთვისაც იბრძოდნენ ეგვიპტე და ბაბილონი. ამგვარად, სპარსეთის იმპერიის პერიოდში მდინარე ყოფდა აღმოსავლეთს დასავლეთისგან, რაზეც მიანიშნებს სიტყვათშეთანხმება „მდინარისგაღმელები“ (ეზრ. 4:10, 11; 5:3; 6:6; ნემ. 2:7). მოგვიანებით, ევფრატზე გადიოდა აგრეთვე რომის იმპერიის აღმ. საზღვარი.
იერემიას 13:1—7-ში ჩაწერილი სიტყვები ზოგიერთებს სადავოდ მიაჩნიათ, რადგან უმოკლესი გზა იერუსალიმიდან ევფრატამდე (ქარხემიშთან ახლოს რაღაც ადგილამდე, სამხრეთით), რომელიც შესაძლოა იერემიამ გაიარა, შეადგენდა 500 კმ-ზე მეტს, და თუ ბიბლიას დავეყრდნობით, მან შესაძლოა ეს გზა ორჯერ გაიარა (ამასთან დაზუსტებით არ არის ნათქვამი, რამდენი დრო გავიდა ამ მოგზაურობებს შორის). ებრაული საგამომცემლო საზოგადოების თარგმანში ამ ადგილას უბრალოდ გაკეთებულია ებრაული სიტყვის, ფერათის, ტრანსლიტერაცია და ზოგი ასკვნის, რომ საუბარია არა ევფრატზე, არამედ სოფელ ფარაზე (იეს. 18:23), რომელიც მდებარეობდა ანათოთთან ახლოს იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში. თუმცა, სახელ ფერათის (ევფრატი) ოთხჯერ გამეორება ამ ბიბლიურ ტექსტში აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ ეს გეოგრაფიული ადგილი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წინასწარმეტყველებაში, მაშინ როცა ნაკლებად ცნობილ სოფელ ფარას სავარაუდოდ არ მიენიჭებოდა ამხელა მნიშვნელობა. თუმცა ზოგი აღნიშნავს, რომ ამ მონაკვეთში სიტყვასთან ფერათ არ გამოიყენება ებრაული სიტყვა ნაჰარ (მდინარე). აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სიტყვა არ გვხვდება არც იერემიას 51:63-ში, სადაც აშკარად მდინარე ევფრატზე მიდის საუბარი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს იმის თქმის მყარი საფუძველი, რომ იერემიას 13:1—7-ში მდინარე ევფრატის გარდა სხვა რამ იგულისხმება.
სავსებით შესაძლებელია, რომ იერემიამ მდინარესთან დაახლოებით იმ ადგილას დამალა ქამარი, სადაც ბაბილონის ჯარმა ნაბუქოდონოსორის მეთაურობით გადაკვეთა ევფრატი, როცა იუდასა და იერუსალიმზე გაილაშქრა და გააუდაბურა. როგორც უნდა ყოფილიყო, იერემიას მოგზაურობა ევფრატისკენ, შესაძლოა ორივე მოგზაურობა, უდავოდ დიდ წონას შესძენდა იერემიას გამაფრთხილებელ ცნობას, რომელიც მას თავისი ქმედებებით უნდა გადაეცა სულიერად დეგრადირებული იუდას სამეფოს მკვიდრთათვის (შდრ. იერ. 2:18, 19).