ᲮᲘᲓᲔᲙᲔᲚᲘ
ედემის ბაღიდან გამომავალი მდინარის ოთხი ნაკადიდან ერთ-ერთი (დბ. 2:10—14). ძველ სპარსულად ხიდეკელს ეწოდებოდა ტიგრა; სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ბერძნული სახელწოდება ტიგროსი. არაბულად მდინარე მოიხსენიება როგორც შატ-დიჯლა. ზოგიერთები მას ევფრატის ტყუპისცალსაც უწოდებენ. ამ ორივე მდინარით ირწყვება მესოპოტამიის დაბლობი.
სწორედ ტიგროსის (ხიდეკელის) სანაპიროზე იხილა დანიელმა ხილვა „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ ორთაბრძოლის შესახებ (დბ. 10:4, 5; 11:5, 6). მესოპოტამიის დაბლობზე ტიგროსი მიედინება იმ ადგილებში, სადაც ერთ დროს ბევრი უძველესი ქალაქი იდგა. მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ მოსულის საპირისპირო მხარეს, შემორჩენილია ძველი ნინევეს ნანგრევები. აქვე სამხრეთით იდგა ქალახი, მის ქვემოთ კი, მდინარის დასავლეთ სანაპიროზე — ძველი აშური. ბაღდადის ქვემოთ მცირე მანძილზე, მდინარის დასავლეთ სანაპიროზე, სელევკიდების მმართველი დინასტიის უძველესი დედაქალაქის, სელევკიის ნანგრევებია შემორჩენილი.
მდინარე ტიგროსი სათავეს იღებს თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ყველაზე დაშორებული სათავე, რომელიც დასავლეთში მდებარეობს, მოედინება მთებიდან ხაცარის ტბიდან სამხრეთით დაახლოებით 25 კილომეტრში სამხრ.-აღმ-ით ქალაქ ელაზიღიდან და ევფრატის ერთ-ერთი სათავიდან რამდენიმე კილომეტრში. აქედან აშკარად ჩანს, რომ გლობალურ წარღვნამდე, რომელმაც დედამიწის ტოპოგრაფიული იერსახე შეცვალა, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ამ ორ მდინარეს ერთი სათავე ჰქონოდა. დასავლეთით მდებარე სათავიდან მოყოლებული პირველი 240 კილომეტრის მანძილზე მდინარე მოედინება სამხრ.-აღმ-ის მიმართულებით, შემდეგ კი მას აღმოსავლეთის მხრიდან უერთდება სხვა უფრო მოკლე ნაკადები. შემდეგ ვანის ტბის დასავლეთი კიდიდან სამხრეთით მდინარე უფრო მეტად იცვლის კალაპოტს და სამხრეთის მიმართულებით მიედინება. ღრმა ხეობის გავლით ტიგროსი საბოლოოდ მთიდან მესოპოტამიის დაბლობში ეშვება. გზად აქედან იმ ადგილამდე, სადაც ის მდინარე ევფრატს უკავშირდება, ტიგროსში აღმოსავლეთის მხრიდან ოთხი შენაკადი ჩაედინება. ესენია: დიდი ზაბი, პატარა ზაბი, ადჰაიმი და დიალა.
საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, ძველად ტიგროსი და ევფრატი ცალ-ცალკე ჩაედინებოდა ზღვაში, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულმა მდინარის შლამმა იმდენად აავსო სპარსეთის ყურის ზედა ნაწილი, რომ ამ ორი მდინარის კალაპოტი გაერთიანდა და შედეგად წარმოიქმნა დაახლოებით 160 კმ სიგრძის ფართო ნაკადი სახელწოდებით შატ-ელ-არაბი, რომელიც სპარსეთის ყურეში ჩაედინება.
მთლიანობაში ტიგროსის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1 850 კილომეტრს. ესაა ფართო მდინარე, რომლის სიგანეც ზოგან 366 მეტრს აღწევს. თუმცა ძირითადად ის წყალმარჩხია და ბაღდადის ზემოთ მასზე გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ მცირე დაწევის ხომალდებითაა შესაძლებელი. ტიგროსი, რომელიც ევფრატთან შედარებით ბევრად ჩქარია, სიგრძეში დაახლოებით ერთი მესამედით უფრო მოკლეა, ვიდრე მისი „ტყუპისცალი“ და ნაკლებად მნიშვნელოვანია კომერციული თვალსაზრისით.