საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბოროტება“
  • ბოროტება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბოროტება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იქნება თუ არა ოდესმე ბოროტება დამარცხებული სიკეთით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ — საუკუნეობრივი ბრძოლა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • რატომ ხდება კაცი კეთილი ან ბოროტი?
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • როგორ გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბოროტება“

ბოროტება

ის, რაც არ შეესაბამება ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს; სიცუდე, უკეთურობა, უვარგისობა. ებრაული ზმნა რაშაʽ და მისი მონათესავე ფორმები, ისევე როგორც ბერძნული პონერია, აღნიშნავს ბოროტს (დბ. 18:23; 2სმ. 22:22; 2მტ. 20:35; იობ. 34:8; ფს. 37:10; ეს. 26:10; მთ. 22:18; მრ. 7:22; ლკ. 11:39; სქ. 3:26; რმ. 1:29; 1კრ. 5:8; ეფ. 6:12). პონეროს (პონერიას მონათესავე) ბოროტის თვისებას ნიშნავს (ლკ. 6:45); აგრეთვე აღნიშნავს ისეთ რამეს, რაც გარეგნულად ცუდი და უვარგისია, მაგალითად, იესოს მიერ მოხსენიებული ხის ნაყოფი (მთ. 7:17, 18). პონეროს საზიანოს მნიშვნელობითაც გვხვდება, ხოლო გამოცხადების 16:2-ში იგი განუკურნებლად ითარგმნა.

რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება?

სატანა ეშმაკს, ღვთის სამართლიანი ნორმების მტერს, რომელმაც ადამი და ევა ღმერთს აუმხედრა, სამართლიანად ეწოდება „ბოროტი“ (მთ. 6:13; 13:19, 38; 1ინ. 2:13, 14; 5:19). ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ამ ინიციატორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ღვთის უზენაესი ხელისუფლების კანონიერება და სამართლიანობა, კერძოდ, იყენებს თუ არა ღმერთი თავის ძალაუფლებას სამართლიანად და თავისი ქმნილებების სასარგებლოდ. ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა: უერთგულებდნენ ღმერთს სხვა მისი ქმნილებები, თუ მისდამი მორჩილება მათ მატერიალურ კეთილდღეობას არ მოუტანდა? ერთგული იობის შემთხვევა ამტკიცებს, რომ ამაზე სატანის პასუხი უარყოფითია. „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“, — უთხრა სატანამ ღმერთს (იობ. 2:4, 5; იხ. უზენაესობა).

წამოჭრილ კითხვებზე პასუხის მისაღებად დრო იყო საჭირო. იეჰოვა ღმერთმა ბოროტ ადამიანებს არსებობის ნება დართო, რამაც დანარჩენებს სატანის სიცრუის მხილებისა და იმის დამტკიცების შესაძლებლობა მისცა, რომ არასახარბიელო მდგომარეობაში თუ განსაცდელში მყოფთაც შეუძლიათ ღვთისადმი ერთგულად მსახურება. გარდა ამისა, ბოროტების არსებობა ადამიანს ბოროტი გზის მიტოვებისა და ღვთის სამართლიანი კანონებით ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს (ეს. 55:7; ეზკ. 33:11). ასე რომ, ღმერთი ბოროტების განადგურებისგან ჯერ-ჯერობით იმიტომ იკავებს თავს, რომ მართლებმა მისდამი სიყვარული და ერთგულება დაამტკიცონ (რმ. 9:17—26).

აღსანიშნავია ისიც, რომ იეჰოვა არსებულ მდგომარეობას ისე იყენებს, რომ ბოროტებმა ნებსით თუ უნებლიეთ მისი განზრახვის შესრულებას შეუწყონ ხელი. ფაქტია, ბოროტები ღმერთს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ღმერთს შეუძლია მათი შეკავება იმ ზღვრამდე, რომ მისმა ერთგულმა მსახურებმა რწმენა შეინარჩუნონ და ბოროტთა საქმეები მისი სამართლიანობის წარმოჩენას მოემსახუროს (რმ. 3:3—5, 23—26; 8:35—39; ფს. 76:10). ეს აზრი იგავების 16:4-შია გამოხატული: „იეჰოვამ ყველაფერი საკუთარი მიზნისთვის შექმნა; თვით ბოროტიც — ბოროტების დღისთვის“.

ამ კონტექსტში უპრიანია ფარაონის მაგალითად მოყვანა. მოსესა და აარონის მეშვეობით იეჰოვამ მას დამონებული ისრაელების გათავისუფლება მოსთხოვა. ღმერთს არ გაუბოროტებია ეგვიპტის მმართველი; მან უბრალოდ მაშინვე არ მოსპო ის და ისე წარმართა მოვლენები, რომ გამოეაშკარავებინა ფარაონის ბოროტება და დაემტკიცებინა, რომ სიკვდილს იმსახურებდა. გამოსვლის 9:16-დან ჩანს, რატომ მოიქცა იეჰოვა ასე: „იმისთვის დაგტოვე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“.

ეგვიპტის თავზე დატეხილი ათი სასჯელი, აგრეთვე ფარაონისა და მისი ჯარის წითელ ზღვაში დაღუპვა იეჰოვას ძალის შთამბეჭდავი გამოვლინება იყო (გმ. 7:14—12:30; ფს. 78:43—51; 136:15). ისრაელის გარშემო მცხოვრები ერები წლების შემდეგაც ლაპარაკობდნენ ამაზე. ასე რომ, ღვთის სახელის შესახებ მთელ ქვეყანას ეუწყა (იეს. 2:10, 11; 1სმ. 4:8). იეჰოვას ფარაონი მაშინვე რომ მოესპო, მისი ძალა, რომელიც მან თავისი სახელის განსადიდებლად და ხალხის დასახსნელად გამოიყენა, ასე შთამბეჭდავად არ გამოვლინდებოდა.

ბიბლია გვარწმუნებს, რომ მოვა დრო, როცა ბოროტება აღარ იარსებებს და ღვთის მტრებსაც ბოლო მოეღებათ. ეს მოხდება მაშინ, როცა ბოროტება თავის მიზანს შეასრულებს (2პტ. 3:9—13; გმც. 18:20—24; 19:11—20:3, 7—10).

ბოროტება, რომელიც ტკივილს, დარდსა და უბედურებას იწვევს. ფართო გაგების მქონე ებრაული სიტყვა რაʽ კონტექსტიდან გამომდინარე ითარგმნება, როგორც „ბოროტება“, „დაღვრემილი“, „უშნო“, „ავის მომასწავებელი“, „საშინელი“, „ძუნწი“, „შურიანი“ (დბ. 2:9; 40:7; 41:3; გმ. 33:4; კნ. 6:22; 28:35; იგ. 23:6; 28:22). ბერძნული კაკოს ითარგმნება, როგორც „ცუდი“, „ბოროტი“, „მავნებელი“, „საშიში“ (რმ. 7:19; 12:17, სსგ; კლ. 3:5; ტიტ. 1:12; ებ. 5:14).

ბიბლიაში სიტყვა რაʽ იმ ადგილას, სადაც პირველად გვხვდება, სიკეთის საპირისპირო თვისებას აღნიშნავს. ღმერთმა ადამს აუკრძალა სიკეთისა და ბოროტების (რაʽ) შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა და გააფრთხილა, რა მოელოდა ამ ბრძანების დარღვევის შემთხვევაში. ფაქტია, ღმერთი ადგენს, რა არის სიკეთე და რა — ბოროტება. ღმერთს ადამიანისთვის არ მიუცია იმის უფლება, თავად განესაზღვრა სწორი და არასწორი. ადამმა დაარღვია ღვთის ნათელი მითითება, მაგრამ ამაში დამნაშავე იეჰოვა არ ყოფილა, „რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით [კაკოსის ერთ-ერთი ფორმა] და თავადაც არავის სცდის. თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკ. 1:13, 14; დბ. 2:16, 17; 3:17—19).

რა გაგებით იწვევს ღმერთი ბოროტებას. იეჰოვამ ადამს დაუმორჩილებლობისთვის სამართლიანად დაატეხა თავს ბოროტება და უბედურება. ამიტომაც ეწოდება ბიბლიაში იეჰოვას უბედურების შემქმნელი (ეს. 45:7). ცოდვის საზღაურად მიღებული სიკვდილი კაცობრიობისთვის ბოროტება და უბედურება აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ბოროტება ყოველთვის სიავის ქმნას არ ნიშნავს. ღვთის მიერ დატეხილი ბოროტების თუ უბედურების მაგალითებია: ნოეს წარღვნა და ეგვიპტის ათი სასჯელი. მაგრამ არც ერთი არ ყოფილა გაუმართლებელი, ვინაიდან ორივე შემთხვევაში იეჰოვამ მართლმსაჯულება აღასრულა ბოროტებზე. თუმცა მომნანიე ბოროტმოქმედებს იეჰოვა სწყალობდა და თავს აღარ ატეხდა უბედურებას (იონ. 3:10). გარდა ამისა, ის მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებდა ბოროტმოქმედს და ამგვარად სწორ გზაზე დადგომისა და გადარჩენის საშუალებას აძლევდა (ეზკ. 33:11).

ბოროტებისთვის თავის არიდება. ვინაიდან იეჰოვა ადგენს, რა არის სწორი და არასწორი, ამიტომ ადამიანი კარგად უნდა ერკვეოდეს მის ნორმებში, სწორი გზის არჩევა რომ შეძლოს (ებ. 5:14). ფულის სიყვარული ერთ-ერთი ბოროტებაა, რომელსაც ის უნდა მოერიდოს (1ტმ. 6:10). არ ღირს მატერიალურზე წუხილი, ვინაიდან, როგორც იესომ თქვა, „ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი [კაკია]“ ანუ თითოეულ დღესთან დაკავშირებული საზრუნავი და საწუხარი (მთ. 6:34). მან, ვინც ახალი პიროვნებით იმოსება, უნდა მოიშოროს „მავნებელი სურვილები“ (კლ. 3:5). როგორც იესო არ აჰყვა ეშმაკის ცდუნებას, ასევე ქრისტიანიც არ უნდა აჰყვეს მავნე და ბოროტ ფიქრებს, რასაც ადამიანი ცოდვამდე მიჰყავს (იაკ. 1:13—15; მთ. 4:1—11; ფლ. 4:8). არასრულყოფილების გამო ქრისტიანი, პავლე მოციქულის მსგავსად, მუდმივად ებრძვის ხორციელ მისწრაფებებს. ზოგჯერ შეიძლება სურვილის საწინააღმდეგოდ არასწორად იქცევა, მაგრამ ბრძოლას მაინც აგრძელებს (რმ. 7:21; 8:8). ის, თუ რაოდენ სახიფათოა ღვთის სამართლიანი ნორმების დარღვევა, კარგად ჩანს იესოს მაგალითიდან ერთგულ მონაზე. მას უმკაცრესი სასჯელი არ ასცდებოდა, თუ კეთილსინდისიერად არ მოეკიდებოდა თავის პასუხისმგებლობას (მთ. 24:48—51).

ბოროტება, რომელსაც ქრისტიანი ხვდება. ბიბლია ქრისტიანებს არ აძლევს ბოროტებაზე ბოროტებით მიგების უფლებას. ის მათ ურჩევს: «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს ... ნუ იძიებთ შურს ... „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“ ... არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით» (რმ. 12:17, 19, 21). ღვთის მსახურები ემორჩილებიან თავიანთი ქვეყნის მმართველებს, ამიტომ მათ ბრალი არ უნდა ედებოდეთ ბოროტებაში. ვინაიდან მმართველები, რომლებსაც აქვთ ღვთისგან ბოძებული სინდისი, ზოგს მეტი და ზოგს — ნაკლები, ქვეყნის კანონებით იბრძვიან ბოროტმოქმედების წინააღმდეგ და უფლებამოსილნი არიან, დასაჯონ დამნაშავეები (რმ. 13:3, 4). ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ უზენაესი მოსამართლის წინაშე. თუ ქრისტიანი სიმართლისთვის იტანს ბოროტებას, მას თავისი წვლილი შეაქვს ღვთის წმინდა სახელის განდიდებაში (1პტ. 4:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება