ცეცხლი
როგორც დღეს, ისე ბიბლიურ დროში ცეცხლი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში. ბიბლიურ ეპოქაში ცეცხლს იყენებდნენ მინარევებისგან ლითონის განსაწმენდად, გამოსაჭედად და ჩამოსასხმელად, აგრეთვე საკვების მოსამზადებლად, სახლის გასათბობად, მსხვერპლის შესაწირად და საკმევლის საკმევად. ვინაიდან ცეცხლს გამანადგურებელი ძალა აქვს, ის ოთხიდან ერთ-ერთია, «რაც არ ამბობს: „კმარა!“» (იგ. 30:15, 16). ამიტომაც შეადარა იაკობმა აულაგმავი ენა ცეცხლს (იაკ. 3:5—8; შდრ. იგ. 16:27).
ცეცხლი უცხო არ ყოფილა პირველი ქალისა და მამაკაცისთვის, ვინაიდან, როცა იეჰოვამ ისინი ედემის ბაღიდან გააძევა, ბაღის აღმოსავლეთით „ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი“ (დბ. 3:24). კაენსა და აბელს იეჰოვასთვის განკუთვნილი შესაწირავი შესაძლოა ქერუბიმების წინაშე მიჰქონდათ და არ არის გამორიცხული, რომ შესაწირავს ისინი ცეცხლში წვავდნენ ან ელოდნენ, როდის შთანთქავდა მათ შესაწირავს ქერუბიმებისგან წამოსული ცეცხლი, თუმცა წმინდა წერილებში ამაზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი (დბ. 4:3, 4). სპილენძისა და რკინის იარაღის მჭედელი თუბალ-კაენი, როგორც ჩანს, ძლიერ ცეცხლს აჩაღებდა, რადგან რკინა 1 535 °C-ზე დნება (დბ. 4:22). წარღვნის შემდეგ აგურების გამოწვა ცეცხლში ხდებოდა, თუმცა ზოგჯერ მათ მზეზეც აშრობდნენ (დბ. 11:3). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცეცხლის დანთება არც ისე ადვილი იყო, სავარაუდოდ, ცეცხლი ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ (დბ. 22:6; ეს. 30:14).
ღვთის განზრახვებთან დაკავშირებული. მოსეს იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებულ ბუჩქში გამოეცხადა, რომელიც არ იწვოდა (გმ. 3:2). ღამით ისრაელს უდაბნოში ცეცხლის სვეტი მიუძღოდა. ეს სვეტი მოგვიანებით კარვის თავზე იდგა და იეჰოვას იქ ყოფნას გამოხატავდა (გმ. 13:21; 40:38). ისრაელისთვის კანონის მიცემის დროს ცეცხლმა, რომელშიც იეჰოვას დიდება გამოჩნდა, სინას მთა ააბოლა (გმ. 19:18; 24:17).
კარავსა და ტაძარში. ცეცხლი კარავსა და ტაძარშიც გამოიყენებოდა. ყოველ დილით და ორ საღამოს შორის მღვდელმთავარს სამსხვერპლოზე საკმეველი უნდა ეკმია (გმ. 30:7, 8). ღვთის მოთხოვნით, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე დანთებული ცეცხლი არ უნდა ჩამქრალიყო (ლვ. 6:12, 13). საყოველთაოდ გავრცელებული იუდაური ტრადიციის მიხედვით, პირველად სამსხვერპლოზე ცეცხლი ღმერთმა დაანთო სასწაულებრივად, თუმცა წმინდა წერილები ამ აზრს არ ადასტურებს. იეჰოვას მითითებით, სამსხვერპლოზე მსხვერპლის დადებამდე აარონის ძეებს ცეცხლი უნდა დაენთოთ და მასზე შეშა დაეწყოთ (ლვ. 1:7, 8). მღვდლობის დაწესებისა და მღვდლად დანიშვნის მსხვერპლის მიტანის შემდეგ, სავარაუდოდ, კარავზე დავანებული ღრუბლიდან გადმოვიდა იეჰოვას ცეცხლი და სამსხვერპლოდან შესაწირავი შთანთქა. აქედან გამომდინარე, სასწაულებრივი ცეცხლი სამსხვერპლოზე დადებულ შეშას კი არ მოჰკიდებია, არამედ დასაწვავ შესაწირავსა და ქონს, და შთანთქა ყოველივე. მაშასადამე, სამსხვერპლოს ცეცხლი ზეციდანაც იყო მოვლენილი და ადამიანთა მიერაც იყო დანთებული (ლვ. 8:14—9:24). მსგავსად, ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონის მიერ აღვლენილი ლოცვის შემდეგ იეჰოვასგან გამოსულმა ცეცხლმა სასწაულებრივად შთანთქა შესაწირავი და მსხვერპლი (2მტ. 7:1; მაგალითები იმისა, თუ როგორ შთანთქა ზეციდან მოვლენილმა ცეცხლმა ღვთის მსახურთა შესაწირავები, იხ. შემდეგ მუხლებში: მსჯ. 6:21; 1მფ. 18:21—39; 1მტ. 21:26).
ლევიანების 10:1-ში ებრაული სიტყვა ზარ (მდედრ. ზარაჰ; სიტყვასიტყვით უცხო) გამოიყენება „უკანონო ცეცხლის“ აღსანიშნავად, „რაც არ ჰქონდა [ღმერთს] მათთვის ნაბრძანები“. თუმცა აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ, იეჰოვას წინაშე მიიტანეს ის, რისთვისაც ღვთისგან გამოსულმა ცეცხლმა შთანთქა ისინი (ლვ. 10:1, 2; რც. 3:4; 26:61). ამის შემდეგ იეჰოვამ უთხრა აარონს: „როცა შეხვედრის კარავში მოდიხართ, არ დალიოთ ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი არც შენ და არც შენმა ვაჟებმა, რათა არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, რომ განასხვაოთ წმინდა შებღალულისგან და უწმინდური წმინდისგან, რათა ასწავლოთ ისრაელის ძეებს ყველა წესი, რომელიც იეჰოვამ მოსეს პირით უთხრა მათ“ (ლვ. 10:8—11). ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ ნადაბი და აბიჰუ მთვრალები იყვნენ, რამაც მათ უცხო ცეცხლის შეწირვის სითამამე შესძინა. ეს ცეცხლი შესაძლოა იმ გაგებით იყო უკანონო, რომ შეწირვის დრო, ადგილი ან წესი დადგენილს არ შეესაბამებოდა ან გამოსვლის 30:34, 35-ში აღწერილი საკმევლის შემადგენლობისა არ იყო. სიმთვრალე არ ამართლებდა მათ ცოდვას.
იგივე სიტყვა ზარ გამოყენებულია გამოსვლის 30:9-ში წმინდა ადგილას საკმევლის სამსხვერპლოზე უკანონო საკმევლის კმევასთან (იხ. Rbi 8, სქ.).
კანონის მოთხოვნა და განაჩენის აღსრულება. მოსეს კანონი კრძალავდა შაბათობით ცეცხლის დანთებას (გმ. 35:3). კანონის მიხედვით, თუ ვინმეს მიზეზით ყანას ცეცხლი წაეკიდებოდა, ცეცხლის გამჩაღებელს ზარალი უნდა აენაზღაურებინა (გმ. 22:6). კეთრიანი ტანსაცმელი და ტყავის ნებისმიერი ნივთი ცეცხლში უნდა დაეწვათ (ლვ. 13:53—58). ღვთის ამა თუ იმ კანონის დამრღვევს ჯერ ქოლავდნენ, შემდეგ კი წვავდნენ (ლვ. 20:14; 21:9; იეს. 7:15, 25). თუ ისრაელის რომელიმე ქალაქი იეჰოვას განუდგებოდა, მისი მცხოვრებლები მახვილით უნდა დაეხოცათ, ხოლო ქალაქი და მთელი ნადავლი ცეცხლში უნდა დაეწვათ (კნ. 13:12—16).
ბრძოლის დროს ისრაელები მტრის ზოგ ქალაქს ცეცხლში წვავდნენ (რც. 31:10; იეს. 6:24; 11:11—13). წვავდნენ აგრეთვე მათ ქანდაკებებსა და „წმინდა ბოძებს“ (კნ. 7:5, 25; 12:3). ნადავლიდან მოპოვებულ ლითონის ნივთებს ისინი სტერილიზაციის მიზნით ცეცხლში ატარებდნენ (რც. 31:22, 23).
იეჰოვამ რამდენჯერმე ცეცხლით აღასრულა თავისი განაჩენი დამნაშავეებზე (რც. 11:1; 16:35; 2მფ. 1:10—12; იუდ. 7). მან ცეცხლივით გადმოღვარა თავისი რისხვა განდგომილ იუდასა და იერუსალიმზე, როცა ძვ. წ. 607 წელს ცეცხლით გაანადგურებინა ბაბილონელებს (2მფ. 25:9; გდ. 2:3, 4). იოანე ნათლისმცემელი თავის თანამედროვე რელიგიურ წინამძღვრებს ცეცხლით ნათლობის შესახებ აფრთხილებდა. მისი სიტყვები იერუსალიმს ახ. წ. 70 წელს აუხდა, როცა რომის ჯარმა ქალაქი გაანადგურა და მისი ტაძარი გადაწვა (მთ. 3:7—12).
ცეცხლი ღვთის მტრების ხელში. ღვთის მოწინააღმდეგეები გადაწვით იმუქრებოდნენ ხოლმე და სასტიკი განაჩენის აღსრულებისა და მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლს იყენებდნენ. განრისხებული ეფრემელები იფთახს დაემუქრნენ: „თავზე დაგაწვავთ სახლს“. 30-მა ფილისტიმელმა მაყარმა სამსონის ცოლს შეუთვალა, რომ თუ ქმარს გამოცანის პასუხს არ ათქმევინებდა და მათ არ შეატყობინებდა, მასაც და მამამისის სახლსაც დაწვავდნენ. როცა სამსონმა ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნებით 300 მელა წარმართ ფილისტიმელთა ყანებში შეუშვა, ფილისტიმელებმა ქალიცა და მამამისიც ცეცხლში დაწვეს (მსჯ. 12:1; 14:15; 15:4—6). სატანა ეშმაკმა ღვთის ნებართვით ზეციდან ცეცხლი ჩამოაგდო იობის გამოსაცდელად (იობ. 1:12, 16).
ქანაანში მცხოვრები ხალხები თავიანთ შვილებს ცეცხლში წვავდნენ ცრუ ღმერთებისთვის შესაწირავად. მართალია, იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა თავისი ხალხი, რომ ამის ჩამდენი სიკვდილით დაისჯებოდა, მაგრამ განდგომილი ისრაელები თავიანთ შვილებს ჰინომის ველზე მაინც სწირავდნენ მსხვერპლად (ლვ. 20:2—5; კნ. 12:31; 2მტ. 28:1—3; იერ. 7:31; 19:5). თუმცა ერთგულმა მეფე იოშიამ წაბილწა თოფეთი ჰინომის ველზე, რითაც ამ ამაზრზენ ჩვეულებას ბოლო მოუღო (2მფ. 23:10; იხ. მოლექი).
გადატანითი მნიშვნელობით. ცეცხლი და სიმხურვალის გამომხატველი სხვა სიტყვები გადატანითი მნიშვნელობით სიყვარულის (ქბ. 8:6), ვნების (რმ. 1:27; 1კრ. 7:9), მრისხანების, განაჩენისა (სფ. 2:2; მლ. 4:1) და ძლიერი ემოციის (ლკ. 24:32; 2კრ. 11:29) აღსანიშნავად გამოიყენება. როცა იერემიამ გადაწყვიტა, აღარ გაეცხადებინა იეჰოვას სიტყვა, ვერ შეძლო, რადგან ის ძვლებში ცეცხლივით აუგიზგიზდა (იერ. 20:9). იეჰოვა შთამნთქმელ ცეცხლსაა შედარებული, ვინაიდან ის წმინდა და სპეტაკია, მოითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას და ანადგურებს ყველას, ვინც მის ნებას შეეწინააღმდეგება (კნ. 4:24; 9:3). მისი რისხვა, „მისი ენა“ და მისი სიტყვა მოგიზგიზე ცეცხლივითაა (ფს. 79:5; 89:46; ეს. 30:27; იერ. 23:29). გარდა ამისა, იეჰოვა თავის მსახურ ანგელოზებს შთამნთქმელ ცეცხლად აქცევს; მისი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს „მთელ დედამიწას“ (ფს. 104:1, 4; სფ. 3:8; იხ. აგრეთვე დნ. 7:9, 10).
შემოწმება, განწმენდა. „შეთანხმების მაცნე“ შედარებულია გამომდნობლის ცეცხლს, რომელიც ოქრო-ვერცხლის გასაწმენდად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ლევის ძეების „ცეცხლოვანი“ გამოცდა, რასაც იეჰოვა შეთანხმების მაცნის მეშვეობით ახორციელებს, მათ განწმენდას ემსახურება (მლ. 3:1—3; იხ. გამოდნობა, გამომდნობელი). ცეცხლი მასალის ხარისხსაც ააშკარავებს, რაზეც პავლე მოციქული საუბრობდა, როცა იესო ქრისტეზე, როგორც საძირკველზე ცეცხლგამძლე მასალებით შენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი (1კრ. 3:10—15).
ცეცხლთან ერთად ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის მარილიც გამოიყენებოდა (ლვ. 2:9, 13; ეზკ. 43:24). მარილი უხრწნელობასთან ასოცირდებოდა და ურყევი ერთგულების სიმბოლო იყო, რაზეც გამოთქმა „მარილის შეთანხმება“ მეტყველებს (2მტ. 13:5). რას განასახიერებს ცეცხლი?
მოციქულმა პეტრემ ქრისტიანის განსაცდელებს უწოდა ცეცხლი, რომელიც ააშკარავებს რწმენის სიმტკიცეს (1პტ. 1:6, 7). მოგვიანებით მან სიმართლისთვის ტანჯვა შეადარა ცეცხლს და შემდეგი სიტყვებით მიმართა თანაქრისტიანებს: „ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის ... რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ, რათა მისი დიდების გამოცხადებისას იხაროთ და სიხარულით აივსოთ“ (1პტ. 4:12, 13). სიმართლისთვის ტანჯვის დადებით შედეგებზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება: „გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს“ (რმ. 5:3). მისი რწმენა, ვინც ერთგულად და წარმატებით უძლებს ცეცხლოვან განსაცდელს, უფრო ძლიერი და მტკიცე ხდება (სქ. 14:22; რმ. 12:12).
განადგურება. ბიბლიურ დროში ცეცხლი განადგურების საუკეთესო საშუალება იყო (იეს. 6:24; კნ. 13:16). ამიტომ ზოგჯერ იესო ცეცხლს გადატანითი მნიშვნელობით, ბოროტთა სრული განადგურების აღსანიშნავად იყენებდა (მთ. 13:40—42, 49, 50; შდრ. ეს. 66:24; მთ. 25:41). ერთხელ მან თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ მათი ხელი, ფეხი თუ თვალი არ გამხდარიყო გეენაში მათი ჩაცვენის მიზეზი. შემდეგ დასძინა: „ყველა ცეცხლით უნდა დამარილდეს“. იესოს, როგორც ჩანს, მხედველობაში ის ჰქონდა, რომ „ყველა“, ვინც იმას სჩადიოდა, რის შესახებაც ის იძლეოდა გაფრთხილებას, გეენის ცეცხლით „დამარილდებოდა“ ანუ სამუდამოდ განადგურდებოდა (მრ. 9:43—49; იხ. გეენა).
პეტრე წერდა, რომ „ახლანდელი ცა და დედამიწა ... ცეცხლისთვის არის გამზადებული“. როგორც კონტექსტიდან და სხვა მუხლებიდან ჩანს, აქ პირდაპირი გაგებით ცეცხლი კი არა, მარადიული განადგურება იგულისხმება. ნოეს წარღვნის დროს ცა და დედამიწა არ განადგურებულა, არამედ მხოლოდ უღვთო ადამიანები განადგურდნენ. მსგავსადვე, თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ იესო ქრისტეს აბრიალებულ ცეცხლში გამოცხადებისას სამუდამოდ განადგურდება ბოროტი ქვეყნიერება უღვთო ადამიანებითურთ (2პტ. 3:5—7, 10—13; 2თს. 1:6—10; შდრ. ეს. 66:15, 16, 22, 24).
„გამოცხადებისა“ და „ეზეკიელის“ წიგნებშიც ცეცხლი მარადიული განადგურების სიმბოლოდ არის გამოყენებული. „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ „ათი რქა“ და „მხეცი“ თავს დაესხმებიან „დიდ ბაბილონს“ და ცეცხლში დაწვავენ მას (გმც. 17:16, 17). გოგისა და მისი ურდოს გალაშქრება ღვთის ხალხზე იეჰოვას მრისხანებას გამოიწვევს და ის ცეცხლსა და გოგირდს აწვიმებს მათ, თავდამსხმელთა დარჩენილი საომარი საჭურვლით კი შვიდ წელიწადს „ცეცხლს გააჩაღებენ“ (ეზკ. 38:19, 22; 39:6, 9, 10). იმ ხალხებს, რომლებიც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს გათავისუფლებულ სატანას მხარს აუბამენ, ცეცხლი შთანთქავს, ხოლო ეშმაკი და ისინი, ვინც სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება, ჩაიყრებიან ცეცხლის ტბაში, რომელიც მეორე სიკვდილს განასახიერებს (გმც. 20:7—10, 15; 21:8; იხ. ჰინომის ველი; ცეცხლის ტბა).