ხანა
[მოწონება, სინატიფე]
წინასწარმეტყველი სამუელის დედა; ხანა თავის ლევიან ქმარ ელკანასა და მის სხვა ცოლთან, ფენინასთან ერთად ცხოვრობდა რამათაიმ-ცოფიმში, ეფრემის მთიან მხარეში. მიუხედავად იმისა, რომ ფენინას ბევრი შვილი ჰყავდა, ხანას კი არც ერთი, ელკანას ხანა უფრო უყვარდა. ფენინა დასცინოდა უშვილო ხანას, განსაკუთრებით როცა ელკანა ოჯახთან ერთად ყოველ წელს მიდიოდა შილოში, სადაც კარავი იდგა (1სმ. 1:1—8).
ერთხელ შილოში ხანამ აღუთქვა იეჰოვას, რომ, თუ ვაჟი ეყოლებოდა, იეჰოვას მისცემდა მსახურების შესასრულებლად. ის ჩუმად ლოცულობდა და ტუჩებს ამოძრავებდა, ამიტომ მღვდელმთავარ ელის მთვრალი ეგონა. მაგრამ, როცა გაიგო, რომ ფხიზელი იყო და მხურვალედ და გულწრფელად ლოცულობდა, უსურვა, რომ იეჰოვას შეესმინა მისი სათხოვარი. მალე ხანა დაორსულდა. სამუელის დაბადების შემდეგ ის არ წასულა შილოში, ვიდრე ბავშვი ძუძუს არ მოწყვიტა. შემდეგ ხანამ თავისი აღთქმისამებრ იეჰოვას წარუდგინა სამუელი, მსხვერპლად მიიტანა სამი წლის ხარი, ერთი ეფა ფქვილი და დიდი დოქი ღვინო (1სმ. 1:9—28). ამის შემდეგ მას ყოველ წელს შილოში მისვლისას თავისი ვაჟისთვის ახალი მოსასხამი მიჰქონდა. ელიმ კვლავ აკურთხა ის და იეჰოვამ გაუხსნა საშვილოსნო. ასე რომ, დროთა განმავლობაში მას სამი ვაჟი და ორი ასული შეეძინა (1სმ. 2:18—21).
ხანას არაერთი კარგი თვისება ჰქონდა. ის ბევრს ლოცულობდა, თავმდაბალი იყო და ცდილობდა, ქმრისთვის ესიამოვნებინა. ყოველ წელს ის ქმართან ერთად მიდიოდა კარავში მსხვერპლის შესაწირავად. მან მსხვერპლად გაიღო შვილთან ურთიერთობა, რითაც შეასრულა თავისი სიტყვა და იეჰოვას სიკეთისთვის მადლიერება გამოხატა. ის კვლავაც ავლენდა დედობრივ სიყვარულს და ყოველ წელს სამუელს ახალ მოსასხამს უმზადებდა. როცა მან და ელკანამ სამუელი კარავში მსახურებისთვის მიიყვანეს, ხანამ თავისი გრძნობები მადლიერების სიმღერით გამოხატა. მისი სიტყვები ძალიან ჰგავს მარიამის სიტყვებს, რომლებიც მან მას შემდეგ წარმოთქვა, რაც გაიგო, რომ მესიის დედა გახდებოდა (ლკ. 1:46—55).