ხეთელები
[ხეთისგან, ხეთისა]
ქანაანის მეორე ვაჟის, ხეთის შთამომავლები (დბ. 10:15), შესაბამისად ქამიტური წარმოშობის ხალხი (დბ. 10:6).
აბრაამს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ხეთელებთან, რომლებიც ქანაანში ცხოვრობდნენ მისი იქ დასახლების დროს. იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ მის შთამომავლობას მისცემდა ქანაანის მიწას, რომელიც სხვადასხვა ერით, მათ შორის ხეთელებით იყო დასახლებული (დბ. 15:18—21). თუმცა იეჰოვამ აბრაამს ისიც უთხრა, რომ ამორეველთა [ზოგადად ქანაანელთა] დანაშაული ზღვარს ჯერ არ გასცდენოდა (დბ. 15:16). აქედან გამომდინარე, აბრაამი ხეთელებს მიწის მფლობელებად აღიარებდა, და როცა მისი ცოლი, სარა გარდაიცვალა, ხეთელი ცოხარის ძისგან, ეფრონისგან გამოქვაბული შეიძინა მის დასამარხავად (დბ. 23:1—20).
იესო ნავეს ძის დროს მიწა, რომელზეც ხეთელები ცხოვრობდნენ, გადაჭიმული იყო „უდაბნოდან და ლიბანიდან დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე“ (იეს. 1:4). ისინი, როგორც ჩანს, მთიან მხარეში ცხოვრობდნენ, რომელიც ლიბანს და, სავარაუდოდ, სირიის ნაწილს მოიცავდა (რც. 13:29; იეს. 11:3).
ნოეს მიერ დაწყევლილნი. ვინაიდან ხეთელები ქანაანის შთამომავლები იყვნენ, ნოეს მიერ ქანაანზე წარმოთქმული წყევლა მათზე მაშინ შესრულდა, როცა ისრაელმა მათი მიწა დაიპყრო (დბ. 9:25—27). ხეთელები წარმართები იყვნენ და სხვა ქანაანელთა მსგავსად ისინიც ფალოსის კულტს ეთაყვანებოდნენ. აბრაამის შვილიშვილმა, ესავმა ცოლად ხეთელი ქალები მოიყვანა, რომლებიც ესავის მშობლებს, ისაკსა და რებეკას „სულს უმწარებდნენ“ (დბ. 26:34, 35; 27:46).
ხეთელებითა თუ მათი მეზობელი ერებით დასახლებული მიწის შესახებ ღმერთმა თქვა, რომ იქ „რძე და თაფლი“ მოედინებოდა (გმ. 3:8). მაგრამ იქ მცხოვრებნი იმდენად ზნედაცემულნი იყვნენ, რომ მიწა მათ გამო გაუწმინდურდა (ლვ. 18:25, 27). ღმერთმა ბევრჯერ გააფრთხილა ისრაელი, რომ ქანაანელებთან ურთიერთობას მორიდებოდნენ მათი უწმინდური და ბიწიერი საქმეების გამო. მან ჩამოთვალა ის სიბილწეები, რომლებიც ისრაელს არ უნდა გადმოეღო და დასძინა: „არ გაიუწმინდუროთ თავი არც ერთი ამათგანით, რადგან ამის კეთებით თავი გაიუწმინდურეს იმ ხალხებმა [მათ შორის ხეთელებმა], რომლებსაც თქვენგან განვდევნი“ (ლვ. 18:1—30).
ერის განადგურება. ხეთელები იმ შვიდ ერში აღმოჩნდნენ, რომლებმაც განადგურება დაიმსახურეს. ისინი ისრაელზე „მრავალრიცხოვანი და ძლიერები“ იყვნენ. ამ ერების მოსახლეობა იმ დროს ალბათ სამ მილიონს აღემატებოდა. მთებში გამაგრებული ხეთელები ებრაელებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ (კნ. 7:1, 2). ხეთელებმა თავიანთი მტრული დამოკიდებულება ისრაელის მიმართ მაშინ გამოავლინეს, როცა გაიგეს, რომ ამ უკანასკნელმა იორდანე გადაკვეთა და იერიხონი და აი დაამარცხა. ისინი ქანაანის სხვა ერებთან ერთად შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ (ისრაელის ჯარს იესო ნავეს ძე მეთაურობდა) საბრძოლველად (იეს. 9:1, 2; 24:11). ისრაელებს ევალებოდათ ხეთელთა ქალაქებისა და მათი მოსახლეობის განადგურება, რათა მათი მიზეზით ღმერთს არ განდგომოდნენ და მისი გულისწყრომა არ გამოეწვიათ (კნ. 20:16—18). მაგრამ ისრაელმა ბოლომდე არ შეასრულა ღვთის მითითება. იესო ნავეს ძის გარდაცვალების შემდეგ მათ ბოლომდე არ განწმინდეს მიწა ამ ერებისგან, რის გამოც ისინი ეკლად და შემავიწროებლებად ექცნენ მათ (რც. 33:55, 56).
გვიანდელი ისტორია. ვინაიდან ისრაელი არ დაემორჩილა ღმერთს და ქანაანელები არ გაწყვიტა, ღმერთმა თქვა: «მაშინ გითხარით: „არ განვდევნი მათ თქვენგან, ისინი მახედ გექცევიან და მათი ღმერთები — სატყუარად“» (მსჯ. 2:3). როგორც ჩანს, ისრაელები თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრები ქანაანელების მიმართ შემწყნარებლები იყვნენ. რიგ შემთხვევებში მათ საპატიო და საპასუხისმგებლო მდგომარეობაც კი ეკავათ. ქანაანელთაგან, როგორც ჩანს, მხოლოდ ხეთელებმა შეინარჩუნეს ძალაუფლება და გავლენა (1მფ. 10:29; 2მფ. 7:6).
ხეთელი მეომრები, ახიმელექი და ურია, დავითის ჯარში მსახურობდნენ და შესაძლოა მეთაურებიც იყვნენ. ურია გულმოდგინედ იბრძოდა ისრაელის გამარჯვებისთვის; ის მოსეს კანონსაც იცავდა. დავითმა მის ცოლთან, ბათ-შებასთან იმრუშა და შემდეგ ურია საბრძოლველად იქ გაუშვა, სადაც ადვილად მოკლავდნენ. ამის გამო დავითი ღმერთმა დასაჯა (1სმ. 26:6; 2სმ. 11:3, 4, 11, 15—17; 12:9—12).
მეფე სოლომონი მონურ სამუშაოს სხვებთან ერთად ხეთელებსაც ასრულებინებდა (2მტ. 8:7, 8). მოგვიანებით სოლომონი თავისმა უცხოელმა ცოლებმა, მათ შორის ხეთელებმა, იეჰოვას, თავის ღმერთს ჩამოაშორეს (1მფ. 11:1—6). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისრაელის მეფე იეჰორამის მეფობის წლებში (დაახლ. ძვ. წ. 917—905 წწ.) ხეთელებს ჰყავდათ მეფეები და სამხედრო ძალას ფლობდნენ (2მფ. 7:6). მაგრამ სირიელთა, ასურელთა და ბაბილონელთა თავდასხმებმა საბოლოოდ ხეთელთა სამეფო დაამხო.
ძვ. წ. 537 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ებრაელები, თვით მღვდლები და ლევიანები, ცოლად ირთავდნენ ქანაანელ ქალებს და თავიანთ ასულებსაც ათხოვებდნენ ქანაანელ კაცებზე, რომელთა შორის ხეთელებიც იყვნენ. ეს ღვთის კანონის დარღვევა იყო. ამიტომ ეზრამ გაკიცხა ისინი და პირობა დაადებინა, რომ უცხოელ ცოლებს გაუშვებდნენ (ეზრ. 9:1, 2; 10:14, 16—19, 44).
გადატანითი მნიშვნელობით. წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით იერუსალიმისთვის გადაცემულ ცნობაში იეჰოვამ სიტყვა „ხეთელი“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა: „წარმოშობით ქანაანის მიწიდან იყავი, იქ დაიბადე. მამა ამორეველი გყავდა, დედა კი — ხეთელი“ (ეზკ. 16:3). იერუსალიმი, იეჰოვას სახელით წოდებული დედაქალაქი, თავდაპირველად იებუსელებით იყო დასახლებული. ვინაიდან ამორეველები და ხეთელები მოწინავე ტომები იყვნენ, როგორც ჩანს, ამ მუხლში ისინი ქანაანის ყველა ტომს, მათ შორის იებუსელებსაც, წარმოადგენდნენ. წარსულიდან გამომდინარე ეს ქალაქი ვერ დაიკვეხნიდა თავისი წარმოშობით, მაგრამ იეჰოვამ გაამშვენიერა ის. „იეჰოვას ტახტზე“ მჯდომი მეფე დავითის (1მტ. 29:23), სიონის მთაზე მდგარი შეთანხმების კიდობნის, დაბოლოს დავითის ძის, სოლომონის მიერ აგებული დიდებული ტაძრის წყალობით იერუსალიმმა სახელი გაითქვა ერებს შორის. მაგრამ იერუსალიმის მკვიდრნი მეზობელი ქანაანელების მსგავსად გაიხრწნენ და წახდნენ, რის გამოც იეჰოვამ გაანადგურა ისინი (ეზკ. 16:14, 15).
მათი ვინაობის დადგენის მცდელობა. ისტორიკოსები და არქეოლოგები ძირითადად ლინგვისტიკის დახმარებით ცდილობენ გაარკვიონ, ვინ იყვნენ ბიბლიაში მოხსენიებული ხეთელები ისტორიულად — ისინი ერთმანეთს ადარებენ მსგავსი ჟღერადობისა და დაწერილობის მქონე სიტყვებს.
ასურულ ლურსმულ წარწერებში ხშირად არის მოხსენიებული „ხათი“. კონტექსტიდან გამომდინარე მისი ადგილმდებარეობა სირიაში ან პალესტინაში იყო. შესაძლოა ასეთ შემთხვევებში საუბარია ბიბლიურ ხეთელებზე. ამ სიტყვის საფუძველზე მეცნიერები ცდილობენ ბიბლიური ხეთელების გაიგივებას ე. წ. ხეთების სამეფოსთან, რომლის დედაქალაქიც მცირე აზიაში, ქანაანის მიწიდან საკმაოდ შორს, ჩრდილოეთით მდებარეობდა. ქვემოთ ახსნილია, თუ როგორ მიდიან სწავლულები ამ დასკვნამდე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში ხეთელებში ისინი სამ სხვადასხვა ხალხს გულისხმობენ.
„აღმოჩენილი“ სამი ჯგუფი. ანატოლიაში (დღევანდელი თურქეთის აზიური ნაწილი) მდებარე ბოღაზქოიში, რომელიც ძველად ხათუშაშის სახელით იყო ცნობილი, უამრავი ძველი წარწერა აღმოაჩინეს. როგორც თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, ეს იყო ხათის ქვეყნის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც „ხათურ“ ენაზე ლაპარაკობდა. ეს ძველმოსახლე ხალხი სხვა ხალხმა დაიპყრო, რომელთა ენაც, მეცნიერთა აზრით, ინდოევროპულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ისინი ლურსმულ დამწერლობას იყენებდნენ. მათ ენას ხეთურ ლურსმულს უწოდებენ. მოგვიანებით იგი სხვა ინდოევროპულმა ენამ ჩაანაცვლა, რომელსაც იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდა. ამ ენას ხეთურ იეროგლიფურს უწოდებენ. მასზე შესრულებული ტექსტები მცირე აზიასა და ჩრდილოეთ სირიაში აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით ეს სამი ენა ხალხთა სამ ჯგუფს ეკუთვნოდა. მაგრამ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ რომელიმე მათგანი ბიბლიაში მოხსენიებულ ხეთელებთან გავაიგივოთ. იმ ხალხზე, რომელიც ე. წ. ხეთურ ლურსმულს იყენებდა, ბიბლეისტი მარტინ ნოთი წერდა: «ძველ წარწერებში სიტყვა „ხეთი“ არ გვხვდება, იგი თანამედროვე მკვლევრებმა დაადგინეს ამ ენასა და მცირე აზიაში მდებარე ხათის სამეფოს შორის არსებული ისტორიული კავშირის საფუძველზე». ხეთური იეროგლიფების შესახებ კი ასეთ რამეს წერდა: «მათთან მიმართებით დამკვიდრებული სიტყვა „ხეთურის“ გამოყენება უმართებულო და დამაბნეველია» (The Old Testament World, 1966, გვ. 231). ისტორიკოსი ე. ა. სპაისერი ასკვნის: „ბიბლიაში მოხსენიებული ხეთელების ვინაობის დადგენა ... საკმაოდ რთულია. მაგალითად, გასარკვევია, ხეთების რომელ ჯგუფზეა საუბარი ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთში — ხათებთან, ინდოევროპელ ხეთებთან, რომლებიც ლურსმულ დამწერლობას იყენებდნენ თუ იეროგლიფური დამწერლობის მქონე ხეთებთან“ (The World History of the Jewish People, 1964, ტ. 1, გვ. 160).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიბლიაში მოხსენიებული ხეთელების გაიგივების ნებისმიერი მცდელობა ხეთების სამეფოსთან (რომლის დედაქალაქი ხათუშაში იყო) მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება და არა დასაბუთებულ ფაქტებს. ამიტომ წინამდებარე წიგნში ისტორიულად ცნობილ ხეთებში არ ვგულისხმობთ ბიბლიაში მოხსენიებულ ხალხს, რადგან ვფიქრობთ, რომ საამისოდ საკმარისი მტკიცება არ გაგვაჩნია.