ჰოშეა
[ჰოშაიას შემოკლებული ფორმა]
1. ერთ-ერთი იმ 12 მზვერავიდან, რომლებიც მოსემ ძვ. წ. 1512 წელს გაგზავნა აღთქმული მიწის დასაზვერად. ის იყო ნავეს ძე ეფრემის ტომიდან. მოსე მას იესოს ეძახდა, რაც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“ (რც. 13:8, 16). სეპტუაგინტაში მისი სახელი იკითხება როგორც იესუს (იესო). როცა ის მოსეს საქმის გამგრძელებელი გახდა, მას ამ ებრაული სახელის შემოკლებული ფორმით „იესოთი“ მოიხსენიებდნენ (იეს. 1:1).
2. ეფრემის ტომის მთავარი დავითის მმართველობის დროს; აზაზიას ვაჟი (1მტ. 27:20, 22).
3. ასე წარმოითქმის ებრაულად იეჰოვას წინასწარმეტყველის, ოსიას სახელი. ის ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებში ცხოვრობდა იუდას მეფეების — უზიას, იოთამის, ახაზისა და ხიზკიას მმართველობის დროს (ოს. 1:1; იხ. ოსია).
4. ბოლო მეფე ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში, რომელმაც ძვ. წ. 740 წელს შეწყვიტა არსებობა. ელაჰის ვაჟი; ის ბოროტად იქცეოდა იეჰოვას თვალში, თუმცა არა მისი წინამორბედების მსგავსად (2მფ. 17:1, 2). ის არ იყო ტახტის კანონიერი მემკვიდრე და არც ღმერთმა სცხო მეფედ. მან შეთქმულება მოაწყო მეფე ფეკახის წინააღმდეგ, მოკლა ის და ხელში ჩაიგდო სამეფო ტახტი. 2 მეფეების 15:30-ში ნათქვამია, რომ ჰოშეამ მოკლა ფეკახი და „მის ნაცვლად თვითონ გამეფდა უზიას ვაჟის, იოთამის მეფობის მეოცე წელს“. ვინაიდან იუდას მეფე იოთამი მხოლოდ 16 წელს მეფობდა (2მფ. 15:32, 33; 2მტ. 27:1, 8), შესაძლოა აქ იოთამის გამეფებიდან მე-20 წელი იგულისხმება, ანუ იოთამის მემკვიდრის, ახაზის მეფობის მეოთხე წელი (იხ. იოთამი №3).
თუმცა ჰოშეა მხოლოდ მოგვიანებით ჩათვალეს ისრაელის კანონიერ მმართველად. 2 მეფეების 17:1-ში ნათქვამია, რომ „ახაზის მეფობის მეთორმეტე წელს ელაჰის ვაჟი ჰოშეა გამეფდა ისრაელზე და ცხრა წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან“. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროიდან დაიწყო ჰოშეამ სამარიაში სრულუფლებიანი მმართველობა. შეიძლება მას ასურელები დაეხმარნენ, რადგან ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III თავის ჩანაწერებში აცხადებდა, რომ მან გაამეფა ჰოშეა (იხ. ჩარჩო „იუდასა და ისრაელის მეფეების დროს მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენები“ სტატიაში ქრონოლოგია).
სალმანასარ V-მ, რომელმაც ტიგლათფილესერ III შეცვალა, ჰოშეას ხარკი დააკისრა, მაგრამ ჰოშეამ დახმარების სათხოვნელად მალევე გაუგზავნა მაცნეები ეგვიპტის მეფე სოს და უარი თქვა ასურეთისთვის ხარკის გადახდაზე. ამ შეთქმულების გაგების შემდეგ სალმანასარ V-მ ჰოშეა საპყრობილეში ჩააგდო და ალყა შემოარტყა სამარიას. სამწლიანი ალყის შემდეგ, ძვ. წ. 740 წელს ქალაქი დაეცა, მოსახლეობა სხვაგან გადაასახლეს და ისრაელის ათტომიანმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა (2მფ. 17:3—6).
5. ერთ-ერთი თავკაცი, რომლის შთამომავალიც, თუ თვითონ არა, დათანხმდა ნეემიას დროს მტკიცე შეთანხმების დადების შესახებ ლევიანების მიერ წამოყენებულ წინადადებას (ნემ. 9:5, 38; 10:1, 14, 23).