იედაია
სხვადასხვა მნიშვნელობის ორი ებრაული სახელი, რომლებიც განსხვავებულად იწერება. ქართულად ორივე სახელი ერთნაირად იწერება.
[1, 2: ებრ. ჲედაჲაჰ]
1. სიმონელი, რომლის შთამომავალიც, სახელად ზიზა, ხიზკიას მეფობის პერიოდში თავკაცი იყო (1მტ. 4:24, 37, 38, 41).
2. ხარუმაფის ვაჟი; გადასახლებიდან იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ თავისი სახლის წინ მან ქალაქის გალავნის ნაწილი აღადგინა (ნემ. 3:10).
[3–8: ებრ. ჲედაʽჲაჰ; იაჰმა იცის]
3. სამღვდელო საგვარეულო; როცა დავითმა მღვდლები 24 ჯგუფად დაყო, წილისყრით ეს საგვარეულო მეორე ჯგუფად აირჩიეს (1მტ. 24:1, 6, 7).
ქვემოთ მოცემულია ცნობები გადასახლებიდან დაბრუნებული მღვდლების შესახებ, რომლებიც ცნობილნი არიან სახელით იედაია. როგორც ვარაუდობენ, ზოგიერთი მათგანი შეიძლება ერთი საგვარეულოდანაც ყოფილიყო.
4. მღვდელი (ან ზემოხსენებული საგვარეულოს წარმომადგენლები), რომელიც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში დასახლდა. ნეემიას 11:10-ში იედაია მოიხსენიება როგორც იოიარიბის ვაჟი. თუ ამ მუხლს 1 მატიანეს 9:10-ს შევადარებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტყვა ვაჟი გადამწერის მიერ გაკეთებული ჩანართია. სახელები იედაია, იეჰოიარიბი (იოიარიბი) და იაქინი, რომლებიც წიგნ „ნეემიასა“ და „მატიანეში“ მოცემული სამღვდელო ნუსხების თავში გვხვდება, დავითის მეფობის დროს აღნუსხულ საგვარეულო სახელებს ემთხვევა (1მტ. 24:6, 7, 17). აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ ეს სახელები სამი საგვარეულო სახელი იყოს, ხოლო მომდევნო სახელები — კონკრეტული ადამიანების. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ჩამონათვალში მოცემული ყველა სახელი იმ დროს მცხოვრები ცალკეული ადამიანების სახელები ყოფილიყო (1მტ. 9:10—12; ნემ. 11:10—13).
5. წინაპარი 973 მღვდლისა, რომლებიც ბაბილონიდან ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ (ეზრ. 2:1, 2, 36; ნემ. 7:39). მათზე ნათქვამია, რომ ისინი „იეშუას სახლიდან“ იყვნენ, რაც შესაძლოა მღვდელმთავართა შტოსთან მათ გარკვეულ კავშირზე მიანიშნებდეს. მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ისინი შესაძლოა №3-ში მოხსენიებული საგვარეულო ხაზის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
6, 7. ორი მღვდლის სახელი, რომლებიც იეშუასა და ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ ძვ. წ. 537 წელს (ნემ. 12:1, 6, 7). იეშუას შემდგომი მღვდელმთავრის, იოიაკიმის მსახურების დროს ეს სახელები ისე მოიხსენიება, როგორც საგვარეულო სახელები; ერთის თავკაცი უზიაა, მეორისა კი — ნეთანელი (ნემ. 12:12, 19, 21). შეუძლებელია იმის განსაზღვრა, მიეკუთვნებოდნენ თუ არა ორივენი (ან ერთ-ერთი მათგანი) №3-ში მოხსენიებულ საგვარეულო ხაზს.
8. გადასახლებიდან დაბრუნებული კაცი, რომლისგანაც ოქრო და ვერცხლი აიღეს მღვდელმთავარ იეჰოშუასთვის გვირგვინის გასაკეთებლად (ზქ. 6:10—14). ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა კავშირი არსებობდა მასსა და ზემოხსენებულ მღვდლებს შორის.