საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იფთახი“
  • იფთახი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იფთახი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იფთახი ასრულებს იეჰოვასთვის მიცემულ აღთქმას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ერთგულებით ღვთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც
    ასწავლეთ შვილებს
  • ის ღმერთსაც უყვარდა და მეგობრებსაც
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იფთახი“

ᲘᲤᲗᲐᲮᲘ

1. [დაე [ღმერთმა] გააღოს; [ღმერთი] აღებს]

ისრაელის მსაჯული მენაშეს ტომიდან (რც. 26:29; მსჯ. 11:1); ის ექვსი წლის მანძილზე სამართალს უჩენდა ხალხს გალაადის ტერიტორიაზე მღვდელმთავარ ელის დროს, როცა სამუელი ჯერ კიდევ პატარა იყო (მსჯ. 12:7). მისი ექვსწლიანი მსაჯულობა დაახლოებით ძვ. წ. 1173 წელს დაიწყო, რასაც ცხადყოფს იფთახის ნათქვამი, რომ იორდანეს აღმოსავლეთი მხარე ისრაელის საკუთრებაში „უკვე სამასი წელი“ იყო (მსჯ. 11:26).

იფთახი კანონიერი შვილი იყო. იფთახის დედა ბიბლიაში მოხსენიებულია მეძავ ქალად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იფთახი მეძაობის შედეგად დაიბადა ან უკანონო შვილი იყო. ვიდრე გალაადის მეორე ცოლი გახდებოდა, დედამისი მეძავი იყო რახაბის მსგავსად, რომელიც სალმონზე დაქორწინდა (მსჯ. 11:1; იეს. 2:1; მთ. 1:5). იფთახის ნახევარძმებმა (გალაადის ვაჟები პირველი ცოლისგან) ის სახლიდან გააგდეს, რათა მემკვიდრეობიდან წილი არ მიეღო, რაც მოწმობს, რომ იფთახი კანონიერი შვილი იყო (მსჯ. 11:2). ამასთან, გალაადელებმა (მათ შორის ყველაზე გავლენიანები, როგორც ჩანს, სწორედ იფთახის ნახევარძმები იყვნენ) იფთახი მოგვიანებით თავიანთ მეთაურად აირჩიეს (მსჯ. 11:11). მას აგრეთვე ღვთისთვის მიჰქონდა შესაწირავი კარავში (მსჯ. 11:30, 31). ის ზემოთქმულიდან ვერაფერს გააკეთებდა, უკანონო შვილი რომ ყოფილიყო, რადგან კანონში არაორაზროვნად ეწერა: „ვერ შევა უკანონო ვაჟი იეჰოვას კრებულში; მეათე თაობამდე ვერავინ შევა იეჰოვას კრებულში“ (კნ. 23:2).

როგორც ჩანს, იფთახი გალაადის პირმშო იყო და, როგორც წესი, მას მამამისის, გალაადის (სავარაუდოდ ის ცოცხალი აღარ იყო, როცა ნახევარძმებმა იფთახი გააგდეს) ქონებიდან ორი წილი ეკუთვნოდა და ოჯახის მეთაური ის უნდა გამხდარიყო. ნახევარძმებმა მხოლოდ უკანონო საქციელით ანუ სახლიდან გაძევების შედეგად წაართვეს მას კანონით კუთვნილი მემკვიდრეობა. მაშინაც კი, თუ კაცს პირველი ვაჟი მეორე ან ნაკლებად საყვარელი ცოლისგან ეყოლებოდა, პირმშოობის უფლება მაინც მას ეკუთვნოდა (კნ. 21:15—17).

„უსაქმური კაცები“ იფთახთან იკრიბებიან. სახლიდან გაგდების შემდეგ იფთახი, სავარაუდოდ, ისრაელის საზღვრებს გარეთ, გალაადის აღმოსავლეთით ტობის მიწაზე დასახლდა. მას იქ ადვილად დაესხმებოდნენ თავს ისრაელის მტრები, განსაკუთრებით ამონელები. იფთახთან თავი მოიყარეს და ის თავიანთ მეთაურად აირჩიეს „უსაქმურმა კაცებმა“, ანუ მათ, ვისაც ამონელების მხრიდან ჩაგვრის გამო, სავარაუდოდ, საარსებო საშუალება აღარ ჰქონდათ და ამონელთა უღლის გადაგდებას ცდილობდნენ (მსჯ. 11:3). იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებნი (რეუბენის და გადის ტომები და მენაშეს ტომის ნახევარი) ძირითადად მესაქონლეები იყვნენ, ამონელმა მოთარეშეებმა კი (ზოგჯერ ისინი იორდანეს კვეთდნენ), როგორც ჩანს, გალაადში მცხოვრებთაგან ბევრს წაართვეს ქონება და საარსებო საშუალება (მსჯ. 10:6—10).

ამონელები ომით ემუქრებიან. ღმერთმა დაუშვა, რომ ამონელებს 18 წლის მანძილზე დაეჩაგრათ ისრაელები, რადგან უორგულეს მას და მეზობელ ხალხთა ღვთაებებს დაუწყეს თაყვანისცემა. მაგრამ ისრაელები გონს მოეგნენ, მოინანიეს თავიანთი უგუნურება და იეჰოვას სთხოვეს შველა. მათ დაიწყეს კერპების მოშორება და იეჰოვას თაყვანისცემა. მაშინ ამონელები ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად გალაადში შეიკრიბნენ (მსჯ. 10:7—17; 11:4). ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სინამდვილეში წარმართი ხალხები ისრაელთან საბრძოლველად ღვთის მთავარმა უხილავმა მტერმა, სატანა ეშმაკმა წააქეზა და, რომ სადავო სხვა არაფერი იყო თუ არა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა (შდრ. გმც. 12:9; ფს. 96:5; 1კრ. 10:20).

ისრაელთა ჯარმა მიცფაში მოიყარა თავი. როგორც ჩანს, გალაადის უხუცესთა შორის იფთახის ნახევარძმები საკმაოდ გავლენიანები იყვნენ (მსჯ. 10:17; 11:7). ისინი მიხვდნენ, რომ კარგი მეთაურობა და ხელმძღვანელობა სჭირდებოდათ (მსჯ. 10:18). მათ ისიც ესმოდათ, რომ ამონელების დასამარცხებლად ღვთის მიერ დანიშნული კაცი სჭირდებოდათ წინამძღოლად (მსჯ. 11:5, 6, 10). ტობის მიწაზე იფთახისა და მისი ხალხის საგმირო საქმეები იმაზე მიანიშნებდა, რომ ის ღვთის რჩეული იყო (მსჯ. 11:1). გალაადელებმა გადაწყვიტეს ერთ დროს მათ მიერ მოძულებულ იფთახთან მისვლა, რომ ეთხოვათ, მათი მეთაური გამხდარიყო.

გალაადის მეთაურად იფთახის დანიშვნა. ამონელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაძღოლაზე იფთახი ერთი პირობით დათანხმდა: თუ იეჰოვა გაამარჯვებინებდა, ის ბრძოლის შემდეგაც მათი მეთაური იქნებოდა. იფთახის დაჟინებული მოთხოვნა ეგოისტური არ იყო. მან დაამტკიცა, რომ მზად იყო, იეჰოვას სახელისა და მისი ხალხის დასაცავად მტერს შებრძოლებოდა. ამონის დამარცხება იმის დასტური იქნებოდა, რომ ღმერთი მასთან იყო. იფთახს არ უნდოდა, რომ კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის შემდეგ ისრაელებს ისევ შეექციათ ზურგი ღვთის მმართველობისთვის. ამასთან, თუ იფთახი მართლა გალაადის პირმშო იყო, ის უბრალოდ გალაადის სახლზე თავისი მეთაურობის კანონიერი უფლების განმტკიცებას ცდილობდა. მაშინ მათ მიცფაში იეჰოვას წინაშე დადეს შეთანხმება. ამ შემთხვევაშიც იფთახმა ცხადყო, რომ ისრაელის ღმერთად, მეფედ და ნამდვილ მხსნელად იეჰოვას მიიჩნევდა (მსჯ. 11:8—11).

იფთახი, როგორც საქმის გამკეთებელი კაცი, დაუყოვნებლივ ჩაუდგა ხალხს სათავეში. მან შეუთვალა ამონის მეფეს, რომ მათ ისრაელის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს. მაგრამ ამონელთა მეფემ განაცხადა, რომ ისრაელებმა ეს მიწა ამონელებს წაართვეს (მსჯ. 11:12, 13). ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ იფთახი უბრალოდ უხეში და უსწავლელი მეომარი კი არ იყო, არამედ ისტორიაც იცოდა. მან განსაკუთრებით კარგად იცოდა, რა გააკეთა ღმერთმა თავისი ხალხისთვის. მან გააბათილა ამონის მეფის არგუმენტები და დაანახვა: 1) ისრაელს არ შეუვიწროებია ამონი, მოაბი და ედომი (მსჯ. 11:14—18; კნ. 2:9, 19, 37; 2მტ. 20:10, 11); 2) საკამათო ტერიტორია ქანაანელი ამორეველების საკუთრება იყო და არა ამონელების, როცა ისრაელმა ის დაიპყრო; ამორეველთა მეფე სიხონი და მისი მიწა ღმერთმა ისრაელებს ჩაუგდო ხელში; 3) ამონელები გასული 300 წლის მანძილზე არ ედავებოდნენ ისრაელებს ამ ტერიტორიას და ახლა რის საფუძველზე დაუწყეს დავა?! (მსჯ. 11:19—27).

იფთახი ჩასწვდა საკითხის არსს და ცხადყო, რომ სინამდვილეში საქმე თაყვანისმცემლობას ეხებოდა. მან განაცხადა, რომ ეს მიწა ისრაელებს იეჰოვა ღმერთმა მისცა, ამიტომ ისინი მის ერთ გოჯსაც კი არ დაუთმობდნენ ცრუ ღვთაების თაყვანისმცემლებს. მან ამონელთა ღვთაებად ქემოში დაასახელა. ზოგის აზრით, მას სახელი შეეშალა. მიუხედავად იმისა, რომ ამონელთა ღვთაებად მილქომი ითვლებოდა, მოაბელთა ღვთაებად კი — ქემოში, ეს მონათესავე ხალხები მრავალ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ. სოლომონმა თავისი უცხოელი ცოლების გავლენით ისრაელშიც კი დაამკვიდრა ქემოშის თაყვანისმცემლობა (მსჯ. 11:24; 1მფ. 11:1, 7, 8, 33; 2მფ. 23:13). გარდა ამისა, ზოგი ბიბლეისტის აზრით, სახელი „ქემოში“ შესაძლოა ნიშნავს დამმორჩილებელს ან დამპყრობელს (Gesenius’s Hebrew and Chaldee Lexicon, თარგმანი ს. ტრეგელსისა, 1901, გვ. 401). შესაძლოა იფთახმა იმიტომ დაასახელა ეს ღვთაება, რომ ამონელების აზრით, სწორედ მისი დახმარებით იმორჩილებდნენ და იპყრობდნენ სხვა ერებსა და მათ მიწებს.

იფთახის აღთქმა. იფთახმა დაინახა, რომ ამონელებთან ბრძოლა ღვთის ნება იყო. ღვთის სულით ძალაშემატებული იფთახი თავის ჯარს ბრძოლაში გაუძღვა. როგორც 600 წლით ადრე მცხოვრებმა იაკობმა, იფთახმაც აღთქმა დადო, რითაც ცხადყო, რომ მთელი გულით სურდა იეჰოვასგან ხელმძღვანელობის მიღება და ბრძოლაში ნებისმიერ წარმატებას ის იეჰოვასგან ბოძებულად ჩათვლიდა (მსჯ. 11:30, 31; დბ. 28:20—22). იეჰოვამ მოიწონა იფთახის აღთქმა და ხელში ჩაუგდო ამონელები (მსჯ. 11:32, 33).

ჰქონდა მხედველობაში იფთახს აღთქმის დადებისას დასაწვავ შესაწირავად ადამიანის შეწირვა?

ზოგი კრიტიკოსი და ბიბლეისტი განსჯის იფთახს მისი აღთქმისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ სხვა ერების ჩვეულების თანახმად, მან დასაწვავ მსხვერპლად შესწირა თავისი ქალიშვილი. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა იეჰოვას შეურაცხყოფა, მის თვალში სისაძაგლე და მისი კანონის დარღვევა იქნებოდა. მან მკაცრად გააფრთხილა ისრაელი: „არ ისწავლო იმ ხალხებისგან სისაძაგლის კეთება. არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი . . . ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი“ (კნ. 18:9—12). იეჰოვა ასეთ ადამიანს კი არ აკურთხებდა, არამედ დაწყევლიდა. თავიანთ ღმერთს, მოლექს ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ ამონელები, რომელთაც იფთახი ებრძოდა (შდრ. 2მფ. 17:17; 21:6; 23:10; იერ. 7:31, 32; 19:5, 6).

იფთახის სიტყვებში, „ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს“, ადამიანი იგულისხმებოდა და არა ცხოველი, რადგან შესაწირავი ცხოველები ისრაელებს სახლებში არ ეყოლებოდათ, რომ იქ თავისუფლად ევლოთ. გარდა ამისა, ცხოველის შეწირვა ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების მაჩვენებელი არ იქნებოდა. იფთახმა იცოდა, რომ შეიძლებოდა სწორედ მისი ქალიშვილი შეგებებოდა მას პირველი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს იფთახზე იეჰოვას სული მოქმედებდა და ის დაუფიქრებლად არ დადებდა აღთქმას. მაშ, რა გაგებით იქნებოდა იეჰოვას საკუთრება და დასაწვავი შესაწირავი ის, ვინც იფთახს შეეგებებოდა და გამარჯვებას მიულოცავდა? (მსჯ. 11:31).

ისრაელში ადამიანები შეიძლებოდა მიეძღვნათ იეჰოვასთვის საწმინდარში განსაკუთრებული მსახურების შესასრულებლად. მშობლებს ჰქონდათ ამის უფლებამოსილება. სამუელი, რომლის დაბადებამდე დედამისმა აღთქმა დადო, რომ ის კარავში იმსახურებდა, ამის ერთ-ერთი მაგალითია. ამ აღთქმას მხარს უჭერდა ხანას ქმარი ელკანაც. როგორც კი სამუელი ძუძუს მოსწყვიტა, ხანამ ის საწმინდარში მიიყვანა და ცხოველური შესაწირავიც მიიტანა (1სმ. 1:11, 22—28; 2:11). ღვთის მსახურად, ნაზირად განკუთვნილი კიდევ ერთი ბავშვი იყო სამსონი (მსჯ. 13:2—5, 11—14; შდრ. რც. 30:3—5, 16, სადაც განიხილება მამის უფლებამოსილება ქალიშვილის აღთქმებზე).

როცა იფთახმა თავისი ქალიშვილი საწმინდარში მიიყვანა, რომელიც იმ დროს შილოში იყო, ის ცხოველურ შესაწირავსაც მიიტანდა დასაწვავ შესაწირავად. კანონის თანახმად, დასაწვავ შესაწირავს კლავდნენ, ატყავებდნენ და ანაწევრებდნენ; ნაწლავებსა და კიდურებს რეცხავდნენ და სხეულს, თავსა და ყველაფერს, სამსხვერპლოზე წვავდნენ (ლვ. 1:3—9). მსხვერპლის სრულად შეწირვა მიუთითებდა ღვთისადმი მთლიანად, უპირობოდ და მთელი გულით მიძღვნაზე. როცა დასაწვავი შესაწირავი სხვა მსხვერპლთან ერთად მიჰქონდათ (მაგალითად, გამოსყიდვის დღეს დასაწვავი შესაწირავი ცოდვის შესაწირავთან ერთად მიჰქონდათ), ამით გამოხატავდნენ იეჰოვასადმი თხოვნას, რომ მიეღო ეს მსხვერპლი (ლვ. 16:3, 5, 6, 11, 15, 24).

იფთახმა და მისმა ქალიშვილმა დიდი მსხვერპლი გაიღეს, რადგან იფთახს მის გარდა სხვა შვილი არ ჰყოლია (მსჯ. 11:34). ეს ნიშნავდა, რომ მას აღარც გვარის გამგრძელებელი ეყოლებოდა და აღარც მემკვიდრე. ამ მხრივ ერთადერთი იმედი მისი ქალიშვილი იყო. ქალიშვილმა გამოიტირა არა სიცოცხლე, არამედ ქალწულობა, რადგან ისრაელში ყველას, კაცსაც და ქალსაც, უნდოდა შვილები ჰყოლოდა, რომლებიც მათი ოჯახის სახელსა და მემკვიდრეობას შეინარჩუნებდნენ (მსჯ. 11:37, 38). უშვილობა დიდ უბედურებად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, „არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან“. ეს სიტყვები რომ აღთქმის შესრულებამდე პერიოდს ეხებოდეს, აზრს მოკლებული იქნებოდა, რადგან მანამდე არაორაზროვნად არის ნათქვამი, რომ ის ქალწული იყო. ისინი მოსდევს სიტყვებს „მანაც [იფთახმა] დადებული აღთქმა შეასრულა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზემოხსენებული სიტყვები აღთქმის შესრულებას ეხება. ამ მონაკვეთიდან ნათლად ჩანს, რომ იფთახის ქალიშვილი აღთქმის შესრულების შემდეგაც ქალწული დარჩა (მსჯ. 11:39; შდრ. სსგ, ბსგ, აქ).

გარდა ამისა, „ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას“ (მსჯ. 11:40). თუმცა აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა თანა ზოგ თარგმანში გადმოიტანეს დატირებად (შდრ. ბსგ), ის გვხვდება მსაჯულების 5:11-შიც, სადაც ითარგმნა მოყოლად (აქ), მღერად (სსგ) და მოთვლად (ბსგ). ერთი ლექსიკონის თანახმად, ის ნიშნავს გამეორებას (A Hebrew and Chaldee Lexicon, ბ. დეივისის რედაქციით, 1957, გვ. 693). საწმინდარში მსახურებისას იფთახის ქალიშვილს, მსგავსად სხვა ნეთინიმებისა (საწმინდარში მსახურებისთვის „გადაცემულნი“), ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ნეთინიმები აგროვებდნენ შეშას, ეზიდებოდნენ წყალს, ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოებს და, როგორც მღვდლებისა და ლევიანების დამხმარეები, უეჭველად ბევრ სხვა საქმესაც გააკეთებდნენ (იეს. 9:21, 23, 27; ეზრ. 7:24; 8:20; ნემ. 3:26).

ეფრემელების მხრიდან წინააღმდეგობა. ეფრემელები, რომლებიც თავს ჩრდილოეთ ისრაელის (მათ შორის გალაადის) წამყვან ტომად მიიჩნევდნენ, სიამაყის გამო არ აღიარებდნენ იფთახის უფლებამოსილებას და საკუთარი თავის გამართლებას ცდილობდნენ. იფთახთან დაპირისპირების მიზეზად მათ ცრუ ბრალდება წამოაყენეს. მსგავსი დამოკიდებულება ეფრემელებს უფრო ადრე, მსაჯული გედეონის დროსაც ჰქონდათ (მსჯ. 8:1). ისინი აცხადებდნენ, რომ იფთახმა არ დაუძახა მათ ამონელების წინააღმდეგ ბრძოლაში და ემუქრებოდნენ, რომ სახლ-კარიანად გადაწვავდნენ (მსჯ. 12:1).

იფთახმა მიუგო, რომ მოუხმო მათ ბრძოლაში, მაგრამ ისინი არ გამოეხმაურნენ. მან თქვა: „იეჰოვამ ხელში ჩამიგდო ისინი [ამონელები]. რატომ მოხვედით დღეს ჩემთან საბრძოლველად?“ (მსჯ. 12:2, 3). ეფრემელები იფთახის მეომრებზე ამბობდნენ: „ეფრემიდან ხართ გამოქცეულები; გალაადო, ეფრემსა და მენაშეს შორისა ხარ“ (მსჯ. 12:4). ამით მათ შესაძლოა იფთახისთვის სახელი გატეხვა უნდოდათ, რადგან მიანიშნებდნენ, რომ ის განდევნილი იყო და „უსაქმურ კაცებთან“, გაქცეულებთან დაიჭირა საქმე (მსჯ. 11:3).

ამის შემდეგ გამართულ ბრძოლაში ეფრემელები დამარცხდნენ და გაიქცნენ. იფთახის მეომრები მათ იორდანეს ფონებთან იჭერდნენ. გაქცეული ეფრემელები თავიანთი ვინაობის დამალვას ცდილობდნენ, მაგრამ სიტყვის წარმოთქმა გასცემდა მათ. როცა გამოცდის მიზნით მათ სთხოვდნენ, ეთქვათ სიტყვა „შიბოლეთი“, ისინი ბგერა „შ“-ს ვერ წარმოთქვამდნენ და „სიბოლეთს“ ამბობდნენ. 42 000 ეფრემელი გამოესალმა სიცოცხლეს იმის გამო, რომ იეჰოვას მიერ დანიშნულ მხსნელს აუჯანყდნენ (მსჯ. 12:5, 6).

ის ღმერთმა მოიწონა. 1 სამუელის 12:11-ში იფთახი მოხსენიებულია იეჰოვას მიერ გაგზავნილ მხსნელად, ებრაელების 11:32-ში კი ერთგულ მოწმეთა „დიდ ღრუბელში“ მოიხსენიება (ებრ. 12:1).

2. [იფთახ-ელის შემოკლებული ფორმა] — იუდას ქალაქი შეფელაში (იეს. 15:20, 33, 43). მის სავარაუდო ადგილმდებარეობად მიიჩნევა თარკუმია, რომელიც ხებრონის დას. ჩრდ.-დას.-ით დაახლ. 10 კმ-შია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება