საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კადეში“
  • კადეში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კადეში
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აცმონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ცინი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ადარი (II)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ენ-მიშფატი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კადეში“

ᲙᲐᲓᲔᲨᲘ

(წმინდა ადგილი), კადეშ-ბარნეა (ბარნეას წმინდა ადგილი).

ადგილი, სადაც ისრაელი დაბანაკდა უდაბნოში ედომელთა ტერიტორიის საზღვართან, „შურის გზასთან“ ახლოს — შესაძლოა იმ ადგილას, სადაც მდებარეობს თანამედროვე დარბ-ელ-შური, რომელიც გადაჭიმულია ხებრონიდან ეგვიპტემდე (დბ. 16:7, 14; რც. 20:14—16 (რც. 20:16-ში მოხსენიებული ებრაული სიტყვა „ირ“ (ქალაქი) შესაძლოა ნიშნავდეს ბანაკს; შდრ. რც. 13:19). როგორც ჩანს, გზის გავლას ხორებიდან კადეშ-ბარნეამდე სეირის მთის მიმართულებით 11 დღე სჭირდებოდა (კნ. 1:2).

კადეშის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის მდებარეობდა როგორც ფარანის უდაბნოში, ისე ცინის უდაბნოში. შესაძლოა ეს იმით აიხსნება, რომ ორივე უდაბნო ერთმანეთს სწორედ კადეშში ემიჯნებოდა; ან იმით, რომ ცინის უდაბნო შესაძლოა მასზე გაცილებით დიდი ფარანის უდაბნოს ნაწილს წარმოადგენდა (რც. 13:26; 20:1). აბრაამის დროს კადეში ენ-მიშფატის სახელითაც იყო ცნობილი (დბ. 14:7; 20:1). სავარაუდოდ, ეს იგივე ადგილია, რაც კედეში (იეს. 15:21, 23).

ზოგის აზრით, ძველი კადეში შეიძლება გავაიგივოთ აინ-ქედაისთან, რომელიც ბეერ-შებადან სამხრ.-სამხრ.-დას-ით დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. გახრიოკებული უდაბნოს შუაგულში (შდრ. კნ. 1:19) არის ოაზისი, რომლის არსებობაც ქედაისის კამკამა მტკნარი წყლის წყაროს დამსახურებაა. აქ ხარობს მცენარეულობა — ამოდის მწვანე ბალახი და იზრდება ბუჩქები და ხეები. ამ ადგილის სიახლოვეს არის კიდევ ორი წყარო: აინ-ელ-ქუდაირათი და აინ-ელ-ქესაიმე. დღესდღეობით ამ სამი წყაროდან ყველაზე დიდია აინ-ელ-ქუდაირათი, ამიტომ ზოგიერთები ამ ტერიტორიას კადეშ-ბარნეასთან აიგივებენ. თუმცაღა ამ წყაროებს შორის აინ-ქედაისი ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს. აქედან გამომდინარე, აინ-ქედაისის გაიგივება კადეშ-ბარნეასთან უფრო ლოგიკური ჩანს, თუ გავითვალისწინებთ, როგორაა აღწერილი ქანაანის სამხრეთი საზღვარი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით: კადეშ-ბარნეა (აინ-ქედაისი?), ხაცარ-ადარი (აინ-ელ-ქუდაირათი?) და აცმონი (აინ-ელ-ქესაიმე?) (რც. 34:3—5).

თუ ისრაელები მართლაც ამ ადგილას დაბანაკდნენ, ხალხის სიმრავლის გამო ისინი, უდავოდ, სამივე წყაროს გამოიყენებდნენ. მაგალითად, იორდანეს გადაკვეთამდე სულ ცოტა ხნით ადრე ისინი დაბანაკებულები იყვნენ „ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე“ (რც. 33:49). თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ადგილების შესაძლო მდებარეობას, ისრაელის ბანაკი დაახლოებით 8 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. მანძილი კადეშ-ბარნეადან (აინ-ქედაისი) აცმონამდე (აინ-ელ-ქესაიმე) დაახლოებით 14 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ხაცარ-ადარამდე (აინ-ელ-ქუდაირათი) — 9 კილომეტრს. ასე რომ, ისრაელებს ნამდვილად შეეძლოთ ესარგებლათ სამივე წყაროთი. ისიც შესაძლებელია, რომ მთელ ამ მხარეს ეწოდებოდა კადეშ-ბარნეა. ეს სახელი შენარჩუნებულია იმ წყაროს სახელწოდებაში, რომელიც სამხრ.-აღმ-ით მდებარეობს (იხ. ᲐᲓᲐᲠᲘ, №2; ᲐᲪᲛᲝᲜᲘ).

ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს ისრაელები დაიძრნენ ხაცეროთიდან და კადეშ-ბარნეაში დაბანაკდნენ (შდრ. რც. 10:11, 12, 33, 34; 12:16; 13:26). შემდეგ მოსემ 12 მამაკაცი გაგზავნა აღთქმული მიწის დასაზვერად. ათმა მათგანმა ცუდი ამბავი მოიტანა, რითაც ისრაელებში უკმაყოფილება და ჩივილი გამოიწვიეს. ამის გამო იეჰოვამ დასაჯა ეს ერი — მათ უდაბნოში ხეტიალი მოუწევდათ. მოგვიანებით ისრაელმა ღვთის მოწონებისა და ხელმძღვანელობის გარეშე სცადა ქანაანის აღება, მაგრამ სამარცხვინოდ დამარცხდა (რც. 13:1—16, 25—29; 14:1—9, 26—34, 44, 45; 32:7—13; კნ. 1:41—45). გარკვეული ხნით ისრაელები კადეშ-ბარნეაში გაჩერდნენ (კნ. 1:46). მაგრამ იეჰოვას განზრახვა არ იყო, რომ ისინი იქ დარჩენილიყვნენ. ადრე მას ნათქვამი ჰქონდა ისრაელებისთვის: „ხვალ (ებრაული იდიომი, რომელიც ნიშნავს „მოგვიანებით, მომავალში, მერე“, როგორცაა მაგ. გმ. 13:14-ში (ბსგ)) გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით უდაბნოსკენ დაიძარით, რადგან ველზე ამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ“ (რც. 14:25).

ისრაელებმა დატოვეს კადეშ-ბარნეა და უდაბნოში 38 წელი იხეტიალეს (კნ. 2:1, 14). როგორც ჩანს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ 18 ადგილი შეიცვალეს — სწორედ ამდენ ადგილას დაბანაკდნენ ისრაელები მას შემდეგ, რაც დატოვეს ხაცეროთი (შდრ. რც. 12:16—13:3, 25, 26; 33:16—36). მიუხედავად იმისა, რომ ხაცეროთის დატოვების შემდეგ ისრაელი კადეშში დაბანაკდა, რიცხვების 33:18-ში ხაცეროთის შემდეგ არაა მოხსენიებული კადეში. შეიძლება კადეში შეგნებულადაა გამოტოვებული, ან შესაძლოა, როგორც ზოგიერთები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, კადეში იგივე რითმა იყო.

როგორც ჩანს, კადეშში ისრაელები ეგვიპტიდან გამოსვლის მე-40 წლის პირველ თვეს დაბრუნდნენ (რც. 20:1; 33:36—39). იქ მოკვდა მოსეს და, მირიამი. მოგვიანებით მოსეს და აარონს არ მიეცათ აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება, რადგან არ განწმინდეს იეჰოვა, როდესაც მან სასწაულებრივად მოუვლინა წყალი კადეშში დაბანაკებულ ისრაელებს. სწორედ ამ ტერიტორიაზე ყოფნისას მოსემ ნებართვა სთხოვა ედომელებს, რომ მათ ტერიტორიაზე გაევლოთ (რც. 20:1—17). ედომისგან ისრაელმა პასუხად უარი მიიღო და, როგორც ჩანს, ამის გამო მათ უფრო დიდხანს მოუწიათ კადეშში გაჩერება (რც. 20:18; მსჯ. 11:16, 17), ვიდრე ჰორის მთის გადავლით დაადგებოდნენ აღთქმულ მიწამდე მიმყვან გზას (რც. 20:22; 33:37). როდესაც ისინი მიადგნენ მოაბის ველს, რომელიც იორდანის აღმოსავლეთით მდებარეობდა, იეჰოვამ დაადგინა, რომ კადეშ-ბარნეაზე გაივლიდა აღთქმული მიწის სამხრეთი საზღვარი (რც. 33:50; 34:4). მოგვიანებით ისრაელმა იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით დაიპყრო ტერიტორია კადეშ-ბარნეადან ღაზამდე (იეს. 10:41) და კადეშ-ბარნეა იუდას ტომის სამხრეთ საზღვარზე მოექცა (იეს. 15:1—4).

ფსალმუნის 29:8-ში ვკითხულობთ, რომ იეჰოვას ხმა „აზანზარებს კადეშის უდაბნოს“. შესაძლოა ამ სიტყვებში ალუზიაა ძლიერ ქარიშხალზე, რომელიც უბერავდა ჩრდილოეთი მთებიდან სამხრეთის მიმართულებით კადეშისკენ და ისე აიტაცებდა ქვიშას, რომ ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უდაბნო ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება