ᲪᲘᲜᲘ
1. უდაბნო, რომელიც ქანაანისკენ მიმავალმა ისრაელმა გაიარა; ეს არაა იგივე სინის უდაბნო (რც. 33:11, 36). ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს 12 მზვერავი სწორედ ცინის უდაბნოდან გაგზავნეს აღთქმული მიწის დასაზვერად. იმ დროისთვის ისრაელები კადეშთან იყვნენ დაბანაკებულები (რც. 13:21, 26). უდაბნოში მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ ისრაელები მეორედ მივიდნენ კადეშში, ცინის უდაბნოში. ამ უკაცრიელ ტერიტორიაზე არც სათესი ადგილი იყო, არც ლეღვი, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი (რც. 20:1—5, შდრ. რც. 20:28; 33:38; კნ. 1:3). მერიბას წყალთან, კადეშში, ცინის უდაბნოში მოსემ და აარონმა არ განწმინდეს ღვთის სახელი ისრაელების წინაშე, რის გამოც აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა დაკარგეს (რც. 27:12—14; კნ. 32:50, 51).
ცინის უდაბნო „ედომის გაყოლებაზე“ (უშუალოდ ედომის დას.-ით) და იუდას ტომისთვის გამოყოფილი ტერიტორიის უკიდურეს სამხრ.-აღმ. ნაწილში მდებარეობდა (რც. 34:3; იეს. 15:1). ვინაიდან კადეში ცინის უდაბნოშიც იყო და ფარანის უდაბნოშიც (რც. 13:26; 20:1), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს უდაბნოები ერთმანეთს ესაზღვრებოდა ან ცინი ფარანის უდაბნოს ერთ-ერთი ნაწილი იყო.
2. ებრაულ დედანში ორ ადგილას ცინთან ერთად არ არის მოხსენიებული უდაბნო. ამ შემთხვევებში ეს სახელწოდება შესაძლოა მიუთითებდეს უცნობ ქალაქზე, რომელიც მდებარეობდა იუდას სამხრ. ნაწილში აკრაბიმის მაღლობსა და კადეშ-ბარნეას შორის და რომლის სახელიც დაერქვა ირგვლივ არსებულ უდაბნოსაც. თუმცა მასში შესაძლოა იგულისხმებოდეს თავად ცინის უდაბნო (რც. 34:4; იეს. 15:3).