ᲙᲘᲑᲠᲝᲗ-ᲰᲐᲗᲐᲐᲕᲐ
(სიხარბის საფლავები).
ადგილი უდაბნოში, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულები და სადაც ჭრელი ხალხი აჰყვა ეგოისტურ სურვილებს და მისტიროდა იმ საკვებს, რომელიც ჰქონდათ ეგვიპტეში (რც. 11:4; 33:16, 17; კნ. 9:22). ამ ადგილს, ძირითადად, აიგივებენ ხოლმე რუეის-ელ-ებერიჯთან, რომელიც მდებარეობს ნახევარ გზაზე ჯებელ-მუსასა (ტრადიციულად მიიჩნევენ სინაის მთად) და ხაცეროთს შორის. აქ იეჰოვამ სასწაულებრივად მოუვლინა მთელ ბანაკს ერთი თვის სამყოფი მწყერი (რც. 11:19, 20, 31). მაგრამ ხალხი იმდენად დახარბდა მწყერს, რომ „10 ხომერზე ნაკლები არავის წაუღია (2 200 ლ.). ბიბლია მოგვითხრობს, რომ „ხალხს ჯერ კიდევ პირში ჰქონდა ხორცი, ბოლომდე დაღეჭილიც კი არ ჰქონდა, რომ ... გაჟლიტა იეჰოვამ ისინი“. შესაძლოა, აქ პირდაპირი გაგებით ღეჭვაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ხორცის მთელი მარაგი ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ან „შეჭმა ვერ მოასწრეს“ (სსგ). ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია „ღეჭვად“, ძირითადად, ნიშნავს მოჭრას, მოკვეთას და შეიძლება გაგებული იყოს როგორც „პირიდან გამოტაცება“ (შდრ. იოლ. 1:5). ამის შემდეგ გვამები დამარხეს და ამ ადგილს უწოდეს კიბროთ-ჰათაავა (რც. 11:32—35).