საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სიგიჟე“
  • სიგიჟე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიგიჟე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • უზარმაზარი ხე — საიდუმლო გამჟღავნებულია
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • სიბრძნე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იანე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ეკლესიასტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სიგიჟე“

ᲡᲘᲒᲘᲟᲔ

ფსიქიკური აშლილობა, არანორმალურობა, უზომო რისხვა ან გონებაჩლუნგობა. ბიბლიაში გონების მუდმივი თუ დროებითი აშლილობის აღსაწერად გამოყენებულია სხვადასხვა ებრაული და ბერძნული სიტყვა. როგორც ჩანს, ამ სიტყვებიდან ზოგიერთი ასოცირდება გაგიჟებული ადამიანის შემზარავ ან ზოგჯერ გაშმაგებულ ან გამწარებულ ყვირილთან.

სიგიჟემ შეიპყრო ბაბილონის მკვეხარა მეფე ნაბუქოდონოსორი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მეფე ტრაბახობდა. ასე შესრულდა წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც დანიელმა ახსნა. შვიდი წლის განმავლობაში ის სიგიჟით იყო შეპყრობილი და „ბალახს ჭამდა ხარივით“ (დნ. 4:33). ნაბუქოდონოსორმა საღი აზროვნება დაკარგა და ფიქრობდა, რომ ცხოველი იყო, სავარაუდოდ ხარი. მისი ფსიქიკური აშლილობის შესახებ ერთ ფრანგულ სამედიცინო ლექსიკონში ნათქვამია: „ლიკანთროპია . . . მომდინარეობს სიტყვებიდან [ლიკოს], ლუპუს, მგელი და [ანთროპოს], ჰომო, ადამიანი. ეს სახელი ეწოდა დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ ცხოველად გადაიქცა და ჰბაძავს მას ხმაში, ყვირილში, გარეგნობასა თუ მანერებში. ეს ადამიანები ჩვეულებრივ წარმოიდგენენ ხოლმე, რომ გადაიქცნენ მგლად, ძაღლად და კატად, ზოგჯერ კი ხარად, როგორც ეს ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში მოხდა“ (Dictionnaire des sciences médicales, par une société de médecins et de chirurgiens, Paris, 1818, ტ. 29, გვ. 246). შვიდი წლის გასვლის შემდეგ იეჰოვამ ნაბუქოდონოსორს დაუბრუნა საღი აზროვნება (დნ. 4:34—37).

სიგიჟე და დემონებით შეპყრობა. მართალია, სიგიჟით დაავადებული ყველა ადამიანი არ არის დემონებით შეპყრობილი, თუმცა მოსალოდნელია, რომ დემონებით შეპყრობილი ადამიანები არაადეკვატურად მოიქცევიან. გერასელთა მხარეში იესო შეხვდა გიჟს, რომელიც დემონებით იყო შეპყრობილი. ის სასაფლაოზე ცხოვრობდა და არაერთხელ დაუდიათ ბორკილები და ჯაჭვებითაც შეუკრავთ, „მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამტვრევდა; ვერაფერს უხერხებდნენ“. უფრო მეტიც, „სასაფლაოზე თუ მთაში დღედაღამ ღრიალებდა და სხეულს ქვებით ისერავდა“. როცა იესომ მისგან დემონები განდევნა, კაცს „საღი აზროვნება“ დაუბრუნდა (მრ. 5:1—17; ლკ. 8:26—39). მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს შეუძლიათ თავი დაიცვან დემონებისგან, რომლებიც სიგიჟეს იწვევენ, თუ შეიმოსებიან „ღვთის სრული საჭურვლით“ და არასდროს მოიშორებენ მას (ეფ. 6:10—17).

მოჩვენებითი სიგიჟე. ერთხელ, როდესაც მეფე საულს გაურბოდა, დავითმა გათის მეფე აქიშს სთხოვა თავშესაფარი. როცა მისი ვინაობა გამჟღავნდა, ფილისტიმელებმა უთხრეს აქიშს, რომ დავითი საშიში კაცი იყო. ამ სიტყვებმა დავითი დააფრთხო. ამიტომ თავი მოიგიჟიანა, „შეშლილივით ხაზებს ავლებდა კარიბჭეებზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე“. აქიშმა იფიქრა, რომ დავითი გიჟი იყო და თავის გზაზე გაუშვა, როგორც უწყინარი ადამიანი. მოგვიანებით ღვთივშთაგონებით დავითმა 34-ე ფსალმუნი დაწერა, სადაც მადლობდა იეჰოვას, რომ აკურთხა მისი მცდელობა და გასაჭირისგან დაიხსნა (1სმ. 21:10—22:1).

იეჰოვას წინააღმდეგ გამოვლენილი სიგიჟე. წინასწარმეტყველი ბალაამი გიჟივით ცდილობდა, წინასწარმეტყველება წარმოეთქვა ისრაელის წინააღმდეგ, რათა მოაბელთა მეფე ბალაკისგან გასამრჯელო მიეღო. მაგრამ იეჰოვამ არ მისცა ამის გაკეთების საშუალება. მოციქულმა პეტრემ ბალაამის შესახებ დაწერა, რომ „ადამიანივით ალაპარაკდა პირუტყვი და ალაგმა წინასწარმეტყველის სიგიჟე“. ბალაამის სიგიჟის აღსაწერად მოციქულმა გამოიყენა ბერძნული სიტყვა პარაფრონია, რაც „ჭკუიდან გადასვლას“ ნიშნავს (2პტ. 2:15, 16; რც. 22:26—31).

წინასწარმეტყველი ოსია ისრაელის ცრუ წინასწარმეტყველების შესახებ წერდა: „წინასწარმეტყველი გასულელდება და შთაგონებული სიტყვის წარმომთქმელი შეიშლება; გამრავლდა შენი დანაშაული და ამიტომაც ბევრი გადაგემტერა“ (ოს. 9:7). იეჰოვა სიგიჟეს ყრის თავის მოწინააღმდეგეებს და მათზე, ვინც ღვთის სიბრძნეს უარყოფს, ამბობს: „ვასულელებ მკითხავებს“. ამგვარად მათი ყველა წინასწარმეტყველება სიცრუე ხდება (ეს. 44:24, 25). იობმა ქვეყნიური მოსამართლეების შესახებ თქვა, რომ იეჰოვა „მოსამართლეებს ასულელებს“ (იობ. 12:17).

პავლე მოციქულმა ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან და ქრისტიანული კრების გახრწნას ცდილობენ, შეადარა იანეს და იამბრეს, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ მოსეს. მან თქვა: „ისინი ამის მეტს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება, იმ ორი კაცისა არ იყოს, ყველას წინაშე გამოაშკარავდება“ (2ტმ. 3:8, 9).

ჩაგვრითა და გაურკვევლობით გამოწვეული სიგიჟე. სიგიჟე მოიხსენიება იმ სავალალო შედეგებს შორის, რომელთაც თავს დაიტეხდნენ ისრაელები, თუ იეჰოვას არ დაემორჩილებოდნენ. დამპყრობლების მხრიდან ჩაგვრის გამო ისინი ჭკუიდან შეიშლებოდნენ და სასოწარკვეთილებაში ჩაცვენილნი უგუნურად მოიქცეოდნენ (კნ. 28:28—34). მეფე სოლომონმა თქვა: „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება შეშლილივით მოიქცეს“ (ეკ. 7:7).

წინასწარმეტყველებაში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი შედარებული იყო იეჰოვას „რისხვის ღვინით სავსე სასმისს“. წინასწარმეტყველებაში გრძელდება, რომ ეს ხალხი „დალევენ და იბარბაცებენ; შეშლილებივით მოიქცევიან, რადგან [მე, იეჰოვა] მახვილს მოვუვლენ“ (იერ. 25:15, 16). მოგვიანებით სიგიჟე თავად ბაბილონსაც შეეყრებოდა; მის კერპთაყვანისმცემლებს შიშის მომგვრელი ხილვები ექნებოდათ და „თავიანთი საზარელი ხილვების გამო შეშლილებივით“ მოიქცეოდნენ (იერ. 50:35—38). ისიც იეჰოვას რისხვით სავსე თასს შესვამდა (იერ. 51:6—8).

ძლიერი განრისხება. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სიგიჟე“ შეიძლება აგრეთვე ძლიერ განრისხებაზე მიანიშნებდეს. ერთ შაბათ დღეს იესომ განკურნა კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. ამის დანახვაზე მწიგნობრები და ფარისევლები „გაცხარდნენ და ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა, რა ექნათ იესოსთვის“ (ლკ. 6:6—11). მათი გონება-განწყობის აღსაწერად ლუკამ გამოიყენა ბერძნული სიტყვა ანოია, რაც სიტყვასიტყვით უგუნურებას ნიშნავს (ამ სიტყვას უკავშირდება სიტყვა „პარანოია“). როგორც ჩანს, პავლე მოციქული ძლიერ განრისხებას გულისხმობდა, როდესაც საკუთარ თავზე ამბობდა, რომ გაშმაგებული დევნიდა ქრისტიანებს (სქ. 26:11).

უპირისპირდება სიბრძნეს. წიგნ „ეკლესიასტეში“ შემკრები ამბობს: „მთელი გულით შევეცადე, გამეგო, რა არის სიბრძნე, სიბრიყვე და უგუნურება“ (ეკ. 1:17). კვლევა-ძიების დროს ის არ შემოიფარგლა მხოლოდ სიბრძნის გამოკვლევით, არამედ მისი საპირისპირო თვისებებიც გამოიკვლია (ეკ. 7:25). ეკლესიასტეს 2:12-ში სოლომონი აღნიშნავს, რომ კვლავ მიაპყრო ყურადღება სიბრძნეს, სიბრიყვესა და უგუნურებას. ამგვარად მან შეძლო გაეგო, რა განსხვავებაა მათ შორის. მან გადამეტებული სიბრიყვე სიგიჟედ ჩათვალა და სიცილზე თქვა, რომ სისულელეა, რადგან სიბრძნესთან შედარებით ის აზრს მოკლებულია და არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება (ეკ. 2:2).

სულელი ადამიანის მდგომარეობის აღსაწერად სოლომონმა თქვა: „უგუნური თავიდან სისულელეს ამბობს და ბოლოს დამღუპველ სიტყვებს აფრქვევს“ (ეკ. 10:13). ეს სისულელე ზოგჯერ შეიძლება ტყუილში გადაიზარდოს, რომელიც ისეთ ძლიერ ზიანს აყენებს მსხვერპლს, რომ სიცრუის მთქმელი შედარებულია გიჟთან, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს ხელში (იგ. 26:18, 19).

ზოგს არ სწამს მკვდრეთით აღდგომის და ფიქრობს, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. გაუწონასწორებელი თვალსაზრისის გამო ასეთი ადამიანები მხოლოდ ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ და აზრადაც არ მოსდით ღვთის ნების შესრულება. ასეთებზე სოლომონმა თქვა: „რაკი ყველას ერთი ბოლო აქვს, ადამიანებს გული ბოროტებით აქვთ სავსე; მთელი ცხოვრება უგუნურად იქცევიან, მერე კი იხოცებიან!“ (ეკ. 9:3).

გადატანითი მნიშვნელობა. კორინთში ზოგმა ეჭვქვეშ დააყენა პავლეს ძალაუფლება და მოციქულობა. პავლემ ისინი სარკასტულად „ზეაღმატებულ“ მოციქულებად მოიხსენია (2კრ. 11:5). კორინთის კრების წევრების აზრზე მოსაყვანად პავლემ თავისი მოციქულობის, კურთხევებისა და იეჰოვას მსახურებაში მიღებული გამოცდილების დამადასტურებელი ფაქტებით დაიკვეხნა. ასეთი კვეხნა ქრისტიანს არ შეეფერებოდა, თუმცა პავლეს ამ შემთხვევაში მოუწია ამის გაკეთება. ამიტომ მან საკუთარ თავს შეშლილი უწოდა და ეგრეთ წოდებულ ზეაღმატებულ მოციქულებზე თქვა: „ქრისტეს მსახურები არიან? შეშლილივით ვპასუხობ: მე უფრო აღმატებული მსახური ვარ“ (2კრ. 11:21—27).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება