მოწიფულობა
სრული განვითარების მიღწევა, სიმწიფე, სისრულე, ნორმის შესაბამისობა (იხ. სრულყოფილება). სულიერი მოწიფულობის სტანდარტს ბიბლია ადგენს. ბიბლიური გაგებით მოწიფულია ქრისტიანი, რომელიც აღარ არის სულიერად ჩვილი, ხშირად არ იცვლის თავის აზრს და სწავლების საკითხებში ადვილად არ ექცევა სხვის გავლენაში (ეფ. 4:11—14). მოწიფულ ადამიანს აღქმის უნარი გაწაფული აქვს, ამიტომ კარგს ცუდისგან ადვილად არჩევს. მას არ სჭირდება მოძღვრების საფუძვლების სწავლა (ებ. 5:11—6:2). მოწიფული ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება და არა ქვეყნიურ სიბრძნეს (1კრ. 2:6, 10—13).
ბიბლია არაფერს ამბობს სულიერი მოწიფულობის განვითარების ეტაპებზე და ხარისხებზე. თუმცა, როგორც ზრდასრულ ადამიანს შეუძლია გაიღრმავოს ცოდნა, შეიძინოს გამოცდილება და გაგების უნარი, ისე სულიერად მოწიფულ ქრისტიანს შეუძლია მუდმივი განვითარება. განსაცდელებს შეუძლია რწმენის განმტკიცება და მოთმინების გამომუშავება. მოწაფე იაკობი წერდა: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ. მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ“ (იაკ. 1:2—4). გარდა ამისა, როგორც ზრდასრული ადამიანები განსხვავდებიან ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებით და ნიჭით, ისე სულიერად მოწიფული ქრისტიანები განირჩევიან ერთმანეთისგან ცოდნით, განსჯის უნარით, გამბედაობითა და ხელგაშლილობით (შდრ. 1კრ. 7:7; 12:4—11, 27—31). აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ან ნიჭი არ არის ქრისტიანული მოწიფულობის მაჩვენებელი.
ქრისტიანულ კრებაში მოწიფული ქრისტიანების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდათ მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, მახარობლებს, მწყემსებსა და მასწავლებლებს (ეფ. 4:11—14; შდრ. კლ. 1:28, 29; 4:12, 13). აქედან გამომდინარე, ისინი თავად იყვნენ მოწიფულები და არა სულიერად ჩვილები. თუმცა კრებაში ვინმე ზედამხედველად ან მომსახურედ რომ დანიშნულიყო, სულიერი მოწიფულობა არ კმაროდა (1ტმ. 3:1—9, 12, 13; ტიტ. 1:5—9). მაგალითად, ზედამხედველობის მსურველთათვის ასეთი მოთხოვნა არსებობდა: „ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ“ (1ტმ. 3:4). ასე რომ, თუ სულიერად მოწიფულ მამაკაცს ურჩი და უმართავი შვილები ჰყავდა, ის კრების ზედამხედველად არ გამოდგებოდა.