მოლექი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მეფეს (მელექ) ან მეფობას, თუმცა ამ შემთხვევაში ზიზღის გამოსახატავად გამოყენებულია სიტყვის ბოშეთ ხმოვნები (ნიშნავს სირცხვილს)]
ღვთაება, რომელსაც ძირითადად ამონელები ეთაყვანებოდნენ (1მფ. 11:5, 7, 33); სავარაუდოდ იგივე მოლოქი (სქ. 7:43; შდრ. ამ. 5:26) და მილქომი (1მფ. 11:5, 33). იერემიას 32:35-ში მოლექი ბაალის პარალელურად არის მოხსენიებული, რაც, სავარაუდოდ, ამ ორი ღვთაების იდენტურობაზე თუ არა, მათ შორის რაღაც კავშირზე მაინც მიუთითებს. ბევრი თვლის, რომ მოლექი უბრალოდ ტიტულია და არა კონკრეტული ღვთაების სახელი, ამიტომ წამოყენებული იყო მოსაზრება, რომ „მოლექი“ არაერთი ღმერთის აღსანიშნავად გამოიყენებოდა.
საზოგადოდ ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ 2 სამუელის 12:30-სა და 1 მატიანეს 20:2-ში ნახსენები მალქამი ამონელთა ღვთაება მილქომის ან მოლექის კერპია, თუმცა ეს ებრაული სიტყვა შეიძლება „მათ მეფედაც“ ითარგმნოს (შდრ. სსგ, ბსგ). უფრო ადრე ბიბლიაში ამონელთა მეფე საკუთარი სახელით, ხანუნით, გვხვდება (2სმ. 10:1—4); თუ აქ მეფეა ნაგულისხმევი და არა კერპი, მაშინ ლოგიკურია, რომ ამ მუხლებში მალქამი კი არა, ხანუნი უნდა ეწეროს. გარდა ამისა, ცოტა არ იყოს საეჭვოა, რომ მეფეს 34-კილოგრამიანი გვირგვინი ეტარებინა. თუმცა დავითმა მალქამის გვირგვინი თავზე ალბათ დროებით დაიდგა ცრუ ღმერთზე გამარჯვების აღსანიშნავად. თარგუმის მიხედვით, რომელსაც ბევრი მთარგმნელი დაესესხა, გვირგვინი ერთი ძვირფასი ქვით იყო შემკული, რამაც წარმოშვა ის მოსაზრება, რომ დავითმა თავზე გვირგვინი კი არა, ძვირფასი ქვა დაიდგა.
მოლექისთვის ბავშვების შეწირვა. ღვთის კანონით ნებისმიერი ისრაელი და ხიზანიც კი სიკვდილით დაისჯებოდა, თუ თავის შთამომავალს მოლექს შესწირავდა (ლვ. 20:2—5). მიუხედავად ამისა, განდგომილი ისრაელები, როგორც იუდას, ისე ათტომიან სამეფოში თავიანთ შვილებს ცეცხლში ატარებდნენ (2მფ. 17:17, 18; ეზკ. 23:4, 36—39).
ზოგი მოლექისთვის ბავშვების ცეცხლში გატარებას განწმენდის რიტუალად მიიჩნევს, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს მოლექს უძღვნიდნენ; ზოგის აზრით კი ეს რეალური მსხვერპლშეწირვა იყო. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ქანაანელები და განდგომილი ისრაელები თავიანთ ბავშვებს კერპებს სწირავდნენ (კნ. 12:31; ფს. 106:37, 38). იუდას მეფე ახაზი „საკუთარ ვაჟებს წვავდა ცეცხლში“ (2მტ. 28:3). პარალელურ მუხლში, კერძოდ, 2 მეფეების 16:3-ში ვკითხულობთ: „თავისი ვაჟიც კი გაატარა ცეცხლში“. აქედან ნათლად ჩანს, რომ ცეცხლში გატარება ზოგან შეიძლება მსხვერპლშეწირვის სინონიმი იყოს. თუმცა ისიც დასაშვებია, რომ მოლექს ყველგან ერთნაირად არ სცემდნენ თაყვანს. მაგალითად, მეფე სოლომონმა უცხოელი ცოლების გავლენით მოლექსა და სხვა ღვთაებებს მაღლობები აუშენა, მაგრამ ახაზის მეფობამდე ბიბლიაში ბავშვების მსხვერპლშეწირვა არ იხსენიება (1მფ. 11:7, 8). თუ ეს საძაგელი ჩვეულება მანამდეც არსებობდა, უდავოა, რომ სხვა ფორმის კერპთაყვანისმცემლობასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა მეფეების დროს იყო, დაიგმობოდა. აქედან გამომდინარე, ზოგი ბიბლეისტი იმ აზრს ემხრობა, რომ გამოთქმა „ცეცხლში გატარება“ თავდაპირველად განწმენდის რიტუალი იყო, ხოლო მოგვიანებით ის ნამდვილ მსხვერპლშეწირვად აქციეს.
ლევიანების 18:21-ის სქოლიოში (Rbi 8) წერია მოლექისთვის „გატარება“, რაც ნიშნავს ამ ცრუ ღმერთისთვის ბავშვების მიძღვნას. ეს მუხლი სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი: „არ მიუძღვნა არც ერთი შენი შვილი მოლექის მსახურებას“ (AT). „და შენი შთამომავლობიდან არავინ გაატარებინო მოლეხის წინაშე“ (თორა, ვაიკრა). „არც ერთი შენი შთამომავალი არ გადასცე მოლექს“ (აქ).
იუდეველთა მეფეებიდან მხოლოდ ახაზი და მენაშე ატარებდნენ შვილებს ცეცხლში. ამ ორი მეფის ხელშეწყობით ბავშვების მსხვერპლშეწირვის ჩვეულებამ კარგად მოიკიდა ფეხი მთელ ისრაელში (2მფ. 16:3; 21:6; იერ. 7:31; 19:4, 5; 32:35; ეზკ. 20:26). ზოგჯერ ბავშვებს ჯერ ხოცავდნენ და შემდეგ წვავდნენ (ეზკ. 16:20, 21).
მეფე იოშიამ წაბილწა თოფეთი, მოლექის საკულტო ცენტრი იუდაში, რათა შვილები ცეცხლში აღარავის გაეტარებინა (2მფ. 23:10—13). მაგრამ ამ ჩვეულების ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდა. ეზეკიელმა წინასწარმეტყველად მსახურება იოშიას სიკვდილიდან 16 წლის შემდეგ დაიწყო და მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს ჩვეულება მის სიცოცხლეშიც არსებობდა (ეზკ. 20:31).
ვარაუდობენ, რომ მოლექს, რომელსაც ბავშვებს სწირავდნენ, ადამიანის ტანი და ხარის თავი ჰქონდა. ქანდაკებას ავარვარებდნენ და მის გამოწვდილ მკლავებში ბავშვებს აგდებდნენ, საიდანაც ისინი აბრიალებულ ცეცხლში ცვიოდნენ. ეს მოსაზრება ძირითადად ეფუძნება ძვ. წ. I საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსის დიოდორე სიცილიელის მიერ აღწერილ კართაგენელთა კრონოსის, იგივე მოლოქის აღწერილობას (Diodorus of Sicily, XX, 14, 4—6).
მოლექის კულტსა და ასტროლოგიას შორის კავშირის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სტატია ასტროლოგები.