ნახორი
1. თერახის მამა და აბრაამის პაპა. ნახორი იყო სერუგის ვაჟი და სემის შთამომავალი. მან 148 წელს იცოცხლა (ძვ. წ. 2177—2029) (დბ. 11:22—26; 1მტ. 1:24—27; ლკ. 3:34—36).
2. თერახის ვაჟი, ნახორის (№1) შვილიშვილი და აბრაამის ძმა (დბ. 11:26; იეს. 24:2). ნახორმა ცოლად მოიყვანა მილქა, თავისი ძმის, ხარანის ქალიშვილი ანუ თავის ძმისწული, ლოტის და. ნახორს მილქასგან 8 ვაჟი შეეძინა, თავისი ხარჭა რეუმასგან კი — კიდევ 4 ვაჟი; საერთო ჯამში მას 12 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ზოგიერთი ტომთა თავკაცი გახდა (დბ. 11:27, 29; 22:20—24). ის იყო ლაბანისა და რებეკას პაპა ბეთუელის ხაზით და ლეას, რახელის, იაკობისა (ისრაელი) და ესავის დიდი პაპა (დბ. 24:15, 24, 47; 29:5, 16; 1მტ. 1:34).
წიგნი „დაბადება“ გვიამბობს, რომ თერახმა და აბრაამმა დატოვეს ქალდეველთა ქალაქი ური, თუმცა ნახორს მგზავრთა შორის არ მოიხსენიებს (დბ. 11:31). მაგრამ, როგორც ჩანს, მან მოგვიანებით დატოვა ური და ხარანში გადავიდა. ამ დასკვნის გაკეთება იქიდან შეიძლება, რომ აბრაამის მსახური ისაკისთვის ცოლის მოსაძებნად სწორედ ხარანში გაემგზავრა, სადაც თერახი ცხოვრობდა და მოკვდა, და სადაც მოგვიანებით იაკობი მივიდა ნახორის შვილიშვილ ლაბანთან (დბ. 11:31, 32; 12:4; 27:43). აბრაამის მსახური „ნახორის ქალაქისკენ“ წავიდა, ან თავად ხარანში ან მის მახლობლად, შესაძლოა, ნაჰურში, რომელიც ხშირად მოიხსენიება ქალაქ მარიში ნაპოვნ ძვ. წ. მეორე ათასწლეულით დათარიღებულ სხვადასხვა ფილაზე (დბ. 24:10; 29:4; The Biblical Archaeologist, 1948, გვ. 16). როცა იაკობი ლაბანისგან წავიდა, ლაბანმა თქვა, რომ „აბრაამის ღმერთს და ნახორის ღმერთს“ განესაჯა ისინი (დბ. 31:53; იხ. ხარანი №4).