ფებე
[სუფთა; ნათელი; მბრწყინავი]
ქრისტიანი ქალი, კენქრეს კრების წევრი პირველ საუკუნეში. რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე შუამდგომლობს ფებეს და მოუწოდებს რომაელ ქრისტიანებს, დაეხმარონ მას ყველაფერში, რადგან ის „მრავლის ქომაგი იყო“, მათ შორის თავად პავლესი (რმ. 16:1, 2). შესაძლოა, სწორედ ფებემ ჩაიტანა პავლეს წერილი რომში ან ის უბრალოდ თან ახლდა წერილის მიმტანს.
პავლე ფებეს შესახებ ამბობს, რომ ის „კენქრეს კრების მსახურია“. მაგრამ იბადება კითხვა: რა გაგებით არის აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა დიაკონოს (მსახური)? ზოგიერთმა მთარგმნელმა ეს სიტყვა წოდებად აღიქვა და თავიანთ თარგმანებში გადმოიტანა როგორც „დიაკვანი ქალი“ (RS, JB). თუმცა წმინდა წერილების თანახმად, ქალს არ ეძლევა კრებაში მომსახურედ მსახურების უფლება. გუდსპიდის თარგმანში ამ სიტყვას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული და „შემწედ“ არის ნათარგმნი. მაგრამ, როგორც ჩანს, პავლე აქ გულისხმობდა მას, ვინც სასიხარულო ცნობას ავრცელებდა, ანუ ქრისტიანულ მსახურებას ეწეოდა. მან ფებე მოიხსენია როგორც კენქრეს კრებაში მოღვაწე მსახური (შდრ. სქ. 2:17, 18).
ფებე „მრავლის ქომაგი იყო“. „ქომაგად“ (პროსტატის) ნათარგმნი სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა არის „მფარველი“ ან „შემწე“. ასე რომ, ამაში მხოლოდ გულითადობა კი არა, გაჭირვებაში მყოფის დახმარებაც იგულისხმება. ეს სიტყვა შეიძლება „პატრონესადაც“ ითარგმნოს. ფებეს შესაძლებლობა ჰქონდა, თავისუფლად ემოგზაურა და დიდი დახმარება გაეწია კრებისთვის. ეს კი სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის ქვრივი იყო და, როგორც ჩანს, შეძლებულიც. ის, შესაძლოა, სარგებლობდა თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობით და ამგვარად იმ ქრისტიანებს იცავდა, რომლებსაც ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ; ან, შესაძლოა, საფრთხეში მყოფ თანამორწმუნეებს აძლევდა თავშესაფარს და ასე მფარველობდა მათ. მაგრამ ბიბლია ამის შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობს.