სიბრალული
სხვისი ჭირ-ვარამის გაზიარება; გულშემატკივრობა. მრავლობით რიცხვში მდგარი ებრაული არსებითი სახელი რახამიმ ნიშნავს „სიბრალულს“, „წყალობას“, „გულ-ღვიძლის დაწვას“ (დბ. 43:14, 30; 1მტ. 21:13; ფს. 40:11; იხ. წყალობა). ბერძნული ზმნა სპლაგქნიზომე ითარგმნება, როგორც „შეცოდება, შებრალება“ და „გულის დაწვა“. ეს ზმნა ნაწარმოებია არსებითი სახელისგან სპლაგქნა, რაც სიტყვასიტყვით ნაწლავებს ნიშნავს (სქ. 1:18). ვინაიდან ძლიერმა განცდებმა შეიძლება შინაგან ორგანოებზე იქონიოს გავლენა, ბერძნული სიტყვა სპლაგქნა ხშირად სათუთი გრძნობებისა და თანაგრძნობის მნიშვნელობით გამოიყენება (იხ. სიყვარული).
გასაჭირში მყოფთა მიმართ სიბრალულის გამოვლენის უბადლო მაგალითს იეჰოვა ღმერთი იძლევა, რომელსაც შეუძლია მსგავსი გრძნობა სხვებშიც აღძრას. მეფე სოლომონმა ეს კარგად იცოდა, ამიტომაც შეევედრა იეჰოვას, რომ თუ ისრაელები ორგულობის გამო მტერს ტყვედ ჩაუვარდებოდნენ, სიბრალული აღეძრა დამატყვევებლებისთვის (1მფ. 8:50). იეჰოვამ შეისმინა ეს ლოცვა, რაც კარგად ჩანს ღვთისგან შთაგონებული ფსალმუნმომღერლის ნათქვამიდან: „მათდამი სიბრალულს აღუძრავდა ყველა მათ დამატყვევებელს“ (ფს. 106:46). თავის დროზე იეჰოვამ დააბრუნა მომნანიე ებრაელები თავიანთ მიწა-წყალზე (იერ. 33:26; ეზრ. 1:1—4). ამასთანავე, ღვთის ნებით მეფე არტაქსერქსემ ნეემია იერუსალიმის აღდგენის უფლებით აღჭურვა (ნემ. 1:11—2:6).
იესო ქრისტე სრულყოფილად ჰბაძავდა თავის მამას სიბრალულის გამოვლენაში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იესოს მოსვენებას არ აძლევდა, მათ დანახვაზე იესოს გული ეწვოდა, „რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მთ. 9:36; მრ. 6:34). ქვრივების, კეთროვნებისა და უსინათლოების დანახვა იესოს გულს უკლავდა და მათი დახმარების სურვილს აღუძრავდა (მთ. 14:14; 20:30—34; მრ. 1:40, 41; ლკ. 7:12, 13). სწორედ სიბრალულის გრძნობამ უბიძგა ღვთის ძეს, სამი დღის მანძილზე მასთან ულუკმაპუროდ დარჩენილი ხალხი სასწაულებრივად დაეპურებინა (მთ. 15:32—38; მრ. 8:2—9).
იესო ქრისტესა და მისი მამის მსგავსად ქრისტიანებსაც შეუძლიათ მზადყოფნითა და სიხარულით გაუწოდონ დახმარების ხელი გასაჭირში მყოფთ და თბილად მიიღონ ისინი, ვინც გულწრფელად ინანიებენ თავიანთ ცოდვებს და წრფელი გულით უბრუნდებიან იეჰოვას (მთ. 18:21—35; ლკ. 10:30—37; 15:11—32). ამის მოქმედნი დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოვლისშემძლისგან წყალობა არ მოაკლდებათ (მთ. 5:7).