ᲛᲔᲗᲣᲜᲔ
თიხის ჭურჭლის, მაგალითად, ქოთნების, თასებისა თუ სხვა სახის ჭურჭლის მკეთებელი ოსტატი. „მეთუნედ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა იოჰცერ სიტყვასიტყვით „გამომსახველს“ ნიშნავს (იერ. 18:4), ხოლო ბერძნული სიტყვა კერამეუს აღებულია ფუძისეული მნიშვნელობიდან „შერევა“. მასში შესაძლოა იგულისხმება ის, რომ ჭურჭლის დასამზადებლად მიწას ან თიხას უნდა შეერიოს წყალი. უძველესი დროიდან მოყოლებული მეთუნეები თიხისგან გამოძერწილ ჭურჭელს გამოწვავენ, შედეგად ნაკეთობა მაგრდება და წყალთან შეხების დროს აღარ რბილდება. მეთუნეს შეიძლება მარტოს ემუშავა, თუმცა ზოგჯერ დამხმარეებიც ჰყავდა, ძირითადად, შეგირდები. როგორც ჩანს, ერთ დროს ებრაელებს სამეფო კარზე მომსახურე მეთუნეთა ჯგუფი ჰყავდათ (1მტ. 4:21–23).
როგორც წესი, თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესი იწყებოდა თიხის გარეცხვით, შემდეგ ხდებოდა მისი გასუფთავება, შემდეგ გამოშრობა და დარბილებული თიხის ფეხით დაზელვა, რათა ის წებოვანი და ადვილად დასამუშავებელი გამხდარიყო (ეს. 41:25). შემდეგ კი თიხას ხელით ზელდნენ და მეთუნის ჩარხზე ათავსებდნენ.
ძველ დროში მეთუნის ჩარხს ამზადებდნენ ქვისგან, ზოგჯერ ხისგანაც. ძირითადად ეს იყო ბრტყელი დისკი, რომელიც მოთავსებული იყო ვერტიკალურ ღერძზე და ბრუნავდა ჰორიზონტალურად. დისკის კიდეები მძიმე მასალისგან იყო დამზადებული, რაც ხელს უწყობდა იმას, რომ დისკი ხელით სწრაფად დატრიალებულიყო და მყარიც ყოფილიყო. მოგვიანებით ჩარხს ქვედა ნაწილში დაუმატეს უფრო დიდი და მძიმე ბორბალი, რომელიც იმავე ღერძზე იყო დამაგრებული და ისიც ჰორიზონტალურად ბრუნავდა. შედეგად მჯდომარე მდგომარეობაში მყოფი მეთუნე ბორბლებს ადვილად ატრიალებდა ფეხით.
მეთუნე თიხის მასას ათავსებდა ბორბალზე, ატრიალებდა ბორბალს და ხელის მეშვეობით მას სასურველ ფორმას აძლევდა (იერ. 18:3, 4). შემდეგ ჭურჭელს ზოგჯერ მზეზე დებდნენ გასაშრობად, შემდეგ ისევ ბორბალზე ათავსებდნენ, რათა მეთუნეს ის კენჭებით, ნიჟარებით ან სხვა რამით მოესწორებინა და გაეპრიალებინა, შემდეგ კი ზედაპირზე სასურველი ორნამენტი მოეხატა. მაგალითად, თოკის ანაბეჭდის ამოსაკვეთად მეთუნეს შეიძლება აეღო თოკი და ჯერ კიდევ სველ ჭურჭელზე შემოეტარებინა. ხშირად ჭურჭელს დეკორატიულად ღებავდნენ, ზოგჯერ კი ლაქს უსვამდნენ (იგ. 26:23), შემდეგ კი ღუმელში წვავდნენ. აგრეთვე დეკორატიული მიზნით შეიძლება მისი ზედაპირი სხვადასხვა ფერის ნახევრად სველი თიხით შეეღებათ, რის შემდეგაც ხელახლა ხდებოდა მისი ღუმელში გამოწვა.
მეთუნე ამზადებდა როგორც დიდ დოქებს (გდ. 4:2), ისე ლამპრებს, კეცებს და სათამაშოებს, მაგალითად, თოჯინებს და ცხოველის ფიგურებს. გარდა ამისა, ის აკეთებდა თასებს, ფიალებს, მათარებს და სხვა სახის ჭურჭელს (ლვ. 15:12; 2სმ. 17:28; იერ. 19:1; ლკ. 22:10). თიხისგან აგრეთვე ამზადებდნენ საჭმლის მოსამზადებელ ქოთნებსა და ტაფებს. ზოგ თიხის ჭურჭელზე ამოტვიფრული იყო მისი დამზადების ადგილი. ხშირად მეთუნე ჭურჭლის სახელურზე თავის „სასაქონლო ნიშანს“ ასვამდა.
ზოგჯერ მეთუნე იყენებდა ღია ყალიბს, რომელშიც თიხას ასხამდა და სხვადასხვა ფორმის დეტალებს ამზადებდა. მოგვიანებით ასეთ ფორმებს იყენებდნენ ლამპრების დასამზადებლად. ლამპრებს ამზადებდნენ ორ ნაწილად: როდესაც თიხა გამოშრებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ტყავისებრი სირბილე ჰქონდა, ლამპრის ორივე ნაწილს ერთმანეთთან აერთებდნენ. ზოგჯერ ჭურჭელს სასურველ ფორმას ხელით აძლევდნენ და არ იყენებდნენ ჩარხს. თუმცა, როგორც წესი, თიხის ჭურჭლის დასამზადებლად ჩარხი აუცილებელი იყო.
არქეოლოგიური გათხრების დროს ხშირად ხდება თიხის ჭურჭლის ნამსხვრევების აღმოჩენა, ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც (იხ. ᲗᲘᲮᲘᲡ ᲭᲣᲠᲭᲚᲘᲡ ᲜᲐᲢᲔᲮᲘ). არქეოლოგები აღმოჩენილი თიხის ნატეხების მიხედვით ადგენენ, რომელ კულტურას და რომელ პერიოდს მიეკუთვნება ისინი. აღმოჩენილი ფრაგმენტების რაოდენობის მიხედვით იმ კონკრეტულ ადგილზე მოსახლეობის სიმჭიდროვის დადგენაც შეიძლება.
როგორც მეთუნეს აქვს, ასე ვთქვათ, გავლენა თიხაზე, ისე იეჰოვას აქვს ძალაუფლება ცალკეულ ადამიანებსა თუ ხალხებზე (ეს. 29:15, 16; 64:8). ღვთისთვის ისრაელი ისე იყო, როგორც „თიხა მეთუნის ხელში“. იეჰოვა დიდებული მეთუნეა (იერ. 18:1–10). როგორც თიხა ვერ ეტყვის მეთუნეს, ასეთი ფორმის რატომ გამომძერწეო, ისე ადამიანი ვერ შეეკამათება ღმერთს (ეს. 45:9). როგორც თიხის ჭურჭელი შეიძლება დაიმსხვრეს, ისე შეიძლება იეჰოვამ უბედურება დაატეხოს ხალხს ბოროტი საქმეების გამო (იერ. 19:1–11).
ბიბლიაში წერია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ღმერთმა იესო აღჭურვა უფლებამოსილებით, განაჩენი გამოუტანოს ერებს: „დალეწავ მათ რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფს. 2:9; შდრ. დნ. 2:44; გმც. 2:26, 27; 12:5).
ერთი და იგივე თიხისგან მეთუნემ შეიძლება გააკეთოს განსაკუთრებული ჭურჭელიც და ჩვეულებრივიც. მსგავსადვე, იეჰოვას აქვს უფლება, მეთუნესავით გამოძერწოს ცალკეული ადამიანები თავისი განზრახვისამებრ; ის სულგრძელობით უთმენს ბოროტებსაც – „გასანადგურებელ რისხვის ჭურჭელს“. თუმცა ღვთის სულგრძელობა ემსახურება „წყალობის ჭურჭლის“ – სულიერი ისრაელის – კეთილდღეობას (რმ. 9:14–26).