სანბალატი
[აქად-დან, ნიშნავს: სინმა (მთვარის ღვთაება) გადაარჩინა]
ხორონელი კაცი (ბეთ-ხორონის ან ხორონაიმის მკვიდრი), რომელიც ნეემიას იერუსალიმის გალავნის აღდგენაში უშლიდა ხელს (ნემ. 2:10). მიჩნეულია, რომ სწორედ იგი არის ეგვიპტეში, კერძოდ, ელეფანტინეში ნაპოვნ პაპირუსზე მოხსენიებული სანბალატი, რომელიც სამარიის გამგებელი და ვინმე დელაიასა და შელემიას მამა იყო.
სანბალატი ტობიასა და გეშემთან ერთად დასცინოდა იუდეველებს და სპარსეთის მეფის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებდა მათ (ნემ. 2:19; 4:1). როცა მათ გაიგეს, რომ იერუსალიმის აღდგენის საქმე წინ მიიწევდა, იერუსალიმზე გალაშქრება გადაწყვიტეს. თუმცა ყველა მათი მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან იუდეველები იეჰოვას მიენდნენ და, ამასთანავე, დაცვა დააყენეს (ნემ. 4:7—9). მას შემდეგ, რაც ებრაელებმა იერუსალიმის გალავნის ყველა ბზარი ამოავსეს, სანბალატმა და სხვებმა მრავალჯერ სცადეს ნეემიას ქალაქიდან გატყუება. ამანაც რომ არ გაჭრა, სანბალატმა და ტობიამ იუდეველი კაცი მოისყიდეს, რათა მას შეეშინებინა ნეემია და ტაძარში დამალვა ეიძულებინა, რაც კანონის დარღვევა იყო. თუმცა მათ ამჯერადაც მოეცარათ ხელი (ნემ. 6:1—14).
გარკვეული ხნის შემდეგ ნეემიას იერუსალიმის დატოვება მოუწია და როცა უკან დაბრუნდა, ნახა, რომ მღვდელმთავარ ელიაშიბის შვილიშვილს სანბალატის ასული შეერთო ცოლად. ამის გამო ნეემიამ თავიდან მოიშორა იგი (ნემ. 13:6, 7, 28).