სემი
[სახელი, დიდება]
ნოეს სამი ვაჟიდან ერთ-ერთი; წარღვნის შემდეგ „მათგან გამრავლდა დედამიწის მთელი მოსახლეობა“ (დბ. 6:10; 9:18, 19).
მართალია, ნოეს სამი ვაჟის სახელი ბიბლიაში მუდამ ერთი თანმიმდევრობით მოიხსენიება, „სემი, ქამი და იაფეთი“, მაგრამ ზუსტად დაუდგენელია მათი ასაკობრივი თანმიმდევრობა. ის ფაქტი, რომ სემი რიგით პირველი მოიხსენიება, თავისთავად არ ნიშნავს, რომ იგი ნოეს პირმშო იყო, რადგან თავად სემის პირმშო (არფაქშადი) რიგით მესამედ მოიხსენიება გენეალოგიურ ნუსხაში (დბ. 10:22; 1მტ. 1:17). დაბადების 10:21 ებრაული დედნიდან შეიძლება სხვადასხვანაირად ითარგმნოს. ზოგ თარგმანში ნათქვამია, რომ სემის უფროსი ძმა იაფეთი იყო, ზოგი კი სემს იაფეთის უფროს ძმად მოიხსენიებს (სსგ, ბსგ, AS, Dy, RS, JB, Ro). ძველ თარგმანებშიც ვხვდებით ამ განსხვავებას. სეპტუაგინტა, სიმაქუსის თარგმანი და ონკელოსის თარგუმი იაფეთს სემის უფროს ძმად მოიხსენიებს, ხოლო სამარიულ ხუთწიგნეულში, ლათინურ ვულგატასა და სირიულ თარგმანებში სემის შესახებ ნათქვამია, რომ ის იაფეთის უფროსი ძმა იყო. მაგრამ ბიბლიის სხვა მუხლები იმაზე მიანიშნებს, რომ სემი ნოეს მეორე ვაჟი იყო და, შესაბამისად, იაფეთზე უმცროსი.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ნოეს ხუთასი წლის ასაკში შეეძინა ვაჟები (ძვ. წ. 2470), ხოლო, როცა დედამიწაზე წარღვნა მოხდა, იგი 600 წლისა იყო (დბ. 5:32; 7:6). წარღვნის დროს უკვე დაოჯახებულ სემზე (დბ. 6:18) ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წარღვნიდან ორი წლის შემდეგ (ძვ. წ. 2368) ასი წლის სემს არფაქშადი შეეძინა (დბ. 11:10). ეს იმას ნიშნავს, რომ ნოეს 502 წლის ასაკში შეეძინა სემი (ძვ. წ. 2468); ვინაიდან ქამზე ნათქვამია, რომ „უმცროსი შვილი“ იყო (დბ. 9:24), ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იაფეთი ნოეს პირმშო იყო, რომელიც მას 500 წლისას ეყოლა.
არფაქშადის დაბადების შემდეგ სემს სხვა ვაჟები (და ასულებიც) შეეძინა. ესენი იყვნენ: ელამი, აშური, ლუდი და არამი (დბ. 10:22; 11:11). პარალელურ მუხლში, 1 მატიანის 1:17-ში, არამის შემდეგ მოხსენიებულია „უცი, ხული, გეთერი და მაში“, მაგრამ დაბადების 10:23-ის მიხედვით ისინი არამის ვაჟები არიან. ბიბლიური და სხვა ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ სემი სემიტების წინაპარი იყო, რომელთა შორისაც იყვნენ ელამელები, ასურელები, ძველი ქალდეველები, ებრაელები, არამელები (იგივე სირიელები), სხვადასხვა არაბული ტომები და სავარაუდოდ, მცირე აზიელი ლიდიელები. ეს იმას ნიშნავს, რომ სემის შთამომავლობა, ძირითადად, აზიის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთში, თითქმის მთელ „ნაყოფიერ ნახევარმთვარესა“ და არაბეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში დასახლდა (იხ. სტატიები სემის ვაჟების სახელებით).
როცა სემმა და მისმა ძმამ, იაფეთმა ღვინით დამთვრალ ნოეს სიშიშვლე დაუფარეს, მათ პატივისცემა გამოავლინეს მის მიმართ, როგორც მშობლის და როგორც წარღვნის დროს ღვთის მიერ მათ გადასარჩენად არჩეული კაცის მიმართ (დბ. 9:20—23). ამის შემდეგ, ნოეს მიერ წარმოთქმულ კურთხევაში სემის შთამომავლობაზე ნათქვამია, რომ ღვთის თვალში განსაკუთრებულ კეთილგანწყობილებას მოიპოვებდნენ და ღვთის სახელის განწმენდაში მიიღებდნენ მონაწილეობას; ნოე იეჰოვას „სემის ღმერთად“ მოიხსენიებს (დბ. 9:26). სწორედ სემი იყო აბრაამის წინაპარი (არფაქშადის ხაზით), რომელსაც ღმერთმა აღუთქვა შთამომავალი, ვისი მეშვეობითაც ყველა ოჯახი იკურთხებოდა დედამიწაზე (1მტ. 1:24—27; დბ. 12:1—3; 22:15—18). ნოეს წინასწარმეტყველება, რომ ქანაანი „სემის მონა“ გახდებოდა, მაშინ შესრულდა, როცა სემიტმა ისრაელებმა ქანაანის მიწა დაიპყრეს და ქანაანელები დაიმორჩილეს (დბ. 9:26).
არფაქშადის დაბადების შემდეგ სემმა კიდევ 500 წელი იცოცხლა და 600 წლის ასაკში გარდაიცვალა (დბ. 11:10, 11). აქედან გამომდინარე, ის სარას სიკვდილიდან (ძვ. წ. 1881) 13 წლის შემდეგ და ისაკისა და რებეკას ქორწინებიდან (ძვ. წ. 1878) 10 წლის შემდეგ მოკვდა. ამის გათვალისწინებით, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სემი შესაძლოა ყოფილიყო მელქისედეკი (ნიშნავს სიმართლის მეფეს), მეფე-მღვდელი, ვისაც აბრაამმა მეათედი მისცა (დბ. 14:18—20). მაგრამ ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ. მოციქული პავლე ამბობს, რომ არ მოიპოვება არც გენეალოგიური ჩანაწერები და არც რაიმე მნიშვნელოვანი მონაცემები მელქისედეკის შესახებ, ამიტომ ის სათანადოდ განასახიერებს ქრისტე იესოს, რომელიც მეფეც არის და მღვდელიც მარადიულად (ებ. 7:1—3).