თერაფიმი
საოჯახო ღმერთები ანუ კერპები (დბ. 31:30, 34). ებრაულში „თერაფიმი“ მრავლობით რიცხვში დგას, თუმცა ის შეიძლება ერთ კერპსაც აღნიშნავდეს. ზოგიერთი მათგანი ადამიანის ზომისა და ფორმისა იყო (1სმ. 19:13, 16), ზოგი — მომცრო, რადგან ქალის საუნაგირე კალათში ეტეოდა (დბ. 31:34). თერაფიმის მეშვეობით ზოგჯერ მომავლის გაგებას ცდილობდნენ (ეზკ. 21:21; ზქ. 10:2).
შუამდინარეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა იმაზე მოწმობს, რომ ოჯახის მემკვიდრეობას თერაფიმის კერპის მფლობელი იღებდა. ნუზისთან აღმოჩენილი ერთ-ერთი ფირფიტის თანახმად, გარკვეულ გარემოებაში საოჯახო კერპების მფლობელ სიძეს შეეძლო სასამრთლოს წინაშე წარმდგარიყო და გარდაცვლილი სიმამრის ქონება მოეთხოვა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 219, 220, და სქ. 51). რახელმა ალბათ ამ განზრახვით წამოიღო მამამისის თერაფიმები და შესაძლოა თავისი ქმედება იმით გაამართლა, რომ მამამისი მის ქმარს, იაკობს ატყუებდა (შდრ. დბ. 31:14—16). ვინაიდან თერაფიმების ქონა დიდ როლს თამაშობდა მემკვიდრეობის საკითხში, გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა ლაბანი მთელი მონდომებით მათ დაბრუნებას. ის თავის ნათესავებთან ერთად გამოუდგა იაკობს და შვიდი დღის სავალზე სდია (დბ. 31:19—30). ფაქტია, იაკობს არ ეცოდინებოდა, რა გააკეთა რახელმა (დბ. 31:32); მას არც თერაფიმების მეშვეობით უცდია ლაბანის ვაჟებისთვის ქონების წართმევა. იაკობს კერპები არც ჰქონია და არც თაყვანი უცია მათთვის. რახელის წამოღებული თერაფიმები იაკობმა ალბათ მაშინ მოიშორა, როცა თავის სახლეულობას უცხო ღმერთები გამოართვა და შექემის მახლობლად დიდი ხის ქვეშ ჩამარხა (დბ. 35:1—4).
ისრაელში თერაფიმები მსაჯულებისა და მეფეების დროსაც არსებობდა (მსჯ. 17:5; 18:14, 17, 20; ოს. 3:4). თუმცა საეჭვოა, რომ თერაფიმს რაიმე როლი ეთამაშა ისრაელში მემკვიდრეობის მიღების საკითხში, ვინაიდან ღმერთს ამ ერისთვის აკრძალული ჰქონდა გამოსახულების გაკეთება (გმ. 20:4). წინასწარმეტყველმა სამუელმა თერაფიმი მაგიური ძალის გამოყენებასთან ერთად ახსენა და ორივე კადნიერებას გაუტოლა (1სმ. 15:23); იმ კერპებს შორის, რომლებიც ერთგულმა მეფე იოშიამ იუდასა და იერუსალიმში მოსპო, თერაფიმებიც იყო (2მფ. 23:24). ის ფაქტი, რომ დავითის ცოლს, მიქალს, თერაფიმი ჰქონდა, იმაზე მეტყველებს, რომ ის მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან და რომ დავითმა ან არ იცოდა ამის შესახებ, ან იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან მიქალი მეფე საულის ასული იყო (1სმ. 19:12, 13).