მოღალატე
ორგული, მოვალეობის უგულებელმყოფელი, სამშობლოსა თუ ქვეყნის მეთაურის წინააღმდეგ მუხანათური ქმედების ჩამდენი. ბიბლიურ პერსონაჟთაგან ყველაზე სამარცხვინო მოღალატედ იუდა ისკარიოტელი გვევლინება (ლკ. 6:16). ბერძნული არსებითი სახელი პროდოტეს (გამცემი, მოღალატე, ნაწარმოებია ზმნიდან გადაცემა; გაცემა, ღალატი) ზუსტად მიესადაგება იუდას, ვინაიდან მოციქულად არჩევის შემდეგ ფულს დახარბებული ქურდი გახდა (ინ. 12:6), ბოლოს კი მცირეოდენი თანხის საფასურად იესო მტრებს ჩაუგდო ხელში (მთ. 26:14—16, 25, 48, 49). მან თავისი მოძღვარი იმიტომ კი არ მიატოვა, რომ საფრთხისა შეეშინდა (მრ. 14:50), არამედ წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული მტრებისთვის მისი გადაცემა.
ბიბლია ტყუილად არ უწოდებს იუდეველ სასულიერო პირებს „გამცემებსა და მკვლელებს“, რადგან მათ მოღალატე იუდას მეშვეობით საკუთარი ხელით გადასცეს რომაელებს თავიანთი თანამემამულე, უკანონოდ დასდეს მას ბრალი და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს (ინ. 18:28—19:16; სქ. 3:13—15; 7:52).
ცნობილი მოღალატეების ნუსხას შეგვიძლია ახითოფელიც მივაკუთვნოთ. ის ერთ დროს დავითის ნდობით აღჭურვილი მრჩეველი იყო, მაგრამ შემდგომ დავითის წინააღმდეგ აჯანყებულ აბესალომს მიემხრო (2სმ. 15:12, 31; 16:20—23; შდრ. ფს. 55:20, 21). ღვთის ჩარევით ახითოფელის მუხანათური გეგმა არ განხორციელდა, რის გამოც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (2სმ. 17:23). არ არის გამორიცხული, რომ დავითს სხვებიც ღალატობდნენ. ფსალმუნის 59:5-ში ვკითხულობთ: „წყალობას ნუ უყოფ სიავის მქნელებს, მოღალატეებს“. ამ მუხლში „მოღალატეებად“ ითარგმნა ებრაული ზმნა ბაგადიდან ნაწარმოები მიმღეობა (ნიშნავს „მზაკვრულად მოპყრობას“). ეპიგრაფით თუ ვიმსჯელებთ, ეს ფსალმუნი, სავარაუდოდ, იმ დროს დაიწერა, როცა საულმა დავითის მოსაკლავად კაცები გაგზავნა მის სახლში სათვალთვალოდ (1სმ. 19:11—18). მაშ ასე, ფსალმუნის 59:5-ში ნახსენები „მოღალატეები“ შესაძლოა დავითის მეგობრები იყვნენ, რომლებმაც მიატოვეს ის ან ყოველ შემთხვევაში აპირებდნენ მის გაცემას მძიმე წუთებში; ან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამავე მუხლში დავითი ღმერთს „ხალხების“ განკითხვას შესთხოვს, „მოღალატეებში“ შეიძლება ღვთის ებრაელი თუ არაებრაელი მტრები იგულისხმებოდნენ.
2 ტიმოთეს 3:1—5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, ბოლო დღეებში მომრავლდებოდნენ გამცემები (ბერძ. პროდოტე). პავლე ურჩევს ქრისტიანებს, რომლებიც ცდილობენ ყველაფერში ერთგულად და პატიოსნად მოიქცნენ, ზურგი აქციონ ასეთებს (1თს. 2:10; ებ. 13:18).