ᲣᲠᲘ
1. [სინათლე] — დავითის ერთ-ერთი მამაცი მებრძოლის, ელიფალის, მამა (1მტ. 11:26, 35) როგორც ჩანს, ური იგივე ახასბაია (2სმ. 23:34).
2. [ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს სინათლეს]. იუდას შთამომავალი ფერეცის, ხეცრონის, ქალებ იეფუნის ძისა და ხურის ხაზით. ურის ვაჟი იყო ბეცალელი, რომელმაც დიდი შრომა გასწია კარვის ასაგებად (გმ. 31:2; 35:30; 38:22; 1მტ. 2:4, 5, 9, 18—20; 2მტ. 1:5).
3. გებერის მამა. გებერი ერთი-ერთი ზედამხედველი იყო, რომელიც სარჩოთი ამარაგებდა სოლომონს (1მფ. 4:7, 19).
4. სამი ლევიანი კარიბჭის მცველთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ეზრას რჩევით თავისი უცხოელი ცოლი და ვაჟები გაუშვა (ეზრ. 10:10, 11, 24, 44).
5. ქალდეველთა ქალაქი შუამდინარეთში, სადაც დაიბადა აბრამის (აბრაამის) ძმა ხარანი. შესაძლოა თავად აბრაამიც აქ ყოფილიყო დაბადებული (დბ. 11:28; სქ. 7:2, 4). იეჰოვა გამოეცხადა აბრაამს და უთხრა, რომ დაეტოვებინა ური. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახისთავი თერახი იყო, ბიბლია სწორედ მას მიაწერს ურიდან ოჯახის წაყვანის ფაქტს; მასში ნათქვამია, რომ თერახმა წაიყვანა თავისი ვაჟი აბრაამი, თავისი რძალი სარაი და თავისი შვილიშვილი ლოტი, დატოვეს მათ ური და ხარანში დასახლდნენ (დბ. 11:31; 12:1; ნემ. 9:7).
ჩვეულებრივ, ურს აიგივებენ ხოლმე ქალაქ მუქაიართან, რომელიც მდინარე ევფრატის ახლანდელი კალაპოტიდან დას.-ით, ხოლო ბაბილონიდან სამხრ.-აღმ.-ით დაახლ. 240 კილომეტრში მდებარეობს. ძველი ქალაქის ნანგრევები მოიცავს ტერიტორიას, რომლის ზომებიცაა დაახლ. 910 მ 730 მ-ზე. ქალაქის ნანგრევებს შორის, რომელიც ერთ დროს მთვარის ღვთაება ნანას (იგივე სინის) თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა, განსაკუთრებით გამოირჩევა ზიკურათი ანუ სატაძრო კოშკი, რომლის სიგრძე არის დაახლ. 61 მ, სიგანე — 46 მ, ხოლო სიმაღლე — 21 მ (სურათი, ტ. 2, გვ. 322).
მართალია, დღეს მდინარე ევფრატი ძველი ურის ადგილმდებარეობიდან აღმოსავლეთით დაახლ. 16 კმ-ში მიედინება, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ძველად ის ქალაქს დასავლეთიდან უვლიდა. ისტორიკოსი და გეოგრაფი ანრი გობერტი წერდა: «აბრაამის დროს სამი დიდი მდინარე (კარუნი, ტიგროსი და ევფრატი) სპარსეთის ყურეში სამი დამოუკიდებული შესართავით ჩაედინებოდა. ღირს ყურადღების მიქცევა იმაზეც, რომ ქალაქი ური ... ევფრატის მარცხენა [აღმოსავლეთ] სანაპიროზე მდებარეობდა. ამიტომაც ებრაელები ანუ აბრაამის შთამომავლები, რომელთა წარმოშობის ისტორიაც ქალაქ-სახელმწიფო ურიდან იღებს სათავეს, სრულიად საფუძვლიანად შეიძლებოდა წოდებულიყვნენ „მდინარისგაღმელებად“» (Abraham, Loved by God, 1968, გვ. 8).
გარდა ამისა, არქეოლოგი სერ ლეონარდ ვულიც ადასტურებს იმას, რომ ევფრატი ნამდვილად ურის დასავლეთით მიედინებოდა (Excavations at Ur). ქალაქის თავდაცვის სისტემებზე საუბრისას ის აღნიშნავს: „ამ მასიურ და მძლავრ საფორტიფიკაციო ნაგებობას კიდევ უფრო აძლიერებდა ისიც, რომ მდინარე ევფრატი (მისი ძველი კალაპოტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) გაედინებოდა ქალაქის დასავლეთი მხრიდან. გარდა ამისა, ქალაქის აღმოსავლეთ ბოლოდან დაახლ. 45 მ-ში გაჭიმული იყო განიერი არხი, რომელიც ქალაქის უკიდურესი ჩრდილოეთით მდინარიდან გამოედინებოდა. ასე რომ, ური სამივე მხრიდან წყლებს შორის იყო მოქცეული“ (Ur ‘of the Chaldees,’ P. R. S. მურეი, 1982, გვ. 138). მაშასადამე, სრულიად საფუძვლიანად შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვამ წამოიყვანა აბრაამი „მდინარის (ევფრატის) გაღმიდან“ (იეს. 24:3).
ურში მეფეთა სამარხებში გათხრების დროს მრავლადაა აღმოჩენილი ოქროს, ვერცხლის, ლილაქვის, ლაზურიტისა და სხვა ძვირადღირებული მასალისგან გაკეთებული ნაკეთობები, აგრეთვე მოპოვებულია იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ დაკრძალვისას შუმერ მეფეებსა და დედოფლებს მსახურებისა და მოახლეების მთელ ამალას აყოლებდნენ.
ურის გათხრების დროს აღმოჩენილი საკუთარი სახლების ნანგრევებიდან, რომლებსაც ზოგიერთი მეცნიერი ძვ. წ. XX—XVI საუკუნეების პერიოდს მიაკუთვნებს, ჩანს, რომ ეს სახლები აგურებით იყო ნაშენები და შებათქაშებული და შეთეთრებული იყო. სახლებს ჰქონდათ 13 ან 14 ოთახი, რომლებიც მოკირწყლული ეზოს გარშემო იყო განლაგებული. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო აგრეთვე თიხის ფირფიტები, რომელთაგანაც ზოგს ლურსმული დამწერლობის სასწავლებლად იყენებდნენ. სხვა ფირფიტებიდან ჩანს, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ გამრავლებისა და გაყოფის და კვადრატული თუ კუბური ფესვების გამოყვანის ცხრილები. აღმოჩენილი ფირფიტებიდან ბევრი საქმიან დოკუმენტებს წარმოადგენდა.
ურში ჩატარებული გათხრებიდან აშკარად ჩანს, რომ მატერიალური თვალსაზრისით აბრაამს დიდ მსხვერპლზე მოუწია წასვლა, როდესაც ეს ქალაქი დატოვა. თუმცა რწმენით ეს პატრიარქი „ელოდა მყარსაძირკვლიან ქალაქს, რომლის შემოქმედი და მშენებელიც ღმერთია“ (ებ. 11:8—10).