ნივთები
ებრაული სიტყვა ქელი ფართო მნიშვნელობის სიტყვაა და შეიძლება აღნიშნავდეს ნივთს (დბ. 24:53; გმ. 3:22; ლვ. 13:49, 52, 57—59), საჭურველს (დბ. 27:3), ქონებას (დბ. 31:37; 45:20), ტომარას (დბ. 42:25; 43:11), იარაღს (დბ. 49:5; მსჯ. 18:11, 16, 17; 1მფ. 6:7), საკრავს (1მტ. 15:16), მოწყობილობას (გმ. 25:9; 27:3, 19; 30:27, 28; 31:7—9), ჭურჭელს (ლვ. 6:28; 11:32—34), ტანსაცმელს (კნ. 22:5), ბარგს (1სმ. 10:22), ტვირთს (1სმ. 17:22), აბგას (1სმ. 17:40, 49), სხეულს (1სმ. 21:5).
ხშირ შემთხვევაში ქელი აღნიშნავს საწმინდრის სხვადასხვა ნივთს, მაგალითად: თეფშებს, დოქებს, ნიჩბებს, თასებს, სამკაპებს, საცეცხლურებს, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლებს, მაშებს, ავზებსა და ჯამებს (გმ. 25:29, 30, 39; 27:3, 19; 37:16, 23; 38:3; 1მფ. 7:40—50; 2მტ. 4:11—22). ეს ნივთები წმინდა იყო, რადგან წმინდა დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა (1მფ. 8:4). აქედან გამომდინარე, ის ებრაელები, რომლებსაც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან წასვლისას უნდა გაეყოლებინათ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმიდან წამოღებული წმინდა ნივთები, რელიგიური და ზნეობრივი თვალსაზრისით წმინდები უნდა ყოფილიყვნენ. სწორედ მათ ეხებოდათ შემდეგი სიტყვები: „ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით [ბაბილონიდან], უწმინდურს ნუ მიეკარებით! გამოდით მისგან და სუფთები იყავით თქვენ, ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებთ!“ (ეს. 52:11). მათ რიტუალური სიწმინდის გარდა შინაგანი სიწმინდის დაცვაც მოეთხოვებოდათ. პავლე მოციქული კორინთელებისთვის მიწერილ წერილში ესაიას 52:11-ს ციტირებს იმის საჩვენებლად, რომ ქრისტიანებიც უნდა განიწმინდონ ხორცისა და სულის სიბილწისგან (2კრ. 6:14—18; 7:1).
სიწმინდის დაცვის მაგალითი ქრისტიანობის ფუძემდებელმა, იესო ქრისტემ მოგვცა. იგი იყო „ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ (ებ. 7:26). დედამიწაზე მსახურებისას იესო დიდი მონდომებით იცავდა იეჰოვას ტაძრის სიწმინდეს. მაგალითად, მან ორჯერ განწმინდა იგი ვაჭრებისგან (ინ. 2:13—25; მთ. 21:12, 13; მრ. 11:15—17; ლკ. 19:45, 46). როგორც მარკოზი გვატყობინებს, როცა იესომ ტაძარი მეორედ განწმინდა, „არავის რთავდა იმის ნებას, რომ ტაძრის გავლით რაიმე ნივთი გაეტანათ“ (მრ. 11:16), რაც ისე უნდა გავიგოთ, რომ იესო ხალხს იერუსალიმის ერთი ნაწილიდან მეორეში ტაძრის ეზოს გავლით, ანუ მოკლე გზით, ნივთების გადატანას უშლიდა, რათა ტაძრის სიწმინდე არ შებღალულიყო.