ᲒᲣᲨᲐᲒᲘ
ვისამე ან რისამე დასაცავად დაყენებული პირი, მცველი, ძირითადად ღამით, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში განგაშს ტეხს (იერ. 51:12; სქ. 12:6; 28:16; იხ. ᲓᲐᲪᲕᲐ).
ქურდებისა და გამჩანაგებლებისგან ცხვარ-ძროხისა და ვენახების დასაცავად, საყარაულო ჯიხურებსა და საგუშაგო კოშკებში გუშაგები იდგნენ (2მფ. 17:9; 2მტ. 20:24; იობ. 27:18; ეს. 1:8). მოიერიშე ჯარებს, რომლებიც გამაგრებულ ადგილებს ალყაში აქცევდნენ, გუშაგები ჰყავდათ დაყენებული დასაზვერად და ჯარების მეთაურებისთვის ცნობების გადასაცემად (იერ. 51:12). მეომრებთან მინდორში დაბანაკებულ მეფე საულის უსაფრთხოებაზე მისი პირადი გუშაგები ზრუნავდნენ (1სმ. 14:16; 26:15, 16).
გუშაგები უმეტეს შემთხვევაში განლაგებულნი იყვნენ ქალაქის გალავნებსა თუ კოშკებზე, რათა შორიდან დაენახათ, ვინ უახლოვდებოდა ქალაქს (2სმ. 18:24—27; 2მფ. 9:17—20). ზოგჯერ გუშაგები ქალაქის ქუჩებში მოძრაობდნენ (ქბ. 3:3; 5:7). ვისაც ღამით შიშისგან ძილი უკრთებოდა, წარამარა გუშაგებს ეკითხებოდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა (ეს. 21:11, 12). თავად გუშაგები კი მოუთმენლად ელოდნენ დილის დადგომას (ფს. 130:6). ბედნიერი იყო ის ქალაქი, რომელსაც არა მარტო გუშაგები, არამედ იეჰოვაც იცავდა (ფს. 127:1).
გადატანითი მნიშვნელობით. იეჰოვამ ისრაელ ერს წინასწარმეტყველები, სულიერი გუშაგები დაუყენა (იერ. 6:17). ზოგჯერ თვითონ წინასწარმეტყველებიც გუშაგს გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებდნენ (ეს. 21:6, 8; 52:8; 62:6; ოს. 9:8). წინასწარმეტყველებს, როგორც სულიერ გუშაგებს, მოსალოდნელი განადგურების შესახებ უნდა გაეფრთხილებინათ ბოროტი ხალხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იეჰოვას წინაშე პასუხს აგებდნენ. რა თქმა უნდა, თუ ხალხი არ შეისმენდა წინასწარმეტყველის გაფრთხილებას, მათი სისხლი მათზევე იქნებოდა (ეზკ. 3:17—21; 33:1—9). ორგული წინასწარმეტყველი ბრმა გუშაგივით და უხმო ძაღლივით უსარგებლო იქნებოდა (ეს. 56:10).